19 მარტი, სამშაბათი, 2024

მზეო თიბათვისა – ანალიზი

spot_img

ხშირია შემთხვევა, როცა საუბრობენ ლირიკული ნაწარმოების ანალიზის სირთულეზე. ანალიტიკური ნაშრომი, რომელიც შეეხება ლექსს, ვერასდროს იქნება უნივერსალური, გასაგები მიზეზების გამო – თავად ავტორებსაც კი არ შეუძლიათ სრულყოფილად, ამომწურავად ისაუბრონ თავიანთ ნაწარმოებებზე. შევთანხმდეთ ერთ რამეზე: მხატვრული ნაწარმოების ანალიზი აუცილებლად ეყრდნობა ტექსტს, მის კულტურულ, ჟანრობრივ, გამომსახველობით და ფსიქოლოგიურ კოდებს. გთავაზობთ გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთი ლექსის იდეურ-თემატური და მხატვრული ანალიზის ერთ ნიმუშს.

მზეო თიბათვისა
(ანალიზი)

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ლექს-მიმართვას „მზეო თიბათვისა“.

სამსტროფიანმა ლექსმა, რომელიც თავისი შინაარსით საბჭოური სისტემისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო, მკითხველთა დიდი სიმპატია დაიმსახურა. სიყვარულის თემაზე შექმნილი ეს ლირიკული შედევრი ბევრი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, როგორც თავად ავტორი.

იმ ეპოქაში, როცა ათეისტური ბოლშევიზმი იყო გადამწყვეტი იდეოლოგია, ლიტერატურული მიმართულებების ჩარჩოებში ჩაუტეველი გალაკტიონი რელიგიურ მოტივს ახამებს სიყვარულის თემას და სულის უმანკოების იდეას გვთავაზობს.

კომუნისტური ეპოქის რეაქციულ ეტაპზე ბევრი ქართველი შემოქმედი ემსხვერპლა იდეოლოგიურ მანქანას მარტივი მიზეზით. მწერალთა ის ნაწილი, რომელიც ვერ მოათვინიერა საბჭოურმა იდეოლოგიამ, გაანადგურა ან მუდმივ ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდა. სოციალისტური რეალიზმი დროის დინებას ვერ უძლებს, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ის ერთადერთ ლიტერატურულ-პროპაგანდისტულ მიმართულებად მიიჩნეოდა. უღმერთობის პერიოდში, როცა უზენაესი ლენინური მსოფლმხედველობა იყო, ერთგვარი ვაჟკაცობაც იყო გრაალის ხსენება და ქრისტიანული სიმბოლოებით აზროვნება („გრაალს შევედრები“), არქაული ლექსიკის („თიბათვისა“, „შვენიერი“, „მიურიდენ“) გამოყენება და ბოლშევიზმის უნდობარ ხანად გამოცხადება („ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“).

განსაკუთრებით საყურადღებოა გრაალის საკითხის წამოწევა ლექსში. ლეგენდის თანახმად, გრაალი თასია, რომელსაც ქრისტეს მოწაფეები შეეხნენ საიდუმლო სერობის დროს. მასში მოგვიანებით ჯვარცმული მაცხოვრის რამდენიმე წვეთი სისხლი შეაგროვეს. გალაკტიონის ლექსში მეტაფორული დატვირთვა აქვს: პოეტი ღვთისთვის შეწირული თუ შესაწირავი სისხლით სავსე ჭურჭელს ედრება, ბარძიმია, რომელიც სიმბოლურად სიწმინდის გამომხატველია.

„მზეო თიბათვისა“ იმდენად ძვირფასი ლირიკული ქმნილება აღმოჩნდა, რომ მასზე დაიწერა მელოდია (https://www.youtube.com/watch?v=kpOJ01YLDh0), კითხულობდნენ და მღეროდნენ სახელოვნებო წრეებში. ცნობილი მსახიობი მედეა ჯაფარიძე ერთ-ერთ ფილმში შთამბეჭდავად გადმოგვცემს ლექსის ექსპრესიულობას (https://www.youtube.com/watch?v=qo_CITj9xMk).

ჩემი აზრით, „მზეო თიბათვისა“ ის ლექსია, რომელიც არასდროს დაკარგავს თავის ღირებულებას, რადგან ის შეეხება უფაქიზეს თემას – სიყვარულს და სულის უმანკოების (სიწმინდის) იდეას, რომელიც უკავშირდება რწმენას.

როლანდ ხოჯანაშვილი, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები