19 აპრილი, პარასკევი, 2024

ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად გრძელდება

spot_img

საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ლიტერატურული კონკურსი 17 მაისის 18:00 საათამდე მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად, კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა. მსურველებს საშუალება აქვთ, კიდევ ერთი თვის განმავლობაში, გამოაგზავნონ ნაწარმოებები ელფოსტაზე: konkursi@naec.ge.

საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ ის გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ტექსტები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1500 სიტყვას.

მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები დიდაქტიკური ხასიათის არ უნდა იყოს.

კონკურსის მიზანია ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შერჩევა, რომლებსაც ცენტრი გამოიყენებს ეროვნულ შეფასებებში და აგრეთვე სხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ტესტირებების დროს.

ავტორმა უნდა გამოგზავნოს ელფოსტაზე: konkursi@naec.ge მინიმუმ 3 გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები. საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გარეშე ნამუშევრები არ განიხილება. ტექსტები სასურველია, აკრეფილი იყოს „სილფაინით“, 11 ზომის შრიფტით და „ვორდის“ ფორმატში.

ივნისის თვეში გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

I ადგილი – 1500 ლარი

II ადგილი – 1000 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

საუკეთესო ნაწარმოებებს წიგნად გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.

გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია თითოეული შერჩეული ნაწარმოების საჯარო სივრცეში გამოქვეყნება მანამდე, სანამ ცენტრი მათ თავისი მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

იმისათვის, რომ სრულფასოვნად მომზადდეს სხვადასხვა სახის ტესტური დავალებები, ცენტრი იტოვებს ტექსტების ადაპტირების უფლებას (ავტორის მითითებით).

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები