23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მხატვრული ტექსტის ანალიზი – (კრიტიკული და ანალიტიკური პრინციპების გათვალისიწნებით)

spot_img

 

მხატვრული ნაწარმოები რამდენიმე მიმართულებით ანალიზდება:

საკუთრივ მხატვრული ტექსტის (რომელიმე ეპიკური, ლირიკული ან დრამატული ნაწარმოების) ანალიზი;

მხატვრულ ნაწარმოებში წამოჭრილი ცალკეული პრობლემის (საკითხის) ანალიზი (მაგალითად, „მართალი სამართალი“ „ვეფხისტყაოსანში“);

ნაწარმოებთან დაკავშირებული ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემების ანალიზი (მაგალითად, სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი კ. გამსახურდიას „დიდი იოსების“ მიხედვით);

პერსონაჟ(ებ)ის დახასიათება (ინდივიდუალური, შედარებითი);

პრობლემის ან გმირის შეპირისპირებითი ანალიზი (მაგალითად, ალუდა ქეთელაური და თემი);

მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზი (მაგალითად, ფერთა ლექსიკა გამსახურდიას შემოქმედებაში) და სხვა.

ე.ი. შესაძლებელია ლიტერატურული ნაწარმოების როგორც ცალკეული მიმართულებით, ისე მთლიანად ტექსტის ანალიზი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის გათვალისწინებით. ეს დამოკი­დებულია  მიზანსა და კონკრეტულ ამოცანებზე. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიწროანალიტიკური ინტერესითაც შევხედოთ მხატვრულ ტექსტს, ან – მასშტაბურად. მხატვრული ნაწარმოების შედარებით სრულყოფილი ანალიზისთვის საჭიროა ლიტერატურისმცოდნეობის სამივე მიმართულების (ლიტერატურის თეორია, ლიტერატურის ისტორია, ლიტერატურის კრიტიკა) ცოდნა.

ტექსტის ანალიზისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწარმოების კრიტიკული წაკითხვა.  კრიტიკული მკითხველის (უფრო კი, მკითხველ-ანალიტიკოსის) როლი დიდია, რადგან ლიტერატურული ტექსტი ყველა სხვა ტიპის ტექსტზე მეტად იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას. ბუნებრივია, ინტერპრეტირება იმდენგვარად შეიძლება, რამდენი მკითხველიც ჰყავს ტექსტს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ინტერპრეტირება არ შეიძლება იყოს ბოლომდე თავისუფალი, მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე არსებითი ფაქტორი:

  1. გავლენები, რომელიც ნაწარმოებმა განიცადა (ვთქვათ, „ვეფხისტყაოსანზე“ რამდენადმე გავლენა იქონია „ვისრამიანმა“), ან ამ ნაწარმოებმა სხვა მწერალზე მოახდინა გავლენა (მაგალითად, სერვანტესის „დონ კიხოტმა“ დაასრულა საგმირო ეპოსის ისტორია ესპანურ მწერლობაში, ან კიდევ დავითის 41-ე ფსალმუნმა „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!“ გალაკტიონზე დიდი გავლენა იქონია);
  2. რა არის ნაწარმოებში ორიგინალური ან ინოვაციური.

ნაწარმოების მხატვრული ანალიზი, ამავე დროს, გულისხმობს ტექსტის ადეკვატურ გააზრებას, გაგებას, ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციისა და დეტალების გამიჯვნას, კონკრეტული ფაქტების განზოგადებასა და პარალელების მოყვანას, ამა თუ იმ სიმბოლოს მოძებნასა და განმარტებას.

აქედან გამომდინარე, ტექსტის ინტერპრეტაცია მოიცავს ობიექტურ, კონკრეტულ და დასაბუთებულ ინფორმაციას და არ არის განზოგადებული, სუბიექტური, ექსპრესიული საუბარი. შესაბამისად, თქვენი პოზიციაც უნდა იყოს დამყარებული არა პირად შეგრძნებებსა და ემოციებზე, არამედ ლოგიკურ, არგუმენტირებულ მსჯელობაზე, დასკვნებიც უნდა იყოს სათანადო, დასაბუთებული და ტექსტური მასალით გამყარებული.

ტექსტის გააზრება

ტექსტის დამუშავებაში დაგეხმარებათ ტექსტშივე მუშაობა, თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის გამოკვეთა (მარკირება, „დაბულდვა“, ხაზგასმა, „დახრა“) ან ცალკე ამოწერა.

ტექსტის დამუშავებისას უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

რის შესახებ არის ტექსტი?

ტექსტი სინამდვილეა თუ „გამონაგონი სინამდვილე“?

როგორია თქვენი ობიექტური დამოკიდებულება ტექსტისადმი?

რა მოლოდინი გქონდათ ნაწარმოების კითხვის დაწყებამდე, როგორ გამართლდა თქვენი მოლოდინი ტექსტის გაცნობის მერე?

რა ფასეულობებია ტექსტში (ურთიერთობები, ფაქტები…)?

რა მიმართებაა სათაურსა და ტექსტს შორის?

გაგიჩნდათ რომელიმე ასპექტით უკმარისობის განცდა, როცა ტექსტს განიხილავდით?

არალირიკულ ნაწარმოებებში რომელიმე პერსონაჟისადმი თუ გადაიხარა თქვენი სიმპატია? ჩანს თუ არა ავტორის სუბიექტური მიდგომა რომელიმე პერსონაჟისადმი?

ვინ ან რა არის ავტორის შთაგონების წყარო (ასეთის არსებობის დროს)?

ვის ეძღვნება ნაწარმოები?

როგორი სტრუქტურა აქვს ნაწარმოებს (სათაური, ეპიგრაფი, პროლოგი, ეპილოგი…)?

ტექსტის რომელი ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

კონტექსტი (ისტორიული, სოციალური, პოლიტიკური…) რამდენად არის გამოკვეთილი?

ტექსტი რომელ ჟანრშია შესრულებული?

რომელ „გვერდით“ ინფორმაციას (ეთნოგრაფიული, რელიგიური…) გვაწვდის ნაწარმოები?

პარალელების არსებობის შემთხვევაში, რომელ ნაწარმოებს ანიჭებთ უფრო „ღირსეულია“ სტატუსს და რატომ?

რა დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი ნაწარმოებიდან?

(შესაძლებელია, მეტად ჩაღრმავებაც).

თავად ეპიკური ან დრამატული ტექსტის გააზრებისთვის მნიშვნელოვანია პერსონაჟ(ებ)ი. ლიტერატურული გმირის დახასიათებასთან დაკავშირებული შეკითხვები დაახლოებით ასეთი შეიძლება იყოს:

♦ რომელი გამორჩეული და „ჩვეულებრივი“ თვისებები აქვს პერსონაჟს?

♦ რის გამო იმსახურებს სიმპატიას/ანტიპატიას გმირი?

♦ კოლიზიაში რა ადგილი უჭირავს პერსონაჟს?

გმირის / პერსონაჟის დახასიათებასთან დაკავშირებული შეკითხვები:

რა თვისებები უწყობს ხელს გმირის წარმატებას და რატომ ფიქრობთ ასე?

რა თვისებების ნაკლებობა უშლის გმირს წარმატების/მიზნის მიღწევაში და რატომ?

რა თვისებები უწყობს ხელს გმირს მკითხველის სიმპათიის მოპოვებაში?

რა თვისებების გამო  განეწყობა მკითხველი უარყოფითად კონკრეტული გმირისადმი?

როგორ ვლინდება გმირის სახე ნაწარმოების დასაწყისში?

რა პრობლემების წინაშე დგას გმირი და რამდენად ახერხებს ის მათ გადალახვას? თუ ვერ ახერხებს, რა უშლის მას ამაში: პიროვნული სისუსტე, ობიექტური ვითარება, გარემო პირობები?

რა ფუნქცია აქვს მწერლის მიერ აღწერილ გმირის პორტრეტს?

ნაწარმოების მსვლელობისას როგორ ვითარდება გმირის პიროვნება? ის დადებით თვისებებს იძენს და მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ და აღწევს ამას თუ ზნეობრივად ეცემა?

რა იდეა უკავშირდება ამ გმირს ნაწარმოებში და რატომ ფიქრობთ ასე?

რომელ საკვანძო ეპიზოდში ვლინდება გმირის სახე?

რა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს იყენებს ავტორი გმირის დასახასიათებლად?

როგორია ავტორის დამოკიდებულება გმირისადმი (დადებითი, უარყოფითი თუ ნეიტრალური) და რაში ვლინდება ეს?

გმირი სახე-ხასიათია თუ სახე-სიმბოლო?

რით განსხვავდება გმირი საზოგადოებისაგან? რა ფასეულობები და თვისებები განასხვავებს მას საზოგადოებისაგან და გამოარჩევს მას?

რა გავლენა მოახდინა გმირმა საზოგადოებაზე?

როგორია გმირი: დადებითი, უარყოფითი, ტრაგიკული, კომიკური, გროტესკული და ა.შ.?

რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნება გმირი და რამდენად ატარებს ის თავისი სოციალური კლასის ნიშნებს?

გმირი გამოგონილი პერსონაჟია თუ რეალური?

როგორია გმირის ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან?

ემორჩილება თუ არა გმირი საზოგადოებაში გაბატონებულ  წესებსა და კანონებს და თუ უგულებელყოფს, რატომ? ეს მას დადებითად ახასიათებს თუ უარყოფითად? რატომ ფიქრობთ ასე?

როგორია გმირის მსოფლმხედველობა და მისი მსოფლაღქმა?

როგორია გმირის ინტერესები, მიდრეკილებები და როგორ, რა კონკრეტული ფაქტებით ვლინდება ეს ნაწარმოებში?

გმირის რა შინაგანი განცდებია გადმოცემული ნაწარმოებში?

გმირის ბუნება ჩანს ავტორის დახასიათება-აღწერით თუ გმირის მიერ ჩადენილი კონკრეტული ქმედებით?

მოვლენის/ სიტუაციის გაანალიზებასთან დაკავშირებული შეკითხვები:

რა მნიშვნელობა აქვს ნაწარმოებში აღწერილ მოვლენას ქვეყნისათვის კულტურული, მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით?

რატომ გაამახვილა ამ მოვლენაზე ყურადღება ავტორმა და რატომ ფიქრობთ ასე?

არის თუ არა აღწერილი მსგავსი მოვლენა რომელიმე სხვა ნაწარმოებში? მოძებნეთ პარალელები, რაშია მათი მსგავსება და განსხვავებები?

ეს მოვლენა რეალური ფაქტია თუ გამოგონილი?

რისი თქმა სურს ავტორს ამ მოვლენის აღწერით? რა არის ავტორის მიზანი?

ამ მოვლენის აღწერისას ავტორი ღიად ამბობს სათქმელს თუ შეფარვით?

ამ მოვლენას ავტორი დადებითად აფასებს, უარყოფითად თუ ნეიტრალურად, თავს არიდებს შეფასებებს?

როგორია ტექსტში აღწერილი მოვლენისადმი თქვენი დამოკიდებულება?

რა ფაქტორებმა განაპირობა ტექსტში გადმოცემული მოვლენის მწერლისეული ინტერპრეტაცია?

რა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს იყენებს ავტორი კონკრეტული მოვლენის აღწერისას?

როგორ უკავშირდება კონკრეტული მოვლენა ნაწარმოებში აღწერილ სხვა მოვლენებს?

როგორია ამა თუ იმ გმირის როლი კონკრეტულ მოვლენაში?

რამ გამოიწვია და რამ შეუწყო ხელი ნაწარმოებში  აღწერილი მოვლენის განვითარებას?

რა ფუნქცია აქვს აღწერილ მოვლენას?

მოსალოდნელი იყო თუ არა მოვლენის ამგვარი განვითარება და რატომ?

რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ნაწარმოებში აღწერილ კონკრეტულ მოვლენას?

მხატვრული ტექსტის ისტორიულ ანალიზთან დაკავშირებული შეკითხვები:

რომელი ეპოქაა აღწერილი?

რით არის აღწერილი ეპოქა გამორჩეული მსოფლიო, რეგიონის ისტორიაში? გამოყავით ეპოქის მახასიათებლები.

რა წყაროებს ეყრდნობა ნაწარმოები და საიდან ჩანს?

რა ხერხებს იყენებს ავტორი ისტორიული კოლორიტის აღსადგენად (მეტყველება, სამოსი, პერსონაჟები და ა.შ.)?

პერსონაჟთაგან გვხვდება თუ არა ისტორიული რეალური პიროვნება და რა სხვაობაა ნაწარმოებში აღწერილ პერსონაჟსა და რეალურ გმირს შორის?

ეთნოგრაფიული ხასიათის რა ცნობები გვხვდება ნაწარმოებში?

რა გეოგრაფიული გარემოა წარმოდგენილი ნაწარმოებში?

კულტურული ხასიათის რა ცნობები გვხვდება და რა მიზნით იყენებს მათ ავტორი?

პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის რა ცნობები გვხვდება და რა მიზნით იყენებს მათ ავტორი?

როგორი სოციალური ფორმაციაა აღწერილი ნაწარმოებში?

როგორია რელიგიური ვითარება ნაწარმოებში და ჩანს თუ არა მიმართება სხვა რელიგიურ აღმსარებლობებთან?

არის თუ არა აღწერილი ნაწარმოებში რომელიმე ცნობილი ბრძოლა, ისტორიული ფაქტი, მოვლენა და რა როლი ითამაშა ამან როგორც ქვეყნის/რეგიონში არსებულ ვითარებაში, ისე მხატვრული ნაწარმოების განვითარებაში?

არის თუ არა ნაწარმოებში დაცული ესა თუ ის ცნობა/ინფორმაცია ისტორიული ვითარების შესახებ, რომელიც სხვა ნაწარმოებში არ გვხვდება?

ტექსტის მხატვრულ ანალიზთან  დაკავშირებული შეკითხვები:

რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი სათქმელის გადმოსაცემად?

რა განაპირობებს ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას?

იყენებს თუ არა ავტორი მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს თუ მისი თხრობა არის სადა და ინფორმატიული?

მხატვრული ხერხები ავტორისეულია თუ რომელიმე წყაროდან მომდინარეობს?

ავტორი სათქმელს პირდაპირ გადმოსცემს თუ მეტაფორულად?

არის თუ არა ნაწარმოებში სიმბოლური ხატები?

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ნაწარმოების სათაურს და რამდენად აღწევს მიზანს ავტორი?

როგორია ნაწარმოებში თხრობის დინამიკა? როგორია ავტორისეული რიტმი, მელოდიკა და ა.შ.

როგორია ავტორის თხრობის მანერა?

ექსპრესიულია თუ არა ავტორის თხრობის სტილი?

რა ენობრივ ქსოვილს (საშუალებებს) იყენებს ავტორი პერსონაჟის მეტყველებაში (დიალექტი, არქაიზმი, ჟარგონი, ბარბარიზმი, ჩვეულებრივი, სადა, არაფრით გამორჩეული ენა და ა.შ.)?

რამდენად ადეკვატურად არის გამოყენებული სიმბოლოები ნაწარმოებში და აღწევს თუ არა ავტორი მიზანს?

გამოყენებულია თუ არა უნივერსალური, ამა თუ იმ კულტურისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სიმბოლური ხატები?

არის თუ არა გამოყენებული ნაწარმოებში სიუჟეტური შენიღბვის ხერხი?

იყენებს თუ არა ავტორი პერსონაჟის/მოვლენის აღწერისას სხვა, მისთვის უცხო, კულტურული სივრციდან მომდინარე მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს?

რა ეპითეტს/შედარებას/მეტაფორას და ა.შ. იყენებს ავტორი, არის თუ არა ისინი ორიგინალური და აღწევს თუ არა სათანადო ეფექტს?

არის თუ არა ნაწარმოებში ლირიკული გადახვევა და რა მიზნით?

როგორია ნაწარმოების სიუჟეტური წყობა? როგორ არის წარმოდგენილი ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კვანძის გახსნა?

იყენებს თუ არა ავტორი იდიომებსა და ფრაზეოლოგიურ ერთეულებს? არის თუ არა ისინი ორიგინალური?

იყენებს თუ არა ავტორი პერსონაჟის/მოვლენის აღწერისას ირონიას, გროტესკს, ჰიპერბოლას, გაპიროვნებას?

მხატვრული ტექსტის ანალიზის სტრუქტურა:

მხატვრული ტექსტის ანალიზი, როგორც ნებისმიერი ანალიტიკური ტექსტი, შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. თუ ანალიზის დროს ერთ-ერთი მათგანი მაინც იქნება უგულებელყოფილი, ნაშრომი არასრულფასოვნად მიიჩნევა და შეფასების შემთხვევაში დაბალი ქულა დაიწერება.

შესავლის ფუნქციაა საკითხის დასმა, პრობლემის შესახებ მკითხველისათვის ძირითადი და წინასწარი ინფორმაციის მიწოდება.

ძირითად ნაწილში უნდა განიხილოთ ზემოთ წარმოდგენილ პრობლემათაგან თქვენთვის საჭირო და თქვენს მიზანთან დაკავშირებული.

რაც შეეხება დასკვნას, მისი მიზანია, შეაჯამოს, განაზოგადოს  მსჯელობა და მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილოს ძირითად სათქმელზე.

დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ:

√ შესავლის შექმნისას თავი აარიდეთ იმ ზოგადი ინფორმაციის გადმოცემას, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება თემას;

√ არ წარმოადგინოთ ემოციური, სუბიექტური დამოკიდებულება;

√ შესავალი და დასკვნა უნდა იყოს კონკრეტული;

√ შესავალი და დასკვნა არ უნდა იყოს ძალიან ვრცელი;

√ არ არის საჭირო შესავალში დეტალურად იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია ავტორის შესახებ;

√ თავი აარიდეთ ვრცელ და მაღალფარდოვან წინადადებებს;

√ მხატვრული ნაწარმოების ანალიზი უნდა იყოს არგუმენტირებული.  ტექსტური მასალიდან წარმოდ­გენილი უნდა იყოს სათანადო არგუმენტები, კონ­კრეტული მაგალითები, ფაქტები, მტკიცებულებანი;

√ ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტირებისა და პერიფრაზის (პარაფრაზირების) ხერხები.

როლანდ ხოჯანაშვილი 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები