29 მარტი, პარასკევი, 2024

„მეზობელო კარისაო“ – გაჭირვება აერთიანებს

spot_img

✍️ რა უცნაურ დროში ვცხოვრობთ, ოჯახის ბოლო, ყველაზე პატარა წევრი ოქტომბერში გახდა 18-ის, ოჯახში არასრულწლოვანი არ დარჩა არავინ და მაინც ერთ-ერთი მთავარი მოსაკითხი, რასაც კართან გვიტოვებენ – ბუშტებია!

✍️ მე და ჩემი შვილები კოვიდინფიცირებულები ვართ… არ ვართ მძიმედ, ვრჩებით სახლში, კონტაქტები გაფრთხილებულია. ექიმებთან კავშირი გვაქვს, ვართ მხიარულად და იმედიანად. თუ დავმძიმდი, მერე გადავალ საავადმყოფოში. ბოდიში, ყველა ზარს და წერილს თუ ვერ ვუპასუხე. გაფრთხილდით ძალიან!

✍️ აზრზე არა ვარ საიდან გადამედო, ძირითადად, სახლში ვიყავი და თქვენ ფიქრობთ, რომ სკოლაში, სადაც 3 შემთხვევაა, კლასების ლოკალური დაკეტვა კმარა? რა დროს განათლებაა, რომ კვდებოდე ან დარეკავ პატრულში, ან – ვერა. არ გაუშვათ ბავშვები სკოლაში.

✍️ დილით უარესად ვიყავი, სიცხემ მიმაგდო, მერე დამიწია და 5-6 საათია კარგად ვარ! იმედია, ეს კარგად ყოფნის დრო გაიზრდება ნელ-ნელა. გაკვეთილებს და ლექციებს ვახერხებ, ხან გაჭირვებით, ხან თავისუფლად. მოკლედ, დიდად არ მცალია ავადობისთვის!

✍️ როცა სადარბაზოში „ასეთი“ ჩიზქეიქი გხვდება (მარილიანი კარამელითო თუ რაღაც უცნაურობითო), კორონასაც აიტან!

✍️ კორონიანის კვალობაზე მშვენივრად ვტოკავ! თქვენი კომენტარები, როგორც ლახვარი, ჩავეც კოვიდსა. ისიც დასუსტდა, ავი რამ თუ ჰქონდა გულში, ჩაეფუშა. ჯერ მაინც იბრძვის, აგერ ყნოსვა წაუყოლებია, გემოს შეგრძნებაც თუ დავკარგე, მთლიანად მომიწევს ცხოვრებისეული კონცეფციის გადაწყობა!! ახალგაზრდები უფრო ყოჩაღად არიან!

✍️ ძალიან ბევრი მწერს პირადში და ძალიან ბევრნაირი გასაჭირი დაუდგათ ადამიანებს პანდემიის გამო. შევქმენი და შევეცდები ავამუშაო გვერდი – მეზობელო კარისაო (მირცხულავას 3ა და 3ბ). იქნებ, თქვენც მოგეწონოთ იდეა და ერთად დგომით უფრო მშვიდად გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი.

გიზიარებთ პირველ პოსტს:

✍️ მეგობრებო, ვინც არ მიცნობთ, მე თეონა ბექიშვილი ვარ, თქვენი მეზობელი. მე და ჩემი ოჯახი ახლა კოვიდინფიცირებულები ვართ. საკმაოდ ნორმალურად ვგრძნობთ თავს. გარედან დამხმარეებიც გვყავს, მაგრამ ამ პანდემიამ დამანახა, რომ შეიძლება ძალიან დაგვჭირდეს ერთმანეთის დახმარება: პროდუქტები, წამლების მიტანა, ძაღლის გასეირნება, უბრალოდ ინფორმაციის გაცვლა. გავერთიანდეთ და დავწეროთ, საჭიროების შემთხვევაში, ვის რა შეგვიძლია, ასევე დავწეროთ, ვისაც რა გაგვიჭირდება. ჩვენ გვერდით შეიძლება ასაკოვანი ადამიანია, რომელსაც არა აქვს სოცქსელი, მათ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ? ასევე მნიშვნელოვანია ნაქირავებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შეიძლება არავის იცნობენ. ასე უფრო მშვიდად გადავიტანთ პანდემიას. გავრცელების შენელებასაც შევუწყობთ ხელს, თუ სხვა უბნიდან არ ივლიან ტრანსპორტით ჩვენი ახლობლები დასახმარებლად, თვითიზოლაციის რეჟიმსაც ნაკლები დაარღვევს. 90-იანებში სამეზობლოებმა გაიტანა ერთმანეთი, გაჭირვება აერთიანებს. გთხოვთ, მოიწვიოთ თქვენს გვერდზე მცხოვრები ადამიანები!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თეონა ბექიშვილი, ფილოლოგი, ბლოგერი

2020 წლის 20 ოქტომბერი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები