29 მარტი, პარასკევი, 2024

 სამინისტრო მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის რეგულაციებს აძლიერებს

spot_img

პირველად, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება.

აღნიშნულ რეგულაციებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის საერთაშორისო კონსულტანტთან და UNESCO-ს განათლების მკვლევრებთან ერთად, იმუშავა. სწორედ მათ რეკომენდაციებსა და საერთაშორისო გამოცდილებას დაეფუძნა შესაბამისი დოკუმენტი.

რეგულაციები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, მინისტრის ბრძანების მიხედვით, პირველ ეტაპზე, მოსწავლის სკოლაში/გაკვეთილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, არაუგვიანეს მე-10 დღეს, კლასის დამრიგებელი ვალდებულია, სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში. დოკუმენტში გარკვევით იქნება გაწერილი მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან მუშაობის 10-დღიანი ანგარიში (გაცდენის მიზეზის დადგენა, მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის აღწერა და სხვ.). ამასთან, მთავრობის დადგენილებით, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური პრობლემების გამო მოსწავლეს არ აქვს წვდომა „ტელესკოლასა“ და ონლაინ სწავლებაზე,  მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი, მათ შორის სატელეფონო ფორმით. ხოლო მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს სკოლასთან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, დისტანციური სწავლების დროს, მოსწავლე დაცულია სტატუსი შეჩერებისგან.

ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი პროცესში, კლასის დამრიგებელთან ერთად, განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელონ ოჯახში ვიზიტი. განათლების სოციალური მუშაკები, მოზარდის სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით, იმუშავებენ მოსწავლესთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან.

განათლების სისტემა ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებს მოზარდის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

იმ შემთხვევაში, თუ აღწერილი ეტაპების გავლის შემდეგ, არასაპატიო მიზეზების გამო, მოსწავლე სკოლაში მაინც არ გამოცხადდა, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება, თუმცა, სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მშობლის განცხადების საფუძველზე, მიმართვისთანავე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძვლად 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის ზედიზედ გაცდენა ითვლებოდა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია და მოიცავს სასწავლო წლის ნახევარზე მეტს. აქამდე სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 90-დღიანი ვადის ამოწურვამდე ერთხელ მაინც გამოცხადდებოდა სკოლაში, მისთვის გაცდენების აღრიცხვა თავიდან იწყებოდა. შესაბამისად, მოზარდი მოსწავლის სტატუსით სარგებლობას აგრძელებდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად საგანმანათლებლო პროცესის მიღმა იყო დარჩენილი და სასწავლო პროგრამა აუთვისებელი რჩებოდა. ამასთან, სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოსწავლის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორების პრევენციის მიზნით, დროულად მოეხდინა შესაბამისი რეაგირება.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს განათლების სისტემას, უზრუნველყოს თითოეული მოზარდის განათლების ფუნდამენტური უფლების დაცვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები