19 აპრილი, პარასკევი, 2024

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ანგარიში

spot_img

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები და პროექტები, რომელიც გასულ წელს განახორციელა.

2022 წელს, მანდატურის სამსახური, დამატებით, 85 საჯარო სკოლაში შევიდა. კონკურსის წესით შეირჩა და მოსამზადებელი კურსი წარმატებით გაიარა 357-მა ახალმა მანდატურმა, რომლებიც თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში განაწილდნენ. მოცემულ ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, საქართველოს მასშტაბით, 692 საჯარო სკოლაში, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯში უზრუნველყოფს.

„პრევენციული მიმართულების გაძლიერებისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებისთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მიერ, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზანსა და ამოცანაზე ორიენტირებული ღონისძიებები ჩატარდა, კერძოდ:

♦ შედგა გაცნობითი ხასიათის 2 805 შეხვედრა I კლასის მოსწავლეებთან;

♦ გაიმართა 4 816 შეხვედრა საგზაო უსაფრთხოების თემაზე, I-VIII კლასის მოსწავლეებთან;

♦ ჩატარდა 372 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ონლაინ შეხვედრა VII-XII კლასის მოსწავლეებთან, ძალადობისა და კიბერბულინგის გავლენებზე, პრევენციისა და რეაგირების საკითხებზე;

♦ რეგულარულად ხორციელდებოდა სასკოლო აქტივობები მოსწავლეებთან, ისეთ თემებზე, როგორიცაა: ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობა, ბულინგი, კიბერბულინგი, გენდერული თანასწორობა, ტოლერანტობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახში ძალადობა, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები. აღნიშნულ აქტივობებში 9417-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, 2022 წლის განმავლობაში, აქტიურად განაგრძობდა ცენტრის ბაზაზე ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფურ თერაპიასა და მშობელთა ფსიქოგანათლებას. საანგარიშო პერიოდში, მოდიფიცირდა და განახლდა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ მომსახურების მიწოდების წესი და მომსახურების მიმღებთა შეფასების ფორმები.

ცენტრში ფსიქოლოგიურ სერვისს ახორციელებს 38 ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა 2 ფსიქიატრი. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით, ფუნქციონირებს ვებგვერდი befriend.mes.gov.ge, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სრული კონფიდენციალურობის დაცვით, ონლაინ ჩათის საშუალებით, მიიღოს კვალიფიციური ფსიქოლოგიური კონსულტაცია.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, თბილისსა და რეგიონებში, ახალი სოციალური მუშაკები დაემატნენ და მათი რაოდენობა 63-მდე გაიზარდა. სოციალური მუშაობის კომპონენტით, მანდატურის სამსახური, ამჟამად, შესულია საქართველოს 56 საჯარო სკოლაში. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრებში დასაქმებულია 4 პროფესიული ზედამხედველი, სოციალური მუშაობის მიმართულებით. აქამდე, სოციალური მუშაობა სკოლებში საჭიროებისამებრ, ინტერვენციის ფარგლებში, ხორციელდებოდა.

მოსწავლის სტატუსის შეჩერების მიმართულებით, 2022 წლის განმავლობაში, სოციალურმა მუშაკებმა, თბილისსა და რეგიონებში, რეაგირება მოახდინეს 254 მომართვაზე. შესწავლილი შემთხვევებიდან – 102 შემთხვევაში, სპეციალისტის მუშაობის შედეგად, მოსწავლე სასწავლო პროცესს დაუბრუნდა, ხოლო 70 მოსწავლესთან მიმდინარეობს სასკოლო გარემოში მოსწავლის დაბრუნებისთვის მუშაობის პროცესი. 65 შემთხვევაში, მოსწავლეს შეუჩერდა სტატუსი. აქედან, 32 შემთხვევაში, სტატუსის შეჩერების მიუხედავად, მიმდინარეობს სტატუსის აღდგენის პროცესის მხარდაჭერა.

გასული ერთი წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, სულ, შემოვიდა 3 556 ახალი შემთხვევა. აქედან, 2 633 შემთხვევის რეფერირება განხორციელდა სკოლებიდან, ხოლო 923-მა ბენეფიციარმა თვითდინებით მიმართა ცენტრს, გადმომისამართდა სხვა სუბიექტის მიერ, შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით და/ან შემთხვევა იდენტიფიცირებული იქნა ცენტრის თანამშრომლის მიერ. საანგარიშო პერიოდში, 24-საათიან ცხელ ხაზზე მიღებულია 568 შეტყობინება. მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის კომპეტენციის მიღმა არსებული მომსახურების მიღების მიზნით, სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებელ სამსახურში, ცენტრის მიერ გადამისამართდა 517 მოსწავლე.

როგორც ცნობილია, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომლის მიზანია კრიზისული შემთხვევების ადგილზე შეფასება, სიტუაციის პირველადი მართვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. „ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბების რისკს. ამ მიზნით, 2022 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, განხორციელდა 841 ვიზიტი საჯარო სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

მანდატურის სამსახური, ასევე, აგრძელებს სასკოლო მედიაციის საპილოტე პროექტის განხორციელებას საქართველოს საჯარო სკოლებში. „საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირებისა და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია. მისი მიზანია, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია.“ მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებიან. წლის განმავლობაში, მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებული მედიატორებისთვის, საერთაშორისო ექსპერტის მიერ, განხორციელდა სასკოლო მედიაციის პროცესის სუპერვიზიის 5 სესია.

გასულ წელს, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი უფასო ფსიქოსოციალურ მომსახურებას და საკონსულტაციო სერვისს სთავაზობდა უკრაინაში მიმდინარე ომით დაზარალებულ ადამიანებს. ამასთან, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტების მიერ, შეიქმნა სპეციალური მოდული, რომლითაც მოხალისეობის მსურველ პირებს ჩაუტარდათ ტრენინგი. ამავე საინიციატივო კამპანიის ფარგლებში, უკრაინელ მოსწავლეებთან დაკავშირებული პირებისთვის შემუშავდა მატრამვირებელ მოვლენებზე საუბრის დროს გამოსაყენებელი დეტალური გაიდლაინი. 2022 წელს, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, დასაქმდა უკრაინიდან ჩამოსული სოციალური მუშაკი, რომელიც სოციალურ მუშაობას ახორციელებს საქართველოს საჯარო სკოლებში, უკრაინელ მოსწავლეებთან.

მანდატურის სამსახურის ანგარიშში შესულია 2022 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, შექმნილი მაგისტრანტი ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის ელექტრონული სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნაც – „სოციალური მუშაკის როლი სასკოლო გარემოს გაჯანსაღებისთვის“ და „სკოლის ფსიქოლოგის როლი სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის“. სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა. ეს პირველი ქართულენოვანი სასწავლო მასალაა აღნიშნულ თემებზე, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდა ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ამ ტიპის სამუშაოს შესასრულებლად მოამზადებს.

ამის გარდა, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილი ტრენინგ-მოდულით, იმ საჯარო სკოლებისთვის, სადაც არ არის წარმოდგენილი მანდატურის სამსახური, ხორციელდება სკოლის უფლებამოსილი პირების გადამზადება. საანგარიშო პერიოდში, გადამზადდა 113 უფლებამოსილი პირი.

მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურების დანერგვის მიმართულებით, 2022 წელს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაიწყო რეფორმირების პროცესი. საქართველოს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გასაძლიერებლად, გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) ერთობლივი პროექტის – „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში, 2021 წელს შემუშავდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის ახალი მოდელი, რომლის დანერგვა დაგეგმილია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ჩართულობით, მომზადდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის დაფუძნებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, ასევე ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის მისიის განაცხადის სამუშაო ვერსია. პროგრამის ფარგლებში არაერთი სამუშაო შეხვედრა განხორციელდა ინკლუზიური განათლების მომსახურებებში ჩართული სპეციალისტებისა და სფეროს ექსპერტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდა 5 თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყოველკვირეულად განიხილავდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. 2022 წელს, გაიმართა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მოდელის წარდგენის ღონისძიებაც და პარტნიორმა მხარეებმა მონაწილეებს გააცნეს ახალი მოდელი და მისი განხორციელების სტრატეგია. აღნიშნულ შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ასევე, ჩატარდა კონსულტირების ტრენინგი იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც ჩართული იქნებიან ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებების განხორციელებაში, ახალი მხარდამჭერი სისტემის ფარგლებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები