20 აპრილი, შაბათი, 2024

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

spot_img
მზია ბერაძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი

 

 

მასწავლებლის მიერ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრით იწყება. ამის შემდეგ, იგი შეისწავლის პროფესიულ საჭიროებებს და ქმნის სამოქმედო გეგმას. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით, მასწავლებელთა აქტიური ჩართვა თავიანთ პროფესიულ განვითარებაში სკოლის ავტონომიურობის ზრდას უზრუნველყოფს. კოლეგების შეფასებისა და თვითშეფასების საფუძველზე, მასწავლებელს შეუძლია საკუთარი საქმიანობის ობიექტური ანალიზი და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესება. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ნაბიჯები მოსწავლისა და სკოლის წარმატების საწინდარია.

პროფესიული განვითარების საქმიანობათა ფორმებია:

  • პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება ან მოხსენებით გამოსვლა;
  • ტრენინგსა და ვებინარზე დასწრება;
  • სამუშაო შეხვედრების ხელმძღვანელობა და მათში მონაწილეობა;
  • ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება;
  • კოლეგების გაკვეთილზე დასწრება, „კრიტიკული მეგობრის“ ამპლუაში;
  • პრაქტიკის კვლევა;
  • მოსწავლეთა შედეგების შესახებ მასალის შეგროვება და ანალიზი;
  • გაკვეთილის ერთობლივად დაგეგმვა და ჩატარება;
  • სკოლის განვითარების ჯგუფის ორგანიზება ან/და მუშაობაში მონაწილეობა.

კვლევები აჩვენებს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ტრადიციულ ფორმებთან შედარებით, „კოლეგიალური მხარდაჭერის შეხვედრების შემდეგ, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ეფექტიანობა 90%-მდე იზრდება“. ამდენად, პროფესიული განვითარების საქმიანობებიდან, სასურველია, მასწავლებელმა „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე“ ორიენტირებული აქტივობები აირჩიოს. მსგავსი აქტივობებია: გაკვეთილზე ურთიერთდასწრება, სამუშაო შეხვედრები, „კრიტიკული მეგობარი“ და სხვა. ტრადიციული ფორმით პროფესიულ განვითარებასთან შედარებით, მათ უფრო მყისიერი და პოზიტიური შედეგები მოაქვს სკოლის საერთო განვითარებისათვის.

სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარება წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც კოლეგებთან პროფესიული დიალოგი უწყვეტი და მდგრადია. მაგალითად, სამუშაო შეხვედრის ერთჯერადად მოწყობა და საბოლოო შედეგების გაანალიზებაზე ნაკლები ყურადღების მიქცევა „საქმის მხოლოდ საქმისათვის“ კეთებას წარმოადგენს. ასეთ აქტივობებს მოსწავლისათვის რაიმე ხელშესახები სარგებლის მოტანა არ შეუძლია.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ციკლი შემდეგი საფეხურებისაგან შედგება:

  • მასწავლებლის საჭიროების დადგენა;
  • მიზნების შემუშავება;
  • საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
  • პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელება;
  • შედეგების შეფასება.

სამოქმედო გეგმის განსაზღვრის ეტაპზე, აქტივობების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ყველაზე ეფექტური ფორმებია სასწავლო ჯგუფები და სამუშაო შეხვედრები.

სასწავლო ჯგუფების დაკომპლექტება შეუძლიათ ერთი და იმავე საგნის პარალელური კლასების, საფეხურის სხვადასხვა საგნის ან ერთი კლასის ყველა მასწავლებელს.

კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება ყველაზე ეფექტიანად სამუშაო შეხვედრების მოწყობის გზით ხორციელდება. სამუშაო შეხვედრას წარმოადგენს კათედრის სხდომა, კლასის მასწავლებელთა დისკუსია, პარალელური კლასების მასწავლებელთა მიერ გამართული ერთობლივი განხილვა და სხვა. შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო სტრატეგიებსა და რესურსებს. შემდეგ მსჯელობენ სასწავლო პროცესში მათი გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული აქტივობის სწორად განხორციელების საფუძველზე, ხდება მასწავლებლის პროფესიული განვითარება. განხორციელების პროცესი საინტერესო და შედეგიანია როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეებისა და მთლიანად სკოლისთვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები