18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სახარება და „ჩემი ვედრება“

spot_img

„ჩემი ვედრება“ 1893 წელს არის დაწერილი, ლექსი ასტროფულია, რაც ვაჟა-ფშაველას პოეზიისთვის დამახასიათებელია. ვაჟა თავის ლექსს უწოდებს არა ლოცვას, არამედ ვედრებას. უაღრესად თავმდაბალმა და მოკრძალებულმა პოეტმა, საკუთარ თავს არ მისცა უფლება ლექსისთვის ლოცვა დაერქმია, ილია ჭავჭავაძის („ლოცვა“) ან თუნდაც ნიკოლოზ ბარათაშვილისგან („ჩემი ლოცვა“) განსხვავებით.

რწმენის სიმტკიცე და უფლის სიყვარულის გაუნელებლობა ის ძირითადი თემაა, რომელიც ლექსს სიუჟეტურად გასდევს. ლექსში ვაჟა-ფშაველა არ ითხოვს მატერიალურ კეთილდღეობას ან უშფოთველ ცხოვრებას. იგი უფალს ევედრება რწმენა გაუძლიეროს და გულიდან მისი ხსოვნა არ ამოუძირკვოს;

„არ დამეკარგოს გულიდამ

მე შენი სახსოვარია!

გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,

მამყოფე შეუდრკელადა.“

მოცემულ მონაკვეთში მკაფიოდაა გამოკვეთილი მწერლის დამოკიდებულება ღვთისა და ქრისტიანული რელიგიის  მიმართ. პოეტი არ ესწრაფვის იმას, რომ წუთისოფელი უტანჯველად გალიოს, პირიქით, ღმერთს სთხოვს ტანჯვის დროს შეუდრეკლად და გულგაუტეხლად ყოფნას. ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად განსაცდელისთვის მოდის და გამოცდას აბარებს. ვაჟამ იცის, რომ ვინც სააქაოში დაითმინა, საიქიოში ამაღლდება, ამიტომაც არ უშინდება დაბრკოლებებს. მისთვის წარმოუდგენელია მოძალადის ამპლუაში ყოფნა, ამიტომ არჩევს მსხვერპლი იყოს. არა დამსჯელი, არამედ – დასჯილი. ვაჟა-ფშაველა ბალახი იქნება, ოღონდაც აშორდეს ცელობა; ცხვრობაზეც თანახმაა, ოღონდ მგლობა არ გამოცადოს.

მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

ვაჟა ორიენტირებულია არა შედეგზე, არამედ პროცესზე. მისთვის ცხოვრების არსი მოქმედებაშია.

გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,

მნათობს ტრფობისა შეშითა

ძველად, სიტყვა ტრფობა გამოიყენებოდა მხოლოდ ღვთიური სიყვარულის აღნიშვნისათვის. სიტყვა ლამპარი კი შემთხვევით არ არის სტროფში ნახსენები. სახარებაში ეს სიტყვა არაერთხელაა მოხსენებული. ოთხთავის ტექსტის მიხედვით, ტაძარში მუდამ უნდა ენთოს განუპარველი ანუ გამოულეველი ზეთის ლამპარი, რომელიც ადამიანებს არ მისცემს ღმერთის დავიწყების საშუალებას და არ ამოუღებს მათ ღვთის სახსოვარს. ზეთი განუპარველი, სიმბოლოა ღვთიური სიყვარულისა, ბნელის განათებისა და სულიერი მღვიძარებისა. ეს სახე უკავშირდება მათეს სახარების იგავს ათი ქალწულის შესახებ, რომელთა შორის ხუთი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური.

სულელებმა აიღეს თავისი ლამპრები და არ წაიღეს თან ზეთი; ხოლო გონიერებმა წაიღეს ზეთი ჭურჭლით თავის ლამპრებთან ერთად.

ქალწულები სიძეს ელოდნენ, დაღლილებს რული მოერიათ და ჩაეძინათ. სიძესთან შეხვედრა მხოლოდ გონიერებმა შეძლეს. იგავი შეგონებით სრულდება:

ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა

სიფხიზლეს არანაკლებ დიდი როლი უკავია სახარებაში, ვინაიდან აუცილებელია მორწმუნეებს ეღვიძოთ და ქალწულთა მსგავსად მღვიძარების მნიშვნელობა არ დაივიწყონ. რწმენას სჭირდება მუდმივი სიფხიზლე და კეთილი საქმეებით დაკავება, რასაც ვაჟა-ფშაველა ლექსში ღმერთს ევედრება:

ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრ
ლების მცველადა.

მისთვის მნიშვნელოვანია ნათელი გონებით უყუროს რეალობას, რათა დროულად შეძლოს იმ ადამიანთა დახმარება, რომლებიც ხელის გაწვდენას საჭიროებენ. სიფხიზლის ჟამს, ადამიანს ეშმაკი ვერ ერევა, სწორედ ამიტომ სთხოვს ღმერთს ვაჟა-ფშაველა ფხიზლად ყოფნას.

აღსანიშნავია ვაჟას განსხვავებული   დამოკიდებულება სიკვდილისადმი.  მისთვის სიკვდილი სულის განთავისუფლებაა სხეულისგან, რომელიც მიწიერი ცოდვებითაა დამძიმებული. პოეტი შეუპყრია „ღრმა, მწვავე“ ფიქრს, ამაოებაზე თუ ცხოვრების საზრისზე. მის შემოქმედებაში ზედაპირულობას ფაქტობრივად ვერ ვხვდებით. ვაჟას ტანჯავს დაუოკებელი წყურვილი სიკეთის კეთებისა. სახარებისეული იგავის მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს, ადამიანები ქრისტეს მარცხნივ და მარჯვნივ დადგებიან, მარცხნივ – ბევრნი იქნებიან, მარჯვნივ კი – ცოტა.

„რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი, როცა მე არ მქონდა პური, თქვენ გაიღეთ ჩემზე მოწყალება და მე იმით დავნაყრდი; მწყუროდა, როცა მე მაწუხებდა წყურვილი, და მასუთ მე… საპყრობილესა ვიყავ და ვიყავი დაპატიმრებული, იქაც მოხვედით ჩემდა და არ დამივიწყეთ, არ მიმატოვეთ…“

და როდესაც მართალნი (მარჯვნივ მდგარნი) გაკვირვებით ჰკითხავენ უფალს, როდის გიხილეთ ასეთ მდგომარეობაშიო, ქრისტე უპასუხებს: „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.“ ვაჟა-ფშაველა სწორედ ამ სიკეთის კეთებისთვისაა სიკვდილის წინ მშიერ-მწყურვალი. იგი მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს ბედნიერად, როდესაც ვიღაცის თანაგრძნობა შეუძლია, ვიღაცის განსაცდელზე წუხილი:

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული.

ვაჟა ერთგან წერს: მფარავდეს შენი მარჯვენა“. სახარების მიხედვით, მარჯვენა ბევრად უფრო დადებით კონტექსტში განიხილება, ვიდრე მარცხენა. სიტყვა მარჯვენა პოზიტიურ მნიშვნელობას ატარებს და მისგან მოდის სიტყვა მარჯვე, რომელიც მოხერხებულს ნიშნავს, მარცხენიდან კი – მარცხი, მარცხიანი და ზოგადად დამარცხება. ვაჟა-ფშაველა მფარველობას ღვთიურ, კურთხეულ მარჯვენას სთხოვს.

ტანჯვაში შეუდრეკელობა, ტკივილის თმენა მოყვასის საკეთილდღეოდ და ყველა ის თვისება რომელსაც  მწერალი უფალს შესთხოვს, ქრისტიანის სწორი  ცხოვრების გზაა. ამ გზას მივყავართ სამარადისო ჭეშმარიტებამდე.

ვაჟა-ფშაველა კათარზისის ადამიანი იყო, რაც ნათლად ჩანს ლექსში. „ჩემი ვედრება“ერთ-ერთია იმ ნაწარმოებიდან, რომელიც მწერლის ზნეობრიობის ხარისხსა და საღმრთო შეხედულებების ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.

სესილი ერაგია – ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები