24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ტესტში ისეთი არაფერი იყო, რასაც პრაქტიკაში არ შევხვედრივართ – მასწავლებლები პრეტესტზე

spot_img

როგორც ცნობილია, წელს პირველად ჩატარდება პროფესიული უნარების გამოცდა იმ უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სტატუსის ამაღლება სურთ. ბუნებრივია, გამოცდაზე გასვლა სავალდებულო არ არის, თუმცა, რადგან მასწავლებლების დიდი ნაწილი კარგა ხანია ელოდა წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდას, სავარაუდოდ, მათი რიცხვიც მცირე არ იქნება. რეგისტრაცია 14 აპრილს დასრულდა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია გამოცდის ბარიერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც წამყვანისა და მენტორის სტატუსისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. რაც შეეხება საგამოცდო ლიტერატურას, ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული და საკმაოდ დიდი მოცულობისაა, რამაც მასწავლებლების ნაწილი სკეპტიკურად განაწყო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ამბობენ, რომ საგაკვეთილო პროცესთან ერთად, რთულია ასეთი ზღვა მასალის გავლა. თუმცა, როგორ შეძლებენ ტესტის დაძლევას პედაგოგები, ზაფხულის გამოცდები გვიჩვენებს.

გამოცდებამდე კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტის აპრობაცია გააკეთა და მსურველი მასწავლებლებისთვის პრეტესტი ჩაატარა. ნაეკის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 1200-ზე მეტმა მასწავლებელმა გაიარა საცდელი ტესტირება, რომლის მიზანია: ტესტურ დავალებათა ფსიქომეტრული ანალიზი – სწორედ ამის შედეგად დგინდება თითოეული დავალების სირთულე და სხვა ფსიქომეტრული მონაცემები. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია საგამოცდო ინსტრუმენტის მომზადებისა და დახვეწისათვის, ასევე იმისათვის, რომ ტესტი მაქსიმალურად რელევანტური იყოს იმ პოპულაციისათვის, რომელიც აპირებს გამოცდის ჩაბარებას. შედეგების შესახებ ტესტირებაში ჩართული აპლიკანტები რამდენიმე კვირაში მიიღებენ ინფორმაციას.“

რა დავალებები დახვდათ პრეტესტზე შესულ მასწავლებლებს, როგორია ტესტის სტრუქტურა, ამის შესახებ რამდენიმე მასწავლებელი თავად საუბრობს და მიღებული გამოცდილების საფუძველზე, გარკვეულ რჩევებსაც სთავაზობს კოლეგებს, რომლებმაც ზაფხულის გამოცდაზე გასვლა გადაწყვიტეს.

 

📌 თეა ალიმბარაშვილი, დაწყებითი I-IV კლასების მასწავლებელი:

მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდას პროფესიული წინსვლის მსურველი პედაგოგები დიდი ინტერესით შევხვდით, შეინიშნება აქტიურობა და სამზადისი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა მხრიდან. გავეცანით საგამოცდო პროგრამას, რომელიც სრულად ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.

მაღალი მზაობის პედაგოგს გაცნობიერებული, შესწავლილი, დაგეგმილი და პრაქტიკაში გამოყენებული უნდა ჰქონდეს წამყვანი და მენტორი მასწავლებლის ვალდებულებები და კომპეტენციები, სხვაგვარად ჩვენი მოლოდინები და მისწრაფებები გამოცდის მიმართ არასწორად იქნება აღქმული და შეფასებული.

პრეტესტმა მოგვცა საშუალება, ზოგიერთ ბუნდოვან საკითხზე ნათლად და გააზრებულად გვემსჯელა. მანამდე დიდი ინტერესით ველოდებოდით დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე, რომელიც ეტაპობრივად ვრცელდება.

პრეტესტი ერთგვარი ინდიკატორია და მიღწევის დონის მაჩვენებლად გამოდგება. ამით ვლინდება არა მარტო პედაგოგების ცოდნის დონე, არამედ თავად გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაშვებული რაიმე სახის შეცდომა. ასეთი ტიპის გამოცდა პირველად ტარდება და ვიმედოვნებთ, მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით, დადგინდება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – საგამოცდო ზღვარი. ბარიერი არ უნდა იყოს ძალიან მაღალი, რადგან გამოიწვევს პედაგოგთა ფლუსტრაციას.

განხილვის საგნად იქცა საკითხავი ლიტერატურის მოცულობაც. ვფიქრობ, რამდენიც არ უნდა იკითხო, რამდენ ტრენინგსაც არ უნდა დაესწრო, თუ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში არ იყენებ, ტრანსფერი ძალიან რთულია.

60-ქულიანი ტესტი აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს, ინსტრუქციები მკაფიოდ და ნათლად იყო წარმოდგენილი. დახურულ და ღია კითხვებზე აგებული დავალებები იყო რელევანტური, ვამყარებდი აზრობრივ შესაბამისობას მოცემულობაში არსებულ მოთხოვნასა და ჩემს გამოცდილებას შორის.

შესაბამისობის მქონე დავალებები დიდ ყურადღებას მოითხოვს. რამდენიმე ჩამონათვალიდან ერთი მცდარი პასუხის შემთხვევაში ვკარგავთ მაღალ ქულას. პრეტესტში მხოლოდ ორი იყო ასეთი ტიპის დავალება, იმავეს ვისურვებდი გამოცდაზეც.

ყველამ ვიცით, რომ აქტიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, სწავლა-სწავლების პროცესში გრძელვადიანი მიზნების როლის გაზრდა. მიუხედავად ამისა, მქონდა მოლოდინი, რომ ახალი სკოლის მოდელის პროგრამის წილი ნაკლები იქნებოდა. გამართლდა ჩემი ვარაუდი, კომპლექსური დავალებების განხილვა, ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენა, შეფასების ინსტრუმენტად სოლოტაქსონომიის გამოყენება და სხვა არ ყოფილა შეტანილი ღია კითხვების სახით. თუმცა, დახურული ტიპის ორი დავალება სწორედ ამ საკითხს ეხებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინსვლის მომლოდინე, ცნობისმოყვარე პედაგოგს უკვე მოძიებული, შესწავლილი და დაგეგმილი უნდა ჰქონდეს, სასკოლო კურიკულუმიდან, თითოეულ საგანში ერთი კომპლექსური დავალება მაინც.

საგამოცდო პრეტესტებში პედაგოგიური კვლევის როლი საკმაოდ მაღალი იყო და წარმატების გარანტორადაც გვევლინება. გაგვიხარდება, თუ გამოცდაზეც მსგავსი საკითხები იქნება. მაგ,: მონაცემთა ანალიზი და მის საფუძველზე ეფექტური ინტერვენციების დაგეგმვა. ამ დავალებას მაღალ ქულაზე შევასრულებთ, თუ გვეცოდინება გამჭოლი კომპეტენციების როლი სწავლების, კვლევის, პრობლემის გადაჭრის პროცესში.

ბოლოს მინდა, დავასაბუთო ჩემი მოსაზრება. მასწავლებლებს გამოცდისთვის მზადება საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შემდეგ და 6000-გვერდიანი საგამოცდო ლიტერატურის მასალების გაცნობით არ დაგვიწყია. ეტაპობრივად გავდივართ უამრავ ტრენინგს, ვესწრებით ვებინარებს, ფორუმებს, მასტერკლასებს. ვმონაწილეობთ საერთაშორისო და ქსელურ პროექტებში. უფროსი და წამყვანი პედაგოგის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მუდმივ დინამიკაში ყოფნა გვიწევს. სავალდებულო ტრენინგებიდან ზუსტად ავირჩიე ის მიმართულება, რაც ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს მოერგებოდა და საგამოცდოდ მეც ხელს შემიწყობდა. დიდი დახმარება გაგვიწია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიონალი გუნდის მიერ ჩატარებულმა ტრენინგებმა, რომელიც ექვსი მოდულისგან შედგებოდა, საჯაროდ გადავუხდი მათ მადლობას, რადგან იქ მიღებული ცოდნა მთლიანად ესადაგებოდა საგამოცდო პროგრამას.

საგამოცდო პრეტესტიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ გავაცნობიერე ჩემი ცოდნის უახლოესი ზონა. მინდა თითოეულ კოლეგას წარმატება ვუსურვო და გავამხნევო. შეუძლებელი არაფერია, თუ საგამოცდო საკითხებს პრეტესტის მიხედვით შეადგენენ. იმედი გვაქვს, რომ მასწავლებლების პასუხების მიხედვით, ზუსტად გაზომავენ ჩვენი მიღწევის დონეს, დაადგენენ ისეთ ზღვარს, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

 

📌 ბიჭიკო ოჩიგავა, ინგლისური ენისა და სპორტის მასწავლებელი:

მიუხედავად იმისა, რომ წელს გამოცდაზე გასვლას არ ვაპირებ, პრეტესტზე ძალების მოსინჯვა მაინც გადავწყვიტე, რადგან ძალიან მაინტერესებდა, რა ტიპის, როგორი თემატიკისა და სირთულის საკითხები იქნებოდა წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, რომ საგამოცდო ტესტებში შემავალი საკითხების სირთულე სასურველი სტატუსის შესაბამისი სირთულისაა. პირადად მე სწორედ ამან დამაინტერესა. ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინტრიგაც კი იყო, რომ პედაგოგებს საკუთარი ძალები მოგვესინჯა. სიმართლე გითხრათ, პრეტესტზე წავედი განწყობით, რომ აუცილებლად შემხვდებოდა იმ საკითხთა ოდნავ განსხვავებული ვარიანტები, რომლებიც 2014 წელს პროფესიული უნარების გამოცდაში ჩავაბარე. რეალურად ასეც აღმოჩნდა. ამ ტესტებშიც ძალიან ბევრი იდენტური საკითხი იყო, თუმცა, ცხადია ოდნავ განსხვავებული თემატიკის.

ვფიქრობ, პედაგოგი, რომელიც ვალდებულების გარეშე, შინაგანი მოტივაციის კარნახით, სიახლეებზეა ორიენტირებული და ზურგს შემოქმედებითად მრავალფეროვანი გამოცდილება უმაგრებს, ამ გამოცდას დიდი ძალისხმევის გარეშეც ჩააბარებს. ტესტში ისეთი არაფერი იყო, რასაც პრაქტიკაში არ შევხვედრივართ. არ ვიცი რამდენი ქულით შეფასდება ჩემი ნაშრომი, მაგრამ ვთვლი, რომ თავი მშვენივრად გავართვი. ვერ გეტყვით, რომ ყველა შეკითხვას სრულყოფილად ვუპასუხე, თუმცა, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

საბოლოო ჯამში, ტესტზე მუშაობა იმაზე მეტად გამიადვილდა, ვიდრე მოლოდინი მქონდა. ამის შესახებ ტესტირებიდან გამოსულმა ვიდეომიმართვა გავაკეთე, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა და რამდენიმე კოლეგის მხრიდან საკმაოდ ცუდი შეფასება და ცილისწამებაც დავიმსახურე. ძალიან გულსატკენი იყო იმის წაკითხვა, რომ თურმე სამინისტრომ, მსგავსი მოწოდების გაკეთებაში, ფული გადამიხადა. მე ყველა კოლეგას წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი დავალებები იყო უფრო იოლი ან რთული, შემიძლია გაითხრათ, რომ განსაკუთრებით გამიადვილდა ღია ტიპის შეკითხვებზე მუშაობა. ამ ტიპის დავალებები არგუმენტირებულ მსჯელობას მოითხოვს და შესაძლებლობა გაქვს, მაგალითები პირადი პრქტიკიდან მოიყვანო. ერთი საკითხი იყო ასეთი: მასწავლებელს დაესწრო შეფასების ჯგუფი, რომელმაც დადო დასკვნა. დავალების პირობის თანახმად, შეფასებაზე დაყრდნობით, თავიდან უნდა შეგვეფასებინა ეს გაკვეთილი.

შეკითხვა იყო პრაქტიკის კვლევიდანაც, მასწავლებელმა ანგარიშში მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება მოახდინა, რაც კონფიდენციალურობის პრინციპებს არღვევს. კვლევის ავტორისთვის რჩევა უნდა მიგვეცა. ღია ტიპის შეკითხვები, დაახლოებით, ამ შინაარსის იყო. რაც შეეხება დახურული ტიპის შეკითხვებს, იყო ისეთი საკითხები, რომლებზეც პასუხი ვერ გავეცი. ტერმინების დონეზე ვერ აღვიქვი საკითხი.

ზოგადად, საგამოცდო მასალა ნამდვილად ძალიან დიდი მოცულობისაა. სრულად დამუშავება მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და დროს, რაც მასწავლებელს ვფიქრობ, რომ არ აქვს. უმჯობესი იქნებოდა პრიორიტეტების მიხედვით განესაზღვრათ მისი მოცულობა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დაეტოვებინათ. მართალია, უმნიშვნელო საკითხი მოცემულ მასალებში არც არის, მაგრამ ყველაფრის ერთად თავმოყრა სირთულესთან რომ იქნებოდა დაკავშირებული, ვფიქრობ, ეს უნდა გაეთვალისწინებინათ.

 

📌 ქეთინო მიქაძე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი:

ვეცდები, პრეტესტი შევაჯამო და ტესტის შესახებ ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. დავიწყებ იმით, რომ ტესტი იყო საშუალო სირთულის, რაც კიდევ ერთხელ მაძლევს იმედს, რომ დაუძლეველი არაფერია. სულ 34 დავალებისგან შედგებოდა და, საერთო ჯამში, 60-ქულიანი იყო, თუმცა, გამოცდაზე მაქსიმალური ქულა აიწევს. ტესტში შედიოდა დახურულდაბოლოებიანი (ტესტური 27 შეკითხვა, შესაბამისობა (2) და ღია დაბოლოებიანი (სიტუაციური) დავალებები.

ტესტური დავალებები იყო როგორც მარტივი, ასევე საშუალო სირთულის, რთულიც. მათ შორის, ჩემთვის, დაახლოებით, 10 შეკითხვა რთული აღმოჩნდა. საგამოცდო მასალიდან თითო საკითხი მაინც იყო ტესტში მოცემული – ეროვნული სასწავლო გეგმიდან, მდგრადი განვითარების მიზნებიდან, კომპლექსური დავალებიდან. მაგალითად, სავარაუდო პასუხებში მოცემული იყო 4 განსხვავებული კომპლექსური დავალება და ჩვენ უნდა გვეპასუხა, რომელი მათგანი შეიცავდა ცოდნის სამ კატეგორიას (დეკლარატიულ, პირობისეულ და პროცედურულს). ასევე, მოცემული იყო კომპლექსური დავალების ოთხი ვარიანტი და უნდა გამოგვეცნო, რომელ ვარიანტში იყო ყველაზე მეტი აქტივობა გამოყენებული. ჩემს ვარიანტში, საერთო ჯამში, კომპლექსური დავალებიდან სამი შეკითხვა იყო.

ჩემი რჩევა იქნება, გადახედეთ მდგრადი განვითარების მიზნებს – ჩამოთვლილი 4 ვარიანტიდან უნდა მოგვეხაზა ყველაზე მთავარი მიზანი, სწორედ ეს გამიჭირდა. ამის გარდა, ტესტში მოცემული იყო სიტუაციები სასკოლო ცხოვრებიდან და უნდა მიგვეთითებინა, რომელი იყო მასწავლებლის ყველაზე ადეკვატური ან ყველაზე არაადეკვატური ქმედება. მაგალითად, მოცემული იყო სიტყვა „გრუმინგი“, რომლის მნიშვნელობა მასწავლებელმა არ იცოდა, რაზეც მოსწავლეებმა ჩუმად ჩაიცინეს. ამ სიტუაციის მიხედვით, უნდა მიგვეთითებინა მასწავლებლის ყველაზე ადეკვატური ქმედება – მოეძებნა გუგლში თუ მოსწავლეებისთვის ეთქვა, რომ ხვალ განაგრძობდნენ ამ საკითხზე საუბარს. მე პირადად, ყველაზე ადეკვატურად მივიჩნიე, მოსწავლეებისთვის ეთხოვა განემარტათ, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვა (კონკრეტული სიტყვა ციფრული მოქალაქეობის ლექსიკონიდანაა).

რაც შეეხება ღიადაბოლოებებიან შეკითხვებს, ტესტში მოცემული იყო 4, 8 და 12-ქულიანი კითხვები. არ იყო ფუნქციური წერა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. სიტუაციურ დავალებებში, რომელიც ნიმუშებად დაიდო, სწორედ ასეთი დავალებები იყო შესული – წარმოდგენილი იყო ერთი კვლევის ანგარიში და უნდა დაგვეწერა ორი შეცდომა, რაც მასწავლებელმა დაუშვა, ამასთან ერთად უნდა მიგვეცა რეკომენდაციები; მეორე დავალება იყო კრიტიკული მეგობრის მიერ გაკვეთილის შეფასების სქემა, სადაც უნდა მიგვეთითებინა ჩატარებული გაკვეთილის ორი დადებით და ორი უარყოფითი მხარე – რა შედეგებს მოიტანდა უარყოფითი მხარეები და აქაც მიგვეცა რეკომენდაციები. ასევე, გეტყვით შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების შესახებ, რომელიც 4-ქულიანია. გვეკითხებოდნენ: დაასახელეთ ამ მეთოდის ერთი კონკრეტული აქტივობა და ერთი დადებითი მხარე. მოცემული იყო ორი შესაბამისობა, ორივე მარტივი. ბოლო, ყველაზე „მსუყე“ დავალება ერთ-ერთი კვლევის სტატისტიკური დიაგრამა აღმოჩნდა, სადაც წარმოდგენილი იყო საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ციფრული მედიაწიგნიერების განვითარების ანალიზი. ჩვენ გვევალებოდა, ამ დიაგრამის მიხედვით, წარმოგვედგინა წერილობითი დასკვნა და ბოლოს რეკომენდაციები მიგვეცა. მაგალითად, დიაგრამაში მაღალი ნიშნული ჰქონდა სოციალურ ქსელებს, ვიდეოთამაშებს, გასართობ გვერდებს, მხატვრულ ფილმებს, ხოლო დაბალი ნიშნული – ონლაინ ბიბლიოთეკების გამოყენებას, ელექტრონულ ფოსტას და საგანმანათლებლო ვებგვერდებში ძიებას ან კვლევას. ბოლოს კითხვარის მიხედვით უნდა შეგვეჯამებინა პრეტესტი, რაც ძალიან მომეწონა. გვითხრეს, რომ წარმოდგენილ რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებს მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფი.

საერთო ჯამში, პრეტესტით უკმაყოფილო არ ვარ, დაახლოებით, ათ შეკითხვაზე ვერ გავეცი პასუხი და ტესტურ ნაწილში ვარაუდით მოვხაზე. რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გავითვალისწინებ გამოცდამდე და „ჩავუჯდები“ საკითხებს. რაც შეეხება ღიადაბოლოებიან დავალებებს, ვწერე და ვწერე, მაგრამ, რა დავწერე ამას თვის ბოლოსთვის გავიგებ, როცა იმიტირებული გამოცდის შედეგები დაიდება.

მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო ზაფხულის გამოცდებზე, ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია და თქვენც სცადეთ, იმედია, გაგიმართლებთ. მე კი, აუცილებლად ვეცდები დავდო შედეგი.

გამოცდოლებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეტყვი მასწავლებლებს, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა პრეტესტში, რომ ჩემთვის უფრო რთული აღმოჩნდა ტესტური ნაწილი, თუმცა, ტესტებიც ასე იყო შედგენილი * მარტივი, საშუალო და რთული. რაც შეეხება წამყვანისა და მენტორის ტესტს, ორივესთვის ერთი და იგივე ტესტია განკუთვნილი, განსხვავებული იქნება ზღვარი, რომელიც ჯერ უცნობია. მე პირადად კი, წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად ვაპირებ გამოცდაზე გასვლას.

 

📌 ლიანა დილიმაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი:

პრეტესტზე ტექსტის აპრობაცია მოეწყო. მოცემული ტესტი შედგებოდა 60 ქულისგან, 34 საკითხისგან. 27 კითხვა იყო დახურულდაბოლოებიანი, 2 საკითხი – შესაბამისობა, 30-ე – 4-ქულიანი, 31-ე – 3-ქულიანი, 32-ე – 8-ქულიანი, 33-ე – 12-ქულიანი, 34-ე – 4-ქულიანი. ყველა საკითხი საგამოცდო მასალებიდან იყო მარტივი, საშუალო სირთულის და რთული – კომპლექსური დავალებები, შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები, აზრების წრე, ესგ, ბავშვთა უფლებების კონვენცია და ა.შ. ასევე ღია დაბოლოებული საკითხები, სადაც მაგალითი უნდა მოგვეყვანა პრაქტიკიდან, შეგვეფასებინა გაკვეთილის ორი დადებითი და ორი უარყოფითი მხარე, შემდეგ კი, მიგვეცა რეკომენდაციები. ამის გარდა, ერთ-ერთი მოთხოვნა სვეტოვანი დიაგრამის ანალიზი, დასკვნის გამოტანა და გაუმჯობესების სტრატეგიების დასახვა იყო. პირადად მე, წიგნიერება წამოვწიე წინ, რომელსაც ძალიან დაბალი ნიშნული ჰქონდა.

ტესტები სწავლა-აღზრდას, სკოლის ცხოვრებას მოიცავს, მასწავლებლისა და მოსწავლის საქმიანობას სკოლაში, დამოკიდებულებებს, შეცდომების დანახვას, გაუმჯობესების გზებს, რაც ბოლოს რეკომენდაციების დაწერით სრულდება. შემიძლია ვთქვა, რომ რთული არ არის. ტესტის სტრუქტურა ასეთია: წმინდა თეორიული, როგორ ვიყენებთ თეორიას პრაქტიკაში, შემდეგ მაღალი სააზროვნო უნარების ანალიზს, სინთეზს; შეფასებას ამოწმებს ბლოკი ტაქსონომიაზე, მოწმდება აქტუალური დონე, კოგნიტური განვითარების პოტენციური დონე…

კოლეგებს ვურჩევ, გავიდნენ გამოცდაზე, იქ ისეთი არაფერია, რაც პრაქტიკაში არ გაუკეთებიათ. არჩევითპასუხიანების პასუხები ყველა ერთმანეთს ჰგავს, ტექსტში ყურადღება კი, განსაკუთრებულად, საკვანძო სიტყვებზე გაამახვილონ, პასუხიც იქიდან გამოვა.

♦♦♦

ჩემ მიერ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მასწავლებლები პრეტესტზე წარმოდგენილ ტესტს საშუალო სირთულის ტესტად მიიჩნევენ და ზაფხულის გამოცდასაც იმედიანად ელოდებიან, ამბობენ, რომ შეუძლებელი არაფერია. თუმცა, მანამდე განსაკუთრებული ყურადღება ახლა იმაზეა მიპყრობილი, რა ზღვარს დააწესებს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი და რამდენი იქნება მაქსიმალური ქულა, რომლის მოსაპოვებლადაც წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლები სცდიან ბედს. რაც მთავარია, იმედს გამოთქვამენ, რომ ცენტრი პრეტესტის შედეგების გათვალისწინებით იხელმძღვანელებს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას – მასწავლებლების პასუხების მიხედვით ზუსტად გაზომავს მათი მიღწევის დონეს და ორივე მხარისთვის სწორ და სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები