25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სოციალური უთანასწორობის საკითხი „ოთარაანთ ქვრივში“

spot_img

მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში სოციალური უთანასწორობა ძალზე მტკივნეული და აქტუალური საკითხი იყო. სწორედ, ამ თემას ეხმიანება ილია ჭავჭავაძე ,,ოთარაანთ ქვრივში“, რომელიც დაიწერა საქართველოში ბატონყმობის გაუქმებიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ.

სოციალურ ფენათა შორის არსებულ უთანასწორობასა და დისტანცირებულ მდგომარეობას ილია ხიდჩატეხილობას უწოდებს. თავად სიტყვა ხიდჩატეხილობა შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ხიდი, რომელიც ახლა ჩატეხილია, ოდესღაც მთელი იყო. გამთლიანება ხიდის ორი ნაწილისა შესაძლებელია? ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, ამასთანავე ძალიან ბუნდოვანიც. უფრო კონკრეტულად კი მისი (ხიდის) დანახვა შეუძლებელია. სამაგიეროდ, კარგად ჩანს აწმყო, რომელიც ასეთი პერსპექტივის სურვილს აჩენს. ამ აწმყოში კი ხიდის კვალი, თუნდაც ჩატეხილის, არსად ჩანს. „ოთარაანთ ქვრივის“ არჩილს დავესესხოთ და ვთქვათ, დღეს მოკვეთილი და დაკარგული ნახევარი მთელის ნაწილი იყო, ანუ გლეხკაცი და თავადიშვილი ერთ ორგანულ მთლიანობას წარმოადგენდნენ, საოცნებოა. არ არსებობს არანაირი მეხსიერება ან თუნდაც ისტორიული ცნობა, რომელშიც გლეხკაცისა და თავადის ასეთი სასურველი მდგომარეობა იქნება შემონახული. ჩატეხილი ხიდის მეტაფორა გარკვეულწილად მცდარია, რადგან ეს ხიდი ფაქტობრივად არც არსებობდა. მაშ რა ჩატყდა არარსებულიდან?

ხიდის არარსებობის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გიორგის უპასუხო სიყვარული კესოსადმი. არჩილი ეუბნება კესოს, აბა, გიორგი თავადიშვილი ყოფილიყო, მაშინ ბრძანებაც გაჭრიდა და შეგიყვარდებოდაო. კესოს ვერც კი წარმოუდგენია, რომ შესაძლებელია იგი გლეხს შეუყვარდეს, ან პირიქით, თავად შეიყვაროს გლეხი. კესოსთვის სიყვარული  მშვენიერ და ამაღლებულ გრძნობასთან არ ასოცირდება. იგი სიყვარულსაც სოციალურ ფენებთან აიგივებს. ნაწარმოების ეს პატარა მონაკვეთიც კი ნათლად აჩვენებს მაშინდელი თავადის დამოკიდებულებას გლეხისადმი.

დავესესხოთ ისევ არჩილს: „აი, რა დიდი კედელია ჩვენსა და იმათ შუა! ჩვენის სისხლხორცის ქვითკირია, ქვითკირი ჩვენ რომ გვკითხონ. ვითომ დიდი ხანია, გადაგვიქცევია ეს მაგარი კედელი.

არჩილის აზრით, თავადთა და გლეხთა შორის არსებული კედლის განგრევა შესაძლებელია გულითა და მონდომებით. სამწუხაროდ, თავადები ამ კედლის დასანგრევად მხოლოდ წიგნისგან გაალმასებულ ენას იყენებენ.

ილია ნაწარმოებში იმედს გვიტოვებს, რომ შესაძლებელია ოდესმე ეს ჩატეხილი ხიდი გამთელდეს, აღდგეს. ამის სიმბოლოდ კი კესოს სინანულის ცრემლები გვევლინება. არჩილის თქმით ,,სინანულის ცრემლი უკანა სწვავს და ჰბუგავს, წინ კი ჰნამავს და ამწვანებს“. ,,ეგ ცრემლი მდინარე წყლად გადაიქცევა და ერთ დიდ ხიდს მოიტანს, რომ ჩვენს შორის ჩატეხილი ნაპირი გაამთელოსო“. აი, მაშინ შეძლებდნენ ქართველები ერთმანეთისკენ სვლას. მაშინდელი რეალობა ასეთი იყო, თავადები გლეხებს ბინძურ, ჭუჭყიან არსებებად აღიქვამდნენ, მათ შორის  იყო სიძულვილი და დაპირისპირება, საშინელი გაუცხოება. მხოლოდ ოცნებად რჩებოდა ილიას ნათქვამი წერილიდან ,,ზოგიერთი რამ“: ,,როდის იქნება ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, ერთმანეთს გული გულს მივაყრდნოთ“. იქნებ ,,ოთარაანთ ქვრივი“ მართლაც იყო ისეთი განთიადის დასაწყისი, როგორიც ილიას ემეტებოდა საქართველოსთვის.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები