20 აპრილი, შაბათი, 2024

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ბიოლოგიაში

spot_img

მარიამ ფიჩხულაშვილი
სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მასწავლებელი

 

 

21-ე საუკუნის მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას, მთელი ცხოვრების განმავლობაში, კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. ამ მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას, რაც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის სტრატეგიაა. ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლეები, ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით, იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მიზანია, პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალმხრივი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელზეც არ არსებობს ერთი სწორი ან არასწორი პასუხი, საჭიროება ძიება, ალტერნატივების დაშვება და იდეების ჩამოყალიბება-განვითარება. მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ნასწავლი მასალა, მათ მიერ მოძიებული იფორმაცია და პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა რეალური ცხოვრების მიზნებსა და მოთხოვნებს მიუსადაგონ. პრობლემის გადაჭრა მოითხოვს აზროვნების ისეთ კომპლექსურ უნარებს, როგორიცაა: ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. პირველად უნდა განისაზღვროს და გაანალიზდეს პრობლემა, შემდეგ ჩამოყალიბდეს მისი გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტები. ბოლოს შეირჩეს, განხორციელდეს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა და შეფასდეს მისი ეფექტიანობა.

დავგეგმე და განვახორციელე ანალოგიებსა და სურათებზე დაფუძნებული ტექნიკების – „ბისოციაციის“ მეთოდი. „ბისოციაციის“ – ორჯერ ასოციაციის მეთოდის მიზანია:

♦ კავშირების დამყარება;

♦ ანალოგიების ძიება ორ სრულიად განსხვავებულ „გონებრივ განზომილებას“, მოვლენის, ფაქტს, პრობლემას შორის.

„ორმაგი აზროვნებით“ ხდება ორი კონტექსტის ერთმანეთთან დაკავშირება, მისადაგება, შერწყმა, რომელთაც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი აქვთ საერთო.

მეთოდის მიმდინარეობა:

♦ პრობლემის დასმა;

♦ სურათების შერჩევა;

♦ თავისუფალი ასოციაციები;

♦ ანალოგიებსი შექმნა;

♦ შეფასება და ტრანსფერი.

მე-7 კლასში მოსწავლეებს გავაცანი პრობლემა, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა მთელი სიცოცხლის მანძილზე.

მოსწავლეებმა, ბისოციაციის ტექნიკის გამოყენებით, წარმოადგინეს ჯანმრთელობის შენარჩუნების იდეა:

სურათების შერჩევა.

სურათების, კატალოგების, საფოსტო ბარათების, გაზეთებიდან ამონაჭრების შერჩევა და ყუთში მოთავსება.

სურათებს კავშირი არ ჰქონდა ძირითად ამოსავალ საკითხთან. ჯგუფმა, გროვიდან, ერთი ფოტოსურათი აირჩია – „მწვანე საჰაერო ბუშტები მთის პანორამის, მდინარისა და მზის სხივების ფონზე“. მოსწავლეებმა ბარათზე ჩამოწერეს ყველა ის ასოციაცია, რაც სურათზე დაკვირვებამ გამოიწვია: ფერები, ზაფხული, დასვენება, ჰაერი, წყალი, განწყობა.

მოსწავლეებმა შექმნეს ანალოგიები – დასახელებული ასოციაციები დაუკავშირეს ძირითად პრობლემას.

ფერები: მრავალფეროვნება – ჯანსაღი კვების დიდი არჩევანი და სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვები.

ჰაერი: შესაძლებლობა, ხშირად მოეწყოთ შთამბეჭდავ ბუნებაში გასეირნება, გასტროლები მაღალმთიან რეგიონებში, სოფლად, სადაც სუფთა და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერია.

წყალი: მინერალური მარილებით მდიდარი წყალი, რომელიც ჯანმრთელობის წინაპირობაა.

განწყობა: ხშირად პიკნიკის მოწყობა, დადებითი ემოციების გამოხატვა, განტვირთვა.

დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ ამ მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში ხელს შეუწყობს შემდეგი უნარების განვითარებას: გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობის, პრობლემის გააზრების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ასევე, იდეების ურთიერთგაცვლისა და ერთმანეთის მოსაზრებების პატივისცემის, რაც, საბოლოოდ, იდეების საქმედ ქცევასა და პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრას უწობს ხელს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები