24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საკადრო ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა. პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.

რაც შეეხება მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძე განათლების მიმართულებით მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს, სადაც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მიმართულებას უხელმძღვანელებს.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა პროფესიული განათლების სფეროში, სადაც გასულ წელს  სისტემის მართვის ინოვაციური მოდელი დაინერგა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული. შეიქმნა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ერთობლივად დააფუძნეს. ამიერიდან, პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებლობას  სახელმწიფო და კერძო სექტორი გაინაწილებს.

საჯარო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებულმა საბჭომ უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორად 5 წლის ვადით აირჩია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის პროფესიული განათლების რეფორმის განხორციელებაში. ქიტიაშვილი 2021 წლის აპრილიდან, სააგენტოს განვითარების საწყის ეტაპზე, მინისტრის მოადგილის თანამდებობასთან ერთად ითავსებდა სააგენტოს დირექტორის ფუნქციებს.

2022 წლიდან აქტიურ ფაზაში გადადის პროფესიული უნარების სააგენტოს ფუნქციონირება, რაც საჭიროებს როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციათა რესურსის მობილიზებასა და პროფესიონალთა გუნდის ფორმირებას. თამარ ქიტიაშვილი მინისტრის მოადგილის პოზიციას დატოვებს და პროფესიული განათლების რეფორმის მასშტაბის, ასევე სფეროს მართვის ახალი მოდელის გათვალისწინებით, სააგენტოს გაუძღვება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პროფესიული განათლების მიმართულების კურატორის ფუნქციასაც შეითავსებს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები