29 მარტი, პარასკევი, 2024

სწავლის შედეგები ბევრად უკეთესი და ხელშესახები რომ გახდეს

spot_img
კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხებს თამარ ჯაყელი, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი

 

 

⇒ რატომ არის მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალებებით მუშაობა?

კომპლექსური დავალების მნიშვნელოვნებას ორი ასპექტით განვიხილავ: ერთი ეს არის ცოდნის ხარისხი, მეორე – მოსწავლის მოტივაცია.

დავიწყოთ ცოდნის ხარისხით: კომპლექსური დავალების შექმნისას მოსწავლეს უწევს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ურთიერთდაკავშირებულად, ინტერაქტიულად, თანადროულად გამოყენება ცხოვრებისეულ კონტექსტებში, ფუნქციურ სიტუაციებში. მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: წარმოვიდგინოთ, რომ უცხოური ენის გაკვეთილზე მოსწავლეს ასეთი დავალება მივეცით:

მოამზადე ფოტო ან ნახატების კოლაჟი, რომელზეც ასახავ შენს ყოფას პანდემიის დროს, სოციალური იზოლაციის პირობებში. კოლაჟი წარმოადგინე ზეპირი პრეზენტაციის სახით. პრეზენტაციისას, ისაუბრე, როგორ ატარებ დროს, როგორია შენი დღის რეჟიმი, რა მოგწონს, რა არ მოგწონს ამ უჩვეულო ყოფაში.

დავაკვირდეთ, რა ტიპის ცოდნის კომპონენტები დასჭირდება მოსწავლეს იმისთვის, რომ ეს დავალება შეასრულოს – მთელი რიგი ლექსიკური ერთეულებისა, დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ასევე, დღის რეჟიმთან დაკავშირებული სიტყვები (შუადღე, საღამო, კვირის დღეები და სხვ.); დასჭირდება გარკვეული ზმნური ფორმების დასწავლა სხვადასხვა დროში; ასევე – შესიტყვებები, რომლებიც უნდა გამოიყენოს, მაგალითად, საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატად. კიდევ რა დასჭირდება მას? საკუთარი სიტყვის ორგანიზება – როგორ ვიწყებ, რა იქნება შესავალი, როგორ განვავითარებ ჩემს სათქმელს და როგორ დავასრულებ, გარდა ამისა, არავერბალური მეტყველების სათანადოდ მართვა (მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ენისთვის დამახასიათებელი ინტონაცია, ასევე, მახვილები, გამოთქმა). როგორც ხედავთ, ამ მოსწავლემ ცოდნის სხვადასხვა კომპონენტი ურთიერთდაკავშირებულად, კოორდინირებულად უნდა გამოიყენოს. ეს არის დინამიკური ცოდნა, ანუ ცოდნა, რომელსაც ცხოვრებაში ვიყენებთ.

მოდი, შევადაროთ, რა ხდება იქ, სადაც არ გამოიყენება კომპლექსური ხასიათის დავალებები. მოსწავლეს შევასწავლით ლექსიკურ ერთეულებს, გრამატიკულ საკითხებს, შემდეგ ტესტებით შევამოწმებთ, ათვისების ხარისხს. შეიძლება მოსწავლემ საუკეთესოდ შეასრულოს ეს ტესტური დავალებები, მაგრამ ამგვარად შეძენილი ცოდნა იქნება დანაწევრებული, ინერტული ცოდნა, რომელსაც იგი ცხოვრებისეულ სიტუაციებში ფუნქციურად ვერ გამოიყენებს, ამ ენაზე საუბარს ვერ შეძლებს, რადგან მას, რეალურად, დინამიკური ცოდნა არ ექნება. ამგვარი მიდგომის უკან ადვილად ამოიცნობა ბიჰევიორისტული ხედვის ზეგავლენა, რომელიც, ერთი მხრივ, მიიჩნევს, რომ ცალკეული კომპონენტის სწავლება თავისთავად უზრუნველყოფს ამ კომპონენტების დინამიკურ ცოდნად გამთლიანებას, მეორე მხრივ, თვლის, რომ ცოდნის ცალკეული კომპონენტის იზოლირებულად შეფასება იძლევა ინფორმაციას ცოდნის ხარისხის შესახებ.

დარგის სპეციალისტები, უამრავი კვლევის შედეგად, რომლებიც 90-იანი   წლებიდან ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, ადასტურებენ, რომ დინამიკურ ცოდნას ქმნის არა ცალკეული კომპონენტის მექანიკური ჯამი, არამედ ამ კომპონენტების თვისებრივი ერთიანობა, მათი კომპლექსურად, კოორდინირებულად მართვისა და გამოყენების უნარი.

თუ გვინდა, მოსწავლე შევაიარაღოთ ცოდნით, რომელსაც ის რეალურად გამოიყენებს, თუ გვინდა მოსწავლე   დაეუფლოს   კომპლექსური სააზროვნო პროცესესების მართვას, აუცილებელია კომპლექსური ხასიათის დავალებებით ვამუშაოთ იგი, აუცილებელია შევუქმნათ მას იმგვარი საგანმანათლებლო სიტუაციები, რომლებშიც მოუწევს სხვდასხვა ცოდნათა და სააზროვნო ოპერაციათა ერთობლიობის თანადროულად და კოორდინირებულად გამოყენება.

ამის გარეშე მოსწავლეს ვაძლევთ დანაწევრებულ, დაქუცმაცებულ ცოდნას, რომელიც ინერტულია და, შესაბამისად, გამოუყენებელი. ამიტომ ხდება, მაგალითად, რომ აბიტურიენტები მშვენივრად აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, შედიან უნივერსიტეტში და იქ ცოდნას ვერ იყენებენ, ვერ ადასტურებენ. ლექტორები ამბობენ – ამათ არაფერი უსწავლიათ, თავიდან უნდა გავიაროთ სასკოლო პროგრამები. თუ გვინდა ხარისხიანი განათლება და გვინდა, რომ მოსწავლე დინამიკური ცოდნით აღვჭურვოთ, უეჭველად კომპლექსური ბუნების დავალებებით უნდა ვამუშავოთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ამ ტიპის დავალებებს სხვადასხვარად მოიხსენიებენ: ავთენტური დავალება, ავთენტურ სიტუაციებთან დაკავშირებული დავალებები, პროექტული დავალებები, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, რაც გულისხმობს  ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირებული კომპლექსური ამოცანების გადაჭრას მრავალგვარ ცოდნათა კოორდინირებულად გამოყენების გზით.

კომპლექსური დავალება უკავშირდება უმნიშვნელოვანეს პედაგოგიკურ პრინციპს – კეთებით სწავლებას. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მე-6 საუკუნეში, ამბობდა კონფუცი: „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“.   კეთებით სწავლა დიდად ეხმარება მოსწავლეს ახალი საკითხების გაგებაშიც და ათვისებაშიც.

რაც შეეხება მოტივაციას, მოსწავლეს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა თვირეალიზების საშუალებას აძლევს და კმაყოფილების განცდას ანიჭებს. გარდა ამისა, მისთვის კომპლექსური ტიპის დავალებები, რაკი ისინი ცხოვრებისეულ, ნაცნობ კონტექსტებს უკავშირდება, ღირებული დავალებებია. მას არ უჩნდება შეკითხვა, რატომ მასწავლიან ამას, რაში მჭირდება ეს? ამის საპირისპიროდ, როდესაც მოსწავლეს უკონტექსტოდ, ცხოვრებასთან დაუკავშირებელ  საკითხებს ვასწავლით, იგი ვერ ხედავს მათი სწავლის საჭიროებას, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოტივაციაზეც და სწავლის ხარისხზეც. მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა არის კომპლექსური დავალების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი.

გავიხსენოთ, რას ამბობდა იაკობ გოგებაშვილი – მოზარდს ცხოვრება უყვარს, დაუკავშირე სწავლა ცხოვრებას და სწავლაზეც წახალისდება. დიმიტრი უზნაძე კი ამბობს : ადამიანს ცხოვრება ზრდის, შეიტანე სკოლაში ცხოვრება და ამ საფეხურებით ატარე მოსწავლე. ასე რომ, კომპლექსური დავალებით სწავლება დღეს უალტერნატივოა.

⇒ შეიძლება თუ არა ცვლილებების შეტანა სანიმუშოდ მოცემულ დავალებებში?

 რასაკვირველია, შესაძლებელია დავალებაში ცვლილებების შეტანა. მასწავლებელს სხვადასხვა არჩევანი აქვს – შეიძლება მან პირდაპირ გამოიყენოს სანიმუშოდ მოცემული დავალება, შეიძლება შეცვალოს ადაპტირების თვალსაზრისით, ან შეიძლება საერთოდ ახალი დავალება შექმნას. ამ მხრივ მასწავლებლებს სრული თავისუფლება აქვთ.

როგორ უნდა შევცვალოთ დავალება, თუკი ამ გზას ავირჩევთ? უნდა ვიცოდეთ, რომ კომპლექსური დავალება შედგება სამი კომპონენტისაგან: ერთი არის პროდუქტი, რომელსაც მოსწავლე ქმნის, ანუ ეს არის კომპლექსური დავალების ფორმა; მეორე – საგნობრივი საკითხი თანმხლები ქვესაკითხებით; მესამე კომპონენტია კრიტერიუმები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება სამიზნე ცნებას.

ყურადღებას შევაჩერებთ სამიზნე ცნებაზე: იგი მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს. რა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ მოსწავლე დაეუფლა ამა თუ იმ სამიზნე ცნებას?

ამ საკითხის გასააზრებლად განვიხილოთ კონკრეტული სამიზნე ცნება, მაგალითად, „საზოგადოება“ (ცნებას ვირჩევთ საგნიდან „მე და საზოგადოება“). ამ ცნებასთან მიმართებით გამოკვეთილია შემდეგი სამი არსებითი მახასიათებელი:

♦ საზოგადოების წევრებს აქვთ ერთიანობის განცდა („ჩვენ“);

♦ საზოგადოების წევრებს აქვთ საერთო ინტერესი და საზრუნავი:

♦ საზოგადოების წევრები თანხმდებიან ქცევის წესებსა და ღირებულებებზე.

სწორედ, ამ სამი მახასიათებლის გაცნობიერებასა და მოსწავლის ცოდნის სტრუქტურებში ინტეგრირებას გულისხმობს   ამ ცნების დაუფლება. სამიზნე ცნების მახასიათებლებს ვუწოდებთ „მკვიდრ წარმოდგენებს“, რადგანაც ისინი გამოხატავენ იმ განზოგადებულ, უნივერსალური ცოდნის სტრუქტურებს, რომლებიც უნდა „დამკვიდრდეს“ მოსწავლის გონებაში.

ცნებაზე „საზოგადოება“ სამუშაოდ საკითხად შეიძლება შევარჩიოთ „სამეგობრო“, და მოსწავლეს ასეთი დავალება შევთავაზოთ:

შექმენით „გერბი“ თქვენი სამეგობროსთვის.

ნაშრომის პრეზენტაციისას  ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • როგორ ასახავს  თქვენს მიერ შექმნილი გერბი სამეგობროს ყველა წევრის საერთო ინტერესსა და საზრუნავს;
  • რით და როგორ უკავშირდება გერბი იმ ღირებულებებს, ქცევის წესებს, რომლებზეც ხართ სამეგობროს წევრები შეთანხებული.

დავალების ქუდის ქვეშ „ხაზგასმით წარმოაჩინეთ“ წარმოდგენილია დავალების კრიტერიუმები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება სამიზნე ცნების განზოგადებულ დებულებებს, ანუ „მკვიდრ წარმოდგენებს“. მაშასადამე, დავალება შედგება სამი კომპონენტისაგან: კონკრეტულ პროდუქტი – გერბი, საკითხი – სამეგობრო და კრიტერიუმები.

როგორ შეიძლება შეცვალოს მასწავლებელმა დავალება მისი ადაპტირების მიზნით? მას შეუძლია შეცვალოს პროდუქტი, მაგალითად, გერბის ნაცვლად მოითხოვოს პოსტერის შექმნა; შეუძლია ასევე შეცვალოს ქვეცნება/საკითხი თემისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, მაგალითად, „სამეგობროს“ ნაცვლად, შეუძლია აირჩიოს „ჩემი სამეზობლო თემი“, ან „ჩვენი მოლაშქრეთა კლუბი“,   „ჩემი კლასი“ და სხვ. კრიტერიუმებს რაც შეეხება, ისინი არსებითად არ შეიცვლება, უბრალო ისინი „შეიმოსებიან“ დავალებისეული შინაარსით. კრიტერიუმები ყოველთვის მჭიდროდ დაუკავშირდება სამიზნე ცნებებს.

განვიხილოთ სხვა მაგალითიც: ვთქვათ, ქართულში გვინდა დავამუშავოთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „განთავისუფლება“. შეიძლება მოსწავლეებს ასეთი კომპლექსური დავალება შევთავაზოთ – შექმენით კომიქსი, რომლის „ღრუბლოვან“ დიალოგებში წარმოაჩენთ პერსონაჟების ფიქრებს, მოტივებს, რა ამოძრავებთ, რა დამოკიდებულებები აქვთ სხვა პერსონაჟების, მომხდარის ან მთავარი სათქმელის მიმართ. ცხადია, დავალებაში წარმოდგენილი იქნება კრიტერიუმებიც. ამ დავალებაში პროდუქტი არის „კომიქსი“, საკითხი/ქვეცნება კი – პერსონაჟის ხედვის კუთხე; მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს პროდუქტი და მოსწავლეებს „კომიქსის“ ნაცვლად, მოსთხოვოს მთხრობლის შეცვლა და მოთხრობაში გადმოცემული ამბის მისი ხედვის კუთხიდან გადმოცემა. პედაგოგს შეუძლია, ასევე, შეცვალოს საკითხი/ქვეცნება და პერსონაჟის ხედვის კუთხის ნაცვლად შეარჩიოს, მაგალითად, „დიალოგი“. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მოსწავლეებს დაავალოს წარმოიდგინონ და დაწერონ, რა დიალოგი გაიმართებოდა მასა და მის შვილიშვილებს შორის მთავარი გმირის შინ დაბრუნების შემდეგ. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ისინი არსობრივად იგივე დარჩება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავალების კონტექსტიდან გამომდინარე, ოდნავ განსხვავებულ ხორცს შეისხამს.

⇒ როგორ მოვიქცეთ, როცა დავალებას ასრულებენ მშობლები? დავწეროთ კარგი ნიშანი?

გვინახავს იდეალურად მოწესრიგებული პროდუქტი, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ უფროსის შესრულებულია.

უნდა ვიცოდეთ და სასურველია მშობლებსაც გავაგებინოთ, რომ კომპლექსური დავალების პროდუქტი არ არის მიზანი, ეს არის საშუალება ცოდნის შესაძენად და წარმოსაჩენად. პროდუქტის შექმნის პროცესში მოსწავლემ ეტაპობრივად უნდა შეიძინოს ახალი ცოდნა, განივითაროს თავისი ცოდნის სტრუქტურები. მასწავლებელი ამ პროცესზე უნდა იყოს ორიენტირებული, და არა – პროდუქტზე. დავალების შექმნის პროცესი საგაკვეთილო პროცესის განუყოფელი ნაწილია, ამ პროცესში ჩვენ უამრავ სხვადასხვა აქტივობას ვიყენებთ, რომლებიც მოსწავლეს ეხმარება დავალების შესრულებაში. ამასთან დაკავშირებით, გავიხსენებ დიმიტრი უზნაძის სიტყვებს: სწავლის სექტორში, განსხვავებით შრომის სექტორისგან, სადაც პროდუქტია მთავარი, ღირებული და მნიშვნელოვანი არის მოსწავლის იმ ძალების განვითარების პროცესი, რომლებიც ჩართულია პროდუქტის შექმნის პროცესში. მასწავლებელი განვითარების ამ პროცესს უნდა აკვირდებოდეს და ნიშანი ამ პროცესში შეძენილი ცოდნის გათვალისწინებით უნდა დაწეროს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ   მოსწავლეს ვალდებულება აქვს, სიტყვიერად წარმოადგინოს თავის შექმნილი დავალება – აღწეროს, რა გააკეთა, ახსნას, რატომ გააკეთა ასე და შეაფასოს იგი დავალების მოხოვნებთან მიმართებით. როდესაც მოსწავლე მსჯელობს თავის მიერ შექმნილ პროდუქტზე, ძალიან ადვილია მის დისკურსში ამოვიცნოთ, თუ რამდენად შეიძინა მან ის ცოდნა, რომლის გაგებასა და დაუფლებასაც ემსახურებოდა კომპლექსური დავალების შესრულების პროცესი.

⇒ თუ ყველა საგანში, თემის შემდეგ, კომპლექსური დავალებები უნდა შესრულდეს, როგორ შეძლებს მოსწავლე მათზე დროისა და ენერგიის განაწილებას?

კომპლექსური დავალება არ არის თემის დანამატი. კომპლექსური დავალება თემისა და საგაკვეთილო პროცესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესი წარმოადგენს თემატური ერთეულის სწავლებას, იგი სწორედ კომპლექსური დავალების განხორციელების გზით მიმდინარეობს. ხომ ვნახეთ მაგალითი უცხოურ ენაში – კოლაჟის პრეზენტაცია მოსწავლის ყოფაზე პანდემიის დროს. ამ დავალებაზე მუშაობის პროცესში ვასწავლით უამრავ ლექსიკურ ერთეულს, გრამატიკულ საკითხებს, შესიტყვებებს, სამეტყველო აქტების გაგებასა და წარმოებას და ა.შ. ასე რომ, ეს თემის სწავლების შემადგენელი ნაწილია და არა რაღაც დანამატი თემის ბოლოს.

⇒ ძალიან დიდხანს ხომ არ ვჩერდებით კომპლექსურ დავალებაზე, სახელმძღვანელო კი უყურადღებოდ გვრჩება? როგორ ვიქცევით, თუ ვერ ვამთავრებთ პროგრამას?

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში თვითონ მასწავლებელი ქმნის თავის პროგრამას.   სახელმძღვანელო ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია მასწავლებლისთვის, მაგრამ იგი არ არის პროგრამა. თუკი ჩვენს სისტემაში, აქამდე გავრცელებული აზრით, ბევრი მასწავლებელი თვლიდა, რომ უნდა სრულად დაფაროს სახელმძღვანელო, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ასე არ არის. მასწავლებელი თავად ქმნის სასწავლო პროგრამას მოსწავლეთა საჭიროებების, შესაძლებლობების გათვალისწინებით, და, ცხადია, გრძელვადიან მიზნებთან მიმართებით. მაგალითად, ქართულში სამი გრძელვადიანი მიზანია, მასწავლებელზეა დამოკიდებული, ოთხი წლის განმავლობაში, რა საკითხებსა და რომელ ტექსტებს შეარჩევს იმისთვის, რომ სიღრმისეულ, არსობრივ ცოდნამდე მივიყვანოს მოსწავლეები, შეიარაღოს დინამიკური ცოდნით, რომელსაც შემდეგ ისინი ბევრი სხვა ტექსტის წაკითხვისა და შედგენისას გამოიყენებენ.

⇒ აუცილებელია, ერთმა კომპლექსურმა დავალებამ ყველა სამიზნე ცნება მოიცვას?

ერთი კომპლექსური დავალებით ჩვენ შეიძლება მოვიცვათ მხოლოდ ერთი სამიზნე ცნება, ან ორი, ან სამი… ეს მასწავლებლის გადასაწყვეტია – როგორ კომპლექსურ დავალებას შეარჩევს და ამ დავალების საშუალებით რამდენ სამიზნე ცნებაზე იმუშავებს.

⇒ ისევ გზამკვლევების მიხედვით ვიმუშავებთ, თუ წიგნებში იქნება ეს ყველაფერი?

გზამკვლევებს ყოველთვის გამოვიყენებთ, ეს დამხმარე რესურსია და რაც მეტი დამხმარე რესურსია, მით უკეთესი. რაც შეეხება წიგნებს, VII, VIII, IX კლასების ახალგრიფირებული სახელმძღვანელოები უკვე შეფასდა იმ კრიტერიუმებით, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სარეფორმო მოთხოვნებს. ასე რომ, ამ წიგნებში უკვე კომპლექსური დავალებებიც გაჩნდა, მათი დამუშავების ხერხებიც, რაც მასწავლებელს დიდ დახმარებას გაუწევს. ამ სახელმძღვანელოებს მასწავლებლები გამოიყენებენ, როგორც მნიშვნელოვან რესურსს.

⇒ რამდენი კომპლექსური დავალება უნდა შესრულდეს ერთ სასწავლო წელს? შემიძლია თუ არა, რაოდენობა თვითონ განვსაზღვრო, ჩემი კლასის მოცემულობიდან გამომდინარე?

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აუცილებლად, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუ მოსწავლეზე ვართ ორიენტირებულები. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომელ თემაში რამდენი კომპლექსური დავალებაა. საერთოდ, ძალიან ვერიდებით საკითხების რაოდენობრივი კრიტერიუმებით განხილვას და რაოდენობრივი კრიტერიუმების წაყენებას – ასეთი მიდგომები მოსწავლეზე კი არა, საკითხებზე ორიენტირებულ პედაგოგიკას ახასიათებს. თუ ჩვენ რაოდენობასა და მოცულობებზე ვიქნებით ორიენტირებულნი, სადღა იქნება მოსწავლეზე ორიენტირება?! ამიტომ, პირველ რიგში, მოსწავლის შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

საგნების მიხედვით სხვადასხვაგვარი სიტუაციაა, თემების რაოდენობაც სხვადასხვაა, ცნებების რაოდენობაც განსხვავებულია. გარდა ამისა, რაოდენობა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენ სამიზნე ცნებას მოიცავს მასწავლებელი კომპლექსური დავალებებით. კომპლექსური დავალებები დაუძლეველი რაოდენობისა ნამდვილად არ უნდა იყოს. მთავარია დავინახოთ, რამდენად ვახერხებთ მოსწავლეების გონებრივი საამქროს ამუშავებას ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირების გზით და მათ ჩაღრმავებას გრძელვადიანი მიზნების არსისეულ სიღრმეებში. ეს არის არსებითი ამოცანა.

⇒ რით უკავშირდება კომპლექსური დავალება „შემაჯამებელ“ დავალებას?

ცხადია, რომ კომპლექსური დავალება თავისი არსით ისედაც შემაჯამებელია, რადგან მანამდე განხორციელებული აქტივობების შედეგად შექმნილი პროდუქტია. მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმაში ტერმინი „შემაჯამებელი დავალება“  დავალების სტატუსზე მიუთითებს. შემაჯამებელს ვუწოდებთ იმ დავალებას, რომელშიც შემაჯამებელ ნიშანს ვწერთ. რით უკავშირდება კომპლექსური დავალება შემაჯამებელ დავალებას? ერთი თემის ფარგლებში თუ გვაქვს, მაგალითად, ოთხი ან სამი კომპლექსური დავალება, შეგვიძლია ავირჩიოთ ერთ-ერთი და მივანიჭოთ შემაჯამებლის სტატუსი.

როგორ მოვასწროთ დავალების პრეზენტაციები? როგორ მოვახერხოთ, რომ ეს მოსაბეზრებელი არ იყოს?

 პირველ რიგში, ძალიან ნუ გავმიჯნავთ ერთმანეთისგან დავალების შექმნისა და წარდგენის პროცესებს, ანუ  სწავლებისა და შეფასების პროცესს. მაგალითად, სასწავლო პროცესში, შეიძლება, რომელიმე მოსწავლესთან მუდმივი დიალოგი მქონდეს და ამ დიალოგში დავინახო, რა ხდება მის შემეცნებით სისტემაში, როგორ მიდის წინ, როგორ ითვისებს, როგორ იგებს და იყენებს საკითხებს. შეიძლება, საერთოდ არ გახდეს საჭირო მისი ნაშრომის პრეზენტაცია.

არის ასევე სხვადასხვა ხერხი:   როდესაც ორიგინალური პროექტია, შეიძლება მოსწავლეს ძალიან უნდოდეს, კლასის წინაშე წარადგინოს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დავაწესოთ განრიგი, ვინ როდის გამოიტანს თავის კომპლექსურ დავალებას; ან მოვაწყოთ გამოფენა და მოსწავლეებს მივცეთ კონკრეტული ამოცანა – დაათვალიერე გამოფენა, ყველაზე მეტად რომელი დავალება ჰგავს ან განსხვავდება შენი დავალებისგან, რომელმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება – და ამასთან დაკავშირებით გაიმართოს დისკუსია.

არის უფრო შემეცნებითი ხასიათის დავალებები, მაგალითად ორი ცხოველის შედარება და წარმოდგენა – რითი ჰგვანან და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში შეიძლება ერთი-ორმა გააკეთოს მხოლოდ პრეზენტაცია და შემდეგ კლასს ვკითხოთ, ვის აქვს განსხვავებული მოსაზრება და გაიმართოს დისკუსია, რომლის პროცესშიც დავინახავთ, ვინ როგორ ჩასწვდა ამ საკითხებს.

ბევრი სხვა რამის მოფიქრება შეიძლება, განსაკუთრებით იქ, სადაც ბევრი მოსწავლეა. თუ მოსწავლეებს აქვთ იმის სურვილი, რომ აუცილებლად წარადგინონ პროდუქტი, უნდა გადავანაწილოთ დღეების მიხედვით, ხოლო მსმენელ მოსწავლეებს მივცეთ კონკრეტული ამოცანა მსმენელის დღიურის გამოყენებით, რომ მათი მონაწილეობა უზრუნველვყოთ. მაგალითად, თუ კომიქსების წარდგენის დღეა, შესაძლებელია, ამგვარი მსმენელის დღიური მივცეთ:

  რა მომეწონა, რომელი დეტალი იყო ჩემთვის საინტერესო და რატომ? რით ჰგავს, რით განსხავდება ჩემი კომიქსისგან? რას მიაქცია ყურადღება ისეთს, რაც მე გამომრჩა მხედველობიდან, ან პირიქით?
გამომსვლელი 1.       
გამომსველელი 2.      

 

სხვათა შორის, ბევრი მოსწავლეა, რომელსაც ურჩევნია, მასწავლებელს ინდივიდუალურად ჩააბაროს დავალება და ამის კარგად გამოყენებაც შეიძლება. ყველა ერთნაირი ფსიქოლოგიური პროფილის არ არის. საგაკვეთილო პროცესშიც, სანამ დამოუკიდებელი სამუშაოს ასრულებს კლასის ერთი ნაწილი, შეიძლება მეორე ნაწილისგან პრეზენტაციები ჩავიბაროთ.

მოკლედ, კომპლექსური დავალება არის საშუალება დიალოგისა მასწავლებლისა მოსწავლესთან, ამ დიალოგის დროს მასწავლებელი მის განვითარებასაც უწყობს ხელს და ამასთანავე მონაცემებს აგროვებს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ მოსწავლის ცოდნის სტრუქტურირება, ზრდა-განვითარება, როგორ მიმდინარეობს მასში გონებრივი მეტამორფოზა, ეს არის მთავარი.

გამოიყენეთ კომპლექსური დავალებები საგაკვეთილო პროცესში, დამერწმუნეთ, ეს გაახალისებს სწავლა-სწავლების პროცესს თქვენთვისაც და მოსწავლეებისთვისაც, შედეგები კი ბევრად უკეთესი და ხელშესახები გახდება.

მომზადდა პროექტის – „ტელემეგზური მასწავლებლებისთვის“ – მიხედვით

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები