19 აპრილი, პარასკევი, 2024

მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის – PIRLS-ის შედეგები

spot_img

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის – PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) შედეგებს აქვეყნებს.

2021 წელს კვლევაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 57-მდე გაიზარდა; წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით საერთო ჯამში 346 992-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან PIRLS-ში მონაწილეობდა 190 სკოლის 5 637 მოსწავლე.

PIRLS 2021-ის კვლევა მთელს მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო წინა ციკლებთან შედარებით განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა. კვლევის მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო გადასული, შესაბამისად, ტესტირებისთვის შერჩეული სკოლების საკლასო ოთახებში მყოფი მოსწავლეების რაოდენობა კვლევის სანდოობის დასაშვებ პროცენტზე ნაკლები იყო, რის გამოც 14 ქვეყანაში (ამერიკის შეერთებული შტატები, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირლანდია, კატარი, ლატვია, ლიეტუვა, მაროკო, საუდის არაბეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ხორვატია, საქართველო), საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციასთან შეთანხმებით, მოსწავლეებმა ტესტი 2021 წლის გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე წერეს, ხოლო 6 ქვეყანაში ტესტირება ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა. ამ ქვეყნებში ტესტირებაში მონაწილეობა მეოთხეკლასელების ახალმა ნაკადმა მიიღო.

კვლევაში მონაწილე ქვეყნებში პანდემიის გამო არსებული ერთმანეთისაგან განსხვავებული ვითარების, ტესტირების ჩატარების სხვადასხვა პერიოდისა და მოსწავლეთა განსხვავებული საშუალო ასაკის გათვალისწინებით, საერთაშორისო კონსორციუმის რეკომენდაციით (IEA), მიზანშეწონილია ერთმანეთს არ შედარდეს იმ ქვეყნების შედეგები, რომლებმაც ტესტი შემოდგომაზე წერეს იმ ქვეყნების შედეგებთან, რომლებმაც ტესტი გაზაფხულზე შეასრულეს.

ტესტის ჩატარების პერიოდში მოსწავლეთა საშუალო ასაკი საქართველოში 5 თვით აღემატებოდა ქვეყნების უმრავლესობის მოსწავლეთა საშუალო ასაკს. მსგავსი სიტუაცია იყო კიდევ 13 ქვეყანაში, სადაც ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე, წინა ციკლებთან შედარება  გართულებულია. PIRLS-ის მონაცემები მიუთითებს, რომ მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა.

ქვეყნები, სადაც ტესტირება 2021 წლის გაზაფხულსა და 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდა

იმ 14 ქვეყნის შედეგი, სადაც მოსწავლეებმა ტესტირება 2021 წლის შემოდგომაზე წერეს

წიგნიერებაში მოსწავლის მიღწევების შეფასებასთან ერთად კვლევის ამოცანას მოსწავლის წიგნიერების მიღწევებსა და წიგნიერების უნარების ჩამოყალიბებაზე სკოლის, მასწავლებლისა და ოჯახის ფაქტორების ზეგავლენის შესწავლაც წარმოადგენს. ამ ფაქტორების ზეგავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, კვლევის ძირითადი მიგნებები და შედეგები კვლევის ეროვნული ანგარიშის სახით მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე გაგაცნობთ რამდენიმე ზოგად მიგნებას:

კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან ბიჭები მხოლოდ 6 ქვეყანაში ახერხებენ, გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ წიგნიერებაში.

დანარჩენ 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს.

კვლევაში ჩართულ არც ერთ ქვეყანაში ბიჭებს არ აქვთ უპირატესობა გოგონებთან შედარებით.

საქართველოში სქესის მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნარჩუნდება კვლევის მთელი ციკლის განმავლობაში;

ბოლო წლების კვლევების თანახმად, საქართველოში ქალაქისა და სოფლის სკოლების შედარებითი ანალიზი მოსწავლეთა წიგნიერებაში ნაჩვენებ მიღწევებში ქალაქის სკოლების უპირატესობას ავლენს, თუმცა 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს. სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ასევე შეინიშნებოდა 2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოვლენილ მიღწევებში (TIMSS 2019);

2021 წლის კვლევაში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა შენარჩუნდა. კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთესად ართმევენ თავს წიგნიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას.

PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 2001 წლიდან ატარებს. საქართველომ ბოლო ოთხ ციკლში (2006, 2011, 2016 და 2021 წლები) მიიღო მონაწილეობა.საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფი უძღვება. კვლევა მიზნად ისახავს 9-10 წლის (მეოთხეკლასელი) მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასებას და იმის დადგენას, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორებიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვ.

 PIRLS კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გააზრების პროცესებზე ახდენს ფოკუსირებას. PIRLS-ის შეფასების ნახევარი ლიტერატურული გამოცდილების მიღებაზე ფოკუსირდება, მეორე ნახევარი კი − ინფორმაციის მიღებასა და გამოყენებაზე.

PIRLS-ის კვლევის 2021 წლის საერთაშორისო ანგარიშის  ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
შენიშვნა: ⋈ ამ სიმბოლოთი აღნიშნულია ის ქვეყნები, სადაც ტესტირება ერთი წლის დაგვიანებით, 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს ჩატარდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები