25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მედიაწიგნიერება – მზადება მომავლისთვის

spot_img

თამარ მაღრაძე
სსიპ თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის 77 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი

 

 

21-ე საუკუნის საზოგადოება საკმაოდ მარტივად ფლობს ციფრულ ინფორმაციას, გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომია. ამ ასპექტით ახალი და საინტერესო ჰორიზონტები იშლება. ციფრულ მედიასივრცეში აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდები და მოსწავლეები.

ევროსაბჭოს მიერ ციფრული მოქალაქეობის კონცეფცია სამ სფეროშია გაერთიანებული:

  • ჩართულობა ონლაინ სივრცეში;
  • კეთილდღეობა ონლაინ სივრცეში;
  • უფლებები ონლაინ სივრცეში.

ონლაინ სივრცეში ჩართულობა მოსწავლეებს ცოდნის მიღების სურვილს უჩენს. სხვადასხვა ინსტრუმენტებით სხვადასხვა კონტექსტში უვითარდებათ კრეატიულობისა და შემოქმედებითობის უნარები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ახალ, მესამე თაობის, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კომპიუტერული ტექნოლოგიების სტანდარტი სამი მიმართულებითაა წარმოდგენილი: კომპიუტერული ტექნოლოგიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ციფრული წიგნიერება.

გამოვკვეთ მესამე მიმართულებას. ციფრული წიგნიერება გულისხმობს მოსწავლეების კომუნიკაციას ციფრულ სივრცეში. მან ციფრულ სამყაროში უნდა დაიცვას საკუთარი და სხვისი უფლებები, მართოს პირადი ანგარიში, გააზიაროს საკუთარი ინფორმაცია ელფოსტისა და ღრუბლოვანი სერვისების საშუალებით, შეისწავლოს თუ რა არის სოციალური პასუხისმგელობა და დაიცვას ინფორმაციული ეთიკის ნორმები.

სასწავლო პროცესის დროს ციფრული მოქალაქეობის შესწავლამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი უამრავ კითხვას სვამდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. ჰყვებოდნენ სხვადასხვა ისტორიას და ეძებდნენ პასუხებს. თუმცა მოსწავლეებს უჭირდათ ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღება-დამუშავება და გააზრება, სისტემაში მოყვანა; ვერ ახარისხებდენენ და ვერ ფილტრავდნენ ინფორმაციას, ვერ ასხვავებდნენ ყალბ, ცრუ ინფორმაციას.

მივხვდი, რომ მოსწავლეებში ციფრული წიგნიერების გამჭოლი უნარი – მედიაწიგნიერება – საკმაოდ დაბალი იყო. გადავწყვიტე, ეს ვარაუდები ჩემი კათედრის წევრებისთვისაც გამენდო და აღმოჩნდა, რომ ყველა მეთანხმებოდა. კათედრის შეხვედრაზე დავგეგმეთ, ჩაგვეტარებინა თვისებრივი კვლევა, სასკოლო საჭიროებიდან გამომდინარე. ინსტრუმენტად გამოვიყენეთ დაკვირვება და სინქრონულად ვიწერდით. მოსწავლეებში მედიაწიგნიერების რაობის ამაღლების მიზნით, დაიგეგმა მედიაწიგნიერების კვირეულის ჩატარება, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ აქტივობებს, რომლებიც სრულყოფილად განვახორციელეთ:

  • საინფორმაციო ბროშურების დამზადება (ტექსტურ რედაქტორის Ms Word ან საპრეზენტაციო პროგრამის Ms PowerPoint საშუალებით). შექმნილი ბროშურები მოსწავლებმა თანატოლებს დაურიგეს;
  • კონკურსი „ყველაზე მედიაწიგნიერი“, რომლის მიზანი იყო – მოსწავლეებს ამ ბოლო პერიოდში გავრცელებული დეზინფორმაციები აღმოეჩინათ და ემსჯელათ, თუ როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე;
  • საინფორმაციო ანიმაციების დამზადება შემდეგ თემებზე:
  • კიბერჰიგიენა;
  • კიბერბულინგი;
  • ფიშინგი.

შეიქმნა ელექტრონული ბმულები, რომლითაც მოხდება მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების გაზიარება.

  • მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები, დისკუსიები, ვიდეო-რგოლების ჩვენება და შემდეგ მსჯელობა;
  • მოვიწვიეთ ექსპერტთა გუნდი ბრიტანეთის საელჩოდან. ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ თემაზე: „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“.

მედიაწიგნიერების კვირეული ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული იყო. ვფიქრობ, ჩატარებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მათ დაინახეს იმის საჭიროება, რომ აუცილებელია მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, გაანალიზება და დამუშავება, ასევე, გაეცნენ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესებს. გაიაზრეს, რომ კიბერჰიგიენის წესების დაცვით მაქსიმალურად დაცული იქნება როგორც საკუთარი, ასევე, სხვისი უფლებები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები