29 მარტი, პარასკევი, 2024

მინისტრის საათი პარლამენტში – უმაღლესი განათლება და მეცნიერება

spot_img

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული გამოცდების რეფორმის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ, სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აერჩიათ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს უზრდის ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და ეხმარება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, ხოლო, მეორე მხრივ, სკოლის მოსწავლეებში ზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ.

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისა და უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სისტემასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შემუშავდა და ამოქმედდა კლასტერული აკრედიტაცია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად  წინასწარ განსაზღვრულ დარგებში შეფასდება მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები. ამჟამად, მიმდინარეობს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგის საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია. მომავალ წელს კი დაგეგმილია ხელოვნების სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია. 2028 წლამდე უმაღლესი განათლების ყველა სფერო ეტაპობრივად გაივლის კლასტერულ აკრედიტაციას.“

როგორც მინისტრმა განაცხადა, 2022 წელს პირველად, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ყველა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესში აკრედიტაციის ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ჩაერთნენ საერთაშორისო ექსპერტები. 2023 წლიდან კი იგეგმება ყველა საფეხურისა და სახის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა.

უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოში ENQA-ს წევრების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის ჩატარების, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის განახლებისა და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობის საკითხები. „2022 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეირჩა და  მიენიჭა პრიორიტეტი სხვა ბევრ ქვეყანას შორის, რომ 2023 წელს უმასპინძლოს ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 32 ქვეყნის წარმომადგენლები. ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ტენდენციები.

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) განახლებული სტანდარტების შესაბამისად, განახლდა დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კლინიკური სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q“-ის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს მუშაობას  უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე. ამ პროექტის პირველ ეტაპზე საკონსულტაციო მომსახურების 40-წლიანი გამოცდილების მქონე ბელგიურმა კომპანია IBF-მა წარმოადგინა ზოგადი ხედვა უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმის შესახებ და გამოკვეთა შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვის უპირატესობები. მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების კონკრეტული მოდელის განსაზღვრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციის მართვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნის მიმართულებით. ამასთან,  პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. CIF-ის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდება დაახლოებით 40 საგრანტო პროექტი. 2022 წლის ბოლოს კი, გამოცხადდება პირველი საგრანტო კონკურსი‘‘.

მინისტრმა დეპუტატებს სტუდენტთა მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები გააცნო. 2022 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის სხვადასხვა პროგრამით დაფინანსება გამოეყო საქართველოს 95 მოქალაქეს საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე დასწრების მიზნით. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტმა 3 900 000 ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ, ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების მთავრობათა სრული დაფინანსებით, სწავლას აგრძელებს საქართველოს 54 მოქალაქე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

მინისტრმა ისაუბრა სწავლის დაფინანსების პროგრამებზეც, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს, ასევე, იუსტიციის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის ციფრული უნივერსიტეტის ამოქმედებაზე. როგორც მან აღნიშნა, სისტემაში დანერგილი ციფრული სწავლების პლატფორმის მეშვეობით მსჯავრდებულ სტუდენტებს საქართველოს უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის საფეხურზე დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა მიეცათ.

მინისტრმა დეპუტატებს, 2022 წელს, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ევროპის ინოვაციების აკადემიის მიერ განხორციელებული, ახალი პროგრამის – „ინოვაციისა და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკი/ბუტკემპი‘‘ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ბუტკემპში, სადაც თავი მოიყარა 100-მა სტუდენტმა საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, სასწავლო პროგრამას წარმართავდნენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის – სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. პროექტის განხორციელება დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას,  რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას.

„უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციის  სისტემისთვის ახალი გამოწვევაა „მესამე მისიის“ კონცეფციის გააზრება და დანერგვა  საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კულტურაში. ,,მესამე მისიის“ ფარგლებში შრომის ბაზართან, ინდუსტრიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა წაახალისებს კვლევისა და ინოვაციის კლასტერების შექმნასა და უნივერსიტეტ-ინდუსტრიის თანამშრომლობის განვითარებას. განათლების სამინისტროს მონაწილეობით ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა Erasmus+-ის პროექტი, რომლის შედეგად მოხდება სწავლებისა და კვლევის პარალელურად უნივერსიტეტების მესამე მისიის ინსტიტუციონალიზაცია, რაც გავლენას მოახდენს უნივერსიტეტების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური როლის გაზრდაზე. 

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, წარმატების ინდექსმა განაპირობა მთავრობის სურვილი, საქართველოს სრული წვდომა ჰქონდეს Erasmus+ პროგრამის ყველა სიკეთეზე და შესაბამისად, მოამზადოს ქვეყანა Erasmus+ პროგრამის ასოცირებისათვის. ამ მიზნით, 2018 წელს ევროკომისიასთან შეთანხმდა საქართველოს პროგრამის ასოცირებისათვის მოსამზადებელი ე.წ. Feasibility Study-ის პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყო 2022 წლიდან,‘‘ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღნიშნა, რომ სამინისტროში მოქმედი პროგრამის „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – ფინანსური მხარდაჭერა უმაღლესი  საბაკალავრო STEM პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის (ABET აკრედიტაციის და ACS სერტიფიცირების სტანდარტების შესაბამისად) მოპოვებისა და შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად: „ჩვენი პრიორიტეტია, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ხელი შევუწყოთ შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას, რისთვისაც სამინისტრო არაერთ ღონისძიებას უკვე ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების მოცულობა უკანასკნელი წლების განმავლობაში გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და გაფართოვდება გრძელვადიანი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევების პროგრამებიც. ამასთან, ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეცნიერების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ევროპული მოდელის დასანერგად. კერძოდ, იგეგმება მაქს პლანკის ინსტიტუტების მოდელის გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების კლასტერულად განვითარება. აღნიშნული მოდელის განხორციელების პროცესში სამინისტროსთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.“

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს ინიციატივით, 2022 წელს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტით, 3 მილიონი ლარის ოდენობით გამოცხადდა. მიმდინარე წელს შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ეროვნულმა ფონდმა, ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირების, სახელმწიფო ენის დაცვისა და კვლევის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ახალი მიზნობრივი კონკურსი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან ქართული ენის მკვლევრებთან ერთად მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.

სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი ისტორიულ შენობაში დაბრუნდა. შესაბამისად, მისი თქმით, 2022 წლიდან ინსტიტუტი აგრძელებს მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში ფუნდამენტური კვლევების განხორციელებას მშობლიურ შენობაში იქ, სადაც აკადემიკოსმა ნიკო მუსხელიშვილმა დააფუძნა ეს გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

რაც შეეხება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემსწავლელი და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით საბაზო სტრუქტურად ჩამოყალიბების მიზნით, აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. სამეცნიერო პოტენციალის გასაძლიერებლად სამინისტრომ ცენტრს უახლესი ტექნიკის შესაძენად დაფინანსება გამოუყო, რაც საცავებსა და პირად არქივებში დაცული ეროვნული საგანძურის დიგიტალიზაციას მოხმარდება. ამასთან, კიდევ უფრო მდიდრდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით,  მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება.

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს საქართველოში დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი და საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ გაეხსნა გზა. მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. 2022 წელს უკვე სახეზეა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელი სახელმწიფო უნივერსიტეტებში და Horizon Europe-ის ეროვნულ ქსელს კერძო უნივერსიტეტებიც უერთდებიან.

მინისტრმა საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს თბილისში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი დაფუძნდა. DAAD-ის რეგიონული ოფისი ხელს უწყობს სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას სამხრეთ კავკასიასა და გერმანიას შორის, რაც მიმართულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციისკენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მისივე თქმით, ეს გახლავთ შესანიშნავი შესაძლებლობა იმისათვის, რომ სტუდენტებმა, დოქტორანტებმა და მკვლევრებმა სწავლა მდიდარი აკადემიური ისტორიის ქვეყანაში გააგრძელონ.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მეცნიერების მიერ მიღწეულ წარმატებებზე. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიმდინარე წელს CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობს, მორიგ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინჟინრო მიმართულებით შეძლეს ახალი კამერების ელექტრონიკის გაციების სისტემის მოდელირება, შექმნეს სამუშაო ნახაზები და დაამზადეს პროტოტიპები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის (EOSC) განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წელს პირველად, საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2-4 ნოემბერს  სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით  „ღია მეცნიერების ფორუმი‘‘ ჩატარდა.

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო მასშტაბით ქართველოლოგიის პროგრამის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ შვეიცარიულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის განვითარებაზე. მისივე თქმით, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, მან ბერნის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ქრისტიან ლოიმანთან პირადად განიხილა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში მოქმედი ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების საკითხი.

მნიშვნელოვანია, რომ ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის აღდგენის საკითხი განიხილა, რომელსაც გამოჩენილმა ქართველმა ენათმეცნიერმა, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა კიტა ჩხენკელმა ჩაუყარა საფუძველი. ამასთან, მინისტრმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად, ქალაქ ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის ღვაწლის უკვდავსაყოფად მისი სახელობის მემორიალური დაფა გახსნა.

ქართველოლოგიის პროგრამაზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის ამოქმედების მნიშვნელობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს.

მან ხაზი გაუსვა უნივერსიტეტში საგანმანათლებლო-კვლევითი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას. მისი განცხადებით, კომპანია კარლ-ცაისთან (Carl Zeiss) ხელშეკრულების ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიღო თანამედროვე სასწავლო ციფრული მიკროსკოპიის ლაბორატორია, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს  მულტიდისციპლინურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება შეიძინონ.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველებთან ერთად ჩართულნი არიან ცნობილი უცხოელი პროფესორებიც, რომელთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. შედეგად, ქუთაისში ყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის განსავითარებლად, მისი თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: „ადრონული თერაპიის ცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით შენდება. კომპანიამ ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო – გასული წლის ბოლოს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ციკლოტრონების აწყობის პროცესს ბრიუსელში პირადად გავეცანი. ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც უაღრესად ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით კი ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, დიდ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან – მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში“.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამეცნიერო კავშირების გაძლიერებაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ბოლო წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

„მიმდინარე წლის სექტემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, პირადად შევხვდი ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვან პროფესორებს – თომას ბორტფელდსა და ბენჯამინ კლასის და მათთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორების ჩართულობის საკითხები განვიხილე. სასიხარულოა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ცენტრის სამეცნიერო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას და ქართველ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები