29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორი უნდა იყოს კოვიდის შემდგომი სასკოლო განათლება – რა რეკომენდაციებს აძლევს განათლების კოალიცია სამინისტროს

spot_img
2020-2021 საასწავლო წელი, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელდეს, რაც ბუნებრივად მოითხოვს პანდემიის პირობებში განათლების პროცესების დეტალური გაანალიზების აუცილებლობას. მომდევნო აკადემიური სასწავლო წლის ეფექტურად დაგეგმვა სწორედ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ამისთვის კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ გამოწვევების იდენტიფიცირება და დაგეგმვის პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დარგის სპეციალისტების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების (სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები) და მშობელთა მონაწილეობა/ჩართლობა. ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობისა და დისკუსიების ინიცირების მიზნით, ზაფხულის პერიოდში (ივნისი-ივლისი), განათლების კოალიციამ აწარმოა საკონსულტაციო პროცესი ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებთან, რომლის მთავარი მიზანი იყო სკოლების დახურვის შემდგომ წარმოქმნილი მთავარი გამოწვევების გამოკვეთა და განვითარებისათვის იდეების გაცნობა.
საკონსულტაციო პროცესს უძღვებოდნენ განათლების კოალიციისა და წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები: გიორგი ჭანტურია (განათლების კოალიციის დირექტორი), მეგი კავთუაშვილი (მშობლები განათლებისათვის დირექტორი), მაკა ბიბილეიშვილი (სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის დირექტორი) და რევაზ აფხაზავა (განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი).

გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ პროცესში ყველა დაინტერსებული მხარე იყო ჩართული: „ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა, რომ ჩვენ თავად ვართ ამ პრინციპების ერთგულები. ვგულისხმობ იმას, რომ სასკოლო საზოგადოების თითქმის ყველა დაინტერესებული მხარე გვყავდა ჩართული – სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი. შესაბამისად, როდესაც პროცესის გამართულობაზე ვესაუბრებით განათლების სამინისტროს თუ გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებს, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ უნდა იყოს მონაწილეობითი.

რაც შეეხება შედეგებს, სანამ რეკომენდაციებზე ვისაუბრებ, გეტყვით, რომ ძალიან საინტერესოა გამოწვევების ნაწილი და ის დეტალები, რასაც პროცესში ჩართული მხარეები აღნიშნავდნენ. ეს ყველაფერი ნამდვილად გასათვალისწინებელია. ლაპარაკია როგორც ტექნიკურ, ისე შინაარსობრივ საკითხებზე. მაგ., პრობლემები იყო მოსწავლეთა შეფასების ნაწილში; პრობლემები იყო იმ მხრივაც, რომ ხშირად იცვლებოდა გადაწყვეტილებები სამინისტროს მხრიდან და რომ არ არსებობს მკაფიო რეკომენდაციები პროცესის წარმართვის თვალსაზრისით და ა.შ.რეკომენდაციების მხრივ კი, ძალიან განსხვავებული ვითარება გვაქვს ადგილობრივი კონტექსტისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით (მდებარეობა, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, მოსწავლეთა კონტინგენტი და სხვ.). შესაბამისად, მათი გათვალისწინება აუცილებელია. გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომ საჭიროა უფრო ხელსაყრელი ინტერნეტ ტარიფები სასკოლო საზოგადოებისათვის. ამიტომ, ამ მხრივ, დასაწყებია მოლაპარაკებები კერძო პროვაიდერებთან. ასევე მაშინ, როდესაც სკოლის დამლაგებლების ანაზღაურება, საშუალოდ, 200-250 ლარია, მნიშვნელოვანია მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება. ესეც საკმაოდ სერიოზული თემაა.

საერთო ჯამში, დოკუმენტში საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი ის გასათვალისწინებელი საკითხები, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება მომდევნო აკადემიური წლის ხარისხიანად წარმართვა. ამ საკითხებზე მსჯელობა ისედაც დაგვიანებულია, შესაბამისად, მეტი აქტიურობაა საჭირო.“

დისტანციური სემესტრის შესაჯამებლად, განათლების კოალიციასთან ერთად, არასამთავრობო ორგანზიაციამ „მშობლები განათლებისთვის“ მოსწავლეთა მშობლების 2 ფოკუსჯგუფი დააკომპლექტა – ჩართული იყვნენ როგორც თბილისის, ისე რეგიონების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები. მონაწილეთა შორის, დაახლოებით, 90%-ს საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლები შეადგენდნენ, ხოლო 10%-ს – კერძო სკოლების.

არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ მოსწავლეთა მშობლებთან ერთად, რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, ერთ-ერთი დისტანციური სწავლების პროცესში აღმოჩენილი სირთულეები და მათი გადაჭრის გზები იყო. როგორც აღმოჩნდა, მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია იმით, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდა. თუმცა, პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა, რისი გამოსწორებაც აუცილებელია. „მშობლების თქმით, ზოგიერთ სკოლაში სასწავლო წლის ბოლომდე საგაკვეთილო ცხრილი არ არსებობდა, გაკვეთილები ცდებოდა. ადმინისტრაცია ვერ მართავდა პროცესს, კერძოდ, პედაგოგის პირად გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, ჩატარდებოდა თუ არა და როდის ჩატარდებოდა გაკვეთილი. ზოგიერთ სკოლაში კი, ცხრილი ხშირად იცვლებოდა. არასტაბილურობა აქვეითებდა მოსწავლის მოტივაციას. გარდა ამისა, მათ მთელი დღე საგაკვეთილო რეჟიმში ყოფნა უწევდათ, რადგან ერთი გაკვეთილი დილის საათებში ჰქონდათ, მეორე – საღამოს. არ იყო მკაცრად განსაზღვრული გაკვეთილების ხანგრძლივობა. Online გაკვეთილების საშუალებით ხარისხიანი ცოდნის მიღებას ხელს უშლიდა კლასში ბავშვების სიმრავლე. ხშირად გაკვეთილი ქაოტური იყო, დრო ტექნიკური საკითხების მოგვარებაში გადიოდა – „ხმა გამორთე“, „კამერა ჩართე“ და ა.შ. მასწავლებლების მცირე ნაწილი წარმართავდა საგაკვეთილო პროცესს მშვიდ ვითარებაში. კლასის მართვის უნარების სიმცირემ გამოიწვია ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიც არის კიბერბულინგი. მშობელი, რომელიც გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან არის, გვიყვება, რომ მის შვილს თანაკლასელები გამუდმებით აგდებდნენ teams-ის პროგრამიდან, რასაც ბავშვი ძალიან განიცდიდა. მთელი 3 თვის განმავლობაში იყო დათრგუნული და დეპრესიაში. სასწავლო წელი ისე დასრულდა, პედაგოგმა ვერ შეძლო დამცავი ღონისძიებების გატარება. კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომამ ბავშვებში ჯანმრთელობის პრობლემები წარმოშვა: თვალების წვა, ხერხემლის ტკივილი, თმის ცვენა, პირველკლასელებსა და მოზარდებში განსაკუთრებით იჩინა თავი აგრესიამ. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მოსწავლეების არათანაბარი ჩართულობა, ხარისხიან ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გამო. ზოგიერთ სკოლაში სწავლის პროცესის ფასადურობა შეინიშნებოდა. დამრიგებლები აფრთხილებდნენ მშობლებს, რომ ბავშვებს ჩართული ჰქონოდათ ექაუნთი, თუნდაც არ ყოფილიყვნენ გაკვეთილზე, რადგან სასწავლო ნაწილი ამოწმებდათ. პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი იყო, online გაკვეთილებს ხელი შეეწყო ბავშვების სოციალიზაციისთვის. ამის მიუხედავად, მათი უმრავლესობა გაკვეთილზე მოკლებული იყო ვიზუალურ და ხმოვან კონტაქტს. კამერები იყო გამორთული, ხმას კი მხოლოდ მაშინ რთავდნენ ბავშვები, როცა მასწავლებელი ამის უფლებას აძლევდათ. გაკვეთილები ბნელ ეკრანთან მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო. ბავშვებს უჭირდათ კონცენტრაცია და იმის აღქმა, რომ ეს საგაკვეთილო პროცესი იყო.“

ფოკუსჯგუფების მუშაობის ფარგლებში, პრობლემების დასახელებასთან ერთად, მშობლებმა პრობლემების გადაწყვეტის გზებიც შეიმუშავეს, რაც განათლების კოალიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტშია ასახული.“   – ამბობს მეგი კავთუაშვილი.

➡️დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „სამწუხაროდ, საქართველოში, სასკოლო განათლების სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე იდგა COVID 19-ის დადგომამდეც, იქნება ეს მასწავლებელთა შრომითი უფლებები, კომპეტენციები, პროფესიული განვითარების საკითხები, სკოლის ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმები, მშობელთა დაბალი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, ძალადობა სკოლებში, ცენტრალიზებული მართვის სისტემა და ა.შ. ბუნებრივია, მოცემულ პერიოდში გარკვეული პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა.“

ვირუსის შედეგად წარმოქმნილი გამწვავებული პრობლემები და დისტანციურ განათლებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა, სკოლის დირექტორთა უკუკავშირი, კოალიციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ასე გამოიყურება:

✔️  გამოწვევები დისტანციური სწავლების პროცესშიემოციური მხარე – ბუნდოვანება და დაბალი მოტივაცია –   ემოციური მზაობა და მოტივაციის უქონლობა როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებსა და მშობლებშიც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო სემესტრის ბოლოსაც. ამ კუთხით, უარყოფითი გავლენა იქონია პირველი სემესტრის შეფასების გადმოტანამ წლიურ შეფასებაში, რითაც მოსწავლეებს კიდევ უფრო დაუქვეითდათ დისტანციური სწავლების მოტივაცია. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა დასახელდა.

✔️  ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული საკითხებიერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რის წინაშეც სკოლები ვირუსის შემდგომ დადგნენ, ეს იყო მოსწავლეთა და მასწავლებელთა ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და შესაბამის ხელსაწყოებზე (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი). სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო, მოსწავლეთა 30%-ს აღნიშნულზე წვდომა არ აქვს. განსაკუთრებით მწვავე იყო ეს პრობლემა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან მიმართებაში და მთის და სოფლის სკოლების ნაწილში.

✔️  დისტანციური სწავლების პროცესი – ტექნიკური და ციფრული კომპეტენციების ნაკლებობადისტანციური სწავლების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ტექნიკური და ციფრული კომპეტენციების ნაკლებობა როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებსა და მშობლებში. მასწავლებლებს გაუჭირდათ ახალ პლატფორმებზე ადაპტირება და მათი ტექნიკური მართვა. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მოსწავლეთა მოტივირება, „კლასის“ მართვა, გაკვეთილების სწორად დაგეგმარება, შეფასება. ამავე დროს, მოსწავლეების და მშობლების ნაწილსაც არ ჰქონდა საკმარისი კომპეტენცია დამოუკიდებლად ემართათ ესა თუ ის პროგრამა, შესაბამისად, მასწავლებლებს და დირექტორებს ან უფრო მარტივ პლატფორმაზე გადასვლა (facebook) უწევდათ ან დეტალური ინსტრუქციების მომზადება.

? „ოღონდ ტექნიკური პრობლემები მოგვარებულიყო და ხარისხს ვინ ჩიოდა.“

? „ზოგიერთმა მაუსის ჭერაც კი არ იცოდა და როგორ უნდა შეეთავაზებინათ საინტერესო გაკვეთილები.“ 

?  „გამოჩნდა მასწავლებელთა კომპეტენციის პრობლემა, რადგან ეს იგივეა, რომ მოსწავლეები კლასში დავაბათ და ვასმენინოთ ჩვენი მონოლოგი.“

„პლატფორმები არ არის ბავშვზე ორიენტირებული, რაც პროცესში მათ პასიურობას იწვევდა.“

?  „სოციალური პრობლემების თუ სხვა საკითხების გამო, ერიდებოდათ კამერის ჩართვა; ხოდა, თუ ვერ ხედავ და ხმა არ გესმის, როგორ უნდა წარმართო საგაკვეთილო პროცესი.“ 

✔️ პერსონალური მონაცემების დაცვა და უსაფრთხოებამშობლები ამბობენ, რომ მასწავლებლების მხრიდან ელექტრონული კომუნიკაციის არასათანადო უნარები, ხშირად ხელს უწყობდა კიბერბულინგს მოსწავლეებს შორის. ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემა შექმნა ბავშვების გაწევრიანებამ მათი ასაკისთვის შეუსაბამო ინტერნეტ პლატფორმებზე, რამაც დამატებით სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენა ისინი.

✔️ დამხმარე რესურსების სიმწირე მოსწავლეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ონლაინ გაკვეთილებზე დამხმარე რესურსების გამოყენების სიმცირის გამო: საგაკვეთილო პროცესის მონოტონურობა და მხოლოდ სალექციო ფორმატი უინტერესო იყო და მოსწავლეები თითქმის არ უსმენდნენ ასეთ გაკვეთილებს“. 

✔️ პროცესის მონიტორინგი და მართვა მოსწავლეები თვლიან, რომ მრავალრიცხოვან კლასებში შეუძლებელი იყო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა სრულფასოვანი ჩართვა:

„მე არ ვარ ძალიან აქტიური მოსწავლე და არ შემიძლია თავი გამოვიჩინო გაკვეთილზე. ვერ ვახერხებ, ვინმეს ხმა გადავფარო და „ჩავეჩრა“ საუბარში, ამიტომ თითქმის ყოველთვის ვიყავი ჩუმად, ბოლოს მასწავლებელმა ჩათვალა, რომ არ ვიყავი აქტიურად ჩართული გაკვეთილებზე და არ ვმეცადინეობდი, არადა ასე არ იყო. შესაბამისად, მქონდა უსამართლობის განცდა.“

✔️მოსწავლეთა შეფასება მოსწავლეთა შეფასების კომპონენტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სკოლებისთვის. ამ მხრივ, სიტუაციას კიდევ უფრო დამაბნეველს ხდიდა სამინისტროს მხრიდან პოზიციებისა და

ინსტრუქციების ხშირი ცვალებადობა, ამ კომპონენტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოწვევა იყო მასწავლებლების მხრიდან განმავითარებელი შეფასების არასწორად აღქმაც.ზოგადად, შეფასების საკითხი არ იყო მკაფიოდ განსაზღვრული, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსწავლეებს:

? „თავიდან ვიცოდით, რომ შეფასება არ მოხდებოდა, ამიტომ ცოტა არასერიოზულად მივუდექით დისტანციურ სწავლებას. ზოგი სოფელში წავედით, ზოგი სულ არ შევდიოდით გაკვეთილებზე, არც დავალებებს ვაკეთებდით. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ნიშნები იწერება და შეგვექმნა პრობლემა.“

➡️ რეკომენდაციების კუთხით, დოკუმენტში გამოკვეთლია როგორც საშუალოვადიანი ასევე მოკლე ვადაში მოგვარებადი საკითხები. ძირითადი რეკომენდაციები მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სკოლის ადმინისტრატორთა გაძლიერებას, სასწავლო პროცესის მართვისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს ეხება.

? ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები

  1. შემუშავდეს დისტანციური სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა და სკოლების მახასიათებლებიდან (მდებარეობა, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, მოსწავლეთა კონტინგენტი და სხვა) გამომდინარე შეიქმნას განსხვავებული პოლიტიკის ინსტრუმენტები განსხვავებული სკოლებისთვის. მოცემული პოლიტიკა უნდა ფარავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეპიდემიის გავრცელების სხვადასხვა სცენარებზე რეაგირების მექანიზმები განსხვავებული ტიპის სკოლებისთვის.
  2. შეიქმნას დისტანციური სწავლების მართვის გზამკვლევი და რეკომენდაციები სკოლის ადმინისტრაციისათვის. გაიწეროს კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვის, ხარისხის კონტროლისა და შეფასების მიმართულებით. მოცემულ დოკუმენტზე დაყრდნობით, თითოეულმა სკოლამ, საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა მოახდინოს სასკოლო სასწავლო გეგმის მოდიფიცირება და მასში დისტანციური სწავლების მიმართულების დამატება. სასკოლო სასწავლო გეგმის დისტანციური სწავლების ნაწილში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ყველა ტექნიკური, საორგანიზაციო, შინაარსობრივი დეტალი და მათი შესრულების მონიტორინგის მექანიზმები. უნდა მოხდეს სასკოლო სასწავლო გეგმის ხსენებული ნაწილის შესახებ მოსწავლეების, მშობლებისა და სასკოლო თემის ყველა სხვა წევრის მაქსიმალურად ინფორმირება.
  3. სასკოლო სასწავლო გეგმის დისტანციური სწავლების ნაწილში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს დისტანციური გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების დრო, დისტანციური გაკვეთილების ცხრილი, შესვენებების ხანგრძლივობა, მოსწავლეთა შორის თავისუფალი ურთიერთობებისათვის განსაზღვრული პერიოდი. ასევე უნდა გაიწეროს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მშობლებთან კომუნიკაციის პერიოდულობა და მექანიზმები.
  4. სკოლის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა დისტანციური სწავლების პლატფორმების სტატისტიკაზე და ყველა იმ მონაცემზე, რომელიც პროცესის წარმართვის ეფექტიანობაზე იძლევა ინფორმაციას. დისტანციური სწავლების პროცესის მონიტორინგის პრინციპებისა და მექანიზმების შესახებ ინფორმაცია სასკოლო თემის ყველა წევრს უნდა მიეწოდოს.
  5. დისტანციური სწავლების პლატფორმების გამოყენებასთან დაკავშირებულ ტრენინგებთან ერთად, უნდა შემუშავდეს გზამკვლევები და ტრენინგ-მოდულები დისტანციური სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით და გავრცელდეს საუკეთესო პრაქტიკები. მასწავლებლებს მკაფიოდ უნდა განემარტოთ, როგორ უნდა მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დისტანციური სწავლების გამოყენებით.
  6. მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა მშობელთა პედაგოგიზაციისა და მათთვის დამხმარე რესურსების შექმნის კუთხით. ამ მხრივ, აუცილებელია დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესებში გარე აქტორების მონაწილეობა.
  7. შეიქმნას დამხმარე ციფრული რესურსები (სახელმძღვანელოები, თვალსაჩინოებები, დავალებები, დამატებითი რესურსები) მასწავლებელთათვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სასწავლო პლატფომის (LMS) შემუშავება და მის განვითარებაზე ზრუნვა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
  8. მნიშვნელოვანია კერძო ინიციატივების წახალისება ხელმისაწვოდმობის გაზრდის კუთხით, როგორიცაა ინტერნეტზე წვდომა თუ მოწყობილობებით უზრუნველყოფა. ამ მხრივ, შესაძლოა შესაბამისი კამპანიების წარმოება.
  9. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კერძო პროვაიდერებთან, ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მაგლითად, სასკოლო ინტერნეტ პაკეტების შექმნა, სტიპენდიების დაწესება და ა.შ.

10.შემუშავდეს მკაფიო სტრატეგია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალისათვის შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია დამლაგებლების, ექიმების, ფსიქოლოგისა თუ სხვა მომიჯნავე კადრების შრომითი პირობების გადახედვა.

ლალი ჯელაძე

რეკომენდაციების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები