25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჟანრის გაგებისთვის

spot_img

სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ მხატვრული და არამხატვრული ჟანრის ნაწარმოებთა მახასიათებლებზე.

პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები, ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები კლასიფიცირდება, როგორც მხატვრული სტილი.

ბიოგრაფიული ტექსტები, პრაგმატული ტექსტები: რეკლამა, რეცეპტი, განრიგი, ტელეპროგრამა, მოსაწვევი ბარათი, სია, სამახსოვრო წესები, ცხრილი, გეგმა, ინსტრუქცია, გამაფრთხილებელი წარწერა/აბრა, ღია ბარათი, ინტერვიუ, განცხადება (მაგ., საყმაწვილო ჟურნალში), წერილი (მეგობრული, ოფიციალური), საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები: სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან არამხატვრულ სტილს მიეკუთვნება.

მხატვრულ სტილს მაშინ მიმართავენ, როცა მკითხველისთვის საკუთარი გრძნობებისა და განცდების გადაცემა სურთ, ხოლო არამხატვრულს – პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციისა და ინსტრუქციების/მითითებების გადასაცემად.

ბუნებრივია, სხვადასხვა სამეტყველო სტილს განსხვავებული ენობრივი საშუალებები მიესადაგება და ყველა სტილს თავისი ენობრივი მახასიათებლები აქვს.

მხატვრული სტილი, ძირითადად, მხატვრული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მეტყველების მანერაა, რომლის მიზანია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა გარემომცველი გარემოსა და იმის მიმართ, რაც ნაწარმოებში აისახება, მკითხველისთვის საკუთარი ემოციებისა და განცდების გადაცემა, მოვლენის აღწერა და სხვა.

მხატვრული ჟანრის ძირითადი ნიშნები:

ა) კონკრეტულობა;

ბ) ხატოვანება, ემოციურობა.

დამახასიათებელი თავისებურებანი:

ა) სტილისათვის დამახასიათებელი ლექსიკისა და ფრაზეოლოგიის ფართოდ გამოყენება;

ბ) მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებისა და ხერხების ფართოდ გამოყენება;

გ) ავტორის შემოქმედებითი ინდივიდუალობის გამოხატვა (ავტორის სტილი).

მხატვრული ჟანრისა გვაქვს პროზა და პოეზია.

პროზაულ ნაწარმოებში ავტორს შეუძლია გამოიყენოს ნამდვილი ამბავი, დაუმატოს ან გამოაკლოს პერსონაჟები, შეუცვალოს სახელები, აღწეროს რეალური ეპოქა, მაგრამ პერსონაჟები გამოიგონოს, ასევე, შესაძლებელია, ეპოქაც და პერსონაჟებიც ავტორის ფანტაზიის ნაყოფი იყოს.

პროზაული ტექსტისათვის დამახასიათებელია დასაწყისი, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და ფინალი.

პოეტური  ნაწარმოებები იყოფა ტაეპებად და სტროფებად და დამახასიათებელია რითმა, რიტმი, სალექსო ზომა, მუსიკალურობა. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როცა პოეზიაში ასტროფია გამოუყენებია ავტორს, ასევე, არსებობს ურითმო ლექსები.

არამხატვრული სტილიდან შეიძლება გამოვყოთ სამეცნიერო, პუბლიცისტური და ოფიციალურ-საქმიანი სტილი. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

სამეცნიერო სტილის მეტყველების მანერა სამეცნიერო სტატიებში, მოხსენებებში გამოკვლევებსა და სახელმძღვანელოებში გამოიყენება. ამ სტილის მიზანია ფაქტების ზუსტი და სრული განმარტება, მიზეზშედეგობრივი კავშირების ჩვენება, ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი ნიშნები:

ა) ლოგიკურობა, თანმიმდევრულობა, სიმწყობრე;

ბ) სიზუსტე, შეკუმშულობა, ინფორმაციული დატვირთულობა;

გ) გამონათქვამების კონკრეტულობა, არაემოციურობა, ობიექტურობა;

დამახასიათებელი თავისებურებანი:

ა) სპეციალური ტერმინების გამოყენება;

ბ) ზმნების სიმცირე და არსებითი სახელების სიჭარბე;

გ) მხატვრული სტილის შეზღუდვა;

დ) გადმოცემის სიზუსტე და ლაკონიურობა.

პუბლიცისტური სტილი ჟურნალისტიკისა და ორატორული ხელოვნების სტილია, რომლის მიზანი ინფორმაციის მიწოდება და მკითხველზე (მსმენელზე) ზემოქმედების მოხდენაა.

ძირითადი ნიშნები:

ა) აქტუალურობა;

ბ) სიცხადე, ემოციურობა;

გ) ავტორის პოზიციის გამოვლენა;

დ) გასაგები ენა.

დამახასიათებელი თავისებურებები:

ა) მკითხველისადმი მიმართვა და კითხვისა და ძახილის ნიშნების გამოყენება;

ბ) მწიგნობრული და სასაუბრო მეტყველების სინთეზი;

გ) მსჯელობა, არგუმენტირება, მაგალითების მოყვანა;

დ) ციტირება.

ოფიციალურ-საქმიანი სტილით წარიმართება როგორც მოქალაქეთა, ისე სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა წერილობითი საქმიანი ურთიერთობა, რომლის მიზანია ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი ნიშნები:

ა) სიზუსტე და სიცხადე;

ბ) ლაკონიურობა;

გ) სტანდარტული ფორმა;

დ) მოთხოვნების სიზუსტე და დასაბუთების ლოგიკურობა.

დამახასიათებელი თავისებურებანი:

ა) კლიშეებისა და ენობრივი ფორმულების გამოყენება;

ბ) ზუსტი თარიღების მითითება;

გ) ნიშანდობლივი სახელწოდებებისა და ტერმინების გამოყენება;

დ) ხელმოწერით ან ბეჭდით დამოწმება.

fbt

 

ვიქტორია მგალობლიშვილი – სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ქართული ენა,(ა. არაბული, ქ. რეხვიაშვილი, ნ. შარაშენიძე, მ. შაყულაშვილი , „წყაროსთვალი“ თბილისი , 2008).

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები