25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მათ დაგვივიწყეს ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც სტუდენტებს მთავრობის დახმარება გვჭირდებოდა

spot_img

სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 60 000-ს გადასცდა. სტუდენტთა უმეტესობა სწავლის გადასახადს საკუთარი შრომით იხდიდა, კოვიდ რეგულაციების გამო, მათ სამსახური დაკარგეს, უმუშევრად დარჩნენ მათი ოჯახის წევრებიც და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილებს სტატუსის შეჩერება მოუწია. სტუდენტებმა მიმართეს როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას თხოვნით, რომ მათ აწარმოონ მოლაპარაკებები როგორც კერძო, ასევე საჯარო უნივერსიტეტებთან სწავლის გადასახადის გადავადების ან შემცირების თაობაზე. სტუდენტები ამბობენ, რომ ლექციები, რომლებიც მათ დისტანციურად უტარდებათ, არასაფუძვლიანია და სათანადოდ ვერ ანაცვლებს აუდიტორიებში ჩატარებულ ლექციებს. მათი თქმით, ონლაინ სწავლების ფორმატი სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა და ლოგიკურია, დისტანციური სასწავლო პროცესის შემთხვევაში, სწავლის გადასახადი განსხვავებული იყოს.
სტატუს შეჩერებულმა სტუდენტებმა ერთობლივი პეტიცია შეიმუშავეს და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ. ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდება, სტუდენტების სოლიდურ ნაწილს მოუწევს სტატუსისშეჩერება და განათლების მიღებაზე დროებით უარის თქმა, რაც ნამდვილად არ იქნება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი, მეტიც, მათი აზრით, დამღუპველიც კი იქნება.

სტატუს შეჩერებული სტუდენტი გიორგი კაციაშვილი ამბობს, რომ პეტიციის მიზანი იყო მთავრობის დარწმუნება, რომ საჭიროა დამატებითი ღონისძიებების მოფიქრება სტუდენტთა დასახმარებლად. „ მთავრობის წარმომადგენლები ათას საჯარო განცხადებას აკეთებენ იმის ნიშნად, რომ მათი ყველა საქმე ემსახურება ახალგაზრდების წარმატებას, უკეთესი მომავლის შექმნას, იმავდროულად, სამწუხაროდ, მათ დაგვივიწყეს ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც სტუდენტებს მთავრობის დახმარება გვჭირდებოდა. შეიძლება მთავრობა გამოვიდეს და თქვას, რომ გააკეთეს რაღაც შეღავათები სტუდენტებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი დამცინავად ჟღერს.“
სტუდენტები ამბობენ, რომ რატომღაც მთავრობა ვერ ახერხებს სტუდენტებზე ფიქრს, ამიტომ თავიანთ თავზე თავად უნდა იფიქრონ. პეტიციას ხელს აწერენ როგორც ბაკალავრიატის და მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის სტუდენტებიც. ისინი ცდილობენ ხმა მიაწვდინონ მთავრობას და არსებული ვითარების შესამსუბუქებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგონ.
სტუდენტების პრობლემებს კარგად იცნობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტური ომბუცმენი“, რომლის დამფუძნებელი ამბობს, რომ მათ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში მიმართეს განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს და აცნობეს იმის შესახებ, რომ სტუდენტების დიდმა ნაწილმა სტატუსი შეიჩერა და მოუწოდებდნენ, მათ დახმარებოდნენ, თუმცა, ჩხენკელის უწყებას ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. სტუდენტურმა ომბუდსმენმა კიდევერთ ხელ მიმართა განათლების სამინისტროს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სტატუსშეჩერებული სტუდენტების მოთხოვნის დაკმაყოფილება!

თაკო მეტრეველი, არასამთავრობო ორგანიზაციის „სტუდენტური ომბუცმენი“ დამფუძნებელი: „დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 60 000-ზე მეტი სტატუს შეჩერებული სტუდენტი გვყავს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მათი რაოდენობა კოვიდ პანდემიის შემდეგ გაორმაგდა. ჯერ კიდევ მარტიდან ჩვენ შევიტანეთ კანცელარიაში განცხადება და ამ მოსალოდნელი ფაქტის შესახებ ვაფრთხილებდით მთავრობას და პირადად პრემიერს, ვეუბნებოდით, რომ დამატებით რამდენიმე სოციალური პაკეტი შემოეღოთ, რათა ეს საშინელი და კატასტროფული შედეგი არ დამდგარიყო. მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს ღონისძიებების გარკვეული პაკეტი სტუდენტებისთვის, რომლითაც შეძლებენ მდგომარეობის შემსუბუქებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, პასუხი ვერ მივიღეთ.“
2021 წლის ბიუჯეტიდან განათლების სამინისტრო 160 მილიონი ლარის დაფინანსებას მიიღებს, იმედია, ეს თანხა სტატუს შეჩერებულ სტუდენტებსაც მოხმარდება. დღევანდელი რეალობა კი ასეთია – სტუდენტები განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის კონკრეტული პასუხის მოლოდინში არიან.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები