20 აპრილი, შაბათი, 2024

სწავლა-სწავლების სტრატეგიები

spot_img
ნათელა ბერაძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

 

 

სწავლა-სწავლების სტრატეგია უნდა გავიგოთ, როგორც ხერხი/ხერხები მიზნის მისაღწევად. მასწავლებელი მას სწავლების დროს იყენებს, ხოლო მოსწავლე – სწავლის. სწავლა-სწავლების ეფექტურად წარმართვისათვის არსებობს რამდენიმე სტრატეგია:

  • კოგნიტური (შემეცნებითი);
  • მეტაკოგნიტური (სწავლის სწავლა);
  • ემოციურ-მოტივაციური;
  • სოციალური;
  • რესურსებზე დაფუძნებული;

სწავლის ყველა სტრატეგიის ცოდნა და გამოყენებაა აუცილებელი. საკმარისია, ერთ-ერთი მათგანი გამოაკლდეს, რომ მარცხი გარდაუვალია ან შედეგია არასასურველი. სტრატეგიები, შესაძლებელია, მიემართებოდეს კოგნიტურ, ქცევით, სოციალურ-ემოციურ სფეროს და/ან სასწავლო გარემოს, მაგრამ, საბოლოოდ, ისინი კონტექსტში უნდა მთლიანდებოდეს.

სწავლების პროცესის ეფექტურობის განსაზღვრისათვის უნდა ვიცოდეთ:

  • რამდენად ღირებულსა და ხარისხიანს ხდით ცოდნის, ინფორმაციის, ცნებების დაუფლებისა და უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების გამომუშავების პროცესს;
  • რამდენად ცდილობთ, გაზარდოთ მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხი, რათა მომავალში, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შეძლოს საკუთარი სწავლის პროცესის მართვა;
  • რამდენად ქმნით ისეთ გარემოს, რომელშიც მოსწავლეს კეთილდღეობისა და თვითეფექტურობის განცდა უყალიბდება.

„სტრატეგიულ“ მასწავლებლის უნარებს განეკუთვნება: ეფექტური ორგანიზაციული, პოზიტიური საკლასო კლიმატის ჩამოყალიბების, სწავლების პერსონიფიცირებისა და სწავლა-სწავლების დიალოგური მეთოდის გამოყენების.

სწავლების მეთოდი არის მასწავლებლის მიზანმიმართული ქმედება მოსწავლეებში შესაბამისი კომპეტენციის გასავითარებლად. ჯერ კიდევ კომენსკი პირველ და უკანასკნელ მიზნად მიიჩნევდა, ეპოვა და მასწავლებლამდე მიეტანა სწავლების ისეთი ხერხები/მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე, მასწავლებლის ნაკლები ჩარევით, მეტს ისწავლიდა და სკოლაც უწინდებურად მოსაწყენი აღარ მოეჩვენებოდა.

სწავლის სტილის კლასიფიცირების არაერთი მოდელი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებულია VAK (Visual, Auditory, Kinaesthetic) მოდელი, რომელიც კატეგორიზებას სწავლის სამი ძირითადი სტილისა და მეთოდის მიხედვით ახდენს: ვიზუალური (მხედველობითი), აუდიალური (სმენითი) და კინესთეტიკური (სხეულებრივი).

აუდიალისტურ სტილსა და მეთოდებში შედის:

  • მოსმენა;
  • საუბარი;
  • დისკუსიები;
  • ვერბალური გამეორებები;
  • ხმის ჩაწერა;
  • მუსიკა;
  • აუდიო ჩანაწერები.

ვიზუალისტური სტილი და მეთოდებია: სურათები, დიაგრამები, ცხრილები, გრაფიკები, რუკები, ილუსტრაციები, ბარათები და ა.შ.

კინესთეტური სწავლების მეთოდები:

  • მოძრაობები;
  • ტაქტილური რეპრეზენტაციები;
  • ხელშესახები მასალები და რესურსები;
  • კეთებით სწავლა;
  • გამოცდილება;
  • ექსპერიმენტირება;
  • პრაქტიკა.

მულტიმოდალური (მულტისენსორული) სწავლა-სწავლების მეთოდია სტრატეგია, რომლის დროსაც პროცესში ჩართულია შეგრძნების ორი ან ორზე მეტი მოდალობა, რაც იძლევა სხვადასხვა ან ყველა მგრძნობელობის არხის გააქტიურების შესაძლებლობას: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება-მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს რომელიმე მოდალობა სუსტად აქვს განვითარებული, მულტისენსორული სტრატეგიების გამოყენებისას, მის კომპენსირებას ახდენს უფრო ძლიერი მოდალობა.

„სწავლა კეთებით“ წარმოადგენს სწავლა-სწავლების ერთ-ერთ ეფექტურ სტრატეგიას, რომლის დროსაც მოსწავლის მიერ ცოდნის მიღება ხდება პროცესში მისი უშუალო ჩართულობით, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებითა და აქტიური თანამონაწილეობით.

დიუი ამტკიცებდა, რომ სწავლა ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე სრულადაა ჩართული სასწავლო პროცესში და მიიჩნევდა, რომ ამის მიღწევის საუკეთესო გზაა პრაქტიკული კურიკულუმის შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა მოსწავლეთა ყოველდღიურ საქმიანობებთან და გამოცდილებებთან.

მოდელირება, ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგია, წარმოადგენს სწავლა-სწავლების ბუნებრივ პროცესს, რომლის გამოცდილებაც თითქმის ყველას გვაქვს. ექსპლიციტური მოდელირებით, მასწავლებელი თვალსაჩინოდ აწვდის მოსწავლეს კონკრეტული უნარისა თუ სტრატეგიის განხორციელების ნათელ და მკაფიო მაგალითს.

„სკაფოლდინგი“ წარმოადგენს სწავლების სტრატეგიას და გულისხმობს მასწავლებლის მიერ გაწეულ დახმარებას, რომელიც მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, შესაბამისი ცოდნის ათვისებითა და უნარ-ჩვევების გამომუშავებით, წარმატებით გაუმკლავდეს დასახულ ამოცანებს.

„სკაფოლდინგის“ მეთოდი სათავეს იღებს ლევ ვიგოტსკის სოციოკულტურული თეორიიდან და მის მიერ შექმნილი განვითარების აქტუალური (ნატურალური) დონისა და უახლოესი ზონის კონცეფციებიდან.

ხშირი, რელევანტური და თანმიმდევრული უკუკავშირი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სწავლისა და მიღწევის ხარისხს. უკუკავშირი მოიცავს ინფორმაციას შემეცნებისა და შესრულების პროცესის ასპექტების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, უკუკავშირის საშუალებით, ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ კონკრეტული მიზნის მიღწევის პროცესში რამდენად წარმატებული და რელევანტურია ჩვენი მცდელობები.

ეფექტური უკუკავშირი ეხმარება მოსწავლეს, რეფლექსირება მოახდინოს საკუთარ სწავლის პროცესსა და მის მიერ გამოყენებულ სტრატეგიებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უკეთესი პროგრესის მიღწევის მიზნით, სათანადო ცვლილებები შეიტანოს. შესაბამისად, უკუკავშირის მიზანს წარმოადგენს მოსწავლის მიერ ინფორმაციის გაგების დონისა და არსებული უნარ-ჩვევების დადგენა იმისათვის, რომ შესაბამისად დაიგეგმოს შემდეგი საფეხურები, სასწავლო მიზნების წარმატებულად მიღწევისთვის.

როგორ უნდა მოხდეს უკუკავშირის ეფექტურად გამოყენება?

  1. უკუკავშირი უნდა იყოს კონკრეტული, სპეციფიკური, ზუსტი და ფუნქციური;
  2. უმჯობესია მყისიერი მიწოდება;
  3. უკუკავშირი უნდა იყოს მოსწავლის განვითარებასა და მიზნის მიღწევაზე მიმართული;
  4. უკუკავშირის მიცემისას აუცილებელია სიფრთხილე;
  5. უკუკავშირის მიზანს უნდა წარმოადგენდეს მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართვა.

მასწავლებლები, სწავლა-სწავლების პროცესში, ხშირად იყენებენ აქტივობებს როგორც მთლიანი კლასისთვის, ასევე მცირე ჯგუფებისა და ინდივიდუალური მუშაობისთვის. კოოპერატიული, ანუ ურთიერთთანამშრომლობითი ჯგუფის სტრატეგია (სხვაგვარად თანამშრომლობით სწავლას უწოდებენ) გულისხმობს მოსწავლეების ერთობლივ მუშაობას მცირე სასწავლო ჯგუფებში, რომლის დროსაც ერთმანეთს ეხმარებიან როგორც ინდივიდუალური სამუშაოს, ასევე საერთო დავალების შესრულებაში.

მასწავლებლის მხრიდან, სწავლების პროცესში, ზემოაღნიშნული ხერხების შესაბამისად გამოყენება, ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები