18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიშით ბავშვთა შრომის რისკებს აფასებს

spot_img

კოვიდ პანდემიის შედეგად გაიზარდა შრომით საქმიანობაში ბავშვების ჩართვის რისკი, ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“, რომელშიც გაანალიზებულია პანდემიის გავლენა ბავშვთა შრომაზე, საკანონმდებლო ხარვეზები თუ პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები.

ანგარიში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა,  ეყრდნობა სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული სამართლებრივი და პრაქტიკული კვლევის შედეგებს ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი.

კვლევამ ნათლად დაგვანახა ბავშვთა შრომის საკითხებზე მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის და ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საჭიროება, – ამბობს ნინო ლომჯარია,ბავშვთა შრომის აღმოფხვრის კუთხით ქვეყანაში არსებული ბერკეტები არ არის ეფექტიანი და ვერ უზრუნველყოფს შემთხვევათა დროულ იდენტიფიცირებას. საკითხის სიმწვავის მიუხედავად, პასუხისმგებელ უწყებებს ამ დრომდე არ აქვთ შემუშავებული შემთხვევებზე რეაგირების, პრევენციის და რისკების შეფასების სათანადო მექანიზმები.“

„გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მთავრობასა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას სისტემურ დონეზე ცვლილებების, ბავშვთა შრომის პრევენციისა და ოჯახების გაძლიერების მიმართულებით.” – ღასან ხალილი

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი აცხადებს, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი წლებია აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების მონიტორინგის განხორცილებაში სხვადასხვა მიმართულებით: „საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციას და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტებს, რითაც მას აქვს ვალდებულება, დაიცვას ბავშვი სახიფათო შრომისაგან. საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, ითვალისწინებს შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვთა დაცვას, ბავშვთა შრომის აღმოფხვრის კონკრეტული მექანიზმების შექმნას, როგორც ეროვნულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მთავრობასა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას სისტემურ დონეზე ცვლილებების, ბავშვთა შრომის პრევენციისა და ოჯახების გაძლიერების მიმართულებით.“

კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ:

?? რეგიონებში განსაკუთრებით გავრცელებულია არასრულწლოვნების შიდა მეურნეობასა და სეზონურ სამუშაოებში ჩართვა.

?? გავრცელებულია არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაცია, მათ შორის საზღვარგარეთ, სადაც ბავშვები არასათანადო პირობებში, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ, მძიმე და დიდი დატვირთვის სამუშაოებს ასრულებენ.

?? შრომით საქმიანობაში ჩართვის გამო, ხშირია ბავშვების მიერ სკოლის მიტოვებისა და სისტემური გაცდენის პრაქტიკა. რიგ შემთხვევებში, სკოლებში არ აღირიცხება მოსწავლის გამოუცხადებლობის ფაქტები და მიზეზები, რაც არსებითად აფერხებს ბავშვთა შრომის ყველა შემთხვევის იდენტიფიცირებას და მათზე სათანადო რეაგირებას.

?? დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ბავშვთა შრომითი უფლებებისა და შრომის საზიანო ფორმებისგან დაცვის საკითხებზე; საზოგადოება, რიგ შემთხვევაში, შემწყნარებლურია მსგავსი ფაქტების მიმართ.

?? ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრაზე ორიენტირებული რესურსებისა და კადრების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება შემთხვევათა დროული აღკვეთა და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საჭიროებების ჯეროვანი გამოვლენა.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის მეორე ნახევარში და ყურადღება გამახვილდა ბავშვთა შრომაზე შინამეურნეობაში, ფორმალურ სექტორში და არაფორმალურ სექტორში, მათ შორის, ქუჩაში შრომასა და შრომითი მიგრაციის საკითხებზე. კვლევის პროცესში გაიმართა ინტერვიუები ბავშვთა შრომის და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, სკოლის პედაგოგებთან და მოზარდებთან.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები