29 მარტი, პარასკევი, 2024

სამკვიდრებელი

spot_img

ვდგავარ ჩემი სვანური სახლის – მაჩვიბის კუთხეში. ვდგავარ და ვფიქრობ: აქ ხომ ჩემი წინაპარი ცხოვრობდა… კედელი, რომელსაც თითებს ვახებ, სუნთქავს. მზერა გამექცა სარკმლისკენ, საიდანაც სინათლე იღვრებოდა სხივად ჩემს დარბაზში.

აქ იდგა ჩემი წინაპარი, ხელაღპყრობილი ევედრებოდა უფალს, რომ მოეცა წყალობა, დიდი ოჯახი გადარჩენილიყო, გაეგრძელებინა საქმე სვანური, ეცოცხლა და არა მხოლოდ ეცოცხლა… ეცხოვრა „სვანურად“ წინაპართა ხსენებასა და თაყვანისცემაში.

არა და… განა ადვილი იყო გადარჩენა?! – ჩემს წინაპარს ყოველთვის ჰქონდა საზრუნავი-გადარჩენის ტოლფასი: შიმშილს არ შემოეღწია მის ჭერქვეშ, მაგრამ არც სიმაძღრე უნატრია…

მზერა გადამაქვს კვამლით შემურულ კედელზე. კარგია, რომ ჩემმა ოჯახმა კირი არ გადაუსვა ამ კედელს და არ გადაღება წინაპართა კერის ცეცხლიდან ამომავალი კვამლის კვალი  და სწორედ ესაა განცდილი  სითბო, ჩემი წინაპრის მიერ გაჩაღებული ცეცხლისა, რომელიც მათბობს ახლაც. მეამაყება ჩემი ოჯახი, რომელიც ძარღვებით უკავშირდება თავის ფესვებს; აქ მრავალი დროების ნაკვალევია: დღესაც ეზიარება მნახველი უძველესს, ძველსა და ახალსაც. ბუხრის თავზე გამოსახულ ნამგალსა და უროს ვაკვირდებოდი, ჩემმა წინაპარმა ესეც გამოკვეთა. ნამგალიც და უროც გაჩნდა, შრომის სიმბოლოდ, ამ სვანურ საცხოვრებელში. ვასკვნი: როგორც ჩანს, შრომის ფერხული, შრომის განაწილება, შრომით შექმნა რაღაცისა და ცხოვრების უკეთეს მდგომარეობაში გადაყვანა, მიიღო და შეითვისა სვანმა, თუნდაც, სოციალიზმში…

ჩემს მხარეში ახალი და ძველი ყოველთვის ერწყმის ერთმანეთს, „სამართალი სვანური“ ყველაფერს გადასინჯავს, გაცრის და მყარად დაამკვიდრებს ადამიანისა და ღმერთის კავშირს!

დღეს კლასელები მესტუმრნენ, გავიხარეთ და ერთად შემოვიარეთ ჩემი ძველი საცხოვრებლის ყველა სართული.

– ანი, აქ ალბათ მახვში იჯდა და მას ყველა ემორჩილებოდა! – მომმართა ნანამ.

– ემორჩილებოდნენ, მაგრამ  ნებაყოფილობით, სიყვარულით, – ვუპასუხე მე.

– ჩხუბი იყო, ოდესმე, სვანურ ოჯახში, ნეტა? – დაებადა კითხვა თემოს.

– როგორ ფიქრობ, სადაც სიბრძნე მეფობდა, სადაც ყველა შრომობდა, ფუსუფუსებდა, სადაც ავადმყოფს არ ავალდებულებდნენ საქმეს, არამედ უვლიდნენ და პატივს სცემდნენ, სადაც ხვავი და ბარაქა იყო, ხელიდან ხელს გადაეცემოდა ყოველი საქმე კეთილი… რატომ უნდა ეჩხუბათ?!

– ჩხუბი ახლანდელ ოჯახებშია უფრო! – დაასკვნა თემომ ჩემი პასუხის შემდეგ.

ყველანი ჩავერთეთ საუბარში დღევანდელ ოჯახებზე.  გამოიკვეთა, რომ დღეს აგრესია მოძალებულია და ერთმანეთს უფრო ვაყრით რისხვას,  არ ვიგონებთ წინაპართა ცხოვრების წესს, როგორ ამყარებდნენ თანხმიერ, მშვიდ, სიბრძნესა და სამართალზე დამყნობილ ურთიერთობებს… შრომას არ ვინაწილებთ, არც ვფიქრობთ და არც ვგრძნობთ, აბა, რაღა გასაკვირია?!

სამკვიდრებელი შენი – აი, რაზე უნდა დავფიქრდე დღეს, როცა საშიში გახდა საკუთარი სახის დაკარგვა.

სიმბოლო – კოშკი სვანური – თაღებით დაგვირგვინებული, ჩემს ეზოში, ჩემს საცხოვრისში კიდევ ერთხელ შემახსენებს: წინაპრისთვის კოშკი თავდაცვის საშუალება იყო, დასაცავი კი იყო სამკვიდრებელი, სადაც გვარს უნდა მოეყარა თავი. მშვიდობაც იყო და ომიც, კოშკი – ციხესიმაგრე ურყევი და არა მხოლოდ თავდაცვა, მარადიულის შეხსენებაც, რომ შენი ფუძის ანგელოზი არ უნდა მიატოვო, მიწა, ზეცა და წყალი სვანური, მარადისობას უნდა აზიარო!

თამარ დედოფალს უნდა მოეფერო მისამღერით – თაიამარალი! საქართველოს სვანეთის მთებიდან უნდა უგალობო „ლილეოთი“ და „გაულ-გავხეთი“!

სოფიკო ხერგიანი

სსიპ დ. მესტიის 3 საჯარო სკოლა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები