28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა

spot_img

კომპოზიტთა მართლწერის წესებში გასარკვევად არსებითი მნიშვნელობა აქვს რთული სახელის შედგენილობის ცოდნას მეტყველების ნაწილთა მრავალფეროვნებისა და ფუძეთა მიხედვით:

ვარჩევთ რთულ სახელთა შედგენილობის რამდენიმე სახეს:

  1. რთულ სახელში შედის ერთი და იგივე მეტყველების ნაწილი: თავშალი (თავი და შალი ორივე არსებითი სახელია);
  2. შეიძლება შემადგენელი კომპონენტები ერთი და იგივე მეტყველების ნაწილი იყოს, მათი შემცვლელი რთული სახელი კი _ განსხვავებული მეტყველების ნაწილი, მაგ: გ უ ლ ი არსებითი სახელია, ქ ვ ა ც არსებითია, მაგრამ გ უ ლ ქ ვ ა ზედსართავია.
  3. რთული სახელის კომპონენტები, კერძოდ, პირველი კომპონენტი გვხვდება სხვადასხვა ბრუნვის ფორმით, ზოგჯერ ბრუნვის ნიშანი მოკვეცილია და ორივე კომპონენტი თითქოს ერთნაირი ფორმითაა, მაგ.: ნათესაობითი და სახელობითი _ შვილიშვილი, ტანისამოსი, მამულიშვილი, ბატონიშვილი; თუ პირველი კომპონენტი მიცემითი ბრუნვის ფორმითაა, ბრუნვის ნიშნის მოკვეცის შედეგად იგი ფუძის სახითაა წარმოდგენილი _ თავ(ს)მჯდომარე, თავ(ს)ზარი, პირ(ს)ჯვარი…
  4. რთული სახელია გ რ ძ ე ლ უ ლ ვ ა შ ა. ზედსართავი პირველ ადგილზეა წარმოდგენილი ფუძის სახით. ულვაშა ნაწარმოები სახელია (ა სუფიქსი ქონების სახელებს აწარმოებს). მაშასადამე, რთული სახელის შედგენილობაში შეიძლება შედიოდეს როგორც მარტივი, ისე ნაწარმოები სახელიც.
  5. რთულ სახელში ტ ა ნ დ ი დ ი არსებითი სახელი პირველ ადგილზე დგას, ხოლო ზედსართავი – მეორეზე. ტ ა ნ დ ი დ ი ზედსართავი სახელია.
  6. რთული სახელის პირველი კომპონენტი გვხვდება მრავლობითი რიცხვის ფორმით: ფეხებწვრილი, ტოტებგაშლილი.
  7. რთული სახელის წაბლისფერი პირველი კომპონენტი ნათესაობით ბრუნვაში დასმული არსებითი სახელია, მეორე კომპონენტიც – არსებითი,  ხოლო რთული სახელი ზედსართავია.
  8. 8. რთული სახელის ბერიკაცი  პირველი კომპონენტი ზედსართავი სახელია, მეორე – არსებითი, რთული სახელი არსებითია.
  9. 9. რთული სახელის თვალთახედვის პირველი კომპონენტი მრავლობითი რიცხვის ნათესაობით ბრუნვაში დასმული არსებითია, მეორე ხედვა ზმნით გამოხატული მოქმედების სახელი, თვალთახედვა არსებითი სახელია.
  10. 10. რთული სახელის ბატონიშვილის პირველი კომპონენტი არსებითი სახელია, ნათესაობით ბრუნვაში ს თანხმოვანკვეცილი, მეორე კომპონენტიც არსებითი სახელია, მთლიანად რთული სიტყვა არსებითია.

ჩამოთვლილი რთული სახელები მნიშვნელობის მიხედვით ერთცნებიანია და ამიტომ ერთად, უდეფისოდ იწერება. ეს წესი ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

  1. ისეთი ტოლად შერწყმული სახელები, რომელთა კომპონენტები კარგავენ დამოუკიდებელ მნიშვნელობას, მაგ.: ლომგული, ვაჟკაცი…
  2. მაწარმოებელი აფიქსის მქონე კომპოზიტი: უდედმამო, უსახლკარო, დაძმობა, დედმამიშვილობა…
  3. ტოლადშერწყმული კომპოზიტი, რომელსაც დართული აქვს მესამე კომპონენტი, მაგ.: ხელფეხშეკრული, ცხვირპირდასისხლიანებული, წვერულვაშგათეთრებული და სხვ.
  4. ისეთი რთული სიტყვები, როცა მეორე კომპონენტი თვისების აღმნიშვნელი სიტყვებია (ზედსართავი სახელები ან მიმღეობები): გულწითელი, გულღია, თვალსისხლიანი; თავგასული, თავმომწონე, თავგადადებული; გულწასული, გულდამწვარი, თვალდახუჭული, თვალნათელი…
  5. ისეთი კომპოზიტები, რომელთა პირველი ნაწილი ნათესაობითი ბრუნვის ფორმით არის წარმოდგენილი: ჭირისუფალი, თავისუფალი, ყავისფერი, შინდისფერი, გულისპირი, ჯარისკაცი, დისწული…
  6. თანა თანდებული ხშირად წინდებულის როლშია, სიტყვას თავში დაერთვის და ახალ ლექსიკურ ერთეულებს წარმოქმნის, მაგ.: თანატოლი, თანაკლასელი, თანამგზავრი, თანაზიარი, თანამგრძნობი, თანასწორი, თანამედროვე…

ფუძეგაორკეცებული რთული სახელების მართლწერა

გაორკეცება ხდება როგორც სხვადასხვა მეტყველების ნაწილისა, ისე მნიშვნელობის უქონელი მარცვლებისა.

გაორკეცებული სახელები აგებულების მიხედვით შეიძლება ასე დავაჯგუფოთ:

  1. ერთი და იგივე მეტყველების ნაწილია გაერთიანებული და ერთად იწერება: თვალთვალი, წამწამი,თავთავი;
  2. ფუძეგაორკეცებულ სიტყვებში და კავშირია ჩასმული: გზადაგზა, პირდაპირ, ფეხდაფეხ, ხელდახელ… ასეთი სიტყვები ერთად იწერება;
  3. ერთნაირი მარცვლებია გაორკეცებული და ერთად იწერება: კაჭკაჭი, ტიკტიკი, ლასლასი, წივწივი, ლიკლიკი, ჭუკჭუკი, ჩიფჩიფი;
  4. ფუძეგაორკეცებულ რთულ სიტყვებში ხდება ბგერათა შენაცვლება: დაგადუგი, სხაპასხუპი, პანტაპუტი, რაკარუკი, ჩახაჩუხი, უზარმაზარი და სხვა. ასეთი ტიპის სიტყვები ერთად იწერება.
  5. თუ ერთი და იგივე სიტყვაა გაორკეცებული, მათ შორის დეფისი იწერება: ნელ-ნელა, პატარ-პატარა, ლამაზ-ლამაზი, წყვილ-წყვილად… მნიშვნელობის მიხედვით ერთზე მეტცნებიანი კომპოზიტები დეფისით იწერება. ასეთ შემთხვევაში კომპოზიტის წევრებს შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებელი მნიშვნელობა და მათ შორის შეიძლება და კავშირის ჩასმა, მაგ: დედ-მამა, სახლ-კარი, ცხვირ-პირი, მშვილდ-ისარი.

დეფისით იწერება სინონიმური და ანტონიმური მნიშვნელობის რთული სახელები: დაბეჟილ-დაჩეჩქვილი, ბედ-იღბალი, სიცილ-კისკისი; სიკვდილ-სიცოცხლე, მთა-ბარი, დიდ-პატარა და სხვ.

ლუკა კვეტენაძეზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები