25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მუსიკის განვითარება შუმერებიდან შუა საუკუნეებამდე

spot_img

მუსიკის გარეშე სამყარო წარმოუდგენელია. უხსოვარი დროიდან დღემდე ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველგვარი ხმა, ბგერა მუსიკადაა აღირებული. გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას მუსიკის შესახებ, რომელიც ნებისიერი ასაკის ადამიანს დააინტერესებს, განსაკუთრებით კი მუსიკის პედაგოგებს გამოადგებათ.

🔵📌 შუმერები მუსიკას დიდ ყურადღებას უთმობდნენ და მას ღვთიურ მოვლენად მიიჩნევდნენ. მღეროდნენ ყველგან: ომში, ნადირობისას, ტაძარსა თუ კარის ცერემონიებზე.

ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში, შუმერებმა შექმნეს პირველი ინსტრუმენტები. მათ ეკუთვნით პირველი სამგლოვიარო სიმღერები, ანუ ელეგიები.

ცნობილია, რომ შუმერებს ჰყავდათ მომღერალთა გუნდი, ასევე ორკესტრიც, ორკესტრის მსახიობთა რაოდენობა 150-ს აღწევდა. ამრიგად, შუმერთა დამსახურება მუსიკის განვითარებაში ძალიან დიდია.

ძველ ინდურ მუსიკაში გამოიყენებოდა 7 ძირითადი მუსიკალური ბგერა, ხოლო ოქტავა იყოფოდა 22 არათანაბარ ინტერვალად. მათგან ყველაზე უმცირეს ინტერვალს შრუტი ეწოდება.

ინდურ მრავალრიცხოვან ინსტრუმენტებს შორის ყველაზე გავრცელებული სიტარა იყო, რაც დღემდე გამორჩეულ საკრავად ითვლება.

ჩინურ მუსიკალურ სისტემას საფუძვლად 12 ბგერა უდევს. მათგან გამოიყოფა 5 მნიშვნელოვანი ბგერა. ეს ბგერები დაკავშირებულია და უტოლდება დედამიწის 5 ელემენტს: ცეცხლს, მიწას, ჰაერს, წყალს და ხეს.

დამწერლობა კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, მომავალი თაობებისათვის აზრების, იდეებისა და შთაბეჭდილებების გადაცემის იდეალური საშუალებაა. შთამომავლობისათვის მეორე იდეალური მონაპოვარი სანოტო ჩანაწერია.

ადამიანები მიისწრაფოდნენ, მუსიკა შემოენახათ, ვინაიდან ზეპირად გადაცემული მელოდია თავდაპირველ სახეს ვერ ინარჩუნებდა…

🔵📌 დროა შევიტყოთ, როგორ ჩამოყალიბდა სანოტო სისტემა

შუა საუკუნეების ევროპაში გაჩნდა სპეციალური ნიშნები – ნევმები, რომლებიც წერტილების, მძიმეებისა და სხვადასხვა სიმბოლოების სახით  აღნიშნავდნენ ცალკეულ ბგერებს. ნევმები არ მიუთითებდნენ ბგერის ზუსტ სიმაღლეს, მაგრამ გამოხატავდნენ მელოდიურ ხაზს. ისინი მომღერალს მიანიშნებდნენ, როგორ უნდა ემოძრავა მელოდიას… ეს, თუ მომღერალმა მელოდია ზეპირად არ იცოდა, ძალიან მოუხერხებელი იყო.

ნამდვილი რეფორმატორი, რომელმაც სანოტო ჩანაწერის სისტემა თანამედროვე წარმოქმნამდე მოიყვანა, იყო გვიდო დ’არეცო, იტალიელი ბერი. ის 990-1050 წლებში მოღვაწეობდა. გვიდო დ’არეცო მონასტერში მონაზვნებს ასწავლიდა გალობას. მელოდიის გასაადვილებლად მან მომღერლებს იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნი შეასწავლა.

ნათლისმცემლისადმი მიძღვნილ ჰიმნში ყოველი მორბედი სტრიქონი ერთი ტონით მაღლა იყო. გვიდო დ’არეცომ ნოტების სახელწოდება აქცია 6 ძირითად ნოტად.

თითოეულს შემდეგი დასახელება მისცა: უტ, რე, მი, ფა, სოლ, ლა.

მუსიკის ისტორიაში იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ლოცვა-ჰიმნი ყველაზე მნიშვნელოვანი საგალობელია, ვინაიდან ნოტების წარმოშობას ამ ჰიმნმა დაუდო საფუძველი.

🔵📌 გვიდო დ’არეცოს ასევე მიეწერება გამოგონება „გვიდოს ხელი“. ნოტის გაადვილებული წაკითხვის მექანიკური ხერხი ერთგვარი მუსიკალური ანბანია. თითის ყოველი ფალანგი ბგერის განმსაზღვრელ სიმაღლეს შეესაბამება. გუნდთან მუშაობისას გვიდო დ’არეცო საკუთარი ხელის ფალანგებიდან მოსწავლეებს მიანიშნებდა, თუ რომელი სიმაღლით უნდა ემღერათ.

გვიდოს სოლვიზაცია დროთა განმავლობაში თანამედროვე სოლფეჯიოდ იქცა.

მეგი ჭანტურია

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი, ქუთაისის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები