28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მიიღებს თუ არა მოსწავლეთა შეფასება ფორმალიზებულ სახეს

spot_img

გასულ კვირაში, განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, განათლების მინისტრმა მოსწავლეთა შეფასების და წლიური ქულის განსაზღვრის ახალი მოდელი წარმოადგინა, რომელიც მისივე განმარტებით გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას და, ამავე დროს, აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას. 2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა – განმავითარებელი და განმსაზღვრელი. თუმცა, მოსწავლის შესაფასებლად, მასწავლებლებს სამინისტრომ შეფასების ალტერნატიული გზებიც შესთავაზა. მაგალითად, ერთ-ერთი ალტერნატივა გულისხმობს მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვროს I სემესტრში მიღებული ქულა. 15 მაისს, საკანონმდებლო მაცნეში, გამოქვეყნდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე წარმოდგენილი მოსწავლის წლიური შეფასების განხორციელების წესი აისახა (ბრძანებ).

რას ფიქრობენ შეფასების ახალ მოდელზე და როგორ აპირებენ სკოლები მოსწავლეების შეფასებას- ამ თემაზე საუბრისას ჩვენი რესპონდენტებისთვის ბუნდოვანია სამინისტროს პასუხი კითხვაზე – როგორ უნდა შეფასდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ონლაინ სწავლებაში ვერ ჩაერთნენ, ამიტომ განმსაზღვრელი შეფასებების დაწერა, ამ ფონზე, უსამართლობადაც კი მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ არათანაბარ პირობებში ჩააყენებს იმ მოსწავლეებს, რომლებიც, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, განათლების მიღმა აღმოჩნდნენ. რაც შეეხება განმავითარებელ შეფასებას, რომელიც ჩვენს განათლების სისტემაში ახლა იკიდებს ფეხს, აღიარებენ, რომ შრომატევადია, მაგრამ უპირობოდ მოსწავლის შეფასების ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად მიაჩნიათ.

 

თემო სუყაშვილი, მარნეულის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:

განმავითარებელი შეფასების დიდი ქომაგი ვარ, სკოლაშიც არა ერთი აქტივობა გავაკეთე, ჩვენი „სკოლავიზიის“ ფარგლებში. ვფიქრობ, სისტემამ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს განმავითარებელ შეფასებას, რადგან ის, ძირთადად, ორიენტირებულია მოსწავლეში სხვადასხვა უნარების განვითარებაზე, მისი ძლიერი მხარეების წარმოჩენაზე, ასევე იმ სუსტ მხარესაც აჩვენებს, სადაც გარკვეული ჩამორჩენაა და სასურველია, გავაძლიეროთ მუშაობა. ძალიან საინტერესოა მოსწავლეთა პორტფოლიოების იდეა. მსოფლიოში რამდენიმე სისტემა ვიცი, სადაც უმაღლეს სასწავლებლებში მიღება ხდება არა მხოლოდ რაიმე გამოცდაზე მიღებული ქულებით, არამედ სკოლაში გაწეული შრომის შეფასებით. ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოშიც დაგროვდება მსგავსი გამოცდილება და მსგავს პრაქტიკას გადმოვიტანთ – შევაგროვებთ მოსწავლის მონაცემებს, რას აკეთებდა სკოლაში, რა პროექტებში მონაწილეობდა, რისი ინიციატორი, ავტორი თუ განმახორციელებელი იყო, ვისთან თანამშრომლობდა სკოლაში სწავლის დროს – თემთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან სხვა ორგანიზაციებთან და ა.შ. ძალიან კარგია ამ ინფორმაციის პორტფოლიოში თავმოყრა, მაგრამ, მეორე საკითხია, როგორია ჩვენი მზაობა ამასთან მიმართებაში. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არ არის იოლად გასაკეთებელი.

ისევ განმავითარებელ შეფასებას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ მე პირადად, დისტანციური სწავლების პროცესში, მთლიანად განმავითარებელ შეფასებაზე ვარ გადასული. მუდმივად ვცდილობ დავხვეწო, რადგან არ არის ადვილი, ყველა მოსწავლეს დაუწერო ნაშრომზე კომენტარი, ვინც დავალებას ასრულებს, თან შეფასება არ უნდა იყოს ხისტი, უფრო რეკომენდაციის ხასიათი უნდა მისცე – მაგალითად, ხომ არ გააუმჯობესებდი სამომავლოდ… არც დროის და არც შრომის თვალსაზრისით ეს მარტივი არ არის.

ვინაიდან ჩვენმა განათლების სისტემამ მიმდინარე სასწავლო სემესტრის აკადმიურად გამოცხადება გადაიფიქრა (ამას მივესალმები და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს), პედაგოგებს მოსწავლეების შეფასება მოგვიწევს და თუ მართლა სასწაული არ ხდება, ყველა მოსწავლე უნდა შევაფასოთ გადამსვლელი ქულებით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე უფრო სწორად მიმაჩნია, რადგან, სავარაუდოდ, ფორმალიზებულ შეფასებას, ნაწილობრივ მაინც, თავს ვერ ავარიდებთ. ჩემი თვალთახედვით, შეფასება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ობიექტური – დაბალ შეფასებას დავწერთ თუ მაღალს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არც ის შეფასება არის ობიექტური, რასაც აქამდე სკოლაში ვწერდით (ამას პირადად ჩემს თავზე ვამბობ და, ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ). მეტსაც გეტყვთ, ჩემ მიერ დაწერილი ათიანები და ხუთიანები არანაირად არ არის ობიექტური, ალბათ, იშვიათი გამონაკლისები თუ იტვიან, რომ მოსწავლე ნიშნით ობიექტურად ფასდება და რასაც იმსახურებს, იმას იღებს – გაუგებარია, ციფრით როგორ უნდა შეაფასო რა გააკეთა, როგორ გააკეთა, რაში ვუწერთ, როგორ ვუწერთ ჟურნალში მიმდინარე ნიშანს. ამიტომ, ახლა ორმაგი ფორმალური პროცესი გამოდის, ანუ ჯერ იქ რაც გვიწერია, ის არ არის ობიექტური და ახლა რასაც დავწერთ, ის ხომ საერთოდ არ იქნება. თან ამ ყველაფერს ემატება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაც – როგორ შევაფასოთ მოსწავლე, რომელიც ინტერნეტზე და ტექნიკურ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის არქონის გამო ვერ ესწრება ონლაინ გაკვეთილებს? აქ ჩნდება კითხვა, რომელზე პასუხიც ბუნდოვანია.

პორტფოლიოში თავისთავად განმავითარებელი შეფასებებიც აისახება. ეს მოსწავლის შესაძლებლობების მთლიანი სურათია. მაგალითად, აბიტურიენტს/მოსწავლეს უნდა ჩააბაროს ჟურნალისტიკის მიმართულებით, გამოცდებზე ძალიან კარგი ნიშნები მიიღო, მაგრამ მის პორტფოლიოში აღმოჩნდა,რომ არაფერი უკეთებია ამ მიმართულებით, არ ჩანს არც მისი თანამშრომლობითი უნარები, არც აქტიურობა და ა.შ. საპირისპირო სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ – იმ მოსწავლის პორტფოლიოში, რომელმაც გამოცდებზე მაღალი ქულები ვერ მიიღო, შეიძლება აღმოჩნდეს მონაცემები, რომელიც მიანიშნებს ლიდერობის ან კომუნიკაციის საუკეთესო უნარებზე და ა.შ. ანუ არაფორმალური განათლების მიმათულებით, მას ძალიან კარგი შეფასებები აქვს. ეს გიჩვენებს მოსწავლის შესაძლებლობებს ყველა კუთხით, რადგან მხოლოდ საგანში მიღებული ციფრით/ნიშნით მის შესაძლებლობებს ვერ ვამოწმებთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ უმაღლესები აბიტურიენტებს პორტფოლიოს მიხედვითაც შეაფასებენ. თუმცა, ეს პრაქტიკა, როგორც გითხარით, ჩვენთან არ არსებობს, მეტიც, არც მოსწავლის პორტფოლიოს წარმოებაა სავალდებულო. ამ თემებზე – მოსწავლის პორტფოლიოს წარმოებასა და განმავითარებელი შეფასებების მნიშვნელობაზე, ჯერ კიდევ კატის გამოცდების გაუქმების დროს, ნინო ზაუტაშვილის გადაცემაში „რეალური სივრცე“ ვისაუბრე. ვამბობდი, რომ მთლიანად შესაცვლელია შეფასების სისტემა და არა მარტო გამოცდები, ახლა კი, განვითარებულმა მოვლენებმა და იმ რეალობამ, რომლის წინაშეც აღმოჩნდა განათლების სისტემა, ეს მოსაზრება კიდევ უფრო განმიმტკიცა. ნიშანი/ქულა შეიძლება დაიწეროს ტესტის შემთხვევაში, იმავე კომპლექსური დავალებების შეფასებისას, რომელიც ახლა შემოდის პროცესში, თუნდაც, თვეში ერთხელ და არა ყოველდღიურ რეჟიმში. ხაზს ვუსვამ იმას, რომ განმსაზღვრელ შეფასებაზე მთლიანად არ ვამბობ უარს, უნდა დარჩეს (იგივე სემესტრის ნიშანი გამოითვალოს განმსაზღვრელი შეფასებით), თუმცა, ეს შეფასებაც აუცილებლად განმავითარებელ შეფასებას უნდა დაეფუძნოს.

 

ლაურა გოტიაშვილი, ძმუისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:

 

ჩემთვის განმავითარებელი შეფასება უფრო მისაღებია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლები განმავითარებელი შეფასების სტუქტურას ნაკლებად იცნობენ, რის გამოც თავს არიდებენ ხოლმე. ამასთან ერთად, საკმაოდ შრომატევადია და ვფიქრობ, ამის გამო კიდევ უფრო ნაკლებად გამოიყენება მასშტაბურად. არადა, განმავითარებელი შეფასება სწავლების ხარისხის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების კუთხით გაცილებით უფრო ეფექტურია. მე პირადად, მანამდეც ვიყენებდი და ახლაც აქტიურად ვიყენებ დისტანციური სწავლებისას.

რაც შეეხება განმსაზღვრელ შეფასებას, ჩემი გადმოსახედიდან, ამ ვითარებაში, უსამართლოა მოსწავლეების განმსაზღვრელი შეფასებებით შეაფასება. უსამართლოა, რადგან მოსწავლეთა, თუნდაც, მცირე ნაწილი ონლაინ გაკვეთილებში ვერ ერთვება. ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ, სამწუხაროდ, მოსწავლეებს არ ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ონლაინ სწავლებაში. დირექტორმა და დამრიგებლებმა საკუთარი ხარჯებით გაუაქტიურეს ინტერნეტი, ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და ეს მოხერხდა. იქ, სადაც უფრო მეტი ბავშვია, რა უნდა ქნან? ამის გარდა, გვყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც ინტერნეტი კი არა, არ აქვთ არც ტელეფონი და არც კომპიუტერი, ისინი როგორ ჩაერთონ ონლაინ სწავლებაში? როგორ უნდა მოხდეს ამ მოსწავლეების შეფასება? მით უფრო, განმსაზღვრელი შეფასებებით და როგორ დავუწეროთ ქულები იმაში, რაც საერთოდ არ უსწავლიათ? ასეთი ბავშვი კი, სამწუხაროდ, არც თუ ცოტაა საქართველოში, განსაკუთრებით სოფლის სკოლებში.

ბავშვებს ხშირად რცხვენიათ ხოლმე ამ პრობლემებზე საუბარი, ერიდებათ მშობლებსაც, საბოლოოდ კი, ვიღებთ ისეთ მდგომარეობას, თითქოს, უპასუხისმგებლოები არიან. სინამდვილეში კი, ზურგს უკან ძალიან მძიმე სოციალური ფონია. გარდა იმისა, რომ ამ ბავშვებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, ძალიან ენატრებათ კლასელებიც და მასწავლებლებიც და სურვილი აქვთ, დანარჩენებთან ერთად ისწავლონ დისტანციურდ.

ამიტომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მათი განმსაზღვრელი შეფასებებით შეფასება. კიდევ არც იმის გამო, რომ ბავშვების დიდ ნაწილს, საკუთარი ოთახი კი არა, საკუთარი მაგიდაც არ აქვთ, რომ დასხდნენ და მშვიდად ჩაერთონ ონლაინ სწავლების პროცესში. ჩამოთვლილ პრობლემებს, ალბათ, ბევრი მასწავლებელი აწყდება და დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ისინიც ძალიან განიცდიან.

თუმცა, სკოლას აქვს არჩევანის საშუალება, თავად გადაწყვიტოს, წლიური ნიშნის გამოსაყვანად, შემოთავაზებული ვარიანტებიდან რომელ შეფასებას გამოიყენებს. პირველი და მეხუთე კლასის ჩათვლით, ისედაც არ იწერება ქულები და ამიტომ განმსაზღვრელი შეფასებების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მეხუთედან ზევით კლასებში. თუ განმავითარებელ შეფასებას გავაკეთებთ, ეს მოსწავლის შესაძლებლობების დეტალური დახასიათების შესაძლებლობას მოგვცემს, ამით მოსწავლეც უკეთ აფასებს თავის თავს. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეს წინა სემესტრშიც, მიმდინარე სემესტრშიც და სამომავლო მიზნებსაც უსახავს, მართლა ძალიან შრომატევადია განმავითარებელი შეფასების გაკეთება, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან კარგი ინსტრუმენტია მოსწავლის გასავითარებლად. ამ მეთოდს აქამდე მასწავლებელთა უმეტესობა თითქმის არ იყენებდა, არადა ვინც იყენებს, ის სექტემბრიდანვე იწყებს ბავშვის შესახებ პორტფოლიოს შედგენას. ასეთ მასწავლებლებს, ბუნებრივია, არ უჭირთ ბავშვის განმავითარებელი შეფასების დაწერა და მათთვის, ვისაც აქამდე არ უმუშავიათ, რთულია.

ამ სიტუაციაში განმავითარებელი შეფასება მაინც ოპტიმალურ გამოსავლად მიმაჩნია, რადგან ეს ყველაზე ნაკლებად მტკივნეული იქნება მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც. მთავარია დაინახო, რომ მოსწავლე ცდილობს, ხშირ შემთხვევაში, მაქსიმუმსაც აკეთებს, ასეთ პირობებშიც კი, ამიტომ, წინა სემესტრზე დაყრდნობით და დისტანციურ სწავლებაში ჩართულობის მიხედვით, მის შესაფასებლად, განმავითარებელი შეფასება სრულიად საკმარისია.

უთანასწორობის პრინციპის დარღვევის გამო კი, განმსაზღვრელი შეფასებებისგან თავი უნდა შევიკავოთ – თუნდაც, ერთი ბავშვიც რომ დაიჩაგროს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ონლაინ სწავლებაში ჩართვა, ჩემი აზრით, დიდი უსამართლობა იქნება. მართალია, „ტელესკოლა“ წარმატებული პროექტია და ძალიან გვეხმარება, მაგრამ ბავშვს, რომელსაც არა აქვს ისეთი მობილური ტელეფონი, რომელიც სურათს იღებს და საშინაო დავალებას ვერ მიგზავნის, უკუკავშირი როგორ მივცეთ?

ხშირად, იცით, რას ვაკეთებ? ტელეფონით ვუკავშირდები ჩემს მოსწავლეებს და ვუხსნი მასალას, რამდენადაც ეს შესაძლებელია სატელეფონო საუბრით. ხანდახან ისეთი შემთხვევებიც არის, როცა დამატებით სატელეფონო გაკვეთილს ვუნიშნავ. მე უცხო ენას ვასწავლი და ელემენტარულად იმას მაინც ვიგებ, მოსწავლემ ისწავლა თუ არა სიტყვები, ამაში მშობელიც აქტიურად მეხმარება, მაგრამ ასეთი სწავლებით, დამერწმუნეთ, განმსაზღვრელი შეფასების დაწერა გამიჭირდება.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მოსწავლეების შეფასება საჭიროა, ოღონდ განმავითარებელი შეფასებით – მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ცდილობენ, შრომობენ და ეს მცდელობა და შრომა წყალში არ უნდა ჩაიყაროს. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული, ასევე,მშობლებიც – სამივე მხარემ, ამ ურთულეს პირობებში, დიდი შრომა გასწია, რომელიც უფრო უნდა დაფასდეს, ვიდრე ქულებით შეფასდეს. 16 მარტიდან მოყოლებული დღემდე, პირადად მე, სამჯერ უფრო მეტს ვშრომობ, ვიდრე მანამდე ვშრომობდი. მაგალითად, ოქტომბერში ან ნოემბერში. სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, ონლაინ მეთოდების გაცნობა და დახვეწა ძალიან რთული აღმოჩნდა ყველასთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს სასწავლო წელი, რაც შეიძლება ფრთხილი მიდგომებით უნდა დავასრულოთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დავსტრესოთ ისედაც დასტრესილი მოსწავლეები, მით უფრო ისინი, ვინც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდნენ ონლაინ სწავლების მიღმა. ყველას უნდა მივცეთ შანსი, სწავლა გააგრძელონ მომდევნო ეტაპზე.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები