23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ დავწეროთ განმსაზღვრელი შეფასება

spot_img

ხათუნა გურული

სსიპ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი

 

თანამედროვე პედაგოგიკა შეფასებას სწავლების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. სწავლება და შეფასება ერთმანეთისგან იზოლირებულ კომპონენტებად არ უნდა ჩაითვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ძალიან მძიმე სურათს: ნიშნებით მანიპულირებას, ფსევდომოტივაციას ან დაბალ მოტივაციას, არაჯანსაღი კონკურენციის წინაპირობას და ა.შ.

მოსწავლის შეფასება უკუკავშირით სწავლების პროცესშია ეფექტიანი, თუმცა, მოსწავლეებს ვაფასებთ განმსაზღვრელი შეფასებითაც (ეროვნული სასწავლო გეგმა ცნობს და გვავალდებულებს როგორც განმსაზღვრელ, ასევე განმავითარებელ შეფასებას).

განმავითარებელი შეფასების აპრობირებული ინსტრუმენტი – უკუკავშირი, გულისხმობს მოსწავლის თვითშეფასებას, ურთიერთშეფასებას (თანატოლთა შეფასება) და მასწავლებლის მიერ რეფლექსიას, თუმცა ამჯერად ვისაუბრებთ განმსაზღვრელ შეფასებაზე.

განმსაზღვრელი შეფასება, განმავითარებლისგან იმითაც განსხვავდება, რომ ის მხოლოდ პედაგოგის პრეროგატივაა. განმსაზღვრელი შეფასება, ძირითადად, ქულებით ხდება. ასევე, შესაძლოა, ქულასთან ერთად, იყოს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზთა გამოსწორების რეკომენდაციებით. განმსაზღვრელი შეფასების მიზანია მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში, ხოლო ამოცანაა ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება, ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება, კურიკულუმის, გამოყენებული ინსტრუქციული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასება და ა.შ.

განმსაზღვრელი შეფასებისთვის სკოლა ორი მოდელიდან ირჩევს ერთ-ერთს:

მოდელი 1. ნიშანი იწერება მიმდინარე საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალების კომპონენტებში, ხოლო სემესტრული ქულა გამოითვლება ამ სამი კომპონენტის საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე.

მოდელი 2. ნიშანი იწერება მხოლოდ შემაჯამებელ დავალებებში. მათ რაოდენობას თავად სკოლა განსაზღვრავს სასკოლო სასწავლო გეგმის პრიორიტეტებიდან გამომდინარე.

გვაქვს ე.წ. ჰიბრიდული მოდელიც: სკოლას უფლება აქვს, სხვადასხვა კლასში, სხვადასხვა საგანში განმსაზღვრელი შეფასების სხვადასხვა მოდელი გამოიყენოს.

ხშირია შემთხვევა, როცა მასწავლებლები სვამენ კითხვას, როგორ დავწეროთ განმსაზღვრელი შეფასება, როგორი ტიპის რუბრიკა შეიძლება გამოვიყენოთ კომპლექსური დავალების შესრულების შემდეგ ან საკითხთა შესწავლისას. გთავაზობთ ორ სქემას, რომელიც, ვფიქრობ, კოლეგებს გამოადგებათ:

სქემა 1.

ზოგადი კრიტერიუმი ქულა კომენტარი
მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში. 1-10 კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზთა გამოსწორების რეკომენდაციებით.
მოსწავლე ამჟღავნებს ფაქტობრივი მასალის ცოდნას; პროცედურული ცოდნის გამოყენებით განაზოგადებს სამიზნე ცნებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს. 1-10 კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზთა გამოსწორების რეკომენდაციებით.
მოსწავლეს შეუძლია განაზოგადოს კომპლექსური დავალების (ან საკითხის) შეფასების კრიტერიუმის სახით ჩამოყალიბებული მოსაზრებები. 1-10 კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზთა გამოსწორების რეკომენდაციებით.

 

სქემა 2.

კონკრეტული კრიტერიუმი ქულა კომენტარი
მოსწავლემ მართებულად გაიგო კომპლექსური დავალების პირობა. 1-10 კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზთა გამოსწორების რეკომენდაციებით.
საგნობრივი საკითხი/საკითხები 1-10 კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზთა გამოსწორების რეკომენდაციებით.
კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმი/კრიტერიუმები 1-10 კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზთა გამოსწორების რეკომენდაციებით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები