25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მინისტრის საათი პარლამენტში – ზოგადი განათლება

spot_img

მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებზე და სიახლეებზე, ასევე სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრა, დეპუტატებს მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია ის, რომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები ორი მილიარდ ოცდაათი მილიონ რვაასი ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 345,9 მლნ ლარით აღემატება. ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმუშაოთ სიახლეებზე, გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები და კიდევ უფრო აქტიურად, სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ მიმდინარე კომპლექსური რეფორმა, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს,“ – განაცხად მიხეილ ჩხენკელმა.

მან განსაკუთრებით გამოყო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა: „განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს უწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას. თითოეული ინიციატივა და პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ სრულ შესაბამისობაშია აღნიშნული სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტებთან და მიმართულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი, თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფისკენ“.

მინისტრის განცხადებით, სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინტენსიურად ახორციელებს მესამე თაობის, კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს, რაც მოიცავს: სასწავლო პროცესის მოსწავლეზე ორიენტირებულად წარმართვას, სასწავლო რესურსების გაუმჯობესებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერას, სწავლის მეთოდოლოგიის ცვლილებას, სკოლის ინსტიტუციურ გაძლიერებას, მისი ავტონომიურობის ხარისხის ზრდასა და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას: „ჩვენი ინიციატივით, სისტემაში პირველად, ყველა სკოლა ახორციელებს თვითშეფასებას, რაც იძლევა სკოლების მიზნობრივი მხარდაჭერის  საშუალებას. აღნიშნული პროცესი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური თვითშეფასების ანალიზის შედეგები საფუძვლად დაედება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვას, რაც გაზრდის სისტემის შესაძლებლობებს ინსტიტუციური თვითშეფასების პროცესის განსახორციელებლად.“

მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში 2026 წლის ბოლოსთვის ყველა სკოლა დაექვემდებარება ავტორიზაციას. ამ პროცესის მთავარი მიზანია ეროვნული სტანდარტების დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინებით. განახლებული სტანდარტები ითვალისწინებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თავისებურებებს და მათი სისტემაში დანერგვა ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის გაუმჯობესებას და მის სკოლის მხარდამჭერ მექანიზმად ქცევას. სტანდარტები შექმნის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ განვითარების შესაძლებლობა საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე: „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით, შემუშავდა ინკლუზიური განათლების მართვის განახლებული მოდელი,  რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის ყველა საჭირო სერვისის უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს. უკანასკნელ წლებში სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. სპეციალური მასწავლებლების მხარდაჭერისა და მათი დაფასების მიზნით არაერთი ნაბიჯი იდგმება, მათ შორის აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის კონკურსი ტარდება.“

მისივე თქმით, გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვის პროცესი. სწორედ ამ მიზნით ვითარდება, როგორც ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, ასევე, ბილინგვური სასწავლო რესურსები. აღსანიშნავია, რომ ბილინგვური მიდგომით სწავლება 41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებით საფეხურზე მიმდინარეობს. ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება, რისთვისაც შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოყოფილია და მიმდინარეობს ადამიანური რესურსის მომზადება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, აზერბაიჯანულ და სომხურენოვან მასწავლებლებს მიეცათ მშობლიურ ენაზე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების საშუალება, რაც უზრუნველყოფს, როგორც აზერბაიჯანული და სომხური ენების სწავლების მაღალ ხარისხს, ასევე მასწავლებლის პროფესიული წინსვლის ახალ შესაძლებლობებს.

მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის იანვრიდან დაგეგმილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატისა და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით. ამასთან, ფინანსთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან და განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით 2023 წლიდან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ანაზღაურებას.

მინისტრმა საჯარო სკოლის დირექტორების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა. ახალი სტანდარტი ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაწყებულია საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. პარალელურად, მოქმედი დირექტორებისთვის შეთავაზებულია გადამზადება.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინელი მოსწავლეებისთვის საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისი სასწავლო პროგრამის შეთავაზებაზე, რაც მათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2300-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას.

უკრაინულ სექტორებზე დასაქმებულია უკრაინიდან ჩამოსული 60-ზე მეტი მასწავლებელი და უკრაინულენოვანი საქართველოს მოქალაქე. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უკრაინელი მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს მოსწავლეების ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. უკრაინულენოვანი სექტორის ხელმძღვანელებად ასევე დანიშნული არიან უკრაინიდან ჩამოსული სპეციალისტები.

მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით, სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს: „შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის ექსპერტების და სხვა პროფესიონალების ჩართულობით ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან“.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს: „დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.“

მინისტრმა უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, 2021-2022 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამასთან, 200-მდე საჯარო სკოლამ მიიღო დაფინანსება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ მატერიალური პროექტის განხორციელების მიზნით.

სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. 2019 წლიდან დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონებში 121 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები