28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

EGMO 2021 –   ანა ონოფრიშვილის ოქროს მედალი

spot_img

დასრულდა ევროპის გოგონათა X მათემატიკური ოლიმპიადა – EGMO 2021, რომელიც წელს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 9-15 აპრილს გაიმართა. ოლიპიადაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი 250-მდე მათემატიკის მოყვარული გოგონა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, თითქმის 30 წელია, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩართულია საერთაშორისო ოლიმპიადებში, 2021 წლამდე, ასეთი რანგის მათემატიკური ოლიმპიადისთვის არასოდეს უმასპინძლია, წელს ჩვენს ქვეყანას პირველად ერგო მასპინძლობის უფლება.

ეს უფლება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019 წელს მოიპოვა, როდესაც კიევში, EGMO 2019-ის დახურვის ცერემონიალზე, უნივერსიტეტის იმდროინდელმა რექტორმა, გიგა ღავთაძემ, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა, ვლადიმერ ადეიშვილმა და საქართველოს მოსწავლე გოგონათა ნაკრების მწვრთნელმა, ივანე გოქაძემ წარადგინეს პროექტი და პრეზენტაცია, რომლის გაცნობის შემდეგაც, მონაწილე ქვეყნების მწვრთნელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა EGMO ოლიმპიადის 2021 წელს საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ჩატარებას.

ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ოლიმპიადა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ნაკრების ერთმა წევრმა, მეთორმეტეკლასელმა ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა (ეს მისი მეოთხე მედალია EGMO ოლიმპიადებზე, 3 – ოქრო, 1 – ვერცხლი).

სულ EGMO ოლიმპიადაზე ჩვენი მოსწავლეების მიერ, 2016-წლიდან დღემდე, მოპოვებული პრიზები ასე გამოიყურება – 3 ოქროს, 6 ვერცხლის, 6 ბრინჯაოს მედალი და 5 საპატიო სიგელი.

გოგონათა ნაკრების მწვრთნელი ივანე გოქაძე ამბობს, რომ, სამწუხაროდ, კორონა ვირუსმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ EGMO ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოში, მონაწილე ქვეყნების (54 ქვეყანა) წარმომადგენლები ჩამოსულიყვნენ, მაგრამ, ოლიმპიადა მაინც შედგა ონლაინ რეჟიმში და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. „9-15 აპრილს, მსოფლიოს 54 ქვეყნის 213 საუკეთესო მოსწავლე გოგონა მათემატიკაში შეეჯიბრა ერთმანეთს და თუ გადავხედავთ მონაწილეების მიერ დაგროვილ ქულებს და წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ამ ოლიმპიადაზეც „ფეირ-ფლეის“ პრინციპების დაცვის უმაღლესი ხარისხი იყო ნაჩვენები.“ – ამბობს ივანე.

გოგონათა მათემატიკური აზროვნების საერთაშორისო ასპარეზზე შეფასებას არც თუ დიდი ხნის ისტორია აქვს, ყოველ შემთხვევაში, მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებისგან განსხვავებით, რომლის საწყისად 1959 წლის ზაფხულში, ბუქარესტში ჩატარებული მოსწავლეთა პირველ საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა მიიჩნევა, სადაც აღმოსავლეთ ევროპის შვიდი ქვეყნის მოსწავლეები შეიკრიბნენ. მოგვიანებით, ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა და 2020 წელს მონაწილე ქვეყანათა რაოდენობა 110-ს გაუტოლდა – საქართველოს ნაკრებიც ერთ-ერთია მონაწილე ქვეყნებს შორის.

საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე (IMO), 1993 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის მოსწავლეების პრიზები შეადგენს: 3 ოქროს, 20 ვერცხლის, 66 ბრინჯაოს მედალს და 49 საპატიო სიგელს.

რადგან სტატისტიკურად, საუკეთესო ექვსეულში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით, ძირითადად, ბიჭები ხვდებოდნენ, გაჩნდა იდეა, გოგონებისთვის ცალკე გამართულიყო საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა და 2012 წელს, პირველად, მათემატიკის მოყვარულ გოგონებს გაერთიანებულმა სამეფომ, კემბრიჯის უნივესიტეტში უმასპინძლა. ოლიმპიადაში, ძირითადად, ევროპის ქვეყნები მონაწილეობდნენ, სახელიც ამიტომ დაერქვა – ევროპელ გოგონათა მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO). თუმცა, სახელის მიუხედავად, მონაწილეობის სურვილი ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა (ამერიკამ, იაპონიამ, ბრაზილიამ, ავსტრალიამ და ა.შ.), ისინი ოლიმპიადაში სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობენ. ჩვენი ქვეყანა გოგონათა ოლიმპიადას 2016 წლიდან შეუერთდა, რომლის მასპინძელი რუმინეთი იყო.

ივანე გოქაძე გვიამბობს, რომ: „რეალურად, შეიძლებოდა, ჩვენ გოგონათა მათემატიკურ ოლიმპიადას უფრო ადრე შევერთებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერნეტში ინფორმაციას ამ ოლიმპიადის შესახებ სწორედ ამ დროისთვის წავაწყდი და არა დაწყებისთანავე. მოკლედ, 4 წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ გოგონებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა ცალკე ტარდებოდა.“ თუმცა, მიუხედავად მცირე დაგვიანებისა, მათემატიკის მოყვარულმა გოგონებმა, პირველივე წელს, მონაწილეობა საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით დაიწყეს – 2016 წელს საქართველოს გოგონათა ნაკრებმა EGMO ოლიმპიადაში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შემდეგ, როგორც ხედავთ, შედეგები არ აყოვნებს, პირიქით, ყოველწლიურად უმჯობესდება.

პანდემიის გამო, ისევე როგორც გასულ წელს, ამჯერადაც, 2021 წლის ევროპელ გოგონათა მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO) ვირტუალურად გაიმართა. მე-11 ოლიმპიადას EGMO 22-ს უნგრეთი უმასპინძლებს. უნგრეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს ოლიმპიადის დროშა საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები