26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლექსი

spot_img

„ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში (მამუკა ბარათაშვილი, პირველი ქართული პოეტური ტრაქტატის ავტორი)

სიტყვიერების უზარმაზარი საცავის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს პოეზია. პოეზია ლექსების ერთობლიობას ნიშნავს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლექსის რაობისა და მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

დავიწყოთ იმით, რომ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში პოეზია ბატონობს პროზაზე. ფოლკლორისთვის ეს ნიშანდობლივიცაა: ზეპირად თაობებს უფრო იოლად გადაეცემოდა რიტმით, რითმითა და სალექსო ზომით „გაწესრიგებული“ ტექსტები, ვიდრე პროზა. ჩვენ უკვე ხაზგასმული სიტყვებით აღვნიშნეთ ლექსის მთავარი მახასიათებლები. მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც აზრები ხატოვნად არის გამოსახული, დაცულია სიტყვების თანაზომიერება და სხვადასხვა სტრიქონში განმეორებულია ბოლო ბგერები, ლექსი ეწოდება.

პროზა თხრობითი, გაულექსავი ლიტერატურაა და ლექსის წაკითხვას თუ გადავწყვეტთ პროზის მსგავსად, აშკარად დავინახავთ კითხვის სისწრაფისა და ინტონაციის სხვაობას. ლექსურად და პროზაულად წავიკითხოთ მოყვანილი ციტატა: „ტოკავდა ნარგიზი, პატარა ნარგიზი, პატარა ნარგიზი, კოხტა და ფაქიზი“. პოეტური წაკითხვისას კითხვის ტემპი ნელია, თითქოს, სიტყვების „გემო“ გვინდა ვიგრძნოთ; პროზაულ ტექსტად ამ ნაწყვეტის წაკითხვა უფრო სწრაფად ხდება, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას ინტონაციასაც (ვექტორულად დაღმავალი ინტონაციით წაიკითხება, როგორც თხრობითი წინადადება).

ლექსად და პროზად წაკითხვის განსხვავების საილუსტრაციოდ ჩვენ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ იმის გარკვევით, თუ როგორ ეფარდება ერთმანეთს ლექსისა და პროზის ტემპი (კითხვის სიჩქარე) და ინტონაცია (ხმის ამაღლების დონე და მისი აწევ-დაწევის მიმდინარეობა). როდესაც პროზაულად ვკითხულობთ: „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა” – ტემპი აჩქარებულია. ორივე ფრაზა სამ–სამი სიტყვისაგან შედგება. ამ სამიდან პირველ ორ სიტყვას („ჟუჟუნა წვიმა”, „დიდი მინდორი”), რომლებიც წინადადებაში მსაზღვრელისა და საზღვრულის ფუნქციას ასრულებენ, თითქმის ისე გადაბმულად წარმოვთქვამთ, რომ მათ შორის შესვენება (პაუზა) შეუმჩნეველია.

ყოველივე ზემოთქმულიდან უნდა დავასკვნათ: პროზაულ ტექსტში კითხვის ტემპი ჩქარია, მახვილი (ლოგიკურის გამოკლებით) სუსტია. იმავე ტექსტის ლექსად წარმოთქმის დროს, ყოველი სიტყვა (ან სიტყვათა სამახვილო ჯგუფი) განცალკევებულად და მკაფიოდ წარმოითქმის. ეს მოვლენა იწვევს ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ შეჩერებას (პაუზებს). 16-მარცვლიან სალექსო სტრიქონში, პროზაულად კითხვის დროს, თუ მხოლოდ ორი პაუზაა, ლექსად კითხვის დროს სამჯერ მეტია (ექვსი). ყოველივე ეს იწვევს ტემპის შენელებას და წარმოთქმის დროის უფრო გახანგრძლივებას. საილუსტრაციოდ გამოვიყენოთ „ვეფხისტყაოსნიდან“ სტრიქონები (ეს ყველაფერი აუდიოჩანაწერზე დაკვირვებით მკაფიოდ ჩანს).

რა ცვლილებას განიცდის, პროზასთან შედარებით, ლექსის ინტონაცია; რა ადგილი უკავია პროზასთან შედარებით ლექსში ბგერითი მხარის მოწესრიგებას?

პროზაულად წაკითხვის დროს, ტექსტში „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა”, მახვილები მხოლოდ ფრაზების დამთავრების შემდეგაა წარმოდგენილი (ორი ფრაზის არსებობამ განაპირობა მხოლოდ ორი გაძლიერებული მახვილი). ლექსად წაკითხვის დროს საანალიზო ტექსტში ექვსივე სიტყვა, რომელთათვისაც, ლექსის ბუნების მიხედვით, სავალდებულოა მკაფიოდ გამოთქმა, საკუთარ გაძლიერებულ მახვილს იღებს. სალექსო სტრიქონის დამამთავრებელი სიტყვის მახვილი, რომელიც რითმის წარმოქმნას განაპირობებს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ლექსში ინტონაცია, ანუ ბგერითი მხარე მაქსიმალურად მოწესრიგებულია. ამით განსხვავდება, ძირითადად, ლექსი პროზისაგან. ასეთი მოწესრიგებულობა ქმნის ლექსის რიტმს.

„შინაგანი ბუნებით“ განსხვავებასთან ერთად, მხატვრული პროზისაგან ლექსი გარეგნულადაც განსხვავდება. ლექსად დაწერილში სტრიქონი ბოლომდე გრძელდება. ასეთი ტიპის ნაწარმოებისთვის მთელი სტრიქონის დაკავება სავალდებულო არაა. ლექსი დაყოფილია გარკვეულ მარცვალთა რაოდენობის შემცველ სტრიქონებად. უმეტეს შემთხვევაში, ყოველი სტრიქონი თანაბარმარცვლიანია და ასე იქმნება სალექსო ზომა. ლექსის კითხვის დროს, თითოეული სტრიქონის განსაზღვრულ ადგილზე დამთავრებისას, ჩვენ ვჩერდებით და ეს შეჩერება(პაუზა) იმაზე მიგვითითებს, რომ ლექსი განგებ (ე.ი. ბგერის მოწესრიგების მიზნით) არის დაყოფილი ცალ-ცალკე, შედარებით დამოუკიდებელ ერთეულებად (სტრიქონებად). ეს მიგვანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია რიტმი ლექსისთვის.

რაც შეეხება რითმას, ეს საკითხიც ფრიად მნიშვნელოვანია. რითმა ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა და ნიშნავს ტაქტს, ზომას. რითმა არის ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება ლექსის თავში (თავრითმა), შუაში (შუარითმა) ან ბოლოში (ბოლორითმა). უმეტესად გავრცელებულია ბოლორითმიანი ლექსები. გვაქვს კიბური რითმაც, ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი სტრიქონის დაბოლოებას ერითმება მომდევნო სტრიქონის პირველი სიტყვა. პირველი ფიქსირებული ქართული რითმა  „უფალი – შეუვალი“  შუა საუკუნეებს (ზოგი მოსაზრებით, დაახლოებით VII საუკუნეს) განეკუთვნება: „რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფი – გველთა უფალი და დააბა მთასა რაჲს ზედა, რომელი არს კაცთ შეუვალი“ (ლეონტი მროველი, „მეფეთა ცხოვრება“).

შეთანხმებულ მარცვალთა (კლაუზულების) რაოდენობის მიხედვით გამოარჩევენ:

ერთმარცვლიან, ანუ ვაჟურ რითმას;

ორმარცვლიან, ანუ ქალურ რითმას;

სამმარცვლიან, ანუ დაქტილურ რითმას;

სამზე მეტმარცვლიან, ანუ ზედაქტილურ რითმას.

რითმა სიზუსტის მიხედვით არის ორგვარი:

ზუსტი, როცა სტრიქონებში ბგერათა კომპლექსი ზუსტად მეორდება;

არაზუსტი, როცა სტრიქონებში ბგერათა კომპლექსი ზუსტად არ მეორდება.

სტრიქონების შერითმვის მიხედვით რითმა არის:

ჯვარედინი, როცა I-III, II-IV სტრიქონები ერითმება ერთმანეთს;

მოსაზღვრე, როცა I-II, III-IV სტრიქონები ერითმება ერთმანეთს. შესაძლოა, ოთხივე სტრიქონიც ერთმანეთს ერთითმებოდეს;

რკალური, I-IV, II-III სტრიქონები ერითმება ერთმანეთს.

ზოგადად, რითმა ისეთი ვრცელი საკითხია, მასთან დაკავშირებით ცალკე მასალას შემოგთავაზებთ. ასევე, დამოუკიდებელ საკითხად გამოვიტანთ ვერლიბრს – თავისუფალ, ანუ ურითმო ლექსს.

ნატა  შუბითიძე, თბილისის №152 საჯარო სკოლა,  X3 კლასი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები