25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ – სამინისტროს ინიციატივა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტპაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად, 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის.

სამინისტროს მხრიდან, მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მოაწერა, ხოლო მობილური ოპერატორებიდან – შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ზარიძემ, შპს „ვიონ საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირაკლი ესართიამ და სს „სილქნეტის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.

ეკატერინე დგებუაძემ გლობალური პანდემიის პირობებში საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე –www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები