25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მიმართვა მინისტრს

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,

ბატონ გიორგი ამილახვარს

 

ბატონო გიორგი!

არ შემიძლია არ დავიწყო მადლიერებით და პოზიტიურად არ შევაფასო თქვენ მიერ დიალოგის რეჟიმის ჩართვა, რომელსაც 2012 წლიდან ამაოდ ვითხოვდი განათლების სისტემის ოფიციალურ მესვეურთაგან და თქვენი კეთილგონივრული გადაწყვეტილებით, როგორც იქნა, ვეღირსეთ. უკანასკნელ ოცწლეულში ყოფილა შემთხვევები, როდესაც თქვენი წინამორბედი მინისტრებიც, იშვიათად, მართავდნენ შეხვედრებს, მაგრამ ეს იყო მოვალეობის მოხდა და სკოლების დირექციების მიერ გაცხრილულ, „სანდოებით“ დაკომპლექტებულ პედაგოგთა, ჯგუფებთან შეხვედრა, სადაც „სანდოები“ ან დუმდნენ, ან რამდენიმე მათგანი ხოტბასაც კი ასხამდა „დიად რეალობას“. ამჯერად, თქვენ დაუშვით პრეცედენტი, რომ მასწავლებლები თავისი სურვილით შეგხვედროდნენ და თანაც მოგესმინათ მათი გულისწუხილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიალოგის ამგვარი მზაობა თქვენ პირადად დამანახეთ საპარლამენტო კომიტეტში ყოფნის დროსაც და ამიტომ ვიმედოვნებ, რომ 21 აპრილს ჩართული დიალოგის რეჟიმი არ გამოირთვება და თან მას შედეგიც ექნება. თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ პედაგოგების ოჯახიდან ხართ და უეჭველია, კარგად ხვდებით, რომ პედაგოგზე კარგად არავინ იცის ამ სისტემაში არსებული ავ-კარგიანობის შესახებ. ამავე მიზეზით, ასევე, მისასალმებელია ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნა და კონსულტანტად ბატონი გია მურღულიას შერჩევა, თუმცა, ეს ჯგუფი მაშინ უფრო „განავითარებს ზოგად განათლებას“, თუკი მასში ჩვენ – პედაგოგები – ვიქნებით. დიახ, უამრავი პრობლემაა ჩვენს სისტემაში და მასზე მუშაობას ჩვენ უფრო შევძლებთ.

ახლა ყველა პრობლემას ვერ შევეხები, ამ მიმართვის არსი კონკრეტული, მაგრამ მრავალწახნაგოვანი საკითხია: მზარდი აბლაბუდა, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემად“ წოდებული, რომელიც დღეისთვის კონსტრუირებულია მთავრობის დადგენილების ფორმით (№241).

პარლამენტის კომიტეტში თქვენი მოღვაწეობის დროს, როგორც მახსოვს, მთავრობასთან თანამშრომლობით, თქვენ ცდილობდით ჩვენი წინადადებების გათვალისწინებას ე.წ. სქემის ირგვლივ, მათ შორის, სისტემიდან უკანონოდ დევნილი პედაგოგების თემაზე. იყო ხელშეწყობა და დახმარება, მაგრამ, ალბათ, მაშინ მეტი ვერ შეძელით. 21 აპრილს გამართულ შეხვედრაზე კი ერთგვარ მინიშნებად, გზავნილად მივიღე თქვენი ფრაზა, რომელიც ასეთი შინაარსის იყო: „თუ სქემა არაა „ბმაში“ მასწავლებლის პროფესიონალიზმთან და განათლების ხარისხთან, მაშინ მას რა აზრი აქვსო“. მინისტრის სავარძლიდან ასეთი განცხადება პირველად გაისმა. ამით თქვენდამი კეთილგანწყობა და იმედი მომეცა. ამიტომაც გადავწყვიტე, მომემართა. დიახ, ბატონო გიორგი, არათუ ე.წ. სქემის ცალკეული გამოვლინება (მაგ: პორტფოლიოების პრობლემა და ა.შ.), არამედ მთელი ეს „სქემა“ არა თუ „ბმაში“ არაა ამ ყველაფერთან, არამედ ის არის „რკინის ფარდა“ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ვეცდები, მოკლედ ვისაუბრო ამაზე:

ე.წ. სქემას, ჯერ კიდევ კოდიფიცირებამდე, 2014 წლიდან, ვაკრიტიკებდი რამდენიმე საჯარო პუბლიკაციით, არგუმენტირებული დასკვნებით და იმ მოსალოდნელი შედეგებით, რომლებიც დღეისთვის უკვე რეალობად იქცა. ე.წ. სქემის პროექტი მაშინ საპარლამენტო კომიტეტმაც დაიწუნა. ამის მიუხედავად, 2015 წელს, ის მთავრობამ აამოქმედა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი შენიშვნებიდან მცირედი გაითვალისწინეს და 4 წლის განმავლობაში, 7-ჯერ შეტანილი ძირეული ცვლილების მერე, მისი პირველი სახიდან აღარაფერი დარჩა (დაინტერესების შემთხვევაში, შემიძლია გიჩვენოთ ჩემი კვლევები). 2019 წელს 2015 წლის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა და მისი ახალი რედაქცია ამოქმედდა, 4 წელი გადის ამ დღიდან და მასშიც 11 ცვლილება შევიდა. ყოველმა ცვლილებამ თავისი დამატებითი ხარვეზები წარმოქმნა და თვით ეს გარემოებაც ადასტურებს, რომ ის არ ვარგა. მაშინ, როდესაც პედაგოგი იძულებულია, რეალური თვითგანვითარების ნაცვლად, მხოლოდ საგამოცდოდ ან საპორტფოლიოდ აუცილებელ აქტივობებზე ფოკუსირდეს და, სინამდვილეში, ამ „აქტივობებს“ ბიუროკრატიული აუცილებლობისთვის და არა მოსწავლისთვის აკეთებდეს, რა შედეგებზეა საუბარი?

მოქმედი სქემა არაა კორელაციაში მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და, რაც მთავარია, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და არც პრაქტიკასთან: მაგალითად, ხსენებული სტანდარტით, მენტორის ვალდებულებაა, დაადგინოს მასწავლებელთა საჭიროებები და, გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, დაგეგმოს სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგია; დაამყაროს კონტაქტები საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. ნუთუ ვინმე ეჭვობს, რომ ეს და მსგავსი ვალდებულებები, რომლითაც გადავსებულია ხსენებული დოკუმენტები, უტოპიის კლასიკური ნიმუშია? რეალურად (არა მოჩვენებითად), რომელ სკოლაში სრულდება ეს „მცნებები“? რა არის ამ ყველაფრის ობიექტური შეფასების რეალური მექანიზმი? არსებული რუბრიკები?

აბა, გვიჩვენონ სქემის შემოქმედებმა, რომელ მათგანს მიემართება მისი არსი: მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისებას, მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას? თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემას? თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობას?…

ან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის (რომელიც ლამის ყველა დროის შედევრადაა გამოცხადებული მისი შემქმნელებისგან, თუმცა, ვფიქრობ, მისი ხუთი ძირითადი პრინციპი უდავოდ მნიშვნელოვანია) ძირითადი სულისკვეთება და მთავარი პოსტულატები რეალურ, და არა უტოპიურ-რიტორიკულ, კავშირშია ამ სქემასთან?

მე ახლა მხოლოდ რამდენიმე ამონარიდი მოვიყვანე ნიმუშისთვის და სრულ მზაობას გამოვთქვამ, პოზიტიურად, თქვენთან ერთად, განვიხილოთ და გავიაროთ ეს ყველაფერი და მოვისმინოთ ოპონენტთა არგუმენტებიც.

კიდევ რით უნდა დადასტურდეს, რომ სქემა ვერ მუშაობს – ძალიან მარტივი ანალიზით: ერთმანეთს გადაკიდებული მასწავლებლებით და მზარდი ანტაგონიზმით, „გაიმასქნებებით“ მიღებული სტატუსებით, დისკრიმინაციული და შერჩევითი „წინსვლებით“ და, რაც მთავარია, ყველა გამოკითხვის შედეგები უჩვენებს, რომ მოსწავლეთა განათლების დონე და ხარისხი, სქემის ამოქმედებიდან დღემდე, უფრო და უფრო დაბალი ნიშნულისკენ მიდის (რაც თქვენც აღნიშნეთ ჩვენთან შეხვედრისას). ეს ბოლო ინდიკატორი ყველაზე თვალსაჩინო და, ამავდროულად, ტრაგიკულობის შემცველი საზომია. დიახ, ტრაგედიაა „თამაშგარე“ დარჩენილი ბავშვი!

დასაწყისში კი ბევრს, ეს ე.წ. სქემა, შესაძლოა, მართლაც პანაცეა ეგონა.

ვერბალურად, კი ბატონო, სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას და ა.შ. მაგრამ ჩვენ, ჯერ კიდევ წლების წინ, დავთვალეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სქემით განსაზღვრული ვალდებულებების, განსაკუთრებით მისი ბიუროკრატიული, პორტფოლიური ნაწილის შესასრულებლად, შეუძლებელია ასტრონომიული დრო ეყოს პედაგოგს, ასევე შეუძლებელია ყველა პედაგოგის გარე დაკვირვება, რადგან ბუნებაში არ არის ამდენი შემფასებელი, ამიტომაც, უმთავრესად, ყალბი დოკუმენტაციების გარდა, ხელთ არაფერი გვრჩება.

სწორედ „სქემას“ მიუძღვის უზარმაზარი წვლილი იმაში, რომ დღეს განათლების დონე და ხარისხი იმაზე მეტად დაბალია, ვიდრე ე.წ. სქემის გარიჟრაჟზე იყო; იმაში, რომ სახელმწიფო რანგში გაცხადებული გენერალური ხაზი – „მთავარი ორიენტირი – მოსწავლე“, მხოლოდ ლიტონი დევიზი აღმოჩნდა და ის, ვინც მიზანი უნდა იყოს (მოსწავლე), უკეთეს შემთხვევაში, საშუალებად გადაიქცა, უარეს შემთხვევაში კი, როგორც ვთქვი, საერთოდ პროცესების მიღმა აღმოჩნდა, სქემამ კი მიზნის ადგილი დაიკავა! დიახ. სქემა აიძულებს თუნდაც ძალიან მონდომებულად მოსწავლეზე მიმართულ პედაგოგს, რომ ორიენტირები არიოს.

რატომღა ცდილობს პედაგოგთა დიდი ნაწილი, ფეხი აუწყოს ესოდენ საძულველ რუტინულ სიმახინჯეს? მცირე ნაწილს, ალბათ, მედიდურობისა და თვითრეალიზაციისათვისაც სჭირდება, თუმცა, ცხადია, უმთავრესი მოტივაცია ხელფასის ზრდაა. იმთავითვე ხომ ერთი მთავარი საიდუმლო მიზანი ჰქონდა სქემას, რომელმაც გაამართლა: მან შეაჩერა სახელფასო ანაზღაურების ზრდა და პედაგოგს, თუკი სტატუსს არ აიმაღლებს, ერთმევა ხელფასზე ხმამაღალი წუწუნის სამართლებრივი საფუძველი. სტატუს-კასტობრივად რანჟირებამ კი, როგორც ვთქვი, პედაგოგთა ისედაც ნაკლებმონოლითურ კორპუსში მზარდი დისონანსი შეიტანა.

ვიმედოვნებ, ამ აბზაცამდე, ბევრ რამეში ვთანხმდებით, მაგრამ, ალბათ, დასამალი არაა, რომ სიტუაცია ჩიხშია შესული. ვფიქრობ, შეხვედრაზე ესეც მიგვანიშნეთ: ერთი მხრივ, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხრივ, უკვე რანჟირებულ-კლასტირებული პედაგოგები. თუ ეს, დადგენილებად ქცეული, სქემა გაუქმდება, რა ეშველება უკვე სტატუსიანებს? თუ სქემა ძალაში დარჩება, აღარ გათავდება გაუგებრობები და უსამართლობის განცდები, რადგან ფაქტია, რომ ბევრი არამართებულად „ამაღლდა“, ბევრის საგამოცდო შედეგები არაპროფესიონალურად შეფასდა და ეს აურზაური შემდგომშიც იქნება. აი, ამაზეც ვსაუბრობდი 2014 წელს, რომ ეს ქაოსი გველოდა. დიახ. ეს დილემაა და აქ უნდა მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილებები, რომლითაც მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან ვინმეს ინტერესების შელახვას.

ბატონო მინისტრო!

„მწვადისა და შამფურის“ გადასარჩენი ერთი ასეთი კონტურული მონახაზი უნდა შემოგთავაზოთ, რომელსაც დოგმატურობის პრეტენზიას არ ვანიჭებ.

რადგან პედაგოგთათვის სტატუსების მატების არსობრივი მოტივაცია ანაზღაურების ზრდაა, უკვე სტატუსიანმა ჩემმა ძვირფასმა კოლეგებმა, ე.წ. სქემის შეჩერებით (რასაც ეთანხმება სასკოლო საზოგადოების დიდი ნაწილი) ფინანსური „დარტყმა“ რომ არ მიიღონ, ამიტომ, ძირეულად უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების არსებული საკანონმდებლო რეგულაცია. სახელმწიფოს, დღეს, ეს განათლების დაფინანსების არსებულ ფარგლებშიც შეუძლია და ბიუჯეტის სამომავლო ზრდის შემთხვევაში ხომ უფრო შეეძლება. ბუნებრივია, ადამიანური ბუნების სისუსტე ზოგიერთ კოლეგას ათქმევინებს, „მე იმიტომ ვიწვალე“, რომ „დაბალი კასტის“ პედაგოგს ჩემდენი ანაზღაურება ჰქონდესო. მარტივად რომ ითქვას, ამგვარი მიდგომა ბოროტებაცაა და ლუსტრირებაც: განა ზედა სტატუსებზე თანამშრომლობა და გუნდურობა არ მოგვეთხოვება ჩვენივე პროფესიული სტანდარტით? ასეთ პიროვნებას არაფერი უნდა ესაქმებოდეს პედაგოგობასთან, თუნდაც მართლაც ღირსეულად ჰქონდეს ეს სტატუსი მოპოვებული.

ანაზღაურების სამართლებრიობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია „დანამატის“ პრაქტიკის მოშლა. გაუმართლებელია 18 და 15-საათიანი ე.წ. განაკვეთების კონცეფცია. მაგალითისთვის, დანამატის საპირწონედ, საბაზო ხელფასი 2000 ლარამდე უნდა გაიზარდოს ან შემოვიდეს საგაკვეთილო საათის ღირებულების ცნება და მასწავლებლის ანაზღაურება საათობრივი დატვირთვის შესაბამისად ანაზღაურდეს. ამ შემთხვევაში ბიუჯეტური დაფინანსებაც ოპტიმიზირდება. თვალსაჩინოებისთვის გვაქვს ასეთი საორიენტაციო ნიმუში:

ჩვენი გათვლით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში ფინანსური კლასების საერთო რაოდენობა 30 000-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ეს თუ ასეა, მათზე, თვეში, საშუალოდ, 3მლ 600 ათასი საგაკვეთილო საათი მოდის. საბაზო ხელფასის ზრდისა და საათობრივი ანაზღაურების შემთხვევევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საშუალოდ, 97 200 000 ლარი დაიხარჯება, რაც წელიწადში, საშუალოდ, 1 მილიარდ 166მლ 400 ათას ლარს შეადგენს. ეს თანხა ცოტათი თუ აღემატება 2023 წლის ზოგადი განათლების დაფინანსების კვოტას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ვიმეორებ, ციფრი საშუალოა, რადგან ზუსტი ფინანსური კლასებისა და ზუსტი საგაკვეთილო საათების ოდენობა უცნობია და, შესაძლოა, უფრო ცოტაც კი იყოს.

ცხადია, ამგვარი ანაზღაურების პროექტსაც ექნება უკმაყოფილობის მაჩვენებლები, განსაკუთრებით, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში. თუმცა, ჩვენი გათვლებით, ამგვარი რყევა შეიძლება მასწავლებელთა თითზე ჩამოსათვლელ ოდენობას შეეხოს, სამაგიეროდ, ის ბევრად სჯობს არსებულ წესს, რომლითაც დანამატის და ხელფასის გაცემა სრულიად ულოგიკოდ რეგულირდება.

პედაგოგთა „კლასტერიზაციის“ გაუქმება სულაც არ გამორიცხავს განვითარების შესაძლებლობას, წინსვლას და რეალურ ზრდას. ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში არ გვხვდება ამგვარი დისკრიმინაციული გრადაციები. მათ დაამკვიდრეს პროფესიული ზრდის ერთ-ერთი გაზომვადი მეთოდი, როდესაც სახელმწიფოსგან რეგულირებული სწავლება-ტრენინგების მერე, მასწავლებლები გამოცდით ფასდებიან. მათი „მიბაძვა“ არ იქნება მიუღებელი, თუკი ჩვენი ტრენინგები არ იქნება ბუტაფორიული, რომელსაც, ძირითადად, მხოლოდ ვალდებულების მოსახდელად თუ ესწრებიან პედაგოგები. ტრენინგები უნდა იყოს მეცნიერებაზე დაფუძნებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული. წლებია, ტრენინგები ალთას ტარდება და გამოცდები – ბალთას. იმის გარდა, რომ შეიქმნა ე.წ. ტრენინგების „შავი ბაზარი“ და გაურკვეველმა თვითმარქვია ჯგუფებმა ფინანსურად მოითბეს ხელი გაჭირვებული მასწავლებლების ძარცვით, ამავდროულად, მივიღეთ მოწყვლადობის დიდი მასშტაბი და, სამწუხაროდ, ბევრი პროფესიონალი კადრი, დამაბულინგებელი „უსტატუსოების“ სტატუსით, დარჩა სისტემის მიღმა. მე არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში სხვა ისეთი ჯგუფი, რომელთაც ასე დამამცირებლად წაართვეს პროფესია. მათ სახელმწიფომ არაფერი შესთავაზა. ახლა მაინც უნდა ვეცადოთ მათ მობრუნებას და მათთვის წინსვლის შესაძლებლობის მიცემას ან რაიმე ალტერნატიული სტატუსის შეთავაზებას.

კიდევ რა მექანიზმით უნდა გაიზომოს მასწავლებლის არსებული კომპეტენციები და პროფესიული ზრდა? ამის გადასაწყვეტად, დიალოგის რეჟიმში, შეიძლება განვიხილოთ დეტალები, თუმცა, გარე დაკვირვების მექანიზმის ობიექტურობასთან მაქსიმალურად მისაახლოებლად, უკეთესი იქნება, მასწავლებელი მასში არ ღებულობდეს მონაწილეობას. ვფიქრობთ, ეს ფუნქცია სკოლაში ცალკე პერსონალს უნდა დაევალოს, ის შეაფასებს ყველა მასწავლებლის საქმიანობას, ოპტიმალური პერიოდულობით და შესაფასებელ მასწავლებელსაც ჩააყენებს საქმის კურსში. სხვაგვარად, როდესაც მე თავად ვაფასებ ჩემს თავს, ამაზე არც დრო მრჩება, და რომც მრჩებოდეს და ძალიანაც რომ მსურდეს, ვერ ვიქნები ობიექტური, ყოველთვის ვეცდები თავის უკეთესად წარმოჩენას. ერთ-ერთი საუკეთესო საზომი ინსტრუმენტი კი მოსწავლეთა სწავლის მონიტორინგია.

ბატონო მინისტრო!

თქვენ ახლა გაქვთ უნიკალური შანსი, იყოთ გამონაკლისი უკანასკნელი წლების მინისტრებს შორის და მოისმინოთ სასკოლო საზოგადოების უდიდესი ნაწილის ხმა. თუ ადრე საკანონმდებლო ასპარეზი არ გაძლევდათ საშუალებას, დღეს, თქვენ ხელთაა აღმასრულებელი ბერკეტი და შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით შეელიოთ მოსწავლის ინტერესებიდან ესოდენ დაცილებულ და მასშტაბურად საძულველ ე.წ. სქემას. თქვენი ეს ნაბიჯი გააორმაგებს 60 ათასამდე მასწავლებლის და მილიონამდე მშობლისა და მათი შვილების თქვენდამი ნდობას. მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი ესგ-ს ხუთი ძირითადი პრინციპის რეალიზების შესაძლებლობა!

დაუბრუნეთ სკოლა მოსწავლეებს და თქვენ გახდებით სასკოლო საზოგადოების სრული ნდობით აღჭურვილი საგანმანათლებლო ლიდერი!

პატივისცემით:

დათო ფერაძე

პედაგოგი. განათლების დამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები