25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სულიერი თუ გარეგნული სილამაზე? – გაკვეთილის რეფლექსია

spot_img

 

 

„სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების

და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების.“

დღეს, მეათე კლასში, ონლაინ გაკვეთილი შუა საუკუნეებზე შესრულებული პრეზენტაციით დავიწყეთ.

მოსწავლეებს მოსწონთ სულის მშვენიერების მოდელი. სახელმძღვანელოს პირველი ნაწარმოებისთვის ემზადებიან.

მაგრამ სკეპტიკურად უყურებენ შუშანიკის სიტყვებს: „ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს და დაუდგრომელ“.

მათთვის მოსაწყენია.

მაგრამ, რენესანსი აღაფრთოვანებთ, საერო მწერლობა და ჰუმანიზმისთვის დამახასიათებელი ფერწერა მათთვის უფრო საინტერესო და მომხიბვლელია.

ვცდილობთ, სულის მშვენიერებას ასეთი ცივი უარი არ ვუთხრათ, შუა საუკუნეებს ბნელი ეპოქა არ ვუწოდოთ და მის მნიშვნელობაზე დასაფიქრებლად კითხვას ვსვამ:

„გრძელვადიანი ურთიერთობისას, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?“

მათი პასუხები (არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ არ შეუსწავლიათ ბარათაშვილი):

თამარი: „გრძელვადიანი ურთიერთობის დროს უკვე შენს სულიერ ბუნებას აქცევენ ყურადღებას, ანუ სულიერად როგორი ხარ.“

ცოტნე: „შეიძლება გარედან ლამაზი იყოს, მაგრამ შიგნით შინაარსი არ დაგხვდეს, ან – პირიქით.“

მარიამი: „სულიერი სილამაზე განაპირობებს, საერთოდ ჩამოყალიბდება თუ არა რაიმე კავშირი ადამიანებს შორის.“

ლუკა: „ხორციელად გაცნობას ერთი წამი უნდა, ხოლო სულიერად გაცნობას წლებიც. მაგრამ, რომ წერენ ჩემთვის მთავარი სულიერებააო, უდიდესი ნაწილი ხორციელებასაც უკავია.“

ირინკა: „დღევანდელ რეალობაში ზოგს ავიწყდება, რომ ეს ფიზიკური მონაცემები წარმავალია და ადრე თუ გვიან მობეზრდება კიდევაც, ხოლო სულიერი მხარე მუდმივად იქ იქნება.“

კატი: „სილამაზე კარგია, ნიჭიერებაც. მაგრამ, თუ ადამიანის შინაგან ბუნებას ვერ ეწყობი, ურთიერთობა ინგრევა.“

ამ დროს, გამახსენდა, როგორი განყენებული იყო ჩემთვის, თინეიჯერობის ასაკში, ბარათაშვილის სიტყვები

„თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,

რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?

ჰგავს, არ პასუხს სცემ შენ მას სულით მშვენიერითა.“

ამ სიტყვების ნამდვილი არსი უნივერსიტეტის წლებში გავაცნობიერე.

არადა, ჩემს მოსწავლეებს თითქოს წაუკითხავთო, ისეთ აზრებს აფიქსირებენ.

საბოლოო ჯამში, კლასი შეთანხმდა, რომ შუა საუკუნეების აქცენტი სულიერ სილამაზეზე ღირებულია.

დღევანდელი გაკვეთილის რეფლექსია: აბსტრაქტული მონუმენტალიზმი თითქოს შუა საუკუნეებში ჩარჩა, მაგრამ, არა, თუ გავიხსენებთ სწავლების ტრადიციას, რაც ჩვენ გავიარეთ და რაც დღესაც მიმდინარეობს ბევრ სკოლაში, მივხვდებით, რა არის ლიტერატურის განყენებულად შესწავლა.

მარტივია, მწერალზე თქვა, რომ ეს არის ამის და ამის კორიფე (როგორი გაუგებარია მათთვის თუნდაც ეს სიტყვა!) და გაცილებით უფრო რთულია, შეხედო მწერლობას, როგორც საკვლევ საგანს.

ჩემი პოზიცია იქნება – მეტი აზროვნების სითამამე, მეტი თავისუფალი ინტერპრეტაცია, მეტი რეალობასთან ტრანსფერი!

მომავალ ბლოგამდე.

ნატალი აბესაძე, სკოლა „ოპიზას“ ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები