23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მიდგომა, რომელიც, წლების წინ, ახალბედა მასწავლებელმა აღმოაჩინა

spot_img

ბოლო წლებში უამრავი კვლევა ჩატარდა, თუ რა ეფექტს ახდენს კლასიკური მუსიკა მოსწავლეების კოგნიტურ განვითარებასა და სწავლის პროცესზე. ამ კვლევების ხუთი საინტერესო შედეგია: „პირველი – გაზრდილი IQ; მეორე – დაჩქარებული სწავლა; მესამე – ნასწავლი მასალის უკეთ დამახსოვრება; მეოთხე – მაღალი ქულები ტესტებში და მეხუთე – შემცირებული სტრესი“ (Ketcheson,2004).

ეს აღიარებული მიდგომა, წლების წინ, ახალბედა მასწავლებელმა შემთხვევით აღმოვაჩინე. უფროსკლასელებთან შემაჯამებელი წერის დროს, მას შემდეგ, რაც შევამჩნიე, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციას ცდილობდნენ, რაც, ამადროულად, კლასში ხმაურსაც იწვევდა, ჩავრთე კომპიუტერი, საძიებო ველში „მშვიდი კლასიკური მუსიკა“ ჩავწერე და პირველივე ნაწარმოები ჩავრთე. ბავშვებმა ჯერ გაოცებულებმა შემომხედეს, მერე გაეცინათ, გამოგიტყდებით და თავადაც ცოტა დაბნეული ვიყავი, ვფიქრობდი, რამეს ხომ არ ვაშავებ-მეთქი. სულ მალე კი, რამდენიმე წუთში, საკლასო ოთახში სრულ სიჩუმეს მხოლოდ ხმადაბალი, კლასიკური მუსიკის სასიამოვნო მელოდია არღვევდა, მოსწავლეები სრულად ფოკუსირებულები იყვნენ შესასრულებელ სამუშაოზე და ჩუმად, მშვიდად მუშაობდნენ. შედეგი იმდენად ეფექტური და სასიამოვნო იყო, რომ მაშინვე დავიწყე ინფორმაციის მოძიება, თუ რა გავლენას ახდენს მუსიკა მოსწავლეებზე საგაკვეთილო პროცესის დროს და არაერთი საინტერესო კვლევა და მასალა აღმოვაჩინე. მინდა გაგიზიაროთ და იმედი მაქვს, კოლეგებისთვისაც საინტერესო იქნება.

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, უილ ერჰარტი (1871-1960), რომელიც ერთ-ერთი პირველი მუსიკის პედაგოგი იყო ამერიკაში და ამავდროულად ფილოსოფოსი, მხარს უჭერდა მუსიკის სწავლებას სკოლებში, მას მტკიცედ სჯეროდა მუსიკის ღირებულების და ამბობდა, რომ „მუსიკა აძლიერებს მათემატიკის, მეცნიერების, გეოგრაფიის, ისტორიის, უცხო ენის და ფიზიკური აღზრდის ცოდნას“. ეს მიდგომა თანდათან გავრცელდა და დღეს უკვე არაერთ კვლევას შეხვდებით, რომელშიც მასწავლებლები იმ სარგებელზე საუბრობენ, რაც საგაკვეთილო პროცესში ფონური მუსიკის ჩართვას მოაქვს. გაგაცნობთ რამდენიმე მაგალითს.

1960-იან წლებში მეცნიერებმა დაიწყეს მუსიკის „გამოცდა“ მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობის შემოწმების მიზნით. ბულგარელი დოქტორ ლოზანოვის და მისი კოლეგის, გატევას ექსპერიმენტების სერიამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა სწავლების მეთოდოლოგიაში. მათ წამოიწყეს დაჩქარებული სწავლის მეთოდი. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, მოსწავლეები დაყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფის ფონური მუსიკა იყო აქტიური კონცერტი და მიზანი გახლდათ სწავლების პროცესის გააქტიურება როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად და ემოციურად; მეორე ჯგუფის ფონური მუსიკა კი ძალიან მშვიდი, პასიური კონცერტი იყო, ხოლო მიზანი – სწავლების პროცესში მოსწავლეები მოდუნებული ყოფილიყვნენ, ალფა ტვინის ტალღების მდგომარეობაში, რაც მათ გონებრივ და ფიზიკურ რელაქსაციას გამოიწვევდა. ორივე მეთოდი ბრწყინვალე აღმოჩნდა ინფორმაციის დამახსოვრების მხრივ. ფონური მუსიკა აღმოჩნდა ძლიერი სტრატეგია სწავლების ეფექტური მიწოდებისთვის – „ the inspired classroom“.

2007 წელს კოლუმბიის კოლეჯის მასწავლებლების ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ: „მასწავლებლები თანხმდებიან, რომ მუსიკა გაკვეთილზე ხელს უწყობს მშვიდი ატმოსფეროს შექმნას, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოსწავლეების პროდუქტიულობას. მუსიკის მოსმენისას მოსწავლეები მშვიდდებიან, ფოკუსირდებიან დავალებაზე და დროს ეფექტურად იყენებენ.“ იმავე კვლევაში მონაწილე მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ მშვიდი კლასიკური მუსიკის მოსმენისას დამშვიდდნენ, თავს კომფორტულად გრძნობდნენ და უფრო მეტად დამაჯერებლად განაგრძეს მუშაობა დავალებაზე. „ფონური მუსიკა ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომელთაც ყურადღების დეფიციტის სინდრომი აქვთ. მათ, ზოგადად, ადვილად გადააქვთ ყურადღება ერთი საქმიდან მეორეზე. ფონური მუსიკა კი, შეიძლება, დაეხმაროს მათ კონცენტრირებასა და შრომისუნარიანობის გაზრდაში“ (Kevin N. White.2007). კვლევაში ვკითხულობთ, რომ ფონური კლასიკური მუსიკა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთანაც ეფექტურია, უმეტეს შემთხვევაში. „კლასიკური მუსიკის ჩართვამ სასწავლო პროცესში ჰიპერაქტიულ ბავშვებზე დამამშვიდებელი ზეგავლენა მოახდინა“ (Hallam, Price, & Katsarou.2002).

კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი, მუსიკალური განათლების ფუძემდებელი ბენეტ ნეიმარი (1932-2013) გახლდათ მუსიკალური განათლების ფილოსოფიის, სასწავლო გეგმის შემუშავების, კვლევის თეორიის სპეციალისტი და რამდენიმე ათეული წიგნის, პუბლიკაციის ავტორი. მისი საპატიო წოდებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. იგი ყოველ წელს ატარებდა უამრავ ლექციას, ავრცელებდა მიმართვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში. მისი თვალსაზრისით: „მუსიკა გვეხმარება თვითშემეცნების განვითარებაში. ფონური მუსიკა საკლასო ოთახში მნიშვნელოვანია, რადგან მუსიკა ააქტიურებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს, ხდება მეხსიერების გაუმჯობესება და მოსწავლეებს უადვილდებათ ახალი მასალის დამახსოვრება“.

გთავაზობთ კოლუმბიის კოლეჯში კვლევის დროს გამოკითხული მოსწავლეების მონაცემების ცხრილს. გამოკითხეს 11 მოსწავლე (Kevin N. White 2007).

ფონური მუსიკა კი არა არ ვიცი
დამეხმარა კონცენტრირებაში 9 1 1
დამეხმარა დადებით ქცევაში 10 1 0
დამეხმარა დავალებაზე ფიქრში 9 2 0
დამეხმარა მშვიდად ყოფნაში 11 0 0
დამეხმარა „გამოფხიზლებაში“ 8 0 3

 

ყველა მასწავლებლის ოცნებაც ხომ ეს არის, საკლასო ოთახში იყოს მშვიდი გარემო, მოსწავლეები სრული კონცენტრაციით მუშაობდნენ, ფიქრობდნენ დავალებაზე და ადვილად იმახსოვრებდნენ ახალ მასალას. ამ იდილიის მიღწევაში კი ფონურ კლასიკურ მუსიკას თურმე სულ მარტივად შეუძლია დახმარება. გაითვალისწინეთ, ექსპერტები ამბობენ, ბახის მოსმენა განსაკუთრებით უწყობს ხელს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას; მოცარტის მოსმენა მოტივაციას ამაღლებს, ამიტომ მისი მოსმენა შუადღის გაკვეთილების დროს სჯობს, ამ დროს მოსწავლეები დაღლილები არიან და ნაკლები მოტივაცია აქვთ. ჩემი ფავორიტი ფონური მუსიკისთვის კი შოპენია.

წარმოგიდგენთ ადამიანის ტვინზე მუსიკის მოქმედების შესახებ საინტერესო ვიდეოს ბმულს.

ნინო წიკლაური – იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დაბა ფასანაურის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები