29 მარტი, პარასკევი, 2024

რო­გორ ვას­წავ­ლოთ ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის „იგი“ მწერ­ლის ენი­სა და სტი­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით

spot_img
ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი
ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში სტი­ლი ენობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ხერ­ხ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებს ამა თუ იმ მწე­რალს ან ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ებს რა­ი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას, ჟანრს. მწერ­ლის ენი­სა და სტი­ლის სა­უ­კე­თე­სო გან­მარ­ტე­ბა, ვფიქ­რობ, ვა­ჟას ეკუთ­ვ­ნის, ამი­ტო­მაც მო­ვიხ­მობ ცი­ტა­ტას მი­სი ერთ-ერ­თი წე­რი­ლი­დან: „ენა სა­ხეა მწერ­ლი­სა, მი­სი ფი­ზი­ო­ნო­მიაა და, უკე­თე­სად რომ ვსთქვათ, – მწერ­ლის სუ­ლია. ენა­ში იმა­ლე­ბა მწერ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა, მი­სი „მე“, ამი­ტომ ნი­ჭი­ე­რი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი თუ ერ­თი-ორი რამ წა­გი­კითხავთ წი­ნად, შემ­დეგ ხელ­მო­უ­წე­რე­ლიც რომ შეგ­ხ­ვ­დეთ, ად­ვი­ლად იც­ნობთ, ვის კა­ლამ­საც ეკუთ­ვ­ნის…“

ხელ­მო­უ­წერ­ლა­დაც რომ შე­იძ­ლე­ბა ვიც­ნოთ, სწო­რედ ასე­თი „ნი­ჭი­ე­რი მწე­რა­ლია“ ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე. მარ­თა­ლია, მის ნა­წარ­მო­ე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიტყ­ვა­კაზ­მუ­ლო­ბა არ გა­მო­არ­ჩევს, მაგ­რამ მწე­რა­ლი მა­ინც გვა­მახ­სოვ­რებს თავს სტი­ლის სა­ო­ცა­რი სი­სა­და­ვით, „სიტყ­ვათ­წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­დახ­რის“ მი­სე­უ­ლი მა­ნე­რით. ვა­ჟას სიტყ­ვით რომ ვთქვათ, აქვს „სა­კუ­თა­რი ფრა­ზე­ო­ლო­გია, სა­კუ­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა­ნი, სა­კუ­თა­რი სუ­რა­თე­ბი“ და მის ქმნი­ლე­ბებს ატყ­ვია „ბე­ჭე­დი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­სა“.

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა­ში ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე მე-12 კლას­ში ის­წავ­ლე­ბა. ზო­გი­ერთ ავ­ტორს მი­სი რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი აქვს შე­ტა­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, თუმ­ცა, უმე­ტე­სო­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა მხო­ლოდ „იგის“ სწავ­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. „იგი“ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მულ ნა­წარ­მო­ებ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში­ცაა. ჩვენც ყუ­რადღე­ბა სწო­რედ ამ ნა­წარ­მო­ებ­ზე შე­ვა­ჩე­რეთ.

„იგის“ შეს­წავ­ლის მო­მენ­ტ­ში (მე-12 კლა­სის ბო­ლო სე­მეს­ტ­რი) მოს­წავ­ლე­ებს უკ­ვე, შე­და­რე­ბით, კარ­გად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის იდე­უ­რი თუ მხატ­ვ­რუ­ლი ანა­ლი­ზი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი; მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია მა­თი ეს­თე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა; აქვთ ტექ­ს­ტის მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის საკ­მაო კომ­პე­ტენ­ცია და ამომ­წუ­რა­ვი ცოდ­ნა. ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი“, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლიტ­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მიზ­ნე ცნე­ბაა. ამ­დე­ნად, სა­სურ­ვე­ლია, „იგის“ სწავ­ლე­ბი­სას, მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ გა­მოგ­ვ­რ­ჩეს ის მო­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც „გან­სა­კუთ­რე­ბულ დაღს ას­ვამს“ ნა­წარ­მო­ებს და „ხდის მას ღირ­ს­საც­ნობ­ლად“.

მწერ­ლის ენი­სა და სტი­ლის, მის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზი უნ­და და­ვუ­კავ­ში­როთ ტექ­ს­ტის დე­და­აზრს. ამ გზით მოს­წავ­ლე­ე­ბი თვალ­ნათ­ლივ და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ღირ­სე­ბას მი­სი იდე­ურ-ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რის ერ­თი­ა­ნო­ბა და ავ­ტო­რის მი­ზან­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა წარ­მო­ად­გენს.

ალე­გო­რია

ალე­გო­რია კარ­გად ნა­ცა­დი ხერ­ხი იყო საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის მწერ­ლე­ბი­სათ­ვის. ამ გზით, ისი­ნი თავს აღ­წევ­დ­ნენ ცენ­ზუ­რას და ახერ­ხებ­დ­ნენ მკითხ­ვე­ლამ­დე და­ფა­რუ­ლად მი­ე­ტა­ნათ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, თა­ვი­ან­თი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი. სა­ა­მი­სოდ, მე-12 კლას­ში, უკ­ვე არა­ერთ მა­გა­ლითს და­ა­სა­ხე­ლე­ბენ თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბი: „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“, „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“, „ალა­ვერ­დო­ბა“, „კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“. ნა­წი­ლობ­რივ „იგი­შიც“ იკითხე­ბა საბ­ჭო­თა მან­კი­ე­რე­ბე­ბის მხი­ლე­ბა: ბე­ლა­დო­მა­ნი­ით შეპყ­რო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი (იგის მოძ­მე­ნი), რე­ჟი­მის მი­ერ ხე­ლო­ვა­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბის სურ­ვი­ლი (ბე­ლა­დი­სა და იგის შერ­კი­ნე­ბა). თუმ­ცა „იგის“ ალე­გო­რია ბევ­რად უფ­რო ღრმაა, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ცენ­ზუ­რის გა­ცუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა. იგის“ კითხ­ვი­სას და­ფა­რუ­ლი რომ რთუ­ლად, მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით ცნო­ბი­ერ­დე­ბა, სწო­რედ ეს იწ­ვევს ჩვენს გან­სა­კუთ­რე­ბულ ეს­თე­ტი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბას.

რი­სი ალე­გო­რიაა მოთხ­რო­ბა „იგი“? ამ კითხ­ვა­ზე რომ ვუ­პა­სუ­ხოთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ჯერ ზო­გა­დად ალე­გო­რი­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი მი­მოგ­ვე­ხი­ლა, დაგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბი, რას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი:

♦ რას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს იგი?

იგი, პირ­ველ რიგ­ში, გან­ს­ხა­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის ტკი­ვი­ლია – იგი არ გავს სხვებს, ამი­ტომ სხვე­ბი უნ­დობ­ლად ეკი­დე­ბი­ან, იგიმ იცის ის, რაც არ იცი­ან სხვებ­მა, იგი სა­უბ­რობს „სხვა­ნა­ი­რი სიტყ­ვე­ბით“.

იგი შე­მოქ­მე­დია – შე­მოქ­მე­დის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მი­სი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის, გა­გე­ბის პრობ­ლე­მა კი, ალ­ბათ, ყვე­ლა დრო­ის პრობ­ლე­მაა და გან­სა­კუთ­რე­ბით კი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნი­სა: „მე ვხე­დავ სიზ­მ­რებს არათ­ქ­ვე­ნე­ბურს“ (გა­ლაქ­ტი­ონ ტა­ბი­ძე, „მე მძი­ნა­რე ვარ“), „მაგ­რამ ვინ იცის რა ცეხ­ცხ­ლ­შია გა­მოხ­ვე­უ­ლი ეს ჩე­მი ტვი­ნი, და­საქ­ცე­ვი ტვი­ნი ვე­რა­ნი“ (პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, „პო­ე­ზია“).

იგის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა მხო­ლოდ მი­სი „შე­მოქ­მე­დუ­რი“ ბუ­ნე­ბით არ იხ­ს­ნე­ბა, იგი ალუ­დაა, ჯო­ყო­ლაა, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის ახა­ლი საზ­რი­სი აღ­მო­ა­ჩი­ნა, „ცას შე­ხე­და“, იგი­ში პი­როვ­ნე­ბამ გა­იღ­ვი­ძა. სწო­რედ ეს მო­მენ­ტი აცალ­კე­ვებს მას ბრბო­სა­გან და „შე­მეც­ნე­ბის ფარ­თო და ხი­ფა­თი­ან გზა­ზე აყე­ნებს“ (მ. ჯა­ლი­აშ­ვი­ლი).

და მა­ინც, რა არის იგის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი? იგიმ შე­მოქ­მე­დი აღ­მო­ა­ჩი­ნა ამ სამ­ყა­რო­შიც და სა­კუ­თარ თავ­შიც. „იგი ბა­ლა­ხით, ნა­მით, მზის სხი­ვით და ზღვის სუ­ნით შე­იგ­რ­ძ­ნობს თა­ვის არ­სე­ბა­ში სამ­ყა­როდ გამ­თ­ლი­ა­ნე­ბულ შე­მოქ­მედს“ (ნ. ლო­მი­ძე). ამ თვალ­საზ­რი­სით იგის ალე­გო­რი­უ­ლი სა­ხით ღვთის არ­სის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­გე­ბაც ვლინ­დე­ბა – „ღმერ­თი ყვე­ლა­ფერ­შია“.

♦ რას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ნი?

„ნი შე­მოქ­მე­დის შთა­გო­ნე­ბაა, წყა­როა, რო­მე­ლიც იგის სულ­ში მო­ე­დი­ნე­ბა“ (ნ. ლო­მი­ძე). მარ­თ­ლაც, სწო­რედ ნი აღუძ­რავს იგის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას, ნი აწყე­ბი­ნებს იგის სამ­ყა­როს ხა­ტო­ვან აღ­ქ­მას (ნის თვა­ლებ­ში ჩანს ზე­ცა, ნის თმა აგო­ნებს იგის ხი­დან დაც­ვე­ნილ ფოთ­ლებს). მაგ­რამ რა­ტომ ხდე­ბა ნი მა­ხინ­ჯი? ეს კითხ­ვა ხში­რად ება­დე­ბათ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს. რას ფა­რავს ნის სი­მა­ხინ­ჯის ალე­გო­რია? ალ­ბათ, იმ ტკი­ვილს, შე­მოქ­მედთ რომ ემარ­თე­ბა ხოლ­მე ხში­რად. ისი­ნი ზე­ცი­უ­რი შა­რა­ვან­დე­დით მო­სა­ვენ ჩვე­უ­ლებ­რივ მოკ­ვ­და­ვებს, თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ცად აამაღ­ლე­ბენ, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს მუ­ზე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­წი­ე­რი (ხან კი არ­ც­თუ მა­ღალ­ზ­ნე­ობ­რი­ვი) ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ., გა­ლაკ­ტი­ო­ნის მე­რი, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ეკა­ტე­რი­ნე… სწო­რედ ამი­ტომ ნი მშვე­ნი­ე­რია მა­ნამ, სა­ნამ ის მოხ­დე­ბა, რაც ტბის პი­რას, სა­ნამ ნის ქა­ლუ­რი სუ­ნი აუვა და იგის­თან ერ­თად ისე­თი გახ­დე­ბა, რო­გო­რე­ბიც არი­ან სხვე­ბი. ნი მშვე­ნი­ე­რია იგის წარ­მო­სახ­ვა­ში, სი­ლა­ზე იგის ნა­ხატ­ში.

♦ რას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ზუ?

„ზუ შე­მოქ­მე­დის უკ­ვ­და­ვე­ბაა. ზუ მა­რა­დი­სო­ბაა, შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის ბო­ლო ხვედ­რია. ამი­ტო­მაც მი­არ­ბე­ნი­ნებს ზუ იგის ნა­ხე­ლავს. მი­აქვს უსას­რუ­ლო­ბა­ში, მი­აქვს მა­რა­დი­სო­ბა­ში“ (ნ. ლო­მი­ძე). ზუ ერ­თ­გ­ვა­რად მო­მავ­ლის იმე­დი­ცაა, იმე­დი იმი­სა, რომ „ცუ­დად არ ჩა­ივ­ლის გან­წი­რუ­ლის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა“ (ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, „მე­რა­ნი“), რომ იგის აღ­მო­ჩე­ნა „ერთ პო­ეტს მა­ინც გულ­ზე მოხ­ვ­დე­ბა“ (ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, „ლექ­სი მეწყე­რი“) და ახალ აღ­მო­ჩე­ნას და­უ­დებს სა­თა­ვეს, მოძ­მის გზის სიძ­ნე­ლეს გა­ა­ად­ვი­ლებს.

♦ რას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ბე­ლა­დი?

„ბე­ლა­დი ცვა­ლე­ბა­დი მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბის სას­ტი­კი სა­ხეა. შე­იძ­ლე­ბა წი­ნა ბე­ლად­ზე უარე­სი ან უკე­თე­სიც, მაგ­რამ, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში წარ­მა­ვა­ლი. ამი­ტო­მაც იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა იგის მი­ერ გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლი ბე­ლა­დი. რჩე­ბა მხო­ლოდ ნის ქან­და­კე­ბა, ზუს­თ­ვის მინ­დო­ბი­ლი“ (ნ. ლო­მი­ძე). ამი­ტო­მაც ვფიქ­რობთ, რომ მხო­ლოდ საბ­ჭო­თა ბე­ლა­დის მო­აზ­რე­ბა ამ ალე­გო­რი­ა­ში, ნა­წარ­მო­ე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი წა­კითხ­ვა იქ­ნე­ბო­და.

„ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის მუდ­მი­ვი ძი­ე­ბა, მა­თი მიგ­ნე­ბა და სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ტა­ნა“ – წერს ერ­თ­გან ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე, „იგიც“’ ალ­ბათ, ამ ძი­ე­ბის ალე­გო­რი­უ­ლი გზაა.

სიმ­ბო­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი

ალე­გო­რი­ის ხერ­ხ­თან ერ­თად, ნაწ­რ­მო­ე­ბის იდე­ის გაცხა­დე­ბი­სას, ავ­ტო­რი აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თავს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ სიმ­ბო­ლო­ებ­საც, კერ­ძოდ:

⇓  მთა – მთის სიმ­ბო­ლი­კა ბიბ­ლი­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, მას საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს (მთა­ზე ეჩ­ვე­ნა მო­სეს უფა­ლი და მის­ცა წმინ­და მცნე­ბე­ბი, მთა­ზე აც­ვეს ჯვარს მაცხო­ვა­რი და აშ.). ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც მთა ხში­რად გა­აზ­რე­ბუ­ლია, რო­გორც უფალ­თან სი­ახ­ლო­ვის, ზნე­ობ­რი­ვი ამაღ­ლე­ბუ­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა.

იგიც ზუს­ტად მთა­ზე მი­უყ­ვე­ბა დი­დი და­ძი­ნე­ბის ქა­რაფს.

⇓  სი­ნათ­ლე – ნათ­ლის სიმ­ბო­ლი­კაც ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ბიბ­ლი­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. უფა­ლი ხში­რად ცხად­დე­ბა მა­ნა­თო­ბე­ლი საგ­ნის სა­ხით (მაგ., მო­სეს­თან გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ცეცხ­ლ­მო­კი­დე­ბუ­ლი ბუჩ­ქი), სა­ხა­რე­ბა­ში „ნა­თე­ლი და­უ­ღა­მე­ბე­ლი“ ღმერ­თია.

ნა­წარ­მო­ებ­შიც „რო­დე­საც ქა­რა­ფის წვერს ახ­ლად გა­ხე­ლი­ლი დღის თვა­ლი დაჰ­ნა­თო­და, მკა­ფი­ოდ ჩან­და ყო­ვე­ლი ბუჩ­ქი, ყო­ვე­ლი ბა­ლა­ხი, მი­წის ყო­ვე­ლი ნამ­ცე­ცი. ქა­რა­ფის წვერ­ზე დი­დი სი­ნათ­ლე იყო“. ზუს­ტად სი­ნათ­ლი­სად­მი იგის ინ­ტე­რე­სი პერ­სო­ნა­ჟის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

⇓  მოთხ­რო­ბა­ში იხა­ტე­ბი­ან პირ­ველ­ყო­ფი­ლი, მა­ი­მუ­ნის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი.

„წელ­ში მოხ­რილ­ნი და უმეტყ­ვე­ლო­ნი – ეს ყო­ვე­ლი­ვე მწერ­ლის­თ­ვის სწო­რედ გარ­კ­ვე­უ­ლი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბია“ (მ. ჯა­ლი­აშ­ვი­ლი). სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან პი­როვ­ნე­ბის გა­რიყ­ვა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის გა­მო, პირ­ველ­ყო­ფი­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის წესს გვა­გო­ნებს. ეს კი­დევ უფ­რო აკ­ნი­ნებს ამ­გ­ვარ მიდ­გო­მას, ალ­ბათ, ავ­ტო­რის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბაც ესაა.

მე­ტა­ფო­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა

სწო­რედ მე­ტა­ფო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხებს მწე­რა­ლი „ჩაძ­ვ­რეს პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნის ტყავ­ში“ და მი­სი თვა­ლით დაგ­ვა­ნახ­ვოს სამ­ყა­რო: ამი­ტო­მაც აქვს ცას დღი­სა და ღა­მის თვა­ლე­ბი, ამი­ტო­მაც მო­კი­ა­ფე კენ­ჭე­ბი­თაა ცა ავ­სე­ბუ­ლი. პირ­ველ­ყო­ფილ­მა ადა­მი­ან­მა ჯერ არ იცის ცა, მზე, ვარ­კ­ვ­ლა­ვე­ბი, რო­გორც მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცი­უ­რი სხე­უ­ლე­ბი, ამი­ტომ მა­თაც უკ­ვე ნა­ნა­ხით, გან­ც­დი­ლით აფა­სებს.

გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო და შთამ­ბეჭ­დავ მე­ტა­ფო­რებს ვხვდე­ბით მა­შინ, რო­დე­საც, აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, ავ­ტო­რი სუნს იშ­ვე­ლი­ებს, მა­გა­ლი­თად, „ცხე­ლი ხი­ფა­თის სუ­ნი“, „სიმ­შ­ვი­დი­სა და სით­ბოს სუ­ნი“… (მ. ჯა­ლი­აშ­ვი­ლი). ამას და­ვა­მა­ტებ­დით გე­მოს მოხ­მო­ბით შეთხ­ზულ მე­ტა­ფო­რებ­საც: „მკლა­ვებ­ში და მუხ­ლებ­ში სი­ძა­ბუ­ნის გე­მო ჩა­უდ­გა“, „რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი გე­მო ჰქონ­და სხე­ულ­ში. რი­სი გე­მო იყო, ვერ გა­ე­გო“…

უკ­ვე ნა­ნა­ხი­თა და გან­ც­დი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მსჯე­ლობს იგი ტკი­ვი­ლი­სა და წუ­ხი­ლის შე­სა­ხე­ბაც. ამ „მსჯე­ლო­ბა­ში“, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ვად მწერ­ლის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ასუ­ლი მე­ტა­ფო­რუ­ლი ხედ­ვა ჩანს სამ­ყა­რო­სი: „იგის მა­ინც ტკი­ვი­ლი ურ­ჩევ­ნია წუ­ხილს… ტკი­ვი­ლი ისაა, ბრძო­ლის დროს რომ ნა­დი­რი კბილს გაჰ­კ­რავს და ფე­ხი­დან წი­თე­ლი სის­ხ­ლი გა­მო­უ­ვა. ტკი­ვი­ლი ავია, მაგ­რამ დიდ­ხანს არ ჩერ­დე­ბა სხე­ულ­ში. ნაკ­ბე­ნი ად­გი­ლი კარ­გად უნ­და გა­ი­ლო­კოს და და­ნერ­წყ­ვოს. ტკი­ვილს შე­ე­შინ­დე­ბა და გა­ეც­ლე­ბა. წუ­ხი­ლი კი ვე­რაფ­რით ვერ შე­ა­ში­ნა იგიმ.“ სწო­რედ მე­ტა­ფო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ხა­ტა ავ­ტორ­მა ის აზ­რი, რომ ადა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის ატა­ნა უფ­რო შე­უძ­ლია, ვიდ­რე სუ­ლი­ე­რი­სა. სუ­ლი­ე­რი ტკი­ვი­ლის, მწუ­ხა­რე­ბის წი­ნა­შე უძ­ლუ­რე­ბი ვართ.

გა­პი­როვ­ნე­ბა

ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში არა­ერ­თ­გ­ზის შე­ნიშ­ნუ­ლა, რომ ყო­ველ­გ­ვა­რი ტრო­პის სა­ფუძ­ვე­ლი თა­ვად მე­ფა­ტო­რაა (რ. ცა­ნა­ვა, 2012). ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საგ­რ­ძ­ნო­ბია მე­ტა­ფო­რი­სა და გა­პი­როვ­ნე­ბის შე­და­რე­ბი­სას. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ამ ორს შო­რის მკვეთ­რი ზღვრის გავ­ლე­ბა ჭირს. მოს­წავ­ლე­ე­ბი მიჩ­ვე­ულ­ნი არი­ან, უსუ­ლო საგ­ნის, მოვ­ლე­ნის სუ­ლი­ე­რი საგ­ნი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბით წარ­მო­ჩე­ნას გა­პი­როვ­ნე­ბა უწო­დონ. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენც გა­პი­როვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბად გან­ვი­ხი­ლავთ ნა­წარ­მო­ებ­ში მწუ­ხა­რე­ბის, ტკი­ვი­ლის, შიმ­ში­ლის გა­სუ­ლი­ე­რე­ბას.

„გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩუ­მად იწ­ვა სიბ­ნე­ლე და ეძი­ნა“, „წუ­ხი­ლი შმა­გი ნა­დი­რი­ვით წა­მო­ვი­და, მო­მა­ვალ ძილს გა­და­ას­წ­რო, ფა­ფუ­კი ბუ­რა­ნი გა­არ­ღ­ვია და იგის სხე­ულ­ში შე­უძ­ვ­რა“, „იგის სხე­ულ­ში გაკ­ვირ­ვე­ბა შეკ­რ­თა“, „სტო­მაქ­ში შიმ­ში­ლი და­ფუს­ფუ­სებ­და“ – იგის შეგ­რ­ძ­ნე­ბა­თა ამ­გ­ვა­რად წარ­მო­ჩე­ნა, პირ­ველ რიგ­ში, თხრო­ბას სარ­წ­მუ­ნო ელ­ფერს სძენს, ამას­თა­ნა­ვე, მა­თი ამეტყ­ვე­ლე­ბა და გა­სუ­ლი­ე­რე­ბა თით­ქოს მკითხ­ველ­საც აღ­წე­რი­ლის თა­ნა­გან­მ­ც­დე­ლად ხდის.

მხატ­ვ­რუ­ლი შე­და­რე­ბა

შე­და­რე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ოს­ტა­ტო­ბი­თაა შერ­ჩე­უ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სა­ფუძ­ველს იღებს პირ­ველ­ყო­ფი­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან და რო­გორც სხვა ტრო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ემ­სა­ხუ­რე­ბა მი­ზანს – მკითხ­ველ­მაც იგის თვა­ლით და­ი­ნა­ხოს სამ­ყა­რო, იგის მსგავ­სად გა­ნი­ცა­დოს გან­ც­დი­ლი.

„ნის სიტყ­ვე­ბი ავი ნა­დი­რის კბი­ლე­ბი­ვით ჩა­ე­სო იგის“, „წუ­ხი­ლი შმა­გი ნა­დი­რი­ვით წა­მო­ვი­და“, „წუ­ხი­ლი არ­ხე­ი­ნად იჯ­და სხე­ულ­ში და ნა­დი­რი­ვით ღრღნი­და ძვლებს“, „ზურ­გ­ში ავი ნა­დი­რი­ვით ჩა­აფ­რინ­და ტკი­ვი­ლი“, „თავ­ში სიტყ­ვე­ბი ისე მი­ე­დი­ნე­ბო­და, რო­გორც ნა­დირ­თა ჯო­გი მი­დის წყა­რო­ზე“ – შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა, რომ იგის ყვე­ლა­ზე სა­ზა­რე­ლი ემო­ცი­ე­ბი ნა­დირ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პირ­ველ­ყო­ფი­ლურ სამ­ყა­რო­ში, ალ­ბათ, რაც ყვე­ლა­ზე დი­დი ში­შის ზარს სცემ­და ადა­მი­ანს, ეს ვე­ლუ­რი მხე­ცი იყო.

„კა­ცე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფი უც­ნა­უ­რად შემ­ჭიდ­რო­ვე­ბუ­ლი­ყო, შეკ­რუ­ლი­ყო და ერ­თი­ა­ნი გორ­გა­ლი­ვით მი­გო­რავ­და თავ­დაღ­მარ­თ­ში“. ამ მხატ­ვ­რუ­ლი შე­და­რე­ბით ხა­ზი ეს­მე­ბა იმას, რომ იგის თა­ნა­მოძ­მე­ე­ბი არ წარ­მო­ად­გე­ნენ ინ­დი­ვი­დებს, ისი­ნი გორ­გა­ლად ქცე­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა არი­ან, ბრბო.

ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის სტილს, სა­ა­ნა­ლი­ზო ტექ­ს­ტ­ში, ახა­სი­ა­თებს ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, ერ­თი შე­ხედ­ვით, „აბ­სურ­დუ­ლი შე­სიტყ­ვე­ბე­ბი“, მაგ., „უხ­მოდ იკითხა თა­ვის სხე­ულ­ში“, „იგიმ თა­ვის სხე­ულ­ში თქვა, ახ­ლა შე­ჩერ­დე­ბა და მო­ი­ხე­დავ­სო“, „ხო­ლო იგი თა­ვის სხე­ულ­ში კი­დევ დიდ­ხანს ხე­დავ­და მის­კენ მობ­რუ­ნე­ბულ სა­ხე­ებს“, „ხან­და­ხან სხე­ულ­ში ბე­ლა­დი გაჩ­ნ­დე­ბო­და და მკა­ფი­ოდ ეს­მო­და მი­სი ხმა­და­ბა­ლი ღრე­ნა“.

და­მოწ­მე­ბულ კონ­ტექ­ს­ტებ­ში სიტყ­ვა „სხე­უ­ლის“ გა­მო­ყე­ნე­ბა ლო­გი­კურ-აზ­რობ­რი­ვი შეც­დო­მაა, მაგ­რამ მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის მი­ანც გა­სა­გე­ბია. სხე­უ­ლის ნაც­ვ­ლად რომ სიტყ­ვა „გუ­ლი“, „გო­ნე­ბა“, „წარ­მო­სახ­ვა“ ან სხვა უფ­რო ლო­გი­კუ­რი შე­სატყ­ვი­სი ყო­ფი­ლი­ყო, ტექ­ს­ტი და­კარ­გავ­და ემო­ცი­ურ ელ­ფერს – იგი პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ტიპს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ამი­ტომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი არაა, მის ფიქ­რებ­სა და წარ­მო­სახ­ვა­ში ყვე­ლა­ფერს მწყობ­რი ად­გი­ლი ჰქონ­დეს მი­ჩე­ნი­ლი. პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბა­თა აღ­ქ­მა ჯერ მხო­ლოდ სხე­უ­ლებ­რივ დო­ნე­ზე ხდე­ბა, ალ­ბათ, ამის მი­ნიშ­ნე­ბა სურს ავ­ტორს.

მწერ­ლის იდე­ურ მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სია მის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ენობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც: გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბი თუ წი­ნა­და­დე­ბა­თა თა­ვი­სე­ბუ­რი სინ­ტაქ­სი.

იგი სა­კუ­თარ თავ­ზეც კი ზმნის მე­სა­მე პი­რის ფორ­მით სა­უ­ბ­რობს: „რა მოს­დის იგის – იკითხა იგიმ“, „თა­ვი და­ა­ნე­ბოს წუ­ხილ­მა იგის!“, „არ მო­ვა ძი­ლი, სა­ნამ იგი წუ­ხილს არ მო­ი­შო­რებს – უხ­მოდ თქვა იგიმ“;

ასეა ნიც: „ნუ უყუ­რებს იგი ნის, – ჩურ­ჩუ­ლით თქვა უცებ ნიმ. – ნის ეში­ნია“.

♦  იგი­სა და თა­ნა­მოძ­მე­ე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბა­ში არ არ­სე­ბობს არც პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლი და არც ზმნის მე­ო­რე პი­რის ფორ­მა, ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა ფუნ­ქ­ცი­ა­საც ზმნის მე­სა­მე პი­რის ფორ­მა ან თა­ვად სა­ხე­ლი ითავ­სებს: „რა უნ­და წუ­ხილს იგი­სა­გან? – უზ­მოდ ჰკითხა იგიმ წუ­ხილს…“ (შდრ., ნაც­ვალ­სა­ხე­ლუ­რი ფორ­მა – რა უნ­და წუ­ხილს ჩემ­გან?); „აღარ უნ­და იგის ნის­თან?“ (შდრ., ნაც­ვალ­სა­ხე­ლუ­რი და ზმნის მე­ო­რე პი­რის ფორ­მე­ბი — აღარ გინ­და ჩემ­თან?).

♦  ზო­გა­დად, ტექსტს ახა­სი­ა­თებს პი­რის ნაც­ვალ­სა­ხელ­თა სიმ­წი­რე. კონ­კ­რე­ტუ­ლი სიტყ­ვა უფ­რო ხში­რად გა­მე­ო­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე შე­ნაც­ვ­ლე­ბუ­ლი ნაც­ვალ­სა­ხე­ლით: „ზუ უყუ­რებ­და იგის. ზუ სადღაც უკან იდ­გა“ (შდრ., ზუ უყუ­რებ­და იგის, ის სადღაც უკან იდ­გა); „ნი გაჩ­ნ­და და გაქ­რა. ნი ძა­ლი­ან კარ­გი იყო“ (შდრ., ნი გაჩ­ნ­და… ის ძა­ლი­ან კარ­გი იყო).

♦  „იგის“ ავ­ტორს არ ახა­სი­ა­თებს რთულ ქვეწყო­ბილ წი­ნა­და­დე­ბა­თა სიმ­რავ­ლე. წი­ნა­და­დე­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­ტი­ვი ან შერ­წყ­მუ­ლია.

ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე და­მა­ჯე­რებ­ლად ქმნის პირ­ველ­ყო­ფილ ადა­მი­ან­თა მეტყ­ვე­ლე­ბის ილუ­ზი­ას. სრუ­ლი­ად ორი­გი­ნა­ლუ­რია ტექ­ს­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფორ­მაც: შე­სამ­ჩ­ნე­ვია მოკ­ლე აბ­ზაც­თა სიმ­რავ­ლე, ხში­რად დას­მუ­ლია მრა­ვალ­წერ­ტი­ლი, ამ ხერხს ავ­ტო­რი მი­მარ­თავს მა­შინ, რო­დე­საც იგის პერ­სო­ნა­ჟი ფიქ­რობს, სიტყ­ვებს ეჭი­და­ვე­ბა, აზ­რებს ალა­გებს. მრა­ვალ­წერ­ტი­ლი გვხვდე­ბა იქაც, სა­დაც ავ­ტო­რი მკითხ­ვე­ლის ჩა­ფიქ­რე­ბას და ტექ­ს­ტის მიღ­მა წვდო­მას მო­ე­ლის.

ვფიქ­რობთ, ჩვენ მი­ერ აღ­ნუს­ხუ­ლი მო­მენ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა „იგის“ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აუცი­ლე­ბე­ლია ნა­წარ­მო­ე­ბის საზ­რი­სის შე­საც­ნო­ბად, მი­სი ეს­თე­ტი­კუ­რო­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად. ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნია ის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც უკ­ვე არ­სე­ბობს და დიდ დახ­მა­რე­ბას უწევს მას­წავ­ლე­ბელს აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მე­ო­რე მხრივ კი, შე­ვე­ცა­დეთ, შე­მოგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მწერ­ლის ენი­სა და სტი­ლის ჩვე­ნე­უ­ლი ხედ­ვა, ახ­ლე­ბუ­რი თვალ­საზ­რი­სე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი.

 

გამოყენებული ლი­ტე­რა­ტუ­რა

1.  ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე, „იგი“

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/igi.htm

2.  ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, „ნი­ჭი­ე­რი მწე­რა­ლი“ http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/niWieri_mwerali.htm

3.  მაია ჯა­ლი­აშ­ვი­ლი, „პი­როვ­ნე­ბის და­ბა­დე­ბა არა­რა­ო­ბის ქა­ო­სი­დან“, ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის „იგი“ – edulive.ge

4.  ნა­ნა ლო­მი­ძე, ქარ­ჩხა­ძის „იგის“ სწავ­ლე­ბი­სას – http://mastsavlebeli.ge/?p=4181

5.  რ. ცა­ნა­ვა, „პო­ე­ტუ­რი სე­მან­ტი­კა ტრო­პე­ბი“, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის შე­სა­ვა­ლი, 2012.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები