19 მარტი, სამშაბათი, 2024

რვაშვილიანი დედის წარმატებული სტუდენტური გზა

spot_img

ბარბარე გალიბინი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტია.

რვა შვილის დედა თავადაც აქტიურადაა ჩართული შვილების საგანმანათლებლო პროცესში, რადგან ყოველდღიურად უწევს ექვსი მოსწავლე-შვილის მეცადინეობაზე სახლში თვალ-ყურის დევნება – გაკვეთილების ჩაბარება თუ, საჭიროების მიხედვით, გარკვეული დახმარების გაწევა. 14 წლის მათე, 12 წლის ანა, 11 წლის ნინო, 9 წლის იოანე, 8 წლის ლუკა და 6 წლის მართა – მათ სასწავლა-განათლებაზე ზრუნვა პროფესიული უნარ-ჩვევებით შეიარაღებული დედისთვის საუკეთესო საშუალებაც კი გახდა გარკვეული პედაგოგიური გამოცდილების დასაგროვებლად. 4 წლის ტყუპებს – მარკოზსა და მარიამს კი სასკოლო განათლებისთვის ამზადებს. ამის გარდა, პატარები, მშობლების ხელშეწყობით, ქართული ხალხური ცეკვის, მუსიკის, მრავალწლიანი ტრადიციის მქონე ქართული საგალობლების შესწავლასაც უთმობენ დროს. რაც მთავარია, ბარბარე, ოთხი წლის განმავლობაში, წარმატებული სტუდენტის სტატუსით სარგებლობს და ასეთივე წარმატებით გეგმავს, ერთ წელიწადში, მაგისტრის ხარისხით, უნივერსიტეტის დასრულებას. სტუდენტობის პერიოდში კი აქტიურადაა ჩართული კონკურსებსა თუ კონფერენციებში, სხვადასხვა სტიპენდიის მფლობელიცაა.

ბარბარემ სკოლა სამტრედიაში დაამთავრა და სწავლა ჯიხაიშის დაწყებითი განათლების სპეციალობის კოლეჯში გააგრძელა. კოლეჯის დასრულების შემდეგ  სწავლის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაგრძელების სურვილი გაუჩნდა. ახალქალაქში, იმ დროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალი ფუნქციონირებდა. არჩევანი ამ სასწავლებლის უცხო ენების პროგრამაზე შეაჩერა. ამ პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე ბესიკ მელიქიძე და მალევე შექმნეს ოჯახი. რადგან მეუღლე ჯარში მსახურობდა, ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამიტომ ბარბარემ სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თუმცა, საბოლოოდ, როცა ოჯახი ახალქალაქში დასახლდა, დიდი ხნის სურვილის – გაეგრძელებინა სწავლა უმაღლეს სასწავლებლში – განხორციელების შანსი მიეცა. ბუნებრივია, მისი არჩევანი რეგიონში არსებულ ერთადერთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეჩერდა.

ბარბარემ დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელისგან მიიღო. გადაწყვიტა, დაწყებითი საფეხურის პედაგოგის სპეციალობას დაუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი შვილის შემდეგ ტყუპ ქალ-ვაჟს ელოდა, არც კი უფიქრია, უარი ეთქვა საკუთარი ოცნების ახდენაზე. გახდა სტუდენტი და, დიდი მონდომებისა და შრომის შედეგად, არაერთი წარმატება ხვდა წილად – არის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტის სტიპენდიანტი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტი. წლების განმავლობაში მონაწილეობს როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ასევე სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართულ კონფერენციებში. სულ რაღაც თვეების წინ, ბარბარე გალიბინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“. მისმა ნაშრომმა – „ბავშვთა უფლებები, აღმზრდელობითი მუშაობა მეთოდიკის კურსში – ქეისები და ცოცხალი აქტივობა“ მეორე ადგილი დაიკავა.

კვლევის – „თანამედროვე სკოლა და ბავშვთა უფლებები“ – პრეზენტაცია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე და ამავე საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც, ამავდროულად, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტები არიან. კამპანიის ფარგლებში, ფონდის სტიპენდიანტ სტუდენტებს საშუალება მიეცათ, თავად დაეგეგმათ საინტერესო ღონისძიებები და ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. ეს ბარბარეს წარმატებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

გარდა იმისა, რომ მას ორი სასიამოვნო ფრონტის – ოჯახისა და სწავლის – სადარაჯოზე უწევს ყოფნა, ამას ახალქალაქიდან მოშორებით, ახალციხეში მდებარე უნივერსიტეტში სიარულიც ემატება, რადგან საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც ბარბარე სწავლობს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხეში მდებარე სასწავლო კორპუსში ხორციელდება.

ფონდის სტიპენდიანტი ხშირად ამბობს, რომ მისი სურვილის ასრულება – გამხდარიყო მასწავლებელი – საკმაოდ დიდ შრომასთან და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. მას მუდმივად გერდში უდგას მეუღლე, ბესარიონ მელიქიძე, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მაიორი. მისივე თქმით, რომ არა ბესარიონის მხარდაჭერა, ამდენ სირთულესთან გამკლავებას ვერ შეძლებდა.

წარმატებული სტუდენტის ყოველდღიურობა ადრიანად იწყება, თუმცა, ყოველ შემდეგ დღეზე ზრუნვას ბარბარე გვიან ღამით იწყებს – შვილების ნივთებს მომავალი დღისთვის ღამე ამზადებს. შემდეგ დილით, რიგ-რიგობით აღვიძებს, თავად ასაუზმებს, უფროსებს სკოლაში უშვებს და იწყებს პატარებზე ზრუნვას. ამავდროულად, ესწრება ლექციებს, ამზადებს სადილს, იბარებს სკოლიდან დაბრუნებული შვილების გაკვეთილებს, ავახშმებს და აძინებს… ამის შემდეგ იწყება სალექციო კურსებისა თუ სემინარებისთვის მზადება, საკონფერენციო მასალების დამუშავება.

ძალიან სასიხარულოა, რომ 8 შვილის თავდაუზოგავი დედის შრომა და მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩა არც უნივერსიტეტს და არც გუდავაძე-პარტარკაციშვილის ფონდს, რომელმაც სწორედ ასეთი მოტივირებული მომავალი მასწავლებლების მხარდასაჭერად დააწესა სტიპენდია. ბარბარე ოთხი წლის წინანდელ ინტერვიუში ამბობდა, „მსურს, დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ ბევრი შემიძლია“. მან ეს მართლაც შეძლო და მეტიც, იმ „მომავალ მასწავლებლებს“ შორისაც აღმოჩნდა, რომლებიც სწორედ თავიანთი წარმატებით იქცევენ ფონდის ყურადღებას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები