19 აპრილი, პარასკევი, 2024

რეკომენდაციები წყვილური კვლევისთვის

spot_img
„ახალი განათლება“ აგრძელებს მასწავლებელთა პრაქტიკულ მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლების ერთობლივი კვლევისა და კვლევის ანგარიშის ეტაპებს.
ადევნეთ თვალი, „ახალი განათლების“ საშუალებით, სსიპ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მკვლევარი მასწავლებლების, ხათუნა გურულისა და სოფიო ქავთარაძის, ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს.

როგორ შევარჩიოთ საკვლევი პრობლემა?

სწავლების დროს აუცილებლად არსებობს პრობლემა. მისი იდენტიფიცირება შეიძლება საკუთარი დაკვირვებით, სასკოლო თემის ჩართულობით (მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები) და კვლევის დროს განხორციელებული ღონისძიებები აუცილებლად უნდა გასწვდეს მათ მოგვარებას/აღმოფხვრას.

ნუ შეარჩევთ ისეთ პრობლემას, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. პრობლემა ნებისმიერ კლასშია და დაიწყეთ მარტივის მოგვარებით.

საკვლევი თემა განიხილეთ დირექციასთან, კათედრაზე, საკვლევ კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან. თუ აპირებთ კვლევის წყვილურად ან ტრიადაში ჩატარებას, მიაქციეთ ყურადღება შემდეგს:

🔘 კვლევის ჯგუფურად ჩატარება მოითხოვს გუნდური მუშაობის უნარს;

🔘 მეწყვილე/მეწყვილეები უნდა იყვნენ კრიტიკული მეგობრები;

🔘 გუნდური კვლევის დროს მკვლევარმა მასწავლებლებმა უნდა აირჩიონ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ეცდებიან. ერთი პრობლემის დაძლევა მარტივია ორი ან სამი მასწავლებლის მიერ განხორციელებული კვლევით, რადგან  ის ერთ ჯგუფზეა ფოკუსირებული და სწორად დაგეგმილი ინტერვენციული ღონისძიებების რაოდენობა და ინტენსიურობა ამის გარანტიაა.

დავიმახსოვროთ: კვლევა სხვა რამეა, კვლევის ანგარიში სხვა რამე. თუ კვლევის ანგარიშს მხოლოდ კარიერული თვალსაზრისით ვქმნით, ეს უკვე ნიშნავს ფორმალიზმს. ნუ დათანხმდებით გუნდურ კვლევას იმ შემთხვევაში, თუ მეწყვილე შემჩნეულია პროფესიულ სიზარმაცესა და გულგრილობაში, არ იქნება კრიტიკული მეგობრის პოზიციის მიმართ.

პრობლემის იდენტიფიცირებისთვის მიმართეთ ერთ-ერთ მარტივ ხერხს * ანკეტირებას. ანკეტირება რაოდენობრივი მეთოდია და მისი საშუალებით, შესაძლოა, შეთავაზებული პრობლემების მხარდაჭერის გრაფიკის, სქემის თუ ცხრილის აგება. პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტ „ხმას მიიღებს“ და მისი მოგვარება შესაძლებელი იქნება, ჩვენი კვლების საგნად უნდა ვაქციოთ.

სამაგალითოდ გთავაზობთ ანკეტირების ნიმუშს:

წარმოგიდგენთ კვლევისთვის ანკეტას. გთხოვთ, უპასუხოთ კითხვებს. ანკეტირება ინკოგნიტოა და მონაცემები გამოყენებული იქნება კონფიდენციალობის სრული დაცვით.

ანკეტა მოსწავლეთა ფუნქციური უნარების შესახებ

(გთხოვთ, მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნების გარეშე შეავსოთ კითხვარი. ყველა პუნქტში შემოხაზეთ მხოლოდ ერთი პასუხი/პასუხის ნუმერაცია)

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული ნებელობის/ნებისყოფის უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას განვითარებული აქვს კრიტიკული აზროვნება?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული შემოქმედებითი უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული საკომუნიკაციო უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული თანამშრომლობითი უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

  1. თვლით, რომ საკვლევ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული მოქალაქეობრივი უნარები?

ა) დიახ   ბ) არა

მადლობა თანამშრომლობისთვის.

მკვლევარი მასწავლებელი/მასწავლებლები:  

ამის შემდეგ თავს უყრით დაჯამებულ ინფორმაციას და ამით დგინდება პრიორიტეტული საკვლევი თემა. მასწავლებელთა მიერ შევსებული ანკეტები ინახება მატერიალურად/ციფრულად (ან ორივე სახით). შესაძლოა, ანკეტირება ჩაატაროთ ციფრული ფორმატით (ე.წ. ფორმსით ან სხვა ინსტრუმენტით). კვლევის ანგარიშში მონაცემები შეიტანეთ სიტყვიერად, დიაგრამით ან სხვა გრაფიკული მაორგანიზებლით. თუ საკვლევი თემის შერჩევაში მონაწილეობენ მშობლები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია, ეს მისასალმებელია.

თუ დიაგრამების შექმნა გიჭირთ, დაიხმარეთ ტექნოლოგიის სპეციალისტი. ზოგადად, გრაფიკული მაორგანიზებლების ზომიერი გამოყენება კვლევის ანგარიშში დადებითი ნიუანსია.

სსიპ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგების კვლევის თემა გახლავთ „ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილებზე მე-7 კლასში“. ვფიქრობთ, მასწავლებლებისთვის კვლევის ეტაპების გაცნობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება კონკრეტული მასალების გაზიარებით.

ხათუნა გურული

 

 

სოფიო ქავთარაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები