19 აპრილი, პარასკევი, 2024

პრაქტიკული რჩევები დიაგრამების შესაქმნელად

spot_img

2022 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლის პედაგოგებისთვის, სტატუსის ასამაღლებლად შეიმუშავა ორკომპონენტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს პროფესიულ უნარ-ჩვევებში გამოცდის ჩაბარებასა და პორტფოლიოს შექმნას. სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ საქაღალდეში მოსათავსებელი ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტის – კვლევის მიმართ, რომელზე მუშაობის პროცესშიც პედაგოგებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ სხვადასხვა გრაფიკული მაორგანიზებელი. ამასთან დაკავშრებით გავცემთ რეკომენდაციებს იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს კვლევის ჩატარება და რთულად ეჩვენება კვლევის ანგარიშში სქემებისა და დიაგრამების გამოყენება, ან სულაც ვერ ხედავს მათი გამოყენების აუცილებლობას.

როგორც ცნობილია, სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ ორი ტიპის კვლევა: წამყვანი მასწავლებლობის მსურველებმა უნდა შეასრულონ პედაგოგიური საჭიროებების მიმართულებით და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებმა – სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირების კუთხით. ცნობილია კვლევის ორი მეთოდი: რაოდენობრივი და თვისებრივი. ორივე მათგანთან დაკავშირებით გამოიყენება სქემები და დიაგრამები. განსაკუთრებით გავრცელებული ფორმაა სვეტოვანი გრაფიკები. ამ ტიპის სქემით მუშაობას ორი დადებითი მხარე აქვს: პირველი ეს არის შესაძლებლობა, მარტივად ვიმუშაოთ მონაცემებზე და მეორე მხრივ, გავზომოთ ინტერვენციების შედეგები კონკრეტული შემთხვევების მიხედვით.

გრაფიკული მაორგანიზებლები იძლევა პასუხს კითხვებზე, რომლებიც კვლევის ფარგლებში საინტერესოა. მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოთქვეს ცნობილმა სოციოლოგებმა, მაილსმა და ჰაბერმანმა: „სანდო ანალიზისთვის საჭიროა მეტად კონკრეტული ვიზუალური მასალა, რომელიც მუდმივად ახდენს კვლევის კითხვაზე პასუხების ილუსტრაციას“. ანუ გრაფიკული მაორგანიზებლები მკვლევარ მასწავლებლებს ეხმარება სანდო ანალიზში.

იმისათვის, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში აუდიტორიამ კარგად აღიქვას, საჭიროა სხვადასხვა სქემის, სკალის, ცხრილის გამოყენება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება მასწავლებლის ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ამ პუბლიკაციით გაჩვენებთ ციფრული კომპეტენციის გაუმჯობესების მარტივ გზებს. ჩვენს დროში, ინტერნეტის დახმარებით, შესაძლებელია უამრავი ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა და დამუშავება. დიაგრამის შექმნასთან დაკავშირებით, საინტერესო რესურსებია შემდეგ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=ox8T1Fpxwhk

https://www.youtube.com/watch?v=Mc-JWaYmKkQ

ახლა კი მათ, ვისთვისაც, ციფრული კომპეტენციის ასამაღლებლად, ტექსტური ინფორმაცია უფრო მისაღებია, ვთავაზობთ ექსელში დიაგრამის მომზადების ინსტრუქციას:

  1. ჩაწერეთ ექსელის უჯრაში ის მონაცემები, რომლების მიხედვითაც გსურთ დიაგრამის აგება. ვთქვათ, ერთ სვეტში წერთ გოგონებსა და ვაჟებს, მათ გასწვრივ, მეორე სვეტში -რაოდენობის აღმნიშვნელ ციფრებს;
  2. სრულად მონიშნეთ, „მაუსის“ (მანიპულატორის) საშუალებით, თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაცია;
  3. გადადით ექსელის ჩანართზე „დიაგრამები“, აარჩიეთ სასურველი სახის დიაგრამა და დააწკაპეთ მასზე;
  4. ამ ქმედების მერე ექსელში გამოჩნდება დიაგრამა, რომლის „თრევა“ შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას, „მაუსის“ საშუალებით;
  5. თუ დიაგრამის ვიზუალი არ მოგეწონებათ, მონიშნეთ „მაუსის“ დაწკაპებით არსებული დიაგრამა, შემდეგ კი ისევ შედით ჩანართში „დიაგრამები“ და შეცვალეთ დიზაინი სასურველი ფერის, ტიპის, ფორმის მიხედვით;
  6. უკვე მოწონებული დიაგრამა კოპირებით შეგიძლიათ გადაიტანოთ სასურველ ფაილში, ან სულაც გამოიყენოთ ე.წ. სქრინ-შოტის ხერხი, რათა ფოტოფორმატით ჩასვათ გამიზნულ ადგილზე.
  7. დაახლოებით, ამგვარადვე ხდება ვორდის (ტექსტური რედაქტორის) საშუალებით დიაგრამების შექმნა, თუმცა, უპირატესობას მაინც ექსელის შესაძლებლობებს ვანიჭებ.

დიაგრამების გამოყენება მხოლოდ კვლევისთვის არ არის საჭირო. მას დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში და წარმოადგენს ეფექტიან ციფრულ რესურსს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა საკითხი ან თემა უკეთ შეისწავლონ. ამგვარი რესურსების შეთავაზება კარგია ვიზუალისტი ბავშვებისთვის. თავად დიაგრამის შექმნის პროცესში მონაწილეობა ხელს უწყობს კინესთეტ და „ციფრულ კომუნიკატორებად“ აღიარებულ მოსწავლეებს პროგრესირებაში.

 

გიორგი ბაკურაძე

თბილისის №102 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები