18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საშუალო საფეხურის ისტორიის განახლებული სტანდარტით „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა

spot_img

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ, „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით, 2021 წლიდან, აქტიური მუშაობა დაიწყო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, ახალგაზრდებმა, საშუალო საფეხურზე, ჩვენი ქვეყნის ისტორია უწყვეტად შეისწავლონ, უძველესი დროიდან დღემდე. შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი გადაიხედა, რისთვისაც სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი შეიქმნა.

აღნიშნული ჯგუფი აერთიანებდა ქართველ ისტორიკოსებს აკადემიური წრეებიდან * პროფესორებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივ ექსპერტებს, რომლებმაც 2022 წლის იანვარში დაასრულეს მუშაობა ისტორიის სტანდარტების რევიზიის მიმართულებით. მუშაობის პროცესში ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს და არაერთ სადისკუსიო საკითხზე იმსჯელეს. ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა.

საგნის „საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე; „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას ისახავს.

სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება.

გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო საგანში „საქართველოს ისტორია“. შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეცენზენტების ჯგუფი, ივლისის ბოლომდე, დაასრულებს სახელმძღვანელოების შეფასების პროცესს.

შემფასებელთა ჯგუფში შედიან: პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, დარგის მეცნიერები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგები, ფილოლოგები და ასევე სპეციალისტი, რომელიც სახელმძღვანელოს სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით აფასებს.

2022-23 სასწავლო წლიდან X-კლასელებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები