18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როლური თამაში და მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

spot_img

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხი სასწავლო პროცესში არის მოსწავლეების ჩართულობა გაკვეთილში. გაკვეთილი ვერფრით წარიმართება საინტერესოდ თუკი მასში ყველა მოსწავლე არაა ჩართული და აქტიურად არ მონაწილეობს. ყველა პედაგოგს თავისი მეთოდი აქვს ამ პრობლემის დასაძლევად. მათ შორის პოპულარულია „როლური თამაში“, რომელსაც ბევრი პლუსი აქვს: ბავშვები ივითარებენ სხვადსხვა უნარს, აქტიურობენ გონებრივადაც და ფიზიკურადაც, ღრმად იაზრებენ ტექსტს, პერსონაჟთა განწყობას, ხასიათს, ცდილობენ რაც შეიძლება ბუნებრივად გამოხატონ იგი, შედიან როლში და თავისუფლად გამოხატავენ ემოციებს. მასალის ათვისება უფრო მარტივია და სწავლა სახალისო, მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ერთიანდებიან საერთო ინტერესის გარშემო, ეხმარებიან ერთმანეთს სხვადასხვა საკითხის უკეთ გაგებაში, რაც მათ დამოკიდებულებას უფრო მეგობრულს ხდის. ყველა მოსწავლეს თანაბრად უხარია ამ აქტივობაში ჩართვა, რაც არ არის გასაკვირი, თამაში ხომ ბავშვის ყოველდღიური საქმიანობის ბუნებრივი, უსაყვარლესი ნაწილია, რომლის დროსაც იგი იზრდება, ვითარდება, ყალიბდება. როლური თამაში ერთ ერთი ისეთი აქტივობაა, რომელიც ბავშვის შემოქმედებით განვითარებას უწყობს ხელს, რაც შემდგომ ეხმარება მოზარდს ჩამოყალიბდეს ჭკვიან, შემდგარ კომუნიკაბელურ  ადამიანად.

„როლური თამაშის ყველაზე მარტივი ვარიანტი საბავშვო პიესის ან ორ-სამ პერსონაჟიანი საბავშვო ტექსტიდან დიალოგის ამოღება და მოსწავლეთათვის როლების დანაწილებაა, ბავშვები კითხულობენ თავიანთ ტექსტს და ამ დროს გაუცნობიერებლად, თამაშით ვარჯიშობენ გამართულ, გამოთქმით კითხვაში. საყურადღებოა, რომ მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ სწრაფი, არამედ გამომეტყველებით კითხვის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს და ეხმარება ბავშვს დაძლიოს მონოტორული, უემოციო, გაუაზრებელი კითხვის პრობლემა, გამოიტანოს აზრი დიალოგიდან და კარგად გაიგოს რაზეა საუბარი, რას ეხება ტექსტი. სასურველია, რომ ამგვარი აქტივობის დაგეგმვისას თავდაპირველად  პედაგოგმა თავად მოაწყოს საჩვენებელი წაკითხვა, მოასმენინოს ბავშვებს როგორ ჟღერს დიალოგი მკაფიოდ, გამართულად, ლიტერატურული ნორმების სრული დაცვით წაკითხული და შემდეგ დაიწყოს როლების განაწილება. გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვების ასაკი, გემოვნება, ინტერესები, გათამაშებისთვის უნდა შირჩეს ისეთი ტექსტი/დიალოგი, რომელიც დააინტერესებს ბავშვებს.

როლური თამაშის ერთ-ერთ ვარიანტად შიძლება ჩაითვალოს გაკვეთილზე სინქრონული თარგმანის გაკეთება, რომელიც მოსწავლეებისთვის სახალისო და საყვარელ აქტივობად შეიძლეა იქცეს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია თუკი გაკვეთილად აქვთ ნაწარმოები, რომელსაც აქვს ეკრანიზაცია ან მულტფილმი, მაგალითად ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრეძელი წინდა“ (მესამე კლასი). აქტივობის განსახორციელებლად დაგვჭირდება პროექტორი და მასწავლებლის მიერ წინასწარ დამუშავებული სალაპარაკო დიალოგები ფილმიდან. ბავშვებს დაუნაწილდებათ როლები და დიდ ეკრანზე კლასი უყურებს მოქმედებას, „თარჯიმნები“ შეეცდებიან

სინქრონულად წაიკითხონ ტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგების მოძიება, დაბეჭდვა, სინქრონული კითხვა თავდაპირველად საკმაოდ რთულია, ამ აქტივობის დროს მოსწავლეები ივითარებენ რამდენიმე მნიშვნელოვან უნარს, შემოქმედებითად უდგებიან დიალოგს, ვარჯიშობენ სწრაფად კითხვაში, ეკრანზე დანახული მსახიობების თამაშის მიხედვით ცდილობენ დაარეგულირონ ხმა და იაზრებენ რა ემოციები უნდა გამოხატონ ხმით, კარგად იგებენ პერსონაჟების აზრებსა და ქმედებას, კითხულობენ მხატვრულად, ავარჯიშებენ  მეხსიერებას, იძენენ უნარს სწრაფად გამოხატონ რეაქციები, რათა მათი წაკითხული თანადროული იყოს ეკრანზე ნაჩვენებ მოქმედებასთან. საგულისხმოა, რომ არც როლიდან გამოსვლა უჭირთ, არიან უფრო აკადემიურები ვიდრე ჩვეულებრივი როლური კითხვის დროს, კლასიც ყურადღებითაა და არ ირღვევა დისციპლინა, რაც ჩვეულებრივ ახლავს მსგავს თამაშებს. ამ აქტივობის დროს მასწავლებელმა შეიძლება „გახსნას“ ყველაზე პასიური, მორცხვი მოსწავლეც კი, რომელსაც უჭირს საკუთარი ემოციების საჯაროდ გამოხატვა და განუვითაროს მას შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარები.

თამარ კვირიკაშვილი

173-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები