25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სტუდენტები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ სწავლის საზღაურის გადახდის დროს

spot_img

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მან საგანგებოდ განმარტა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცა შესაბამისი რეკომენდაციები სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებში სემესტრის ფარგლებში სტუდენტებისთვის შეთავაზებულია გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი ან გადავადებულია სწავლის გადასახადი. ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე. რაც შეეხება სადიპლომო ნაშრომებს, მათი შესრულება და დაცვა მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მეშვეობით, სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე. საინტერესოა, როგორ ართმევენ თავს სამინისტროს რეკომენდაციებს უნივერსიტეტები. ამ საკითხებთან დაკავშირებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, მამუკა თავხელიძეს ვესაუბრეთ.

✅ უმაღლესი სასწავლებლები ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩასატარებელია ფინალური გამოცდები, დამამთავრებელი კურსებისთვის კი სამაგისტრო თუ საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. როგორ აპირებთ დისტანციურად შუალედური თუ საბოლოო გამოცდების ჩატარებას  ან თუნდაც შეფასების განხორციელებას?

? ჩვენმა უნივერსიტეტმა სწავლება-სწავლის პროცესში ელექტრონული რესურსების გამოყენების პრაქტიკა დიდი ხნის წინ დანერგა, ამდენად, რთული არ იყო ახალ მოთხოვნებთან ადაპტირება. ჩვენი ელექტრონული პროგრამა იძლევა არა მარტო ონლაინ ლექციის ჩატარების შესაძლებლობას, არამედ დისკუსიის, ზეპირი გამოკითხვის, პრეზენტაციის და სხვა მსგავსი აქტივობის ორგანიზების საშუალებას. ჩვენთან შუალედური გამოცდები, ზოგიერთ დისციპლინაში, უკვე ჩატარდა და საკმაოდ ეფექტურად. ვფიქრობთ, თუ არ იქნება სხვა დირექტივა, დასკვნითი გამოცდების ჩატარებაც შესაძლებელია ამ ფორმატით.

კონკრეტული მეთოდის შერჩევისას გამოვდივართ სწავლის შედეგების იმ ჩარჩოდან, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტული სასწავლო დისციპლინის სილაბუსით. დღემდე, ხშირად ვიყენებდით  შეფასების ისეთ მეთოდებს, როგორიცაა – პროექტის, ესსე, რეფერატის,  ქეისებისა თუ  კაზუსების ანალიზის მომზადება, საშინაო დავალების ფორმატით, და წარდგენა აკადემიური ჯგუფის წინაშე.  ამ დავალებებში თავი შეიძლება მოიყაროს (სწავლის შედეგების შესაბამისად) ცოდნისა თუ უნარების ყველა იმ კომპონენტმა, რომლის გაზომვასაც გეგმავს სილაბუსი.

რაც შეეხება აკადემიურ კეთილსინდისიერებას, ამისათვის ჩვენ გვაქვს პლაგიატის  გამოვლენის ელექტრონული პროგრამა, რომელიც გვეხმარება დავიცვათ სტუდენტები ამ „ცდუნებისგან“.

ესეც არ იყოს, დამოუკიდებლად მომზადებული ნაშრომის წარდგენისას ადვილად ვლინდება სტუდენტის რეალური ცოდნის შესაბამისობა მომზადებული ნაშრომის ხარისხთან. სხვათა შორის, დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარების აუცილებლობა გათვალისწინებულია საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნებითაც.

✅ შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ფაზის შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება ეძლევა არა დისტანციურად, არამედ საგამოცდო სივრცეებში მიიღო სტუდენტები. ხართ თუ არა მზად, რომ დააკმაყოფილოთ სამინისტროს რეკომენდაციებ და, გაწერილი ვალდებულებების საფუძველზე, სტუდენტებსა და პედაგოგებს უსაფრთხო გარემო შექმნათ?

? კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმ წესების შესრულებისაგან განთავისუფლებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ვირუსისგან დაცვა. რა თქმა უნდა,

უნივერიტეტი სრულადაა მზად დააკმაყოფილოს სამინისტროს ყველა მოთხოვნა,

შეუქმნას სტუდენტებსა და პერსონალს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო იმ აქტივობების განსახორციელებლად, რომელიც საჭიროა სრულყოფილი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის. მხედველობაში მაქვს არა მარტო დასკვნითი გამოცდების ჩატარება, არამედ ლაბორატორიული თუ კლინიკური პრაქტიკების ორგანიზება.

✅ განათლების ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი გადავადებულია ან შეთავაზებულია გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი. თქვენი უნივერსიტეტი რას სთავაზობს სტუდენტებს?

? უნივერსიტეტს ისედაც ჰქონდა გადახდის ძალზე მოქნილი სისტემა. მგონი, ჩვენი სტუდენტები, ამ თვალსაზრისით, არასდროს განიცდიდნენ დისკომფორტს, მით უფრო ახლა, როდესაც ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა მოსახლეობა –  სტუდენტებს მივეცით საშუალება ინდივიდუალურად გადაწყვეტონ სწავლის საზღაურის გადახდის დრო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი სტუდენტობა შეგნებით ეკიდება არსებულ პრობლემებს და, შეძლებისდაგვარად, ცდილობს შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება. ამისათვის მათ დიდ მადლობას ვუხდი.

მიუხედავად იმისა, რომ დავალიანება ძალიან დიდია, უნივერსიტეტს არც ერთი სტუდენტისთვის არ შეუჩერებია სტატუსი სწავლის საზღაურის გადაუხდელობის გამო.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები