25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კერძო ფონდის მიერ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია – გპფ-ს 2022-ის შედეგები

spot_img

ხუთი წელია რაც საგანმანათლებლო სფეროში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აქტიურად მოღვაწეობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. გპფ იმ  მცირე კერძო ფონდების ჩამონათვალშია, რომელიც ფილანტროპიულ საქმიანობას სწორედ განათლების მიმართულებით ეწევა და ყოველ წელს ზრდის როგორც ფინანსურ რესურს, ასევე დაფინანსებული პროექტების ნუსხას.

გასული წელი ერთ-ერთი წარმატებული და საინტერესო გახდა ფონდისთვის. დაფუძნებიდან 2022 წლის ჩათვლით ფონდის ფინანსურმა მხარდაჭერამ დაწყებითი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით და დაფინანსებულმა სხვადასხვა პროექტების რაოდენობამ 35 ერთეულს , ხოლო დაფინანსებამ თითქმის 4 მილიონ  ლარს გადააჭარბა.

2017 წლიდან დაწყებული ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი – „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“-ს მხარდაჭერა ფონდმა წელსაც გააგრძელა.. კონკურსს „განათლების კოალიცია“ პარტნიორ ორგანიზაციებთან და უკვე არაერთ მხარდამჭერთან ერთად ახორციელებს. შედეგებითა და მიღწევებით პროექტი წარმატებული, პოპულარული და სანდო გახდა პედაგოგიურ სივრცეში. დღეს პროექტის გამარჯვებულები და მონაწილეები ქმნიან მოდელს, თუ როგორი შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი და რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ შეცვალოს გარემო მის გარშემო და შეცვალოს მომავალი თაობა უკეთესობისკენ. 2022 წლის გამარჯვებული პედაგოგი, როლანდ თავაძე, კი კონკურსის კიდევ ერთი აღმოჩენა და მაგალითია, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი საქმე, იყო შენი მოსწავლეებისთვის თავდადებული და მისცე მოტივაცია მაღალმთიან სოფლის სკოლაში მოსწავლეებს, კოლეგებს და უბრალო ადამიანებს.  წელს ფონდმა ახალგაზრდა პედაგოგს ჯილდოდ 15 000 ლარი გადასცა.  ექვსი წლის განმავლობაში გპფ-ს მიერ გამოყოფილმა ფინანსურმა ინვესტიციამ კი გადააჭარბა 650 000 ათას ლარს, საიდანაც 80 000-ზე მეტი ლარი პროექტის გამარჯვებულთა საპრიზო ფონდს წარმოადგენს.

ფონდის წარმატებული პროექტები მხოლოდ ეროვნული ჯილდოს კონკურსით არ იყო წელს საინტერესო. გპფ-მ გააგრძელა აღებული კურსი და არაერთი პროექტი დააფინანსა. მათ შორის იყო ქართული ენის სწავლების ორი ინოვაციური პროექტი, რომელთაგან ერთს ფონდი მასწავლებლის ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობებისათვის სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება და იგი 2023 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

2022 წელს გამორჩეული იყო პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოც, რომელიც ათასწლეულის ფონდთან ერთად 2017 წლიდან ხორციელდება  და მიზნად ისახავს ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. წელს ეროვნულ კონკურსში აპლიკანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილმა აქტივობებმა თავისი წვლილი შეიტანა ზოგადად პროფესიული განათლების მიმართ ბოლო წლებში სტუდენტების დაინტერესების 100%-იან ზრდაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, წელს პარტნიორ ორგანიზაციების ნუსხას მიემატა პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს პარლამენტი და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები. ეს კი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ფონდისთვის, რომ არა მხოლოდ დააფინანსოს პროექტები, არამედ სხვა ორგანიზაციებსა და ინსტიტუტუციებსაც მისცეს ბიძგი გაერთიანდნენ საერთო საქმის გარშემო.

ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივებს დებატების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტი არაფორმალური განათლების მიმართულებით, „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. წელს წარმატებით დასრულდა პროექტის პირველი სამი ფაზა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში 800-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი, ასევე 4 უნივერსიტეტის მომავალი პედაგოგი სტუდენტები დაეუფლნენ დებატების ტექნიკას.   წელსვე დაიწყო ახალი სამწლიანი პროექტი, რომელიც დებატების არჩევით საგნად დანერგვას საქართველოს 60 სკოლაში ისახავს მიზნად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორგანიზატორების აქტიური მუშაობით იზრდება თანადამფინანსებლების და ჩართული ინსტიტუციების რიცხვი და პროექტის მასშტაბები.  “დებატები უკეთესი განათლებისთვის“  ხორციელდება და მოსწავლეებისა და პედაგოგების დებატების კულტურის დანერგვას ემსახურება. კონკურსანტები იმარჯვებენ არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში და საკუთარ გამოცდილებას ქვეყნის გარეთაც უზიარებენ თანატოლებს.

ფონდის ინიციატივით 2020 წელს დაწყებული სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და იგი  7 სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ფაკულტეტის 63 სტუდენტს მოიცავს. აღნიშნული პროგრამით ფონდი მომავალი პედაგოგების წახალისებას ახორციელებს, რათა მეტი მოტივაცია მიეცეთ მათ უკეთ დაეუფლონ პროფესიას და ამასთანავე, კიდევ უფრო მეტი მოსწავლე დაინტერესდეს მასწავლებლობით. 2022 წელს ასევე გაგრძელდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს სტიპენდიანტების  მხარდაჭერა სასწავლო გრანტებით. ფონდის დირექტორი სამუშაო ვიზიტით კალიფორნიაში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში, სადაც კიდევ ერთხელ ამერიკულმა მხარემ  გადაუხა მადლობა კერძო ორგანიზაციას  გაწეული საქმიანობისთვის და გამოიკვეთა ამ უნივერსიტეტთან შესაძლო თანამშრომლობის სფეროები.

წლის შეჯამებისას, საუკეთესო შედეგების მაჩვენებელი  და წარმატების ერთ-ერთი მარკერი წარმატებული პროექტების გარდა, ის მრავალრიცხოვანი პარტნიორი და სხვა დონორი ორგანიზაციაა, რომელიც ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს უკვე მრავლად ჰყავს. იმედი გვაქვს მსგავსი კოლაბორაცია და საერთო საქმის გარშემო გაერთიანება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას და საგანმანათლებლო სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების მოტანას.

გასული წლის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენს პროექტში ჩართული თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, სტუდენტი, გრანტიორი, პარტნიორი, და განათლების სფეროს მოღვაწე, ვისთანაც თუ გინდ ირიბად მიდის ჩვენს მიერ დაფინანსებული პროექტის სიკეთე. გვჯერა 2023 წელს ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ აქტივობას განვახორციელებთ საგანმანათლებლო სფეროში, რაც საბოლოოდ ბიძგი გახდება დიდი ცვლილებებისთვის. ჩვენთვის კი, როგორც რიგითი ორგანიზაციისთვის, რომელსაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე, ძალისხმევას არ დავიშურებთ ადამიანური და ფინანსური რესურსით ვემსახუროთ ქვეყნის უკეთეს მომავალს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები