25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„პირველი სხივის“ აღდგენილი გამოცემა

spot_img

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ლიტერატურული ალმანახის  „პირველი სხივი“ განახლებული პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

„პირველი სხივი“ უნივერსიტეტის  ტრადიციული ჟურნალია, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებას და მათი ნაწერების მკითხველისთვის წარდგენას ემსახურებოდა. პირველი ნომერი,  უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის, ნიკო კეცხოველის თაოსნობით,  1950 წელს გამოიცა. „პირველი სხივის“ ნომრებში შედგა ნოდარ დუმბაძის, რეზო ინანიშვილის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჩხენკელის, მუხრან მაჭავარიანის, რევაზ ჯაფარიძის, თამაზ და ოთარ ჭილაძეების, ვახტანგ ჯავახაძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ტარიელ ჭანტურიას, ლია სტურუას, რეზო ჭეიშვილის და ქართული მწერლობისა თუ მეცნიერების სხვა  წარმომადგენელთა ლიტერატურული დებიუტი.

თექვსმეტწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგენილ ალმანახში სხვადახვა თაობის 50-მდე ავტორია წარმოდგენილი. ალმანახის აღდგენის ინიციატორი თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძეა. რედაქტორად ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე დაინიშნა. როგორც მან აღნიშნა, ახალ ნომერში ერთად მოიყარეს თავი როგორც ახალგზრდა შემოქმედებმა, ასევე უკვე ცნობილმა პირველსხიველებმა, რომლებიც პირველად სწორედ ამ ჟურნალში გაიცნო მკითხველმა. პირველი ნომერი, ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა, ობიექტურადაც, იმიტომ, რომ ძალიან მრავალფეროვანია. აქ არის არა მხოლოდ ერთი თაობა, ადრე ეს მხოლოდ ახალგაზრდების ჟურნალი იყო, ახლა, რადგანაც პირველი სხივი“ უკვე თვითონ მოიცავს მწერლების თაობებს, პირველსხიველია 80 წლის მწერალიც, რომელიც აქ დაიბეჭდა და ცხადია, თუ მოგვაწვდის მასალას, ჩვენ სიხარულით გავუღებთ კარს და პირველსხიველი იქნება ის ახალგაზრდაც, რომელიც დღეს გამოვა ასპარეზზემაგალითად, ამ ნომერშიც რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არის.“- განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.

ჟურნალში, გარდა ორიგინალური პროზისა და პოეზიისა, დაბეჭდილია თარგმანები სხვადასხვა ენიდან; ცალკე რუბრიკა ეძღვნება დრამატურგიას, ლიტერატურათმცოდნეობასა და კრიტიკას. გარდა ამისა, რუბრიკაში „მასტერკლასი“, ახალგაზდა მწერლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ როგორც უცხოელი, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების შეხედულებებს წერის ხელოვნებაზე, ეზიარონ მათ გამოცდილებას ამ საქმეში. რუბრიკა „ჩვენი ერთი პუბლიკაციის გამო“, დროდადრო, ჟურნალში ადრე დაბეჭდილ, გამორჩეულ მასალებსა და მათ თავგადასავალს შესთავაზებს მკითხველს.

ძალიან კარგი კრებული გამოვიდა. აღდგენილი პირველი ნომრის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს როგორც  დამწყებმა, ასევე სახელოვანმა  მწერლებმა, პოეტებმა, კრიტიკოსებმა. მნიშვნელოვანიარომ ეს ტრადიცია თსუ  სივრცეში აღდგა და დარწმუნებული ვარფართო აუდიტორიის მიერ იქნება დაფასებული. ბევრი სიახლე არის შემოთავაზებული და, რაც ყველაზე მთავარია, ის ადგილი გაჩნდა, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მოსინჯონ ძალები და ჩამოყალიბდნენ, როგორც მომავალი პროფესიონალები“ – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

აღდგენილი ალმანახი, ამჯერად, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება, მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც  შეეძლებათ. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ალმანახის ფურცლებიდან გააცნონ მკითხველს საკუთარი შემოქმედება. ამასთან, თაობათა შორის კავშირის არსებობის ნიშნად, აღდგენილ ალმანახში უკვე ცნობილი პირველსხიველები დაბეჭდავენ ახალ ნაწარმოებებს.

პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებით ბიოგრაფიაში „პირველ სხივს“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.  დღეს ჩემთვის არის დღედაბრუნება წარსულთან. „პირველი სხივიარის ის ჟურნალი, საიდანაც დაიწყო ჩემი ლექსების ბეჭდვაც და ჩემი გზაც ქართულ პოეზიაში, თუმცა ეს ხმამაღალი განაცხადია, ქართული პოეზია, მაგრამ მაინც შემადგენელი ნაწილი ხომ ხარ ამ უზარმაზარი პოეზიისა.“- განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე, პირველად, 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა და მას  დოცენტი ბესო ჟღენტი ხელმძღვანელობდა. თანდათან წრეს ბევრი ახალი წევრი შეემატა, ბევრი საყურადღებო ლიტერატურული მასალა დაგროვდა; შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნოდა.

„პირველი სხივი“, ამიერიდან, წელიწადში ორჯერ დაიბეჭდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები