19 მარტი, სამშაბათი, 2024

რა უნდა გაკეთდეს დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ყველა ბავშვის ოჯახური გარემოთი უზრუნველსაყოფად

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა გაკეთდეს დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ყველა ბავშვის ოჯახური გარემოთი უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ზოგადი მიმოხილვა, სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმარველობისა და რელიგიური ჯგუფების მმართველობაში დარჩენილ ბავშვთა დაწესებულებებში და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სკოლა-პანსიონებში არსებული ვითარება, ალტერნატიული ზრუნვის (მინდობითი აღზრდა, მცირე ზომის ბავშვთა სახლები) და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები, ბავშვთა მონიტორინგი ბავშვთა სახლებსა და ალტერნატიული ზრუნვის სფეროში, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ძირითადი მიმართულებები და შემდგომი ნაბიჯები.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ამბობს, რომ „დეინსტიტუციონალიზაციის როცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი მიზანია, ინსტიტუციებში ამჟამად მცხოვრებმა ბავშვებმა გადაინაცვლონ ოჯახურ გარემოში. ყველა ბავშვი ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდეს და ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა უფლებაზე.

დღეს, მთავარ პარტნიორებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდმა და ევროკავშირმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებისთვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯები.

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მთავარი ფოკუსი, რასაც საქართველოს მთავრობა იზიარებს და რასაც ჩვენ, იუნისეფი და ევროკავშირი, ვუჭერთ მხარს, არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი. სწორედ ამიტომ არის ინდივიდუალური მიდგომა მნიშვნელოვანი. ასეთი მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ბავშვის მონაწილეობის, მისი აზრის გათვალისწინების უფებას. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს პროცესის ყველა მთავარი მონაწილის მხარდაჭერას, რათა ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს ოჯახური გარემოთი.“

სამუშაო შეხვედრაზე შემუშავდა საერთო ხედვა, გამოკვეთეს დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული რეკომენდაციები და განსაზღვრეს სამომავლო ნაბიჯები შემდეგი მიმართულებებით: არსებული ინსტიტუციების დახურვა, ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები და პრევენციული მექანიზმები და ალტერნატიული ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება. არსებული რეკომენდაციები აისახება კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც სახელმწიფო შეიმუშავებს იუნისეფის და ევროკავშირის დახმარებით.

საერთო ხედვა ასეთია – უნდა შეფასდნენ ყველა დიდი ზომის დაწესებულებაში მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები და ბავშვები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. თუ ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ ბავშვები უნდა გადავიდნენ ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში, როგორიცაა მინდობით აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ეს უკანასკნელი კი უნდა იყოს ბოლო ალტერნატივა და უნდა განიხილებოდეს როგორც დროებითი ზომა. ასევე, ჯეროვანი ყურადღება უნდა დაეთმოს შვილად აყვანის ინსტიტუტის და პროცედურების გაუმჯობესებას. სანამ ბავშვები იმყოფებიან დაწესებულებებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი, ასევე როგორც მიწოდებული მომსახურებების ხარისხი.

ბავშვის უფლებათა კოდექსი ავალდებულებს მთავრობას შეიმუშაოს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ასევე ბავშვისა და ოჯახის მხარდამჭერი მრავალფეროვანი პროგრამები როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ეს ოჯახებს დაეხმარება გაძლიერებაში და მოახდენს ბავშვის ოჯახისაგან განცალკევების პრევენციას.

ორდღიანი შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ეგიდით ჩატარდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები