19 აპრილი, პარასკევი, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიძღვნილი კვირეული

spot_img

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კვირეული გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით „ლიტუანისტიკა საქართველოში“.

სამეცნიერო კონფერენცია,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან ერთად, სტუ-ის „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის“ დაარსებიდან 10 წლისთავსაც ეძღვნებოდა. ღონისძიება ერთობლივი, ქართულ-ლიეტუვური კულტურული პროგრამით დაიწყო, შემდეგ კი ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედის, დიანა ნაუსედიენეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის თანათავმჯდომარეობით წარიმართა.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტს ეწვია ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენე და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს ფორუმი მისი უშუალო მონაწილეობითა და თანათავმჯდომარეობით იმართება. აღსანიშნავია, რომ პირველი ლედის პატრონაჟით, ლიეტუვუტი ენისა და კულტურის ცენტრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათ შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი“. აქ არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და ჩენი მეგობარი ქვეყნის ისტორია. ქალბატონი დიანა უკვე მეორედ სტუმრობს ჩვენს უნივერსიტეტს, წარმატებებს ვუსურვებთ მას და ცენტრს“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, ლიეტუვის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, დიანა ნაუსედიენემ, ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის ვიცე-მინისტრმა, გინტაუტას იაკშტასმა, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, ლიეტუვისა და სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტების მეცნიერებმა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ლიტუანისტიკა საქართველოში“, ქართველ მკვლევრებთან ერთად, სამეცნიერო მოხსენებებით ლიეტუვის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები წარსდგნენ. კონფერენცია ორგანიზებულია ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ბალტისტიკის პროექტის „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები 2022 წელს“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვილნიუსის კოლეგია და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი.

◊ ◊ ◊

საიუბილეო კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმით გაგრძელდა.

სიმპოზიუმს ესწრებოდნენ: მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი, ქალბატონი დიანა ნაუსედიენე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი უნივერსიტეტების რექტორები და მკვლევრები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებიდან, მათ შორის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) მეცნიერები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნის (Gaudeamus Igitur) თანხლებით, სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ისტორიული დოკუმენტები გააცნეს.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა. მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის სახელით, იუბილე მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღნიშნა, რომ ფასდაუდებელია ყველა ის მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით მიაღწია. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა დამსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, უნივერსიტეტი კიდევ უფრო გააფართოებს საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებს და არაერთ წარმატებულ კვლევით პროექტს განახორციელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მხარდაჭერისათვის ცნობილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. რექტორმა უნივერისტეტის „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილი თანამშრომლები, ასევე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის „ოქროს მედალი“ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს გადასცა.

საიუბილეო სიმპოზიუმზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანანია ჯაფარიძემ, საქართველოს საპატრიაროს წარმომადგენლებთან ერთად, სტუ-ის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“ გადასცა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების განვითარების, ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიანიჭა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები