25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნატურმორტი – შუალედური სასწავლო მიზანი

spot_img

ნატურმორტი ერთ-ერთი გამორჩეული, შემეცნებით-შემოქმედებითი პროდუქტია და მისი საშუალოვადიან მიზნად, ანუ კომპლექსურ დავალებად შერჩევა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო და ეფექტიანია.

nature morte ფრანგული წარმომავლობის სიტყვაა და „მკვდარ ბუნებას“ ნიშნავს. წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას ნატურმორტის შესახებ:

⇒ ნატურმორტი სახვითი ხელოვნების ჟანრი ან ამ ჟანრის ნაწარმოებია. თვითონ გამოსახვის ობიექტიც ასევე იწოდება ნატურმორტად.

⇒ ნატურმორტი შეიძლება შედგებოდეს არა მხოლოდ უსულო საგნებისაგან, არამედ მოიცავდეს ცოცხალ ფორმებსაც.

⇒ ნატურმორტს ინგლისურენოვან ქვეყნებში უწოდებენ Still life („წყნარი სიცოცხლე“), რაც ამ ჟანრის ნაწარმოების „ბუნებას“ უკეთ გამოხატავს.

⇒ ნატურმორტის ხელოვნება, როგორც ჟანრი, გაჩნდა ჰოლანდიაში, XVII საუკუნის დასაწყისში. ნატურმორტის მხატვრები გამოსახავდნენ ჩვეულებრივი საგნების სილამაზესა და პოეტურობას.

⇒ ნატურმორტის უდიდესი ოსტატია ფრანგი შარდენი. ამ ჟანრს იყენებდა და იყენებს ხელოვანთა ძალიან ცნობილი ნაწილი. ვან გოგისა და პოლ სეზანის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ამ ჟანრს.

ახლა კი პრაქტიკული რჩევები, როგორ წარვმართოთ ეფექტიანი სასწავლო პროცესი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე (ბუნებრივია, რჩევები მხოლოდ სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო).

თემა:  წელიწადის დროები

ქვეთემა: ტროპიკული ნატურმორტი

პროდუქტი: ნატურმორტი „ტროპიკული ხილით სავსე კალათა“

ცნებები და ქვეცნებები:

  1. სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები)
  2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა
  3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები

ხაზი: კონტური

ფერი: ძირითადი და შედგენილი

ფორმა: მარტივი გეომეტრიული, ბუნებაში არსებული  

ტექნიკა: აპლიკაცია

ჟანრი: ნატურმორტი

საკვანძო შეკითხვა: როგორ შევქმნა  ტროპიკული ხილის ნატურმორტი აპლიკაციით?

დავალების პირობა: აპლიკაციით შექმენი ტროპიკული ხილით სავსე კალათის ნატურმორტი.

♦ ნამუშევარში გამოიყენე ძირითადი და შედგენილი ფერები;

♦ გამოიყენე გეომერტიული ან ბუნებაში არსებული ფორმები;

♦ გამოსახულებები გამოკვეთე სხვადასხვა სისქის კონტურით;

♦ ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე:

⇒ როგორ გამოიყენე აპლიკაციის ტექნიკა ნამუშევრის შესაქმნელად?

⇒ რომელი ფერები გამოიყენე ნამუშევარში?

⇒ როგორი ფორმები გამოიყენე  ნამუშევარში და როგორ გამოკვეთე გამოსახულებები  კონტურით?  

ვიდრე დავალებას მივცემთ შესასრულებლად, მანამდე, ბუნებრივია, ვაცნობთ დავალების პირობას და ყველა „ინგრედიენტს“, ეტაპებისა და ნაბიჯების სახით. ქვეცნებების შესახებ ვამზადებთ სახალისო აქტივობებს და, პარალელურ რეჟიმში, არ ვავიწყებთ ბავშვებს დავალების პირობას, ასევე ვახსენებთ, თუ რისთვის გვჭირდება: კონტური, ძირითადი და შედგენილი ფერი, ბუნებაში არსებული ფორმები, აპლიკაციის ტექნიკა და ჟანრი ნატურმორტი.

ეფექტიანია ტროპიკული ხილის შესახებ ქვემოთ მოყვანილი ბმულის გაცნობა.

https://www.google.com/search?q=%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98&sxsrf=AOaemvLtvidiJSHS5G8lqihqAgnMSAePXw:1641877360597&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwj08N7m9aj1AhUGQvEDHU61DDIQ_AUoAXoECAEQAw&biw=1366&bih=657&dpr=1

რაც შეეხება ქვეცნებების შესწავლას, მათ შესახებ უამრავი აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ. აქტივობათა განხორციელებისას კარგი იქნება ასეთი შეკითხვების დასმა:

♦ რომელი ფერები გვხდება ჩვენ ირგვლივ?

♦ რისი გადმოცემა შეიძლება ფერებით ნამუშევარში?

♦ შეიძლება თუ არა სხვადასხვა ფერმა სხვადასხვა განწყობა შეგვიქმნას?

♦ რომელია ძირითადი ფერები?

♦ რომელია შედგენილი ფერები?

♦ როგორი ფერები ჭარბობს ტროპიკებში, ტროპიკულ ხილთან მიმართებაში?

♦ გვხვდება თუ არა ტროპიკულ ხილში ძირითადი და შედგენილი ფერები?

♦ რომელ  ფერებს იყენებენ  მხატვრები ტროპიკული (ცხელი მხარის) განწყობის შესაქმნელად ნამუშევრებში?

♦ როგორ იყენებენ მხატვრები ძირითად და შედგენილ ფერებს ნამუშევრის შესაქმნელად?

♦ როგორ შევქმნა ნამუშევარი ძირითადი და შედგენილი ფერებით?

♦ როგორი ფორმები გვხვდება გარემოში?

♦ შეგვიძლია თუ არა ფორმის მიხედვით გავარჩიოთ საგნები?

♦ შეგვიძლია თუ არა ბუნებაში გეომეტრიული ფორმების აღმოჩენა?

♦ როგორ გამოვსახო გეომეტრიული ფორმებით სხვადასხვა საგანი?

♦ როგორ შეიძლება გამოვიყენო გეომეტრიული და ბუნებაში არსებული ფორმები ნამუშევრის შესაქმნელად?

♦ რა არის კონტური?

♦ რა შეუძლია კონტურს ?

♦ როგორ გამოვკვეთო ნამუშევარში გამოსახულებები კონტურის გამოყენებით?

♦ რა შეიძლება გამოვსახო ნატურმორტში?

♦ რა არის ნატურმორტი?

♦ რა საგნებს გამოსახავენ მხატვრები ნატურმორტში?

♦ რა შეიძლება გამოვსახო შემოდგომის ნატურმორტში?

♦ როგორ გამოვიყენო სხვადასხვა ხილი ნატურმორტის შესაქმნელად?

♦ როგორი ფერებით შევქმნა შემოდგომის ნატურმორტი?

♦ რა მასალის გამოყენებით იქმნება აპლიკაცია?

♦ რა არის აპლიკაცია?

♦ რა შემიძლია გამოვსახო აპლიკაციის ტექნიკით?

♦ რა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები გამოვიყენო აპლიკაციის შესაქმნელად?

♦ როგორ შევქმნა ნამუშევარი აპლიკაციის ტექნიკით?

ჩემს პრაქტიკაში ხშირად გამომიყენებია საკუთარი და მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ნატურმორტი/ნატურმორტის ციფრული ასლები. ასევე, მიჩვენებია ხატვის პროცესის ამსახველი მომენტები, რაც მოსწავლეებში ამძაფრებს მოტივაციას. ამ მომენტების წარდგენის დროს თან ქვეცნებებზე ვესაუბრები, ვაძლევ გასააზრებელ შეკითხვებს, ვუყალიბებ მოსწავლეებს ესთეტიკურ გემოვნებას, ვუბიძგებ კრეატიულობისკენ, იდეების გენერირებისკენ. ზოგადად, ხელოვნების გაკვეთილები ზედმიწევნით კონსტრუქტივისტული და შემოქმედებითია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი საგანგაშო დაგვიდგება.

ძალიან მნიშვნელოვანია წარდგენის (პრეზენტაციის) შემდგომი მოსწავლის თვითრეფლექსია, რომელიც დაეყრდნობა შემდეგ კითხვარს:

√ როგორ წარვმართე დავალებაზე მუშაობის პროცესი?

√ რა პროდუქტი შევქმენი?

√ როგორ გამოვიყენე ნამუშევარში ფერები, ფორმები, კონტური?

√ შევძელი თუ არა აპლიკაციის ტექნიკით ნატურტმორტის შექმნა?

√ რა დაბრკოლებებს წავაწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?

√ რას გავაკეთებდი სხვაგვარად, ახლა რომ ვიწყებდე დავალებაზე მუშაობას?

√ მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს შემისრულებია თუ არა?

√ სამომავლოდ მსგავს დავალებას შევასრულებდი თუ არა ხალისით?

√ ვისთვის ან რისთვის შევქმნი ასეთ ნაშრომს?

√ რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

აქვე დავამატებ, რომ ნატურმორტი (ან ნებისმიერი შემოქმედებითი პროდუქტი) არ შეიძლება ჩაითვალოს გრძელვადიან მიზნად. ასეთ მიზნად ითვლება მხოლოდ სასწავლო ცნება, რომელიც საფეხურის განმავლობაში ორიენტირად უნდა გვქონდეს. 

ეთერ გოგელიძე
მხატვარი, სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები