29 მარტი, პარასკევი, 2024

სპორტი ონლაინ?

spot_img

დაიწყო, დაიწყო, მაგრამ კვლავ დისტანციურად, კვლავ ონლაინ, კვლავ სახლებში, კომპიუტერებთან, ლეპტოპებთან, ტელეფონებთან… რა დააშავეს ბავშვებმა? მასწავლებლებმა? არაფერი, უბრალოდ ფეხი უნდა ავუწყოთ, მხარი ავუბათ, ალბათ ესეც გამოცდაა, ერთგვარი გამოცდა ჩვენთვის… მოსწავლეებისთვის , მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის. ერთხელ გავუმკლავდით, მეორედაც გავუმკლავდებით, შევძლებთ, აუცილებლად შევძლებთ.

მე სპორტის პედაგოგი გახლავართ, აქტიური, სიცოცხლითა და ძალ-ღონით სავსე, პოზიტიური, მხიარული… სხვანაირი არც შეიძლება იყოს სპორტის მასწავლებელი, სხვაგვარად არც შეიძლება ბავშვებთან. მათ სითბო სჭირდებათ, მოფერება, სიყვარული. ვატარებდით სპორტის გაკვეთილებს ასე მხიარულად, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და უეცრად… უეცრად ეს ყველაფერი დამთავრდა. სახლებში ჩავსხედით, სასკოლო გარემომ სახლში გადაინაცვლა. და რა უნდა ქნას ამ დროს სპორტის მასწავლებელმა? რთულია, მერწმუნეთ. ყველაფერი აირია, თავში ქაოსია… მაგრამ არის გამოსავალი. სპორტი ონლაინ??? ძალიან უკვირთ, ზოგს სასაცილოდაც არ ჰყოფნის, ზოგი გაოცებულია – როგორ? რანაირად? აი, ასე, ბატონო – ონლაინ. აგერ უკვე ორი წელია, სპორტს ონლაინ ვატარებ. და რას ვაკეთებ?

ყველაფერს, მოდი, თანმიმდევრობით მივყვეთ: დაწყებით საფეხურზე, პირველი ათი წუთი, აუცილებლად ვვარჯიშობთ. ვასრულებთ ზოგად განმავითარებელ ვარჯიშებს. როგორ მოუთმენლად ელიან პატარები სპორტის გაკვეთილის დაწყებას, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილები, იქნება ეს ლახტი თუ ბურთი, გირები თუ სავარჯიშო ჯოხები. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესების დაცვით ვიწყებთ ვარჯიშს. სხვათა შორის, მშობლებიც ხშირად ჩართულან ვარჯიშის პროცესში. შემდეგ თეორიულ მასალაზე გადავდივართ. უამრავი თემაა, რაც დაწყებითი საფეხურის და არა მარტო, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ: ჰიგიენა, ჯანსაღი-ბალანსირებული კვება, საკვებთა ჯგუფები, ვიტამინები, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა და სარგებლიანობა ადამიანის ორგანიზმისთვის, უსაფრთხოების წესების დაცვა სპორტის გაკვეთილზე, ძველი ქართული ხალხური თამაშები, მავნე ჩვევები, გინესის რეკორდების წიგნი, პირველადი დახმარება, სისხლდენის შეჩერება, ტრავმები, სქოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი, იმობილიზაცია, გენდერული თანასწორობა, ლაშქრობა, ოლიმპიადა, ქართველები ოლიმპიადაზე, სპორტის სახეობები /გუნდური, ინდივიდუალური, სამაგიდო, საწყალოსნო , ზამთრის, ზაფხულის/, მათი წარმოშობის ისტორიები და თამაშის წესები, ოლიმპიური ჩემპიონები თავიანთი მიღწევებითა და მოკლე ბიოგრაფიული ცნობებით, ექსტრემალური სპორტის სახეობები, კიბერსპორტი, პარაოლიმპიადა და პარასპორტსმენები, „ღირსეული წაგება თუ უღირსი მოგება“ და სხვ. ამ ყველაფერს პრეზენტაციების სახით წარვუდგენ მოსწავლეებს და ერთად განვიხილავთ გაკვეთილზე.

გარდა ამისა, ეკრანის გაზიარების ფუნქციით ვუყურებთ ერთად დოკუმენტურ ფილმებს, რომელიმე ცნობილი სპორტსმენის შესახებ, რის შემდეგაც მოსწავლეები თავად ამზადებენ პრეზენტაციას. ვუყურებთ სპორტულ კურიოზებსაც. გვაქვს სპორტული კროსვორდები და ვიქტორინები, რასაც თავად ვადგენ საიტის – https://learningapps.org/ – დახმარებით.

ხშირად, ბავშვები ხატავენ საყვარელ სპორტის სახეობას და ინვენტარს. გოგონებს ვთავაზობთ ფიტნეს ვარჯიშებს მუსიკის თანხლებით. მოსწავლეები, სურვილის შემთხვევაში, იღებენ მოკლე ვიდეორგოლებს, სადაც ვარჯიშობენ და სხვებსაც მოუწოდებენ ვარჯიშისკენ.

ონლაინ გაკვეთილები ძალიან დაეხმარა მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაციის შეცნობაში. სკოლაში ხომ სპორტი, ძირითადად, ეზოში ან დარბაზში ტარდება. ასე კი, საშუალება მომეცა, გამეცნო მათთვის უსასრულო სპორტული სამყარო და მათაც უფრო ღრმად ჩაეხედათ სპორტული სამყაროს სულში. და რაც უნდა გასაკვირი იყოს: გვაქვს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება, სემესტრის ბოლოს, რომელსაც განვლილი მასალის მიხედვით ვადგენ და რასაც დიდი მონდომებით ასრულებენ მოსწავლეები.

სპორტის პედაგოგებო, ნუ შეგაშინებთ ონლაინ გაკვეთილები, ნუ დაგაბნევთ, ნუ მოდუნდებით. პირიქით, გააქტიურდით, პოზიტიურად შეხედეთ ამ ყველაფერს, სტიმული მიეცით მოსწავლეებს და მერწმუნეთ, ყველაფერი გამოვა. ნუ ვათქმევინებთ ხალხს – როგორ? სპორტი ონლაინ?? დიახაც, სპორტი – ონლაინ. და ეს შესაძლებელია.

მარინე ჯინჭარაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები