16 აპრილი, სამშაბათი, 2024

სამუშაო შეხვედრა „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ წარმომადგენლებთან

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან, ჯაბა სამუშიასთან და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მოწვეულ სტუმრებს სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები და საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობის გაუმჯობესების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნივერსიტეტებში სტუდენტთა ინტერესებზე მორგებული გარემოს მხარდაჭერა წარმოადგენს და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო ღიაა ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩასართავად. ამ მიზნით, სტუდენტებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება და უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა სწორედ მათი ჩართულობით ხდება.

ნუნუ მიცკევიჩმა სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ცენტრმა არაერთ ქართველ სტუდენტს მისცა საზღვარგარეთ სხვადასხვა უნივერსიტეტში განათლების მიღების შესაძლებლობა და მომავალში მათ კიდევ უფრო მრავალფეროვან სასტიპენდიო პროგრამებს შესთავაზებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების მობილობის ხელშეწყობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ სამინისტრო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად ჩარიცხვის გარკვეულ პროცედურებს სთავაზობს. ამასთან, პანდემიის პირობებში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ქვეყანაში მათი უსაფრთხო დაბრუნების მექანიზმები შემუშავდა. სტუდენტებმა მინისტრის მოადგილეს საზღვარგარეთ მცხოვრებ სტუდენტთა ხელშეწყობის კუთხით საკუთარი ხედვები და ინიციატივები გაუზიარეს.

ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში სამეცნიერო დიასპორის მონაწილეობის შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრაზე ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერაზეც  ისაუბრეს და ამ მიმართულებით, შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ შეთავაზებული პროგრამები და ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ის ფარგლებში, საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილეს.

🌎 გაიცანით WUGS – ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება:

 

👩‍🎓 World Union of Georgian Students (WUGS) – პირველი ქართული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა, მომდევნო წელს კი ბრიუსელში ოფიციალურად დარეგისტრირდა. დაფუძნების ადგილი შემთხვევითი არ ყოფილ,; ვინაიდან ბრიუსელი ევროპის ცენტრია, ქართველ სტუდენტთა დიასპორისთვისაც, რომელთა ყველაზე დიდი ნაწილი ევროპაშია თავმოყრილი, ის უნდა ყოფილიყო დიდი გაერთიანებისა და შეხვედრების ადგილი.

👨‍🎓 ორგანიზაციაში ქართველი სტუდენტები და სტუდენტური საზოგადოებები მთავარი მიზნისთვის – უცხოეთში ერთმანეთის მხარდასაჭერად (ადაპტაციის გაადვილების კუთხით), სამშობლოსთან კავშირის შესანარჩუნებლად და საქართველოს პოპულარიზაციისთვის გაერთიანდნენ. მალევე, ორგანიზაციის მიზნებს დაემატა უცხოეთში სწავლის მიღების მსურველთა კონსულტირება, საქართველოში სტუდენტური გარემოს გაუმჯობესება და ქართველი სტუდენტების განვითარებაზე ზრუნვა.

🧑‍🎓 WUGS-მა პირველმა დაიწყო ახალგაზრდული მისიები ევროკავშირსა და ნატოში. პროექტის მონაწილეებს არ დაუტოვებიათ არც ერთი ევროინსტიტუცია ლუექსემბურგში, ბრიუსელში, ჰააგასა და სტრასბურგში, სადაც საკუთარი ხმა არ გაუჟღერებიათ საქართველოს სახელით. ეს ინიციატივა მისაბაძი აღმოჩნდა სხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც, თავის მხრივ, დაიწყეს მსგავსი პროექტების განხორციელება.

👩‍🎓 WUGS-მა იზრუნა ქართველ სტუდენტთა დიასპორაზე, კერძოდ, საფუძველი ჩაუყარა დიასპორულ სტაჟირებებს სახელმწიფო ინსტიტუტებში და კერძო სექტორში, რითაც უცხოეთში მყოფ სტუდენტებს საქართველოში დაბრუნებისა თუ დაფუძნების ინტერესი გაუღვივა.

👨‍🎓 WUGS ყოველთვის მზად არის საკუთარი მიზნების ეფექტურად აღსრულებისთვისა და ახალი გამოწვევებისთვის!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები