29 მარტი, პარასკევი, 2024

პრინციპები და სტრატეგიები წერილობითი დოკუმენტის შესაქმნელად

spot_img
წერილობითი დოკუმენტი მრავალგვარია და მისი შექმნის პრინციპები და სტრატეგიები ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. ამჯერად წარმოგიდგენთ ზოგად რჩევებს, რომელიც გამოადგება ყველა იმ პირს, ვინც აკადემიურად გამართული, წერილობითი დოკუმენტის შექნას დააპირებს.
პირველ რიგში, განსაზღვრე მიზანი

წერილობითი დოკუმენტი სასურველი შედეგის მისაღებად იქმნება. უმჯობესია, თუ წერის დროს მიზანი ნათლად გამოიკვეთება და ამისთვის სულაც არ არის საჭირო რთული კონსტრუქციის წინადადებების გამოყენება. მარტივი სინტაქსით ყოველთვის უფრო მკაფიოდ გამოიხატება და აღიქმება დასახული მიზანი. მისი განსაზღვრისთანავე ეცადე, რომ იყო „ჩასაფრებული“ საკუთარ თავთან – გამოგივიდა თუ არა ნათლად მიზნის ჩამოყალიბება. იმ შემთხვევაში, თუ ოდნავ მაინც ბუნდოვნად მოგეჩვენა ინფორმაცია, დაარედაქტირე ან თავიდან დაწერე მთლიანად.

აუცილებლად იყავი კონკრეტული

წერის დროს აუცილებელია კონკრეტულობა. 21-ე საუკუნეში არსებობს სამოქმედო ერთი ოქროს ფორმულა, რომელიც ქვემოთ მოყვანილ შეკითხვებზე პასუხის გაცემით მიიღება: ვინ აკეთებს? რას აკეთებს? როგორ აკეთებს? როდის აკეთებს? სად აკეთებს? რატომ აკეთებს?

ტექსტის ავტორის სამოქმედო გეგმა ამ კითხვებზე პასუხის გაცემით სრულდება. პასუხებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ შესაბამისი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები და ტექსტს მიეცით ის სტრუქტურული ფორმა, რომელიც აღიარებული ნორმებითაა მიღებული.

წერე ადრესატისთვის

არ დაგავიწყდეს, ვინ უნდა წაიკითხოს შენ მიერ დაწერილი ტექსტი. მკითხველის გათვალისწინებისას უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ ტექსტისთვის წამგებიანი იქნება ზედმეტი ან მწირი დეტალები და ინფორმაცია.

ძირითადი აზრი წარმოადგინე ტექსტის დასაწყისშივე

ძირითადი აზრი უნდა წარმოადგინოთ ესეს, მოხსენებითი ბარათის, ოფიციალური წერილის შედგენისას. ზოგადად, ეს პრინციპი არ უნდა დაგვავიწყდეს ანალიტიკური ნაშრომის შექმნის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადრესატმა უინტერესოდ ჩათვალოს ტექსტი და ყურადღების მიღმა დატოვოს. ძირითად აზრს მიადევნე დამატებითი მოსაზრებები, რომლებიც იდეას საფუძვლიანობას მიანიჭებს და ნათელს გახდის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასკვნა/მოსაზრება დაასაბუთე აუცილებლად. ნუ დაღლი მკითხველს შენი ფიქრის/მსჯელობის პროცესის აღწერით.

დოკუმენტის შესადგენად სტანდარტული მეთოდი გამოიყენე: „განსაზღვრე-დაალაგე-დააჯგუფე-დაახარისხე-გადახედე.“

ძალიან მნიშვნელოვანია წერის სტრატეგიები (ხერხები) წერის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ (მაგ.: კომუნიკაციის სიტუაციური მახასიათებლების განსაზღვრა; იდეების გენერირება; იდეების დაჯგუფება; ცოდნის მობილიზება; გეგმის შედგენა; პირველადი ვარიანტის შედგენა; პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება; ნაწერის გაფორმება და წარდგენა-გაზიარება).

როლანდ ხოჯანაშვილი – ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები