20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დაბრუნდებიან სტუდენტები აუდიტორიებში და როდის გვექნება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი – ინტერვიუ ნუნუ მიცკევიჩთან

spot_img
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა 2 ეტაპად განხორციელდება. პირველი მარტიდან უნივერსიტეტებს კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტებისა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ, მეორე ეტაპის თარიღად კი 15 მარტი განისაზღვარა, როცა უნივერსიტეტები სრულად აღადგენენ საქმიანობას და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში დაბრუნდება. თუმცა, სამინისტროს განცხადებით, უნივერსიტეტები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ნებაყოფლობით მიიღებენ, სამინისტროსთან შეთანხმებით.
რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გასაახლებლად და რატომ განისაზღვრა დაბრუნების პროცესი ორ ეტაპად – დეტალებზე გვესაუბრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი.
ინტერვიუში ასევე გაიგებთ პასუხებს, რა საშეღავათო პოლიტიკას ახორციელებს სამინისტრო სტასტუს შეჩერებული სტუდენტების მიმართ, რას ეფუძნება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს პერიოდში სახეცვლილ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

– ქალბატონო ნუნუ, როგორც ცნობილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ უფლება, სწავლა აუდიტორიებში განაახლონ, თუმცა, პროცესი იქნება ნებაყოფლობითი, აუდიტორიებში დაბრუნება ორ ეტაპად განხორციელდება. ამ ეტაპების შესახებ უფრო დაწვრილებით რომ გვითხრათ როგორ მოხდება სტუდენტების დაბრუნება უმაღლეს სასწავლებლებში?

– სწავლის დასაწყებად განისაზღვრა ორი თარიღი – 1 და 15 მარტი. პირველ რიგში, სწავლის გახსნისთვის აუცილებელია თვითონ უმაღლესი სასწავლებლების სივრცე მომზადდეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც გაზაფხულზე, ლოქდაუნის დროს იყო. ამ მხრივ ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მზად იყო სტუდენტების მისაღებად, მაგრამ ქვეყნის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გადადების მაჩვენებელი და თვითონ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევდა საშუალებას, რომ უნივერსიტეტებში სწავლა პირისპირ გაგვეახლებინა. მობილობის მაჩვენებელს გავლენა არ უნდა მოეხდინა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ამიტომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი უწყების მიერ მისაღები გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახლანდელ გადაწყვეტილებას უმაღლესების გახსნის შესახებ, მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ, უწყებათაშორისი შეთანხმების საფუძველზე და თანხვედრაშია, ქვეყნის მასშტაბით, ტრანსპორტის დაშვებასთანაც. უმაღლეს განათლებას, სკოლისგან განსხვავებით, თავისი სპეციფიკა აქვს, მისი ტერიტორიული მოწყობა არ არის ისეთი, როგორც სკოლების. მოსწავლეებს უახლოეს სკოლებზე აქვთ ხელმისაწვდომობა, უმაღლესი სასწავლებლების განლაგება კი სხვაგვარია. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და სხვა რეგიონულ ქალაქებში გვაქვს უნივერსიტეტი, იქ მცხოვრები ახალგაზრდა შეიძლება თბილისში სწავლობდეს და ა.შ. ამიტომაც ვიყავით პირდაპირ მიბმული საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენაზე. როგორც კი შემსუბუქდა სიტუაცია და აღდგა ტრანსპორტი, უნივერსიტეტებს გახსნის უფლება მივეცით. პირველი მარტიდან პირისპირ სწავლების შესაძლებლობით გაიხსნა უნივერსიტეტები  სწავლების იმ კომპონენტით, რომლის განხორციელებაც  დისტანციურ რეჟიმში განსაკუთრებულად რთულად ხორციელდებოდა. ასეთია მედიცინის პროგრამების კლინიკური კომპონენტი და მთლიანობაში პრაქტიკულ-ლაბორატორიული კომპონენტი; ასევე, სახელოვნებო მიმართულებები – სახელოვნებო-შემოქმედებითი პროგრამები, როგორიც გვაქვს სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურსა და კონსერვატორიაში. ასე რომ, პროგრამები, რომელთა განხორციელება დისტანციურად პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, 1 მარტიდან გაიხსნა.

რაც შეეხება მეორე ეტაპს – 15 მარტს – ეს თარიღი განისაზღვრა სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით. მოგეხსენებათ, მხოლოდ ტრანსპორტის აღდგენა არ არის საკმარისი სწავლის აღსადგენად, რადგან ყველანი ვთანხმდებით, რომ სამწუხაროდ, ქვეყნის მასშტაბით, ისედაც მძიმე სოციალური ფონი ეპიდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. სტუდენტებმა რეგიონებიდან და სოფლებიდან, ქალაქში ჩამოსასვლელად, საცხოვრებელი პირობები უნდა მოიწყონ – ეს დაკავშირებულია ბინების დაქირავებასთან. ამიტომ უნივერსიტეტებს საშუალება მივეცით, მინიმუმ, ორი კვირით ადრე გაუგზავნონ ცხრილი და სრული ინფორმაცია, რომელ პროგრამას განახორციელებენ დისტანციურ რეჟიმში და რომელს – აუდიტორიაში, რომ სტუდენტებმა შეძლონ ბინის ქირაობა. როგორც აღვნიშნე, ეს გადაწყვეტილება მიღებულია სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით.

რაც შეეხება უნივერსიტეტების მიერ სწავლების ფორმის ნებაყოფლობით არჩევას, ეს პირდაპირ უკავშირდება მათ ავტონომიურობას, კონსტიტუციურ უფლებას, სწორი თვითშეფასების საფუძველზე, გადაწყვიტონ, რამდენად არის მზად საუნივერსიტეტო სივრცეები იმისთვის, რომ სწავლა აუდიტორიებში განაახლონ ან რა კომპონენტი დატოვონ დისტანციურ რეჟიმში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, უმაღლესებმა სწორად შეაფასონ რამდენად ხარისხიანი იქნება ე.წ. ჰიბრიდული სწავლება. ბუნებრივია, ჩვენ ვენდობით უმაღლესების გადაწყვეტილებებს. ამ დღეებში, მე და ბექა ფერაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გავმართეთ და შევთანხმდით, რომ ისინი 15 მარტამდე წარმოადგენენ ცხრილებს და დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი სასწავლო კორპუსი იხსნება, რომელი პროგრამები განხორციელდება დისტანციურად ან პირისპირ. ამის შემდეგ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების ერთობლივი კომისია განახორციელებს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კომპლექსურ მონიტორინგს, რათა დავრწმუნდეთ მათი არჩევანის სისწორეში.

ამჯერად, უმაღლესებს აღარ ექნებათ წინასწარი რეგისტრაციის გავლის ვალდებულება ნებართვის აღების თაობაზე. ისინი გაზაფხულზე მოპოვებული ნებართვით ისარგებლებენ, თუმცა, ყველა რეკომენდაციის მკაცრი დაცვით. რეკომენდაციები, განახლებული სახით, კიდევ ერთხელ დაეგზავნებათ უმაღლესებს.

– უმაღლესებზეც ვრცელდება თუ არა წერტილოვანი შეზღუდვები?

– წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ თითოეული შემთხვევის შესახებ ვიქნებით ინფორმირებული და კონსულტაციას გავივლით დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან. არ ვფიქრობთ, რომ დახურვებზე წავალთ. კონკრეტულ შემთხვევებზე კი სათანადო რეაგირება იქნება – ადგილების დეზინფიცირება/დამუშავება, ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება, რაც იმ მომენტისთვის გახდება საჭირო. დახურვის მიმართ კი, ვიქნებით ძალიან ფრთხილები, მაქსიმალურად ვეცდებით, პრევენციით შევამციროთ რისკები, ასევე ვეცდებით, რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს არ შევუქმნათ პრობლემები, ჯერ ჩამოვიყვანოთ და შემდეგ გამოვუცხადოთ, რომ ონლაინ რეჟიმზე გადავდივართ. უმაღლესებთან შეხვედრისას სწორედ ამიტომ გავუსვით ხაზი მათი მხრიდან სიტუაციის სწორად შეფასების აუცილებლობას და ამიტომაც არის ნებაყოფლობითი ამ გადაწყვეტილების მიღებაც – გახსნან იქ, სადაც დარწმუნებული არიან რომ შესაძლებელია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლება.

– ქალბატონო ნუნუ, აუცილებლად მინდა შევეხოთ იმ გამოწვევებს, რაც დისტანციური სწავლების პროცესში გამოჩნდა – სტუდენტთა ნაწილი ვერ ახერხებდა ონლაინ ლექციებზე ჩართვას, როგორ უნდა იქნას ეს ხარვეზი დაძლეული, რას სთავაზობენ უნივერსიტეტები ასეთ სტუდენტებს და როგორია თქვენი რეკომენდაციები?

– თითქმის ყველა ოჯახშია სკოლის მოსწავლე ან სტუდენტი, ან ორივე ერთად, ასევე, ბევრ ოჯახში გვყავს მასწავლებელი. ამის გათვალისწინებით, დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნიკით ყველა ოჯახი სრულყოფილად აღჭურვილი ვერ იქნებოდა. ჩვენც ბევრი სტუდენტი გვირეკავდა მსგავსი პრობლემით და ითხოვდა დახმარებას. უნივერსიტეტებს სხვადასხვაგვარი მიდგომები ჰქონდათ. თუმცა, პირველი რეკომენდაცია, რაც სამინისტროსგან გაიცა და ბევრმა უმაღლესმა გაიზიარა, იყო ის, რომ მათთვის ინდივიდუალური ცხრილები შემუშავებულიყო გამოტოვებული მასალის ინტენსიური აღდგენებისთვის პირისპირ რეჟიმში.

გაზაფხულზე, გახსნის შემდეგ, უნივერსიტეტებმა სწავლის მიღმა დარჩენილი სტუდენტებისთვის ინდივიდუალური ცხრილები მოამზადეს და ის კომპონენტი ჩაუტარეს, რაც მათ გამოტოვეს. თუმცა, ამისთვის სტუდენტს თვითონ უნდა მიემართა უნივერსიტეტისთვის განცხადებით. მაგალითად, ქუთაისის წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასეთი წარმატებული მიდგომა განახორციელა – სტუდენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერნეტთან და ტექნიკასთან წვდომა, გაზაფხულზე, ინდივიდუალური გრაფიკით შეუვსო ეს დანაკლისი. უნივერსიტეტების ნაწილმა სხვა გზა აირჩია. მაგალითად, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა კომპიუტერები შეისყიდა და იმ სტუდენტებს დაურიგა, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა; ზოგიერთმა უნივერსიტეტმა პროფესორ-მასწავლებლებს შეუძინა კომპიუტერები. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, პანდემიის გამოცხადებისთანავე, შეისყიდა დიდი რაოდენობით ტექნიკა და პროფესორ-მასწავლებლებს მიაწოდა. ცხადია, აქ მხოლოდ სტუდენტის პრობლემა არ იყო, ძალიან ბევრ პროფესორსაც სჭირდებოდა, სახლის პირობებში, ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა. ასე რომ, ყველა უნივერსიტეტმა, საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მიდგომა აირჩია და მართლა მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ სტუდენტისა და პროფესორ-მასწავლებლის ხელმისაწვდომობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

თუმცა, გვყავდა ისეთი სტუდენტებიც, რომლებმაც თავიდანვე განაცხადეს, რომ მათთვის მისაღები არ იყო ონლაინ სწავლება, საერთოდ დისტანციური სწავლება. ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, უცხოეთის პრაქტიკაშიც ხდება. ამ სტუდენტებმა თავიდანვე არ გაიარეს რეგისტრაცია, უარი თქვეს სემესტრის გააქტიურებაზე და აკადემიური სემესტრი აიღეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ სწავლაზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ და ამიტომ თქვეს უარი. უბრალოდ, არ მოსწონდათ ონლაინ სწავლება და თვლიდნენ, რომ ის საფასური, რომელსაც იხდიდნენ, არ იყო სწავლის ამ ფორმატის ადეკვატური. ეს განსაკუთრებით ეხება კერძო უმაღლესების პროგრამების სტუდენტებს, რომელთა გადასახადი სახელმწიფო გრანტს – 2250 ლარს სცილდება. სტუდენტთა გარკვეულმა რაოდენობამ სწორედ ამ მიზეზით აიღო აკადემიური სემესტრი და სწავლების ჩვეულ ფორმატს ელოდებიან.

– ქალბატონო ნუნუ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზეც მინდა გკითხოთ და იმ სტუდენტებზეც, რომლებიც გარკვეული ტიპის შეღავათს ითხოვდნენ სწავლის საფასურის გადასახადზე. ამ მოთხოვნებით სტუდენტთა აქციებიც გაიმართა. მათი ნაწილი, რომელიც გადასახადს საკუთარი ანაზღაურებით იხდიდა, პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, უმრავლესობამ დაკარგა სამსახური, შესაბამისად, შემოსავალიც და ამიტომ შეიჩერეს სტატუსი. რა საშეღავათო პოლიტიკას ახორციელებს სამინისტრო ასეთი სტუდენტებისთვის?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ სტატუსის შეჩერება ყოველთვის არ უკავშირდება ფინანსურ დავალიანებას. თუმცა, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სტუდენტების იმ ჯგუფზე, რომელმაც 2020 წლის 1 მარტის შემდეგ, რაც გაზაფხულის სემესტრი დაიწყო და პანდემია გამოცხადდა, ვეღარ შეძლო საფასურის გადახდა.

სახელმწიფო სტუდენტების სწავლის საფასურზე, წლიურად, 100 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. ეს კი, დაახლოებით, სტუდენტთა რაოდენობის ერთ მესამედს ფარავს. თუმცა, ისიც საკითხავია, რამდენად გამართლებულია სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული სტუდენტთა ასეთი რაოდენობა, ანუ რამდენად ეფექტურია ეს ხარჯი (ამ თემაზე ცალკე შეიძლება საუბარი). ისევ კითხვას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ ამ 100 მილიონ ლარს, პანდემიის პერიოდში, კიდევ 16 მილიონი ლარი დაემატა, რომელიც პრემიერის ინიციატივით გადაირიცხა ყველა იმ სტუდენტზე, ვისაც 150 ათას სოციალურ ქულაზე ნაკლები ჰქონდათ. ასეთი კი, 15 ათას სტუდენტზე მეტი აღმოჩნდა. დამერწმუნეთ, ეს უზარმაზარი დახმარება იყო – მათ დაეფარათ არა მხოლოდ 2020-2021 წლის შემოდგომის სწავლის საფასური, არამედ უკანა თარიღითაც – გაზაფხულის სწავლის დავალიანებაც. ასე რომ, მთავრობის ინიციატივამ სტუდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოიცვა.

ამის გარდა, სტუდენტთა დაფინანსებას თუ ჩავშლით, მათ მხარდამჭერ კიდევ ბევრ პროგრამას ვნახავთ – 13 სოციალური კატეგორია, რაც სრული საგრანტო დაფინანსების ბიუჯეტის 20%-ს შეადგენს; პროგრამული დაფინანსება ე.წ. უფასო ფაკულტეტები, რომლებიც მთლიანად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, რაც ცალკე ბიუჯეტს შეადგენს. ასევე, არის სასტიპენდიო ფონდი, რომელიც წარმატებული სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და ისინი, თვეში 150 ლარს იღებენ, სტიპენდია დისტანციური სწავლების ფორმატშიც ნარჩუნდება.

აღმოჩნდა, რომ სტუდენტების თვითმმართველობებმაც თავისი ბიუჯეტი სოციალურ მხარდაჭერაზე გადაანაწილეს, რაც მისასალმებელია – მიიღეს განცხადებები, ვის სჭირდებოდა სწავლის საფასურზე დახმარება ან კომპიუტერების შეძენა და ასეთ საჭიროებებს მოახმარეს თავიანთი ბიუჯეტი. რაც მთავარია, ეს არ იყო ერთეული შემთხვევები, სოლიდარობამ მასშტაბური სახე მიიღო და თანადგომის ბევრი შესაძლებლობა გაიხსნა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პანდემიის დაწყებისთანავე, მინისტრის ინიციატივით გამართულ რექტორთა საბჭოზე, გაიცა რეკომენდაციები, რომ სტუდენტებისთვის სტატუსი არ შეეჩერებინათ. უმაღლესებმა სწავლის საფასურის გადასახადის არსებული გრაფიკების მოდიფიცირება მოახდინეს, მომზადდა ინდივიდუალური გრაფიკებიც. სასიხარულოა, რომ გვყავს უნივერსიტეტები, რომლებმაც სტუდენტებს, გადასახადის გამო, სტატუსი არ შეუჩერეს. მაგალითად, ასეთია ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც, პანდემიის პერიოდში, არც ერთ სტუდენტს არ შეუჩერა სტატუსი. ზოგადად, ჩვენ ვერ ვერევით უნივერსიტეტების ფინანსურ პოლიტიკაში, ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება.

ასევე, ჩვენი ინიცირებულია რამდენიმე შეხვედრა სტუდენტური დასაქმების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ამასთან ერთად, მივუბრუნდით სტუდენტურ სესხებსაც. იმედია, ამ ორი მიმართულებით – სტუდენტური დასაქმება და სტუდენტური სესხები –  უახლოეს მომავალში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

– დაბოლოს, ერთი კვირის წინ, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აქცენტი გააკეთა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას, „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით. ასევე, ღიად ისაუბრა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ განიხილება სრულიად ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს, რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სხვა კომპონენტების გათვალისწინებას, მაგალითად, სკოლის საშუალო ნიშანს, რეკომენდაციებს მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობას.

– უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, განიხილება რამდენიმე მოდელი. ამ მიმართულებით, გასულ წელს, დაიწყო მსოფლიო ბანკის პროექტი, აყვანილი არიან ექსპერტები როგორც ადგილობრივი,  ისე უცხოელი, რომლებიც განიხილავენ მოდელების ალტერნატიულ ვარიანტებს. რაც შეეხება თვლად კომპონენტებს, ეს არ იქნება ცალმხრივად სამინისტროს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, უნივერსიტეტებთან ერთად გაივლის პილოტირებას შედეგზე დაფუძნებული თვლადი კომპონენტები. ამის გარდა, რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ცალკე შევიმუშავებთ გარკვეულ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგიონისთვის პრიორიტეტული დარგების განვითარების ხელშეწყობაზე. განსხვავებული მხარდამჭერი პოლიტიკა იქნება გატარებული სახელოვნებო-შემოქმედებითი უნივერსიტეტებისთვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაფინანსების ახალი მოდელი არ იქნება ხისტი – ყველა უნივერსიტეტისთვის საერთო მიდგომაზე დაფუძნებული, დარგობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მათ საჭიროებებზე იქნება გათვლილი. მოგეხსენებათ, რომ ყველა პროგრამას ერთი და იგივე ბიუჯეტი არ სჭირდება განსახორციელებლად და, მაგალითად, 2250 ლარი  – საგრანტო ოდენობა – არ ეყოფა მედიცინის პროგრამების შესწავლას, თუმცა, გარკვეული ჰუმანიტარული პროგრამისთვის შესაძლოა ეს თანხა საკმარისი აღმოჩნდეს. როგორც გითხარით, მუშავდება რამდენიმე ალტერნატიული პროექტი და შესაძლოა, წლის ბოლოს ან 2022 წლისთვის, ჩვენ გახსნილად შემოგთავაზოთ უმაღლესების დაფინანსების სრულიად ახალი მოდელის შეთანხმებული სამუშაო ვერსია.

– შეიცვლება თუ არა დაფინანსების ახალ მოდელში უკვე არსებული გრანტის ოდენობა – 2250 ლარი?

– რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, წინასწარ ვერ გეტყვით. საჭიროა ყველა დეტალის ზედმიწევნითი გავლა. შეიძლება შეიქმნას სრულიად განსხვავებული მოდელი, რომელზეც ჯერ არც კი გვიმუშავია. თუმცა, რადგან უკვე გვაქვს დიდი გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობა, ამიტომ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რაღაც ახალია შესაქმნელი.

თავისთავად, ეს ყველაფერი ბმაშია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან. ჩვენი საგრანტო სისტემა მთლიანად დაფუძნებულია ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტის წარმატებაზე. სტუდენტი, რომელიც გრანტს მიიღებს, ოთხი წლის განმავლობაში, ყოველგვარი აკადემიური მოსწრების კონტროლის გარეშე სარგებლობს დაფინანსებით. თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ დალაგდება საგრანტო პოლიტიკა ახალი მოდელის შემთხვევაში, ვინაიდან მოდელი სრულიად განსხვავებული იქნება. ჯერ არ არის გადაწყვეტილი როგორ შეეხება მოდელი იმ პრიორიტეტული, ე.წ. უფასო ფაკულტეტების ბიუჯეტებს, რომლებმაც, ბოლო წლებში, მიზნობრიობა საერთოდ დაკარგა.

განათლების სამინისტროსთვის ყოველთვის  ხარისხზე ზრუნვა და სტუდენტის აკადემიური მოსწრებაა მნიშვნელოვანი. მე თვითონ 30 წელია, რაც საუნივერსიტეტო სივრცეში ვარ და ჩემთვის უფრო მისაღები იქნებოდა, მაგალითად, სასწავლო წლის მიხედვით ან სემესტრულად შემოწმდეს სტუდენტის კონკურენტუნარიანობა. არსებული გრანტის მიღების წესი სტუდენტის რეალურ აკადემიურ მოსწრებას ვერ პასუხობს. არის შემთხვევები, როცა აბიტურიენტი, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გარკვეული სტრესის ან სკოლაში ვერ მიღებული ხარისხიანი განათლების გამო, არ არის წარმატებული, ამიტომაც გვაქვს მეორე მექანიზმი – გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდები და ეს ინსტრუმენტი კარგად მუშაობს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტის წარმატების ინდექსი უნივერსიტეტში სწავლის დროს უფრო დაბალია. ასეთი შემთხვევების დროს, გრანტის მიზნობრიობა იკარგება. მეტიც, ზოგიერთი საერთოდ წყვეტს სწავლას. ამიტომ ვფიქრობ, ეს სივრცე უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს სტუდენტებისთვის, რაც გაზრდის მათ მოტივაციასაც.

– ისევ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირებას რომ დავუბრუნდეთ – ეროვნული გამოცდების ცვლილება კავშირშია დაფინანსების მოდელის ცვლილებასთან? ერთდროულად განხორციელდება რეფორმა?

– ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა განხორციელდება, მაგრამ, როგორც დაფინანსების მოდელის შემთხვევაში განსაზღვრული გვაქვს დრო და პროექტის გამოკვეთილი მხარდამჭერი, მსოფლიო ბანკის სახით, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმის გამოკვეთილი მონახაზი არ არსებობს. რაც შეეხება მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, ეს მისი მოსაზრება იყო ისევე, როგორც მე ვისაუბრე ზემოთ გრანტის გაცემის წესის შესახებ. მინისტრმა მხოლოდ მოსაზრება გამოთქვა, საუბარი არ იყო არც კონკრეტული დროის და არც მოდელის შესახებ.  უახლოეს მომავალში რომ არაფერი იცვლება, ამას რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ბრიფინგიც ადასტურებს, სადაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ, რეგისტრაციის დაწყების გამოცხადებასთან ერთად, განაცხადა, რომ აბიტურიენტები 2021 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის არანაირ ცვლილებას არ უნდა ელოდონ.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები