19 მარტი, სამშაბათი, 2024

სასკოლო განათლების ოცდაათწლიანი ისტორია

spot_img

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ძალიან საინტერესო კვლევის „სასკოლო განათლების ისტორია: 1990-2020“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პირველი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მცდელობაა, მოუყვე საზოგადოებას განათლების 30-წლიანი თავგადასავალი საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან დღემდე. ისტორია საკმაოდ რთული პერიოდიდან იწყება და იმ მოვლენებს აღწერს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ზოგადი განათლების პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაზე დამოუკიდებლობის პერიოდში.

ნაშრომზე მუშაობა მკვლევრების ჯგუფმა – გიორგი ჭანტურიამ, მერი ქადაგიძემ და გიორგი მელიქიძემ – ორი წლის წინ, როგორც თავად ამბობენ, საკმაოდ მცირე რესურსითა და სკეპტიკური შეხედულებებით დაიწყეს, თუმცა, საქმე იმდენად საინტერესოდ ჟღერდა და საჭიროებაც ისეთი დიდი დაინახეს, რომ გადაფიქრება ან საქმის მასშტაბის შემცირება არც უფიქრიათ.

„სასკოლო განათლების ისტორიის შესახებ კვლევითი ნაშრომის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საჭირო პროექტი იყო, რაზეც მე პირადად მიმუშავია. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი წიგნი არის არა მხოლოდ ხანგრძლივი კვლევის პროდუქტი, არამედ ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეხმარება ამ სფეროში ჩართულ ყველა მხარეს სიღრმისეულად, თანმიმდევრულად შეისწავლოს, გააანალიზოს თითოეული პროცესი და განაგრძოს როგორც წარსული ფაქტების აღწერა, ასევე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და აღწერა,“ –  ამბობს განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია. ის გვიამბობს, რომ იდეაც მოულოდნელად, ერთ-ერთ შეხვედრაზე გაჩნდა, სადაც გია მურღულიამ თქვა, რომ არაფერი ვიცით და არც გვაქვს გააზრებული ჩვენი განათლების სისტემა, ამიტომაა ვერც შეცდომებიდან ვერ ვსწავლობთ რამესო. „ზუსტად იმ მომენტში დავფიქრდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ საქმეს ხელს მოვკიდებდით. გავუზიარე ჩემს მეგობრებს და დავიწყეთ ფიქრი. პირველ რიგში, უნდა გვენახა, მართლაც რა არის შესწავლილი და რაც არ არის, მერე შეგვევსო. აღმოვაჩინეთ, რომ, ფაქტობრივად, ბევრი არც არაფერია შესწავლილი. ამიტომ სულ თავიდან უნდა დაგვეწყო.“

მერი ქადაგიძე გვიყება, რომ ენთუზიაზმით კი დაიწყეს, მაგრამ პროცესში მალევე აღმოაჩინეს, რომ ძალიან რთულ საქმეს შეეჭიდნენ: „პირველი სირთულე იყო ის, რომ რაღაც სისტემა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ თავი მოგვეყარა ფაქტებისთვის, მოვლენებისთვის, ამბებისთვის. შევხვდით სპეციალისტებს, ექსპერტებს, ადამიანებს, რომლებიც ერკვევიან განათლების სფეროში და, უბრალოდ, ვთხოვდით ყველას მოგვიყევით, რა გახსოვთ, რა ხდებოდა ამ პერიოდის განათლების სისტემაში. მაგრამ როცა ინფორმაციის შევსება დავიწყეთ, მივხვდით, რომ არც ეს არ იყო საკმარისი და გვჭირდებოდა მკაფიო ჩარჩო – დროის ხაზზე მკაფიო მოვლენები უნდა გამოგვეყო და იმასაც მივხვდით, რომ ეს მოვლენები იყო პოლიტიკური და, ასე ვთქვათ, ჩვენი ისტორიაც განთავსდა დროით ღერძზე, ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გასწვრივ.“

გიორგი ჭანტურიასთვის ყველაზე საინტერესო განათლების სამინისტროს არქივში მუშაობა აღმოჩნდა. მადლიერებით იხსენებს არქივის თანამშრომლის, ციური გიორგაძის თანადგომას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში.

სამინისტროს არქივთან ერთად, ჯგუფს მუშაობა მოუწია ეროვნულ არქივშიც, სადაც მხოლოდ 2000 წლამდე არსებული ინფორმაციაა დაცული. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, დოკუმენტაციის გამოთხოვა საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია და იქვე გააკეთეს მინიშნება, რომ თუ ეს პროცესი დარეგულირდება, ამით გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება კვლევის პროცესი.

კვლევაში, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები განათლების მკვლევრები: თამუნა ბრეგვაძე, სიმონ ჯანაშია, რეზო აფხაზავა, ნუცა კობახიძე. მასალების მოძიებაში დიდი წვლილი შეიტანა „პუბლიკის“ რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა. პრეზენტაციაზე გიორგი ჭანტურიამ მადლობა გადაუხადა მკვლევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ენთუზიაზმით შეხვდა მათ იდეას და ჩაერთო კვლევის პროცესში. განსაკუთრებული მადლობა კი, ირინა ხანთაძეს გადაუხადეს, რომელიც „ყოველთვის გვიმაგრებდა ზურგს ნებისმიერი წამოწყებისთვის“. ნაშრომი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, პირადად გიორგი კეკელიძის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. წიგნის გარდა, ჯგუფის ინიციატივით, გაკეთდა დოკუმენტური ფილმი იმავე სახელწოდებით, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორი თომა ჩაგელიშვილია. ფილმის ჩვენება პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა, ძალიან საინტერესო აქცენტებით და მნიშვნელოვანი ინტერვიუებით. განათლების 30-წლიანი ისტორია, მნიშვნელოვანი მასალაა ამ პერიოდის განათლების სისტემის გასააზრებლად. ვიდრე უშუალოდ ამ პერიოდის მიმოხილვაზე გადავალ, გეტყვით, რომ წიგნში თავმოყრილ მასალას ახლავს პატარა პრეისტორია – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მიმოხილვა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში – 1921-1991 წლებში (საბჭოური სკოლები 1920-იან წლებში; ერთიანი საბჭოთა სკოლის ჩამოყალიბება 1930-იან წლებში; საბჭოთა სკოლის „ექსპერიმენტები“ 1940-იან წლებში; ომისშემდგომი საბჭოთა სკოლის სტაბილიზაცია 1950-იან წლებში.), რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი გახელაძემ მოამზადა.

„1921 წლისთვის, საქართველოში, სხვადასხვა მონაცემებით, 2000-მდე სკოლა არსებობდა და ამ დროისთვის საქართველოში არსებობდა ერთკლასიანი (სწავლების ხანგრძლივობა 3 წელი), ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებლები, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლები, ქალთა ხუთწლიანი სასწავლებლები, გიმნაზიები, მათ შორის 2 ქართული: თბილისის და ქუთაისის), პროგიმნაზიები, რეალური სასწავლებლები, სამასწავლებლო, სასულიერო, სამრევლო და სხვა სასწავლებლები. საქართველოს ყველა ტიპის (1677 დაწყებითი სკოლა) სკოლაში 157 100 მოსწავლეს 5858 მასწავლებელი ასწავლიდა. აქედან, სკოლების უმრავლესობა იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება, ცენტრალური ხელისუფლების ერთიანი ზედამხედველობის ქვეშ. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაანგარიშებით, საყოველთაო დაწყებითი განათლების განსახორციელებლად საჭირო იყო დამატებით 700 სკოლის გახსნა, სადაც 110 900 მოსწავლე ჩაირიცხებოდა. ასეთი მემკვიდრეობა დახვდა საბჭოთა ოკუპირებულ მთავრობას საქართველოში“ (ამონარიდი ნაშრომიდან).

ცხადია, ნაშრომი ზოგადი განათლების პოლიტიკის ფორმირების აღწერის მიზნით შეიქმნა და შესაბამისად, წარმოდგენილია სასკოლო განათლების განვითარების სრული სურათი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და აღწერს იმ მოვლენებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაზე. თუმცა, მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ერთ წიგნში ყველა ფაქტორისა და მოვლენის სიღრმისეული აღწერა, შესაბამისად, ნაშრომში წარმოდგენილია ავტორების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეული პროცესები, ხოლო ყოველი პროცესის აღწერის სიღრმე განპირობებულია ამა თუ იმ მოვლენის შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაციის რაოდენობითა და ხარისხით. ამ მოვლენებსა და ფაქტებს შორის კი, ყველაზე მთავარ და გარდამტეხ ფაქტებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

საბჭოური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან განსხვავებულ, შინაარსით ეროვნულ სკოლაზე ფიქრი ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე იწყება. ქართული სკოლის იდეის ხორცშესხმისთვის პირველი ნაბიჯები 80-იან წლებში დაწყებული ეროვნული მოძრაობის ფონზე იგეგმებოდა, რომელსაც, თავის მხრივ, ბიძგი ცნობილმა 1978 წლის მოვლენებმა მისცა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და განათლების სექტორის დაფინანსება 1991-94 წლებში მკვეთრად შემცირდა – 1994 წელს 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ამის შემდგომ იწყება, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმა და სტრუქტურული ცვლილებები, რომელმაც გზა გაუხსნა კერძო სექტორის განვითარებას. 2003 წლიდან კი, ქვეყანაში იწყება რეფორმების ახალი ტალღა. თუმცა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, დამოუკიდებლობის პირველ წლებში განათლების სისტემის შესახებ არსებული მონაცემები გაფანტული და არასრულია.

1993 წლამდე, სისტემაში, განათლების 5 მინისტრი შეიცვალა, განათლების რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა კი კოტე გაბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო.

რა გამოწვევების წინაშე დადგა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განათლების სისტემა? სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი პრობლემა განათლების პოლიტიკაში ის იყო, რომ საქართველო, საბჭოთა კავშირის განმავლობაში, როგორც სახელმწიფო, არ ფუნქციონირებდა, ამიტომ გაჩნდა საჭიროება, შექმნილიყო დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომელიც იმუშავებდა, როგორც საკუთარი სახელმწიფოს პოლიტიკის გამტარებელი. განათლების მკვლევარი იხსენებს წლებს, როცა მასწავლებლებს და ბავშვებს სკოლაში მოაქვთ შეშა, როცა მასწავლებლებს 13-14 თვე არ აქვთ ხელფასი აღებული: „ამ პერიოდის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის კორუფცია და არაფორმალური შემოსავლები. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ, პრინციპში, გარკვეულწილად, სწორედ ამან გადაარჩინა განათლების სისტემა იმიტომ, რომ მასწავლებლების ანაზღაურება მინიმალური იყო და, ძირითადად, მათი შემოსავალი დამოკიდებული იყო დამატებით, კერძო და არაფორმალურ შემოსავლებზე… ეს დადებითი მხარე თითქოს ჰქონდა იმ კატასტროფას, რომელიც მოჰყვა სახელმწიფოს უუნარობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ამან გააჩინა უზარმაზარი უსამართლობა და უთანასწორობა…

90-იანი წლების მეორე ნახევარში საჯარო სკოლებში უკვე ჩნდება მნიშვნელოვანი ინოვაცია – საავტორო სკოლები, რაც გულისხმობდა იმას, რომ ამ სკოლებს შეეძლოთ ჰქონოდათ განსაკუთრებული სასწავლო გეგმა, რომელსაც შეათანხმებდნენ სამინისტროსთან და ისინი განსხვავებულად იმუშავებდნენ.“

მერი ქადაგიძე, მუშაობის პროცესში, პირველ აღმოჩენად ასახელებს 25 დეკემბერს, ერთ-ერთი მინისტრის მიერ პრეზიდენტისადმი მიწერილ თხრობით ანგარიშს/მოხსენებას, რომელიც ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებით იყო დაწერილი, ამბობს, რომ, ალბათ, იმ პერიოდში ასე იყო მიღებული. 25 დეკემბერს დაწერილ მოხსენებას კი, მალევე 10 იანვარს მოსდევს დოკუმენტი, სრულიად განსხვავებული არა მხოლოდ წერის მანერით, არამედ შინაარსითაც, სადაც ჩნდება პროექტი, მიზანი და სრულიად ახალი ტერმინოლოგია. „ეს იყო გარდამტეხი მომენტი და პირდაპირი ნიშანიც, რომ სტრუქტურულად და თავიდან ბოლომდე იცვლებოდა ყველაფერი, რაც ამის შემდეგ გველოდა.“

და რაც გველოდა წინ, ეს უკავშირდება კახა ლომაიას მინისტრობას. გარდამტეხი პერიოდის ყოფილი მინისტრი იხსენებს იმ შთაბეჭდილებებს, როცა სამინისტროს შენობაში პირველად შევიდა – 2004 წლის 1 თებერვალი: „ზამთარი იყო, ძალიან ციოდა, შენობის შიგნით ზუსტად ისევე ციოდა, როგორც გარეთ. გათბობის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული, ეს ისეთი ნიშანდობლივი იყო მთელი სისტემისთვის –  მოძველებული ინფრასტრუქტურა, გაუმართავი ფუნქციებით, იქ მომუშავე ადიამიანებით, რომლებსაც თითქოს დაკარგული ჰქონდათ მიზანიც და მიმართულებაც თავიანთი საქმიანობის. იყო როგორც მოლოდინი, ისე მზაობა რადიკალური ცვლილებების ყველა სფეროში. ეს მოლოდინის კლიმატი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენ სწრაფად გვემოქმედა. განათლების სისტემას უნდა უზრუნველეყო ის, რომ საქართველოს, როგორც მცირე რესურსებისა და შედარებით მცირე მოსახლეობის ქვეყანას, თავისი კონკურენტული უპირატესობები, სწორედ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში მოეპოვებინა. რადგან განათლების სისტემა სამოქალაქო ინტეგრაციის ინსტრუმენტია, ის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ყველა ოჯახისთვის, განურჩევლად მათი ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობისა.“

რადიკალური რეფორმების ხანა დაიწყო. კვლევის ავტორი გიორგი ჭანტურია ამ პერიოდს, მართვის თვალსაზრისითაც, გამორჩეულად მიიჩნევს, „აბსოლუტურად შეიცვლა მართვის პროცესი და გახდა მონაწილეობითი. მახსოვს ერთ-ერთ დოკუმენტზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა სკოლის დირექტორს გაუგზავნეს ეს დოკუმენტი, მათგან მიიღეს უკუკავშირი და შემდგომ შეიტანეს ცვლილებები. მე არ მახსენდება სხვა პერიოდი, როდესაც სკოლების მონაწილეობა ასეთ მაღალ დონეზე ყოფილიყო ასული. ნიშანდობლივია, რომ კახა ლომაიას მინისტრობის პერიოდი, მუშაობისას, ძალიან ხანგრძლივ პერიოდად გვეჩვენებოდა, რეალურად კი, მხოლოდ ორი წელი იყო მინისტრი და, ამ მოკლე დროში, ბევრი ცვლილების განხორციელება შეძლო. ჩვენთან გავრცელებულია სტიგმა, რომ თითქოს განათლების სფეროს ხუთი ან ათი წელი მაინც სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც შედეგი დაინახო. რეალურად, ჩვენ დავინახეთ, რომ ორ წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები დადგა“. 

განათლების მკვლევარი ნუცა კობახიძე მიიჩნევს, რომ: „თუ შევხედავთ პირველ ათწლეულს, 1990-დან 2000 წლამდე, ეს იყო თვითგამორკვევის და თვითგადარჩენის პერიოდი განათლების სისტემისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის. ამ ათწლეულში მთავარი მამოძრავებელი იყო გადარჩენა. შემდგომ უკვე, 2000-დან 2010 წლამდე, იყო რეფორმების პერიოდი – რეფორმების ხანა, როდესაც ყველაზე მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, ზოგი უფრო მნიშვნელოვანი, ზოგი – ნაკლებად. ამ მნიშვნელოვანი რეფორმებიდან, ამ ათწლეულში, გამოვყოფდი ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ასევე, უმაღლესი განათლების სისტემის ბოლონიის პროცესში ჩართვას. ამის შემდეგ უკვე მოდის მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შემუშავება, სასერტიფიკაციო გამოცდების დანერგვა, საერთაშორისო ტესტირებებში მონაწილეობა და ა.შ. შემდგომი პერიოდი, 2010-დან 2020 წლამდე, უკვე იყო არსებული რეფორმების გადახედვა, ადაპტაცია, შეცვლა, მაგრამ, ძირითადად, წრეზე ტრიალი. ახლა ვფიქრობ, რომ სულ სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს განათლების სისტემა, უფრო მომავალზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია, გრძელვადიანი მიზნები გამოვყოთ და შევქმნათ უფრო მოქნილი და გამძლე განათლების სისტემა.

კოვიდის დროსაც ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ერთი საკითხი, რომელსაც მე დავარქმევ ნდობის და ლეგიტიმაციის პრობლემას განათლების სისტემაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს – ნდობის ნაკლებობა. ასევე ძალიან მწვავე პრობლემაა მერიტოკრატიის არარსებობა ჩვენს საზოგადოებაში, იმიტომ, რომ ყველაფერი მაინც ნეპოტიზმამდე, კორუფციამდეც კი მიდის. მერიტოკრატიის დამკვიდრება აჯანსაღებს განათლების სისტემას – ეს არის სისტემა, როდესაც სოციალური წარმატება განისაზღვრება ინდივიდის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით და არა იმის მიხედვით, ვინ ვის იცნობს.“ 

ცხადია, ამ ხნის განმავლობაში, ბევრი ცვლილება განხორციელდა განათლების სისტემაში, ბევრი რეფორმა დაიწყო, ნაწილი წარმატებულად, ნაწილი წარუმატებლად, ნაწილი კი, საერთოდ ვერ განხორციელდა, თუმცა, დღეს ვართ იქ, სადაც ვართ –  პანდემიის გამოწვევების პირისპირ, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლევრებისთვის ახალი ინსპირაცია გახდება, რადგან ნაშრომის ავტორთა აზრით, რთულია იმის თქმა, თუ როგორ წარიმართება პანდემიასთან ბრძოლა და როგორი იქნება პოლიტიკური დღის წესრიგი 2021 წლისთვის. თუმცა დარწმუნებული არიან, რომ 2021 წელი კიდევ ერთ მნიშვნელოვან და გარდამტეხ პერიოდად შეიძლება იქცეს ზოგადი განათლების სისტემისთვის. მათი აზრით, კვლევის მიზანიც სწორედ ეს არის – არა მხოლოდ 30-წლიანი ისტორიის მოყოლა, არამედ განათლების კვლევის ახალი პრაქტიკის დამკვიდრება, სისტემის შესახებ ცოდნის თავმოყრა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ცოდნის გაზიარება.

 

გია მურღულიამ, კვლევის შეფასებისას, გვითხრა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია: „იმიტომ რომ დღემდე, სამწუხაროდ, არ გვქონია მცდელობაც კი, რომ გაგვეაზრებინა ეს ისტორია – განათლების თავგადასავალი საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან დღემდე. რა თქმა უნდა, ბევრი პროცესი გვახსოვს, ბევრი გადაწყვეტილება გვახსოვს, მაგრამ სისტემური სახით ეს არც განხილულა, არც შესწავლილა და, მით უმეტეს, არ არის შეფასებული. სხვადასხვა დროს მხოლოდ ფრაგმენტულად შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთი მთლიანი პროდუქტი არ არსებობს, ადამიანმა რომ განიხილოს და შეაფასოს. ეს ძალიან აუცილებელი ამბავია, საზოგადოებას, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაინახოს მთავარი ტენდენციები ჩვენი სისტემის განვითარებისა – რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, როდის, ვის მიერ, რა კონტექსტში, როგორ აღსრულდა ეს გადაწყვეტილებები, ვის ჰქონდა პასუხისმგებლობა მასზე აღებული. ჩვენ კარგად გვახსოვს მინისტრების მუდმივი მონაცვლეობა (ძალიან ბევრი მინისტრი გამოვიცვალეთ), რაც ყოველთვის იმას ნიშნავდა, რომ ძველი იყო სრულად უარყოფილი და ეგრევე მოდიოდა რაღაცა ახლის დამტკიცების თუ რეალიზების სურვილი. მერე უკვე მომდევნო გადადებდა ამას განზე და თვითონ იწყებდა ე.წ. ახალზე მუშაობას. საზოგადოება მემკვიდრეობითობას უნდა ხედავდეს, ასევე, გადაწყვეტილებათა რეალიზებასაც, რომ შეაფასოს ვინ როგორ იმუშავა, ვინ რა შესძინა პოზიტიური განათლების განვითარების პროცესს საქართველოში. აი, ამის შესაძლებლობა ჩვენ, პრაქტიკულად, არ გვქონია იმიტომ, რომ არ გვქონდა ასეთი გამოცემა ან გამოცემები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღწერის სეგმენტს, რა მოხდა და როდის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევას და განსაკუთრებული მნიშვნელობა – ამ გადაწყვეტილებების შეფასებას და მათი აღსრულების ხარისხს. ეს ძალიან არსებითია. ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ უკვე დაანონსდა, რომ მალე იწყება მუშაობა 2022-2032 წლების განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე. მე მარტივი კითხვა მაქვს: წინა გეგმა შევასრულეთ? ვინმემ შეაფასა ეს/ან ახალი სტრატეგიის დროს გათვალისწინებული იქნება მთავარი კითხვა – რას ვხედავთ არსებით პრობლემებად ჩვენი განათლების სისტემისთვის და რა გვაქვს დაგეგმილი ისეთი, რაც გარკვეულ დროში (ეს დროც უნდა გვითხრან) ამ პრობლემებს გადაწყვეტს? აი, თუ ეს გვეცოდინება, მაშინ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა და გაბედულებაც, დაინახოს და სხვებსაც დაანახოს ვინ რა ნაბიჯები გადადგა და რამდენად სასიკეთო იყო ეს ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისთვის.“

სიმონ ჯანაშია კვლევის ოთხ სარგებელზე საუბრობს: „მე მგონია, რომ ასეთი კვლევა საინტერესოა ინტელექტუალური კუთხით, ბევრ საინტერესო რამეს გავიგებთ, პედაგოგიური თვალსაზრისით, გვასწავლის რა აღარ უნდა გავიმეოროთ და რა უნდა გავაკეთოთ. არის ასევე პრაქტიკული სარგებელი, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული ამ პერიოდში განათლების სფეროში და მეოთხე – ეს არის ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ნაწილიც, განათლების ისტორია გვეუბნება,როგორი ხალხი ვიყავით იმ წლებში, როდესაც განათლების სფეროს ვაშენებდით.

ამ გადასახედიდან, როგორი ისტორია დაწერა განათლების სისტემამ? როგორც ისტორიის ფილოსოფოსები ფიქრობენ, სისტემა სპირალურად ვითარდება, ვუბრუნდებით ერთი და იმავე წერტილს, ოღონდ სხვადასხვა სიმაღლეზე და ვიმეორებთ ბევრ ნაბიჯს, რომელიც გადადგმულია, ზოგს იმიტომ იმეორებ, რომ აღარ გახსოვს ეს ნაბიჯი, ზოგს იმიტომ, რომ მიგაჩნია ბოლომდე არ იყო მიყვანილი და ახლა უნდა მიიყვანო. პრინციპში, განათლების ისტორია საზოგადოების ანარეკლია, როგორც ვითადება საზოგადოება, ისეთი განათლების სისტემა აქვს და როგორი განათლების სისტემაც აქვს, ისეთია საზოგადოებაც. ასე რომ, ურთიერთდამოკიდებული ორი სისტემაა და პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავს განათლების სისტემაში გადაწყვეტილებებს, მერე კი, პირიქით, განათლების სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა გვექნება. რა ღირებულებებს დაეფუძნება პოლიტიკა და როგორ ჩაერთვებიან მასში ახალგაზრდები. პრინციპში, ახლა განათლების სისტემის მართვაში უკვე ჩართულია ის თაობა, რომელმაც, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ბევრი სხვადასხვა რეფორმა გაიარა. ვნახავთ, ეს ადამიანები რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

30 წლის განმავლობაში ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ვიდრე გავაკეთეთ. ჯერ ელემენტარული საკითხების მოგვარება არ დაწყებულა, მაგალითად, იმას ვერ მივაღწიეთ, ამ ხნის განმავლობაში, რომ სასმელი წყალი იყოს ყველა სკოლაში, საპირფარეშოები იყოს მოწესრიგებული, მშობელი იყოს ჩართული სკოლის გაუმჯობესებაში, ტექნოლოგიზირებულ სამყაროში გავცდეთ ქაღალდით სწავლებას, თუ პანდემია არ არის.“

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის გამარჯვებული მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე ნაშრომს ძალიან მნიშვნელოვან მასალად მიიჩნევს და ამბობს, რომ, „ფაქტობრივად, ჩემ თვალწინ გაიარა ამ პროცესმა, მე ვიყავი ერთ-ერთი მონაწილე და ბევრი რამ მახსოვს, რაც კვლევის დოკუმენტშია შესული. ამიტომაც ჩემს თავსაც ვხედავ. საინტერესო პერიოდი გავიარეთ – სრული ხელმიშვებულობიდან დაწყებული ზედმეტი ჩართულობით დასრულებული. ამიტომ, რეფორმების თუ პროცესის დანახვა, გადაფასება, შეფასება საინტერესო და საჭიროა ახლა, ხვალინდელი ნაბიჯები უფრო სწორად რომ დავგეგმოთ.

სკოლაში მასწავლებლად 1995 წლიდან შევედი, დაახლოებით, 25 წელია მასწავლებელი ვარ. დღევანდელი სკოლა, რაც არ უნდა ვთქვათ, შეიცვალა თუ არ შეიცვალა, ყველაზე მეტად ჰგავს იმ საბჭოთა სკოლას იმიტომ, რომ მთავარი რამეები ჩვენ ჯერ კიდევ შესაცვლელი გვაქვს. სამწუხაროდ, ამას ჯერ ვერ ვაცნობიერებთ. ასეთი კვლევები იქნება ერთ-ერთი ისეთი ბიძგი, რომელიც ჩვენ, საზოგადოების წევრებს, გვაჩვენებს, რომ სხვა რამეები უნდა შევცვალოთ განათლების სისტემაში, ვიდრე, თუნდაც, ახლა და ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით შეგვეცვალა ან ვცვლიდით. მოკლედ, უფრო სხვა და ფუნდამენტური რამ გვაქვს შესაცვლელი სისტემაში.

განათლების ოცდაათწლიანი ისტორია, ვფიქრობ, რომ არც უარესი და არც უკეთესია ქვეყნის ისტორიაზე, შესაბამისია – როგორც ქვეყანა ვითარდებოდა, ისე განათლების სისტემაც. მაგალითად, როცა 90-იან წლებში, მთელი ქვეყანა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კოლაფსში აღმოჩნდა, იგივე დაემართა ჩვენს სისტემასაც, თუმცა არ გაჩერებულა. ასე მოხდა პანდემიის პირობებშიც – განათლების სისტემა, ასე თუ ისე, აგრძელებდა ფუნქციონირებას. შეიძლება ჩვენს სფეროში ცოტა უკეთესი მდგომარეობაც კი იყო, სხვებთან შედარებით. მაგრამ განათლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა და ზეგავლენა აქვს სხვა სფეროებზე, ეს „ცოტა უკეთესობა“ სულაც არ არის საკმარისი.“

მკვლევართა ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ კვლევას გააგრძელებენ და კიდევ უფრო განავითარებენ ამ მიმართულებას. გიორგი ჭანტურიას აზრით: „ეს არის მცდელობა, ერთი მხრივ, გავიაზროთ რა მოხდა განათლების სიტემაში – საიდან იღებს სათავეს ის გამოწვევები, რაც დღეს გვაქვს, რა რასთან არის კავშირში, ასევე, რამდენად კომპლექსურია ეს პრობლემები, იმიტომ, რომ ხშირად ფიქრობენ, თითქოს ერთი რაღაცის ცვლილებით შესაძლებელია, გავლენა იქონიონ მთელ სისტემაზე.“

„ვფიქრობ, ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია არის სწორედ ის საფუძველი, რომელზეც შეიძლება რეფლექსია გვქონდეს, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ და დავიწყოთ დისკუსია. ასევე ვფიქრობ, რომ თითოეული ქვეთავი, რომელსაც წაიკითხავს ადამიანი, ცალკე საკვლევი თემაა. გვინდა, როგორც ჩვენ ვუყურებთ ამას, როგორც უწყვეტ პროცესს, მკითხველმაც ასე აღიქვას. თუ თვლის, რომ რაღაც საკითხი არ არის სიღრმისეულად შესწავლილი, დაიწყოს მისი შესწავლა ან თუ ფიქრობს, რომ არსებობს პერსპექტივა, რომელიც მნიშვნელოვანია ისტორიის გასააზრებლად, ამაზე დაიწყოს ფიქრი და მუშაობა. სწორედ ამ კუთხით ვუყურებ, მე, როგორც განათლების კვლევით დაინტერესებული ადამიანი, ამ წიგნს. ეს არის ძალიან კარგი წყარო იდეებისთვის, გარისკვისთვის, მცდელობისთვის, რომ რაღაც შეცვალო, ისწავლო და იმის გააზრებისთვის, რომ განათლება, როგორც ბევრი რამ ჩვენ გარშემო, უწყვეტი პროცესია და ამ საქმეს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, აუცილებლად სჭირდება გაგრძელება“  – ამბობს მერი ქადაგიძე.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები